ექვთიმე თაყაიშვილი – გაბრიელ ეპისკოპოსი

გაბრიელ ეპისკოპოსზე ილია დიდი აზრისა იყო. ერთ ხუთშაბათს საღამოს რომ ვიყავით ილიასთან შეკრებილი, წამოიჭრა საკითხი: მთავრობა უწევს რაიმე ანგრიშს ქართველ მოღვაწეთა ნათქვამს თუ არაო? ილიამ სთქვა: “კაცმა იცისო! მაგალითად, რასაც გაბრიელი ეპისკოპოსი იტყვის, იმას დიდ ანგარიშს უწევენო. ეკლესიის საკითხებში ანგარიშს უწევენ ნიკო ამილახარსაცო”. ის ნიკო ამილახვარი დიდი მორწმუნე კაცი იყო და პირდაპირ ეგზარქოსსა და ეკლესიის სხვა მეთაურებს მიმართავდა ხოლმე, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა. ერთხანს ხომ აკრძალეს ლოცვანისა და სხვა საეკლესიო წიგნების ქართულად ბეჭდვა! ჰოდა, ნიკო ამილახვარმაც უთხრა ეგზარქოსს: “Я перестал молитьсия, потому, что мой грузинский напечатанный молитвенник истрепался, Ваш русский молитвенник я не понимаю, а Вы приостановили издание молитвенников на грузинском языке!” ეგზარქოსი ამ სიტყვებზე შემკრთალიყო და ეთქვა “Никогда не запрещал издание грузинского молитвенника, это недоразумение!” მაშინვე გაეცა ლოცვანის დაბეჭდვის ბრძანება.
გაბრიელ ეპისკოპოსი რომ გარდაიცვალა (1896 წ.), ქუთაისის ინტელიგენციამ ერთობ დააყოვნა მისი დამარხვა, რათა საუკეთესოდ მოემზადებინა ქართველი ხალხი მიცვალებულის პატივსაცემად: სასტიკი, გაჭიანურებული ზამთარი იდგა და უგზოობის გამო ხალხი ვერ ჩადიოდა. დამარხვა იმა წლის მაისში მოხდა მხოლოდ, გელათის მონასტერში. ბოლოს, როდესაც, როგორც იქნა, დანიშნეს დაკრძალვის დღე, თბილისის ყველა დაწესებულებიდან წავედით დეპუტატები და ჩვენ შორის, რა თქმა უნდა, ილიაც. მას გამზადებებული ჰქონდა სიტყვა, რომელიც საფლავზე უნდა ეთქვა, მიცვალებულის ცხედარი ძვალ-ტყავად ჩანდა, არც შექანებულიყო, ისე, ცივად იყო შენახული. მართალია, მღვდელმთავარს არ შეშვენოდა ასეთი გაუთავებელი გლოვა, მაგრამ ქართველების – მეტადრე დასავლელების – ამბავი ხომ მოგეხსენებათ ამ საკითხში, ამხანაგად?!
მატარებელში ერთად შევიყარენით: მე, ილია ჭავჭავაძე, ლევან ჯანდიერი, ვანო რატიშვილი, ანდრია ღულაძე და სხვები აღარ მახსოვს. ლევან ჯანდიერი თბილისის მაზრის უფროსი იყო, ილიას დიდი მეგობარი და ერთგული მომხრე; უაღრესად კარგი, ჭკვიანი და საზრიანი ქართველი, ნამდვილი საქმის კაცი, უკეთესი არ შეიძლებოდა. მისი თაოსნობა იყო, მთიულები რომ გადმოასახლა მანგლისის მხარეში და კავთისხევში. ივანე რატიშვილი, მასწავლებელი, მე დავნიშნე სათავადაზნაურო სკოლის დეპუტატად გაბრიელის დაკარძალვაზე. ძალიან კარგი, რაღაც ღვთიური კაცი იყო და ასეთ სიტყვებს ხომ შესანიშნავად ამბობდა ხოლმე! სულ სხვანაირი იყო ანდრია ღულაძე – ნაკლებ განათლებული, მაგრამ დიდი ფართი-ფურთის და პრეტენზიის კაცი. ხან რას აკეთებდა, ხან რას: ერთ დროს საბავშვო ჟურნალს სცემდა, მერე ცენზორი იყო, იმხანად კი რომელიღაც უცხო გაზეთების თუ სხვა რაღაცის კორესპონდენტად მუშაობდა და ასე… სრულიად არ ჰგავდა იგი თავის ძმას  – იაკობს, პედაგოგს, გიმნაზიის ინსპექტორს, დიდად განათლებულ კაცს…
სწორედ გელათს ჩვენი გამგზავრების წინ გაეგზავნა ანდრიას დეპეშა საზღვარგარეთულ გაზეთებისთვის, ერთ-ერთი უცხელი კორესპოდენტის შესახებ: “თბილისიდან ინდოეთში გაემგზავრა და ამას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სამხრეთი აზიისთვისო”. ეს შენიშვნა უკვე თავის მხრივ დაურთო, ვითომდა საქმეში ჩახედულობის გამოსამჟღავნებლად. ილიას უყვარდა ასეთი პრეტენზიების მქონე “ინტელიგენტების” გაქირდვა და გზაში სულ ეკითხებოდა: “როგორ იყო, ანდრია, დიდ პოლიტიკურ ფაქტად რომ გამოაცხადე იმ კორესპონდენტის ინდოეთში წასვლაო?” ისიც იცინოდა, აბა რას იტყოდა? აკაკიმაც იცოდა ხოლმე ანდრია ღულაძეზე ოხუნჯობა.. . ანდრიას დიდ პატრიოტად მოჰქონდა თავი. სხვათა შორის, ძალიან უყვარდა სამგლოვიარო პროცესების მოწყობის გამგეობა და სხვა ასეთი საქმეები და ჩვენც მართლა პატრიოტი გვეგონა. ჩვენს ხანში შესულ ქალებსაც მოსწონდათ, ერთმა ასეთმა ქალმა, რომელიც პოეტობდა შეიყვარა კიდევაც. . .
მატარებელში ვიღაც ჩვენგანს ცხიკება აუვარდა, ცივი დარი იყო. ილიამ სთქვა, მაგისი არაფერი ვიციო, ე.ი. ჩემს დღეში ცხვირს არ მაცემინებოს. მაგრამ გელათში რომ ავედით, მეორე დღეს, იქ ილიამ დააცემინა ცხვირს – სინოტივე იყო და ალბათ იმის გამო. მაშინ თქვა, “გუშინ ტყუილად დავიკვეხეო!”.
ჩვენთან ერთდ მოდიოდა კიდევ ნიკო ღოღობერიძე და მან გვიმასპინძლა ქუთაისში. თბილისიდან საღამოს გასულნი ქუთაისში დილას ჩავედით და მაშინვე გავემგზავრეთ ეტლებით გელათისაკენ. ცოტა თოვლი ჯერ კიდევ იდო გზაზე.
იმ დროს ქუთაისის პოლიცმეისტერად იყო, თუ არ ვცდები, ვინმე სიმონიშვილი, რომელსაც ქართველებს შორის, ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, დამსახურებისათვის ყველაფერს ჩაიდენსო. ლევან ჯანდიერს შეეტყო და ჩვენც გვაცნობა, რომ იმ სიმონიშვილს თბილისიდან ზედიზედ მისდიოდა დეპეშები: “Следить за Ильей Чавчавадзе и записать каждое слово, что он скажет” .
გაბრიელ ეპისკოპოსის ცხედარი, რა თქმა უნდა, გელათის ეკლესიაში იყო დასვენებული, საკურთხევლელს წინ. ხალხი მოდიოდა, მჭიდროდ ერტყმოდა კუბოს გარშემო და იყო გაუთავებელი სიტყვები. ზედიზედ გამოდიოდნენ იმერელი ახალგაზრდები თუ სხვები და უზომოდ ენამზეობდნენ, რომ საუკეთესო ორატორებად ეჩვენებინათ თავი. როგორც აღვნიშნე, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად არ შეეფერებოდა ეპისკოპოსს და მეტადრე ასკეტური სულისკვეთებით გამსჭვალულ გაბრიელს, რომელიც სიცოცხლეში სწორედ რომ არ თანაუგრძნობდა ხოლმე ასეთ საქციელს.
ამ მდგომარეობაში ვიყავით, რომ საღამო შემოვესწრო და ილიამ გვითხრა: “ჩემი სიტყვის თქმა აღარ ღირს, მაგრამ ცოტა ხანს კიდევ დავიცადოთო და მერე კი წავიდეთო”. ბოლოს მანვე გვითხრა, “მივიდეთ ახლა და გამოვეთხოვოთ მიცვალებულსაო”. მე წინდაწინ მივედი კუბოს ირგვლივ შემორტყმულ ხალხთან, რამდენადმე გავთიშე იგი და ხმამაღლა დავიძახე: “ბატონებო, ცოტა ჩამოდექით და გზა მოგვეცით, ბატონს ილია ჭავჭავაძეს აქვს სიტყვა მეთქი”. ერთი სიტყვით, “პროვოკაცია” მოვუწყე ილიას! ხალხი მაშინ გაიშალა, ილიაც წამოდგა და წარმოსთქვა სიტყვა. მას დიდი პატივისცემითა და აღტაცებით მოუსმინა დიდძალმა ხალხმა, რომელსაც გაეჭედა ეკლესია. ლევან ჯანდიერს ეს ძალიან იამა და მადლობა მითხრა, რომ ვაიძულე ილია და ვათქმევინე სიტყვა. ეს უკანასკნელი მართლაც შესანიშნავი იყო, კარგად ჰქონდა ილიას მომზადებული და წინასწარვე გაგვაცნო; მერე დაიბეჭდა კიდევაც. თითონ ილიაც კმაყოფილი დარჩა, რომ სთქვა.
გელათში მცირეოდენი გვასაუზმეს, მაგრამ არ გვეყო და ქუთაისში მოშივებულნი ჩამოვედით. ნიკო ღოღობერიძემ სადილის საჭმელად შეგვიყვანა დარბაზში, რომელიც იმავე დროს სასადილოც იყო და დავინახეთ, რომ სუფრას მრავლად შემოსხდომოდნენ მოქეიფენი, პოეტ გიორგი შარვაშიძის მეთაურობით. მათ შორის იყო ლეჩხუმის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღლი იასონ გელოვანიც. უკვე ყველანი შემთვრალიყვნენ და მალიმალ გალობდნენ საეკლესიო ჰანგს: “განუსვენე, უფალო, სულსა მიცვალებულისა მონისა შენისასაო”. რომ დაგვინახეს, ყველანი წამოდგნენ და შარვაშიძემ წამოიძახა: “ო-ო-ო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახლა სუფრაო!” მივუჯექით მაგიდას. მთვრალმა მასპინძლებმა დაადგინეს, რომ ჯერ დაგველია იმათი სადღეგრძელო, ვინც იქ ჩვენ შესვლამდე ისხდნენ და მერე განეგრძოთ სადღეგრძელოები. მაგრამ ილიას სადღეგრძელო მაინც პირველად შესვეს. კაი გვარიანი ჭიქები იყო; ხუთ-ხუთი დაგვიდგეს თეფშზე და შემოგვთავაზეს დალევა, მაგრამ ნიკო ღოღობერიძემ სთხოვა, მშივრები ვართ, ცოტა გვაცალეთ, საჭმელი ვჭამოთ და მერე ყველას გიახლებითო. დაგვეთანხმნენ. ილია ჩვეულებრივ მადიანად შეუდგა ჭამას და თან ღვინისაც უანგარიშოდ სვამდა. იმ ლაპარაკსა და სმაში ჩემ გვერდით მჯდომმა ნიკო ღოღობერიძემ გადაუჩურჩულა ლაქიას, ილიას ააცილეთ ის ხუთი ჭიქაო: ეშინოდათ, არ აწყინოსო. ლაქიამ მართლაც მოახერხა ილიასათვის იმ ხუთი ჭიქის აცილება და სხვებმაც, ჩვენთან მოსულებმა, ვისაც არ შეეძლო სმა, უარი თქვეს – მათ შორის, რა თქმა უნდა, ნიკო ღოღობერიძემაც, რომელსაც გული სუსტი ჰქონდა და ღვინო სწყენდა. უარი სთქვა მისმა ძმამაც, სიმონ ღოღობერიძემ, რომელიც წინათ ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიაში. იმ დროს უკვე გადამდგარიყო სახელმწიფო სამსახურიდან და კერძო სათავადაზნაურო სკოლის გამგედ იყო დანიშნული. თამადას, გიორგი შერვაშიძეს ღვინო მოკიდებული ჰქონდა და მკვახედ მიმართა სიმონ ღოღობერიძეს: “ასე, თქვენ არასოდეს არ გვიჭერთ მხარს საზოგადო საქმეებშიო”. და ამისთანები. . . მერე მოყვნენ ჩვენ სადღეგრძელოებს და როდესაც ილიას ერთი ჩვენგანის სადღეგრძელოღა დარჩა დაულეველი, უთხრეს, მიირთვიო. ილიამ უპასუხა: “დიდი სიამოვნებით გიახლებით, მაგრამ გულს მაგკლია, რომ პირველად დასალევი ხუთი ჭიქა არ შემისვამსო”. – “ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მოართვით ილიას ის ხუთი ჭიქაო!”, დაიძახა თამადამ, ნიკო ღოღობერიძემ ხელი წამკრა და მითხრა: “საკვირველი კაცია ეს ილიაო!” მოართვეს “აცილებული” ხუთი ჭიქა, ილიამაც ნელ-ნელა, გემრიელად შესვა და ბოლოს იმ ჩვენი ამხანაგის სადღეგრძელოც დალია. . . მართლაც საოცარი კაცი იყო! “გულს მაკლიაო”, დინჯად, სერიოზულად უთხრა: არ უნდოდა, რომ ვისმე ჩამორჩენოდა იქა!
ილია სიმონ ღოღობერიძის ბინაზე მოათავსეს. მე მეორე დღეს, ადრე გამოვბრუნდი თბილისს, ილია კი იქ დარჩა, არ მახსოვს, რამდენ დღეს. მისთვის ეჩვენებინათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა და სხვა მეგობრები. . .
გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა ვთქვა: პირველად იგი ახლო ვნახე საღმრთო რჯულის გამოცდის დროს, როდესაც ოთხკლასიან პროგიმნაზიას ვათავებდი ქუთაისში. ის გამოცდაზე დასასწრებად სკოლის ინსპექტორმა იუდინმა და საღმრთო სჯულის მასწავლებელმა მოიწვიეს. მართლმადიდებელი შეგირდები სულ ხუთი ვიყავით: მე, იოსებ დადიანი, შარუხია, გორგასლიძე და ერთი რუსი (გვარი არ მახსოვს). ყველანი ერთად დაგვაყენეს გაბრიელის წინ (ისე მოისურვა მან). გაბრიელთან იჯდა ინსპექტორი, მაჭავარიანი კი თავზე გვედგა. ჯერ გვარები წაიკითხა, ჩემი გვარის შესახებ თქვა: “ეს გურულიაო”. დაგვიწყეს გამოცდა: გვათქმევინეს ლოცვები, გვაამბობინეს სამღვთო ისტორიის მოთხრობები; მერე გაბრიელმა გვკითხა, თუ რა სასწაულები მოახდინა იეოს ქრისტემ. ჩვენც დაწვრილებით ჩამოვუთვალეთ, რაც ვიცოდით. მან გვითხრა: “Такие чудеса и другие святые совершали а какое такое чудо совершил” – და დასძინა: какого никто, кроме него, не совершил”?
ამ კითხვაზე ჩვენ მხოლოდ განვიმეორეთ ის, რაც წინათ გვქონდა ნათქვამი: “Слепых прозревал, бесноватых исцелял, Лазаря воскресил” . . და სხვა. – “Нет, нет! это и другие делали”.
ჩვენ გაკვირვებით შევხედთ ჩვენს მასწავლებელს მაჭავარიანს, რომლისგანაც ასეთი კითხვა არ გვსმენოდა, და, რა თქმა უდა, არც მისი პასუხი. მასაც გაკვირება ეტყობოდა და ცხადი იყო, არც მან იცოდა, რა პასუხი უნდა მიგვეცა. რაკი ჩვენ ვერას გავხდით, გაბრიელმა თვით მოგვცა პასუხი: “Себя воскресил! Себя воскресил!”
მე ვერ წარმომედგინა, რომ მკვდარი კაცი თავის თავს გააცოცხლებდა, ის სხვას უნდა გაეცოცხლებინა, მაგრამ პირდაპირ ამის ხმამაღლა განცხადება ვერ გავბედე და თავჩაღუნულმა ჩავილაპარაკე: – “Вед у Христа был отец, бог отец! Он его воскресил”. გაბრიელმა განმარტა: “Бог отец, бог сын и дух святой одно единое божество, бог сын явился на земле в образе человека, чтобы своим страданием искупить род человеческий, после распятия в нем умерла человеческая природа и не божественная, и эта божественная природа снова воскресила себя в образе человека, чтобы показаться своим учениками и убедить их и весь мир, что бог не умирает и не глазах учеников в образе человека вонесся на небо и в образе человека явится в мир во время второго пришествия”. . . და სხვა.

შემდეგ გაბრიელი მე აღარ მინახავს, მაგრამ სხვებისაგან გამიგონია, რომ მან ასეთი კითხვების წამოყენება სხვა გამოცდების დროსაც იცოდა.
გაბრიელი სპეტაკი ზნეობის მღვდელმთავარი იყო და ვერ ურიგდებოდა მისი დროის იმ მღვდელმთავრებს, რომელთაც ასეთი ზნეობა აკლდათ. მის დროს სამეგრელოს მღვდელმთავრად იყო გრიგოლ დადიანი, რომელსაც ბევრ უზნეობას სწამებდნენ. გაბრიელს ჩამოეგდო ამის შესახებ მასთან ლაპარაკი, დადიანს ეს შეურაცხყოფად მიეღო და ეთქვა: “მეც ისეთივე მღვდელმთავარი ვარ, როგორც თქვენ, და ასეთი ამბავფი ჩვენს შორის არ ეგებისო”. გაბრიელს უპასუხია: “მართალია, მღვდელმთავარი კი ხართ, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, ვამხილოთ ერთმანეთიო”.

http://burusi.wordpress.com/2010/04/05/ekvtime-takaishvili-7/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s