ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ბიოგრაფიისათვის

ლევან ზ. ურუშაძე
2005 წელი მეტად ფასეული იყო ქართული ეროვნული ცნობიერებისა და სულისკვეთების განმტკიცებისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის.
მხედველობაში გვაქვს გამოჩენილი ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერის, პოლკოვნიკ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის (1888- 1930) სამშობლოში გადმოსვენება.
წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ წარმოგვეჩინა სახელოვანი მამულიშვილის ბიოგრაფიის ფართო საზოგადოებისათვის უცნობი და ნაკლებადცნობილი დეტალები. ამისათვის ჩვენ მიერ გამოყენებულია ქართული ემიგრანტული გამოცემების მონაცემები და მთელი რიგი სხვა მასალებისა.
აქვე მიზანშეწონილია გავიხსენოთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელოვანი წინაპრები. ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ჩოლოყაშვილები წარმოშობით ხევსურები არიან, მუცოდან. ქაქუცა 1659 წლის ანტიირანული ამბოხების სულისჩამდგმელის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მამულიშვილის ბიძინა ჩოლოყაშვილის პირდაპირი ჩამომავალი იყო.
ამ გვარის სხვა ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ მე-17 საუკუნის ცნობილი დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი), კახეთის სამეფოს (მე-17 ს.) სახლთუხუცესი გარსევან ჩოლოყაშვილი, მე-17 ს. 40-ანი წლების კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი რევაზ ჩოლოყაშვილი, ცნობილი პოეტი, “ომანიანი”-ს ავტორი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი (მე-16 ს. დამლევი _ მე-17 ს. დამდეგი), ქართლის (1688_1703) და კახეთის (1703_1709) მეფის ერეკლე პირველის თანამეცხედრე _ ანა დედოფალი, არაგვის საერისთავოს ფაქტობრივი გამგებელი 1743_1756 წლებში ჯიმშერ ჩოლოყაშვილი და სხვანი.
ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი, ვინაიდან ბაბუაჩემი – ევგენ (გენო) ღვალაძე (1900-1937) გახლდათ 1921 წლის კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების აქტიური მონაწილე, 1922-1924 წლებში დამკომის (საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის) რწმუნებული კახეთის მხარეში, 1926- 1937 წლებში კი “თეთრი გიორგის კავშირის” კონსპირაციული წევრი საქართველოში. 1937 წელს იგი დახვრიტეს ბოლშევიკებმა.
ჩემთვის საამაყოა ისიც, რომ 1990 წელს მქონდა პატივი მონაწილეობა მიმეღო ქ. ჩოლოყაშვილის გადმოსვენების პირველ მცდელობაში, როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრს. სამწუხაროდ, ეს პირველი მცდელობა, რაც აისახა იმდროინდელ ქართულ პრესაში [28], ვერ დასრულდა წარმატებით, თუმცა, საფრანგეთში ჩვენი ერთთვიანი ვიზიტის დროს მომზადდა სრული დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელი იყო ამ მისიის წარმატებით დაგვირგვინებისათვის. ჩემთვის უბედნიერესი იყო 2005 წელი, როდესაც მთაწმინდის წმინდა მიწამ მიიბარა დიდი მამულიშვილის ნეშტი.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე და მისი სამხედრო კარიერა მეფის რუსეთის არმიაში (1909-1917)

1907 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან არსებობდა. ამას საგანგებოდ ვუსვამთ ხაზს, ვინაიდან, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად, ეს სასწავლებელი ქართული ეროვნული განათლების სისტემის უმთავრეს კერას წარმოადგენდა და გამოირჩეოდა ეროვნული სულისკვეთებით. ამ გიმნაზიის დირექტორი გახლდათ იმხანად უკვე სახელგანთქმული მეცნიერი და პედაგოგი ექვთიმე თაყაიშვილი.


ორი წლის შემდეგ, 1909 წელს, 21 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილი გაიწვიეს მეფის რუსეთის არმიაში. ამით დაიწყო მომავალი ეროვნული გმირის 15-წლიანი სამხედრო მოღვაწეობა. არმიაში გაწვევისთანავე იგი ჩაირიცხა ტვერის ცნობილ დრაგუნთა პოლკში, რომელიც იყო რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკავალერიო შენაერთი. 1912 წელს ქაქუცა დაბრუნდა სამშობლოში. იმ დროს მას მიკუთვნებული ჰქონდა პორუჩიკის სამხედრო წოდება [1].
1913 წელს ქ. ჩოლოყაშვილმა ცოლად შეირთო თავად ილია მეღვინეთუხუცესის ასული ნინო. აღსანიშნავია, რომ ილია მეღვინეთუხუცესი, რომელიც 1922-1924 წლებში აქტიურად ეხმარებოდა თავის სიძეს და მის შეფიცულებს, 1924 წელს ბოლშევიკებმა დახვრიტეს. ქაქუცას ქორწილს მოგვიანებით ასე იგონებდა ნინო მეღვინეთუხუცესის ბიძაშვილი, 1921-1924 წლებში ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილის და 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი თავადის დიმიტრი (ავალო) ავალიშვილის ასული, ქ-ნი ნინო ავალიშვილი: “გაისმა ზურნადუდუკის ხმა, სიმღერა. ყველა მხიარულობდა. ცოტა ხანში ქაქუცამაც, თეთრ ჩოხაში გამოწყობილმა, თეთრი ცხენი შემოაჭენა თავის ძმებთან ერთად. ისე შემოაჭენეს ცხენები, რომ მე შემეშინდა და ტირილი დავიწყე. ჩვენი ნათესავი ბიჭი სულხან სულხანიშვილი ჩემი ტოლი იყო და მამშვიდებდა _ ნუ ტირი, შენი ქორწილიც ასე იქნებაო. გაჩაღდა ცეკვა-თამაში. გადმოვიდა ქაქუცა, გაშალა ხელები და დაიწყო ცეკვა. ბავშვი ვიყავი, მაგრამ ასეთი მოცეკვავე ილიკო სუხიშვილიც არ იყო. გადაიყვანა ნინო საცეკვაოდ, თეთრ ქათქათა კაბაში გამოწყობილი, მორცხვად თვალებდახრილი, მშვენიერი, ლამაზი. თავს ქორივით დასტრიალებდა მკლავებგაშლილი ქაქუცა… ამ ქორწილის გარდა სხვა მრავალი ქორწილის მომსწრე ვარ, მაგრამ ასეთი სხვა არ მახსოვს” [2]. აქ გვსურს გავიხსენოთ ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, აწ განსვენებული ჯაბა ხაბულიანის მონათხრობი, რომელიც მოვისმინეთ 1990 წელს საფრანგეთში, ლევილის მამულში. მან გაიხსენა, რომ ქაქუცა უბადლო მოცეკვავე იყო: გადმობრუნებულ თეფშზე ცერულით ისე ცეკვავდა, რომ თეფში არ იბზარებოდაო.

1914 წლის აგვისტოში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე (რისი მიზეზიც, როგორც ცნობილია, გახდა სარაევოში ავსტრო-უნგრეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის ფრანც ფერდინანდ ჰაბსბურგის მკვლელობა და ე.წ. “ბოსნიის კრიზისი”) პორუჩიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი კვლავ გაიწვიეს არმიაში და 1917 წლის დამლევამდე აქტიურად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. თავდაპირველად იგი გაწვეულ იქნა ასეულის მეთაურად ავსტრიის ფრონტზე, ერთ-ერთ საკავალერიო შენაერთში [1 – 3, 5 – 6].
ავსტრიის ფრონტზე თავის გამოჩენისათვის ქაქუცა დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით. 1914 წლის ოქტომბერში იგი დაიჭრა. ამის შემდეგ ქაქუცა გადაიყვანეს კავკასიის ფრონტზე. მცირე ხნის შემდეგ დაინიშნა საკავალერიო ასეულის მეთაურად. სწორედ ამ დროს თურქეთის არმიამ სამხედრო მინისტრის ენვერ-ფაშას სარდლობით დაიწყო აქტიური მზადება სარიყამიშზე შეტევისათვის.
ამის შემდეგ თურქებს დაგეგმილი ჰქონდათ ბათუმის აღება. სარიყამიშის ცნობილი ბრძოლები მიმდინარეობდა 1914 წლის დეკემბერში. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შენაერთი ირიცხებოდა გენერალ ვასილ გაბაშვილის კორპუსში. სწორედ ამ დროს ჩოლოყაშვილის საკავალერიო ასეულს დაევალა სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მქონე სიმაღლის, _ “არწივის ბუდის” აღება და დაცვა. მან ეს ბრძანება ბრწყინვალედ შეასრულა. მცირე ხნის შემდეგ თურქებმა განაახლეს იერიშები “არწივის ბუდის” დასაბრუნებლად. ამ დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ფეხში დაიჭრა.
მიუხედავად ამისა, მან არ დატოვა პოზიცია და განაგრძო საბრძოლო ოპერაციის ხელმძღვანელობა. ქაქუცა ისევ დაიჭრა, ამჯერად მკერდში. მიუხედავად ამისა, მისმა ასეულმა შეძლო “არწივის ბუდის” შენარჩუნება. თურქები უკუიქცნენ. ამ დროს გამოჩენილი გმირობისათვის ქ. ჩოლოყაშვილი დაჯილდოებულ იქნა მხედრული წარჩინების ერთ-ერთი უმაღლესი ნიშნით, – ოქროს სახელობითი ხმლით [1 – 3]. “არწივის ბუდის” აღებისა და დაცვის ზემოხსენებულ ბრწყინვალე ოპერაციასთან დაკავშირებით მეტად ფასეულ ცნობას ვხვდებით მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის თვალსაჩინო ფრანგი პუბლიცისტის რემონ დიუგეს შესანიშნავ წიგნში “მოსკოვი და წამებული საქართველო”. კერძოდ, ფრანგი ავტორი აღნიშნავს:
“თურქებისათვის სავალალოდ დამთავრებულ სარიყამიშის ბრძოლაში (დაახლოებით 20 000 თურქი დაიღუპა და გაიყინა ამ მაღალმთიან რეგიონში) ჩოლოყაშვილი დაიჭრა. მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია და ის სტრატეგიული პუნქტიც აიღო, რომლის ფლობა განსაზღვრავდა სამხედრო ოპერაციების შემდგომ ბედს. დაჭრილ ჩოლოყაშვილს ბრძოლის ველი არ მიუტოვებია, თუმცა უბრძანეს ჭრილობის შესახვევად საველე ჰოსპიტალში წასულიყო. მეორედ დაჭრილი, სარიყამიშში გამოიძახეს. ლაზარეთში დაწოლა უბრძანეს. მეთაურს კი უპასუხა “მოვდივარ”-ო, მაგრამ ისევ რაზმთან დარჩა. მესამედ დაჭრილს გული შეუწუხდა. მაშინ კი იძულებული გახდა სამედიცინო დახმარებისათვის მიემართა” [4].
1915 წლის დამდეგს მძიმედ დაჭრილი ჩოლოყაშვილი მოათავსეს თბილისის წმ. ნინოს ჰოსპიტალში. მცირე ხნის შემდეგ გენერალ ნ. ბარათაშვილის ინიციატივით შეიქმნა ქართული ცხენოსანი ლეგიონი. კავალერიის იმხანად უკვე სახელგანთქმული ოფიცერი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ლეგიონის შედგენისთანავე მიწვეულ იქნა ათასეულის მეთაურად. 1915 წელსვე ლეგიონი გაიგზავნა სპარსეთის ფრონტზე. აქ ჩოლოყაშვილის ათასეულმა შეასრულა ბრწყინვალე რეიდი მესოპოტამიის უდაბნოში და 1916 წელს შეუერთდა ბრიტანულ არმიას [1, 5]. ამ ოპერაციის წარმატებული ხელმძღვანელობისათვის ქ. ჩოლოყაშვილი დაჯილდოვდა წმ. გიორგის მეორე ჯვრით. მცირე ხნის შემდეგ მას მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
ასეთი გახლდათ პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ განვლილი ბრწყინვალე მხედრული გზა. მას, როგორც მეთაურს, ზედმიწევნით ახასიათებს 1921-1924 წლებში მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლის ალექსანდრე სულხანიშვილის სიტყვები: “ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო განსახიერება ქართველი რაინდისა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დინჯი, დარბაისელი, და უაღრესად კეთილი გულის ადამიანი. ის ძალიან უყვარდათ ჯარისკაცებს და მათი საერთო პატივისცემით სარგებლობდა კიდეც. როგორი მხდალიც არ უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში. უდავოდ, მხედრად იყო დაბადებული” [10].

აქვე გვსურს გამოვთქვათ ერთი, ჩვენი აზრით, მეტად რეალისტური ვარაუდი. როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1914 წელს, გამოჩენილი ქართველი მამულიშვილების – პროფ. მიხეილ (მიხაკო) წერეთლის, გენ. ლეო კერესელიძის, პროფ. შალვა ვარდიძის, გიორგი მაჩაბლისა და პეტრე სურგულაძის თაოსნობით თურქეთში, სტამბოლში, შეიქმნა “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი” [7]. ვფიქრობთ, ოსმალეთის ფრონტზე მყოფი ქაქუცა ჩოლოყაშვილი უთუოდ დაამყარებდა კავშირს აღნიშნულ კომიტეტთან.
1917 წლის შუა ხანებში ქ. ჩოლოყაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში. აღნიშნულ წელს თბილისში დაფუძნდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის წესდება 1905 წელს შედგენილ იქნა დიდი ილია ჭავჭავაძის მიერ. მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კონსტანტინე (კოტე) აფხაზთან, ნიკო ნიკოლაძესთან და სხვა სახელოვან მამულიშვილებთან ერთად ემიგრანტული ჟურნალის “სამშობლო” 1937 წლის 21-22 ნომერში (რომელიც ეძღვნება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მე-20 წლისთავს) ქაქუცა ჩოლოყაშვილი დასახელებულია აღნიშნული პარტიის ერთ-ერთ დაფუძნებლად [8]. ამასვე ადასტურებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი [9]. კერძოდ, ეხება რა 1917 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებს, მაზნიაშვილი აღნიშნავს: “..ჩემი თხოვნით გაიგზავნა ხევსურეთში ეროვნულდემოკრატიული პარტიიდან შალვა ქარუმიძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი. მათ დიდი გავლენა ჰქონდათ ხევსურეთში. მოკლე ხანში ჩამოიყვანეს ტფილისში ოთხასამდე ხევსური. ისინი მაშინვე დავაბინავეთ…სამხედრო სკოლის შენობაში, დავანაწილეთ გუნდებად, დავუნიშნეთ საკმაო რაოდენობა ოფიცრებისა”.
ამდენად, ჩვენი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება ზოგიერთი ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) თვალსაჩინო მოღვაწე

ჯერ კიდევ 1917 წლის დამლევიდან სხვა ცნობილ ქართველ სამხედრო მოღვაწეებთან (გენერლები: გიორგი კვინიტაძე, კონსტანტინე (კოტე) აფხაზი, ზაქარია მდივანი, ზაქარია (შაქრო) ბაქრაძე, გიორგი მაზნიაშვილი, იოსებ გედევანიშვილი, ვარდენ წულუკიძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ნესტორ გარდაფხაძე, ილია ოდიშელიძე, ალექსანდრე ჩხეიძე, პოლკოვნიკები: ელიზბარ გულისაშვილი, სვიმონ წერეთელი, სოლომონ ზალდასტანიშვილი, დავით (დათა) ვაჩნაძე, ალექსი მაჭავარიანი და სხვ.) ერთად ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი აქტიურად იღვწოდა ქართული ეროვნული არმიის შესაქმნელად, რაც ზედმიწევნით არის ასახული გიორგი მაზნიაშვილის და ვალერიან თევზაძის მოგონებებში [9, 11]. კერძოდ, ქ. ჩოლოყაშვილი იყო ქართული არმიის საკავალერიო შენაერთების შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი ინიციატივით, ამ შენაერთების შევსებისას დიდი ყურადღება ექცეოდათ მთიელებს, მეტწილად – ხევსურებს, რომლებიც ჩინებული მხედრები იყვნენ და გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ოფიცერი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1918-1921 წლებში იგი იყო ეროვნული არმიის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დასაცავად ჩატარებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლის მონაწილე. 1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, ქაქუცა ჩოლოყაშვილი სათავეში ედგა საკავალერიო შენაერთს. აღსანიშნავია, რომ ამ ომში მას ახლდა მისი მეგობარი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ვასილ როინაშვილი (ქართული ფოტოხელოვნების ფუძემდებლის ალ. როინაშვილის ძმა), რომელმაც ამ ომის ამსახველი მეტად მდიდარი და საინტერესო ფოტომასალა შექმნა [12].

ერთხანს, 1919 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ასრულებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის მოვალეობას და კურირებდა არმიის საკავალერიო შენაერთებს [5]. მაგრამ ამ პოსტზე მას დიდხანს არ უმუშავია.
ამის შემდეგ იგი მეთაურობდა ერთ-ერთ საკავალერიო პოლკს. 1919 წელს ქაქუცა აქტიურად მონაწილეობდა სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთში) შემოსული თურქების წინააღმდეგ ბრძოლებში, 1921 წლის თებერვალში კი _ რუსეთ-საქართველოს ომში.

არანაკლებ აქტიურად მონაწილეობდა იგი დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. კერძოდ, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ჩაბმული იყო 1919 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისში. ამ დროს ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სოციალ-ფედერალისტებთან.
“მახსოვს, ჩვენთან თავს იყრიდნენ სოციალ-ფედერალისტები და ნაციონალ-დემოკრატები. ძალიან ბევრს კამათობდნენ და მსჯელობდნენ. ესენი, რომლებიც მე მახსოვს, იყვნენ თამარ კირვალიძე, თამარ კიკნაძე, მარია გოლოვანოვა, ნინო ბერიშვილი. კაცებიდან: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, აკაკი პაპავა, იოსელიანი (სახელი არ მახსოვს), ალექსანდრე ასათიანი, მიხეილ აბრამიშვილი და სხვები. მე მაძლევდნენ ბარათებს, რომლებზეც ეწერა: “ხმა მიეცით # 2-ს”. სხვა ბარათებზე ეწერა: “ხმა მიეცით # 5-ს” ( # 2 მიკუთვნებული ჰქონდათ ეროვნულდემოკრატებს, ხოლო # 5 _ სოციალ-ფედერალისტებს _ ლ.უ.). სასწავლებელში რომ მივდიოდი, გზა და გზა ვარიგებდი ამ მოწოდებებს”_ო, იგონებდა ნ. ავალიშვილი [2].
ამდენად, ვფიქრობთ, ყოველივე ზემოთქმული ცხადჰყოფს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დიდ ღვაწლს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე. რომ არა საქართველოს ულმობელი ბედისწერა, ვინ იცის, სახელოვანი მამულიშვილი რამდენ სასახელო ფურცელს შემატებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი – 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი

ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის თებერვალი) შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს, ბათუმიდან გავიდა იტალიური გემი, რომელზეც იმყოფებოდნენ საქართველოს დემოკრატიული მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა, არ გაჰყვა გემს და თბილისში დაბრუნდა. სამი თვის მანძილზე იგი ირიცხებოდა იმ საკავალერიო ლეგიონში, რომელსაც საქართველოს ოკუპაციამდე მეთაურობდა. იმავე წლის დამლევს ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაუკავშირდა იატაკქვეშეთში შექმნილი “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის” (“დამკომი”, იგივე ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი) ხელმძღვანელებს: ილია ჭავჭავაძის დისშვილს – გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზს, იასონ ჯავახიშვილს, ნიკოლოზ (კოლია) ქარცივაძეს და სხვებს. 1922 წლის მარტში ქაქუცა თავის შეფიცულთა რაზმთან ერთად ტყეში გავიდა [1, 13, 14].
აღმოსავლეთ საქართველოს საოლქო სასამართლოს 1925 წლის ივნისის საბრალდებო დასკვნაში “საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ” მითითებულია, რომ “შეფიცულთა რაზმი” ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით შეიქმნა 1922 წლის მარტში საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით და ამ მიზნით მასთან აღნიშნული პარტიის ხელმძღვანელობიდან უშუალო კავშირი ჰქონდათ დავით ვაჩნაძეს და სიმონ ყიფიანს [14]. იქვე მოტანილია ვახტანგ ნაცვლიშვილის ჩვენება იმის თაობაზე, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს პარტიზანული რაზმის შედგენა ცენტრის მიერ დავალებული ჰქონდა ჯერ კიდევ 1922 წლის იანვარში.

1922 წლის მარტში შეიქმნა პარიტეტული კომიტეტის სამხედრო ცენტრი გენ. კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით. ცენტრში შედიოდნენ: გენ. ალ. ანდრონიკაშვილი, გენ. ვ. წულუკიძე, პოლკ. გ. ხიმშიაშვილი, პოლკ. რ. მუსხელიშვილი, პოლკ. ქ. ჩოლოყაშვილი და მიხ. Lლაშქარაშვილი [15].
სიმონ ყიფიანის ჩვენებით ჩოლოყაშვილის შეფიცულებს და სიღნაღის სამაზრო მილიციას შორის პირველი სერიოზული შეტაკება მოხდა 1922 წლის მარტშივე. მოკლული იყო სამაზრო მილიციის უფროსი და რამდენიმე მილიციელი, რომელნიც ბოლშევიკური პარტიის წევრები იყვნენ [14]. ამრიგად, არ არის მართებული გ. შარაძის მითითება, თითქოს პირველი შეტაკება ქაქუცას შეფიცულებსა და ბოლშევიკებს შორის 1922 წლის ივნისში მოხდა [16]. იქვე გ. შარაძე აღნიშნავს: “ პარტიზანული ბრძოლის ხასიათი ქაქუცა ჩოლოყაშვილს აიძულებდა თავისთან დიდი რაზმი არ ჰყოლოდა”-ო. ამ თვალსაზრისით საინტერესოა რ. დიუგეს წიგნში მოტანილი რამდენიმე ცნობა. კერძოდ, ფრანგი ავტორი მიუთითებს:
“სოფელ სიმონიანთკარში განლაგებული იყო წითელი რაზმი, დაახლოებით 150-300 კაცი და “ჩონის” ნაწილი (“ჩონი” ასე იშიფრებოდა _ “ჩასტ ოსობოვო ნაზნაჩენია”_ ლ.უ.). პოლკოვნიკ ჩოლოყაშვილს ეს ამბავი შეატყობინეს. მან სასწრაფოდ შეარჩია 80 საუკეთესო შეფიცული. მათთან ერთად, დაღამებისას, სოფელში ჩავიდა”. ამის შემდეგ შეფიცულებმა აიღეს აღნიშნული სოფელი. უკანა გზაზე, დუშეთთან, მათ წითელარმიელებთან შეტაკების შედეგად ტყვეობიდან გაათავისუფლეს რამდენიმე ასეული მძევალი [4]. იქვე რ. დიუგე აღნიშნავს: “ ერთხელ შეფიცულების უფროსი კახეთიდან სხვა პროვინციაში აპირებდა წასვლას. იქ მისი ყოფნა აუცილებელი იყო. მას უნდა გაევლო ტერიტორია, რომელიც ბოლშევიკთა რაზმებს ეჭირათ. ჩოლოყაშვილს 100 შეფიცული ახლდა”. დიდად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ იმხანად დიუგე საქართველოში იმყოფებოდა და დიდი რისკის ფასად უშუალოდ იყო დაკავშირებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არაერთ წარმომადგენელთან, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილთან.

1922 წლის აგვისტოში მოხდა ხევსურეთის ამბოხება, რომელსაც სათავეში ედგა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. სამწუხაროდ, შეუთანხმებელი მოქმედების გამო, რაც უმეტეს წილად განპირობებული იყო სოციალ-დემოკრატთა გაუაზრებელი მოქმედებით, ამბოხება მარცხით დასრულდა [4, 13, 15].
ქართველმა პოლიტემიგრანტმა, სოციალ-დემოკრატმა ვ. ჩუბინიძემ მოგვიანებით თავის მოგონებებში აღწერა 1922 წლის 18 სექტემბერს ქაქუცასთან შეხვედრა ხევსურეთის საზღვარზე, სოფ. მაღაროსკარში. მიუთითებდა რა ხევსურეთის ამბოხების მარცხზე, შეფიცულთა მეთაურმა ჩუბინიძეს უთხრა, რომ ხევსურეთში საქმიანობდა გამცემი _ კომისარი ყიფიანი. გარდა ამისა, წითელარმიელებთან შეტაკებისას დაიღუპა შეფიცულთა რაზმის მეკავშირე შ. ფავლენიშვილი, რის გამოც გარკვეული ხნით გაწყდა კავშირი სამხედრო ცენტრთან [13]. ფავლენიშვილს ჩეკისტებმა აღმოუჩინეს დაშიფრული წერილი ჩოლოყაშვილისადმი, რომელსაც ხელს აწერდა “სამფერი” (დავით ვაჩნაძე). წერილში დაფიქსირებულია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობა აჯანყების შემთხვევაში იარაღით და ფულით დახმარებას პირდებოდა დამოუკიდებლობის კომიტეტს და სამხედრო ცენტრს [14]. სამწუხაროდ, ეს იყო სოციალ-დემოკრატთა კიდევ ერთი დიდი სიცრუე, კიდევ ერთი ღალატი, რამაც, საბოლოო ჯამში, უდიდესი ვაება დაატეხა თავს ისედაც წელში გაწყვეტილ საქართველოს და გამოიწვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პარალიზება. ამას ზედმიწევნით ადასტურებს გიორგი მაზნიაშვილი თავის მოგონებებში. ამ საკითხს მოგვიანებით შევეხებით, როდესაც საუბარი გვექნება 1924 წლის ამბოხებაზე და მის შედეგებზე. ხევსურეთის ამბოხება ზედმიწევნით აქვს აღწერილი ერთერთ შეფიცულს ელიზბარ მაყაშვილს [17].

1922 წლის სექტემბრის დამლევს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შეფიცულთა რაზმი იძულებულნი გახდნენ ჩეჩნეთში გადასულიყვნენ [1].
მრავლისმეტყველია შალვა ამირეჯიბის სიტყვები, რომლებიც ზედმიწევნით ცხადჰყოფს ქართველ მენშევიკთა ზრახვებს: “ქაქუცასაგან სოფლებში დაწყებული მოძრაობა თანდათან ვითარდებოდა და მას აჰყვა დიდძალი გლეხობა. სამხედრო ცენტრი (რომელსაც სათავეში ედგა გენ. კოტე აფხაზი – ლ.უ.) თავგამოდებით მუშაობდა. ამიტომ, როცა 1922 წლის აგვისტოში ეგრედ წოდებული “ხევსურეთის აჯანყება” მოხდა, მენშევიკურმა პარტიამ ხალხში ფურცლები დაარიგა, რომლითაც მოუწოდებდა მას არ გაჰყოლოდა თავადაზნაურთა წარმომადგენელს და კონტრრევოლუციონერ ჩოლოყაშვილს. ამან მართლა დაშალა ხალხი, რომელიც ჩოლოყაშვილის მისაშველებლად იყო გამზადებული და, ამრიგად, ჩაიშალა პირველი აჯანყების საქმე. ამას მოჰყვა თვით სამხედრო ცენტრის დატუსაღება, ხოლო ზოგი ფიქრობდა, რომ გაცემაც. ასე დასრულდა 1922 წელი. 1923 წლის პირველ თვეებში საქართველოში დაბრუნდა ნ. ხომერიკი, რომელიც სტამბულიდან დაუფარავი მისიით წამოვიდა, რომ რადაც უნდა დასჯდომოდა ქ. ჩოლოყაშვილის მიერ შექმნილი მოძრაობის ლიკვიდაცია მოეხდინა. მიზეზი იყო ქაქუცას დიდი სახელი ხალხში” [21].

მიუხედავად ზემოთქმულისა, ხევსურეთის ამბოხებამ დიდი ზარალი მიაყენა ბოლშევიკებს. 6000-იანმა წითელმა რაზმმა, რომელიც ხევსურეთში გაიგზავნა ამბოხების ჩასახშობად, მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა. ამის შემდეგ გაგზავნილმა სადამსჯელო ექსპედიციამ ხევსურთა ხუთი სოფელი ააწიოკა. არ დაინდეს ამბოხების მეთაურის მშობლიური კახეთიც. ყოველივე ამის შესახებ მოთხრობილია რ. დიუგეს წიგნშიც [4]. “ქაქუცას თავდადებული რაზმელები რამდენიმე ხევსურ შვილებთან ერთად განზრახ გაფანტულნი ეძებდნენ ტყე-ღრეში სამშვიდობოს გამავალ ბილიკებს. გაოხრდა ხევსურეთი უხეში მტრის ხელით. შემოსეული რუსები შეუბრალებლად ჟლეტდნენ შემხვედრ ქალს თუ კაცს, მოხუცს თუ ჭაბუკს. ცეცხლს უკიდებდნენ ყუმბარებისაგან გადარჩენილ სახლებს და ბინებს. დაბლობისაკენ ერეკებოდნენ გატაცებულ პირუტყვს” _ მიუთითებს ელიზბარ მაყაშვილი [17].
ნ. ავალიშვილის მოგონებაში აღწერილია ჩეკისტების მიერ მისი ძმის დავით ავალიშვილის დაკავება და შემდეგ თელავის ციხიდან ამ უკანასკნელის გაქცევა. იგი აღნიშნული ციხის ერთ ბნელ საკანში შეუგდიათ. ორი დღე გაუტარებია მას ამ საკანში, რომელიც გვამებით იყო სავეს. ორი დღის შემდეგ ციხეში ატეხილა საშინელი სროლა და ამ აურზაურში დ. ავალიშვილს მოუხერხებია გაქცევა. მანმადე მისთვის ცნობილი გახდა, რომ წინა დღით იმ საკანში, სადაც იყო დამწყვდეული, ამბოხების მონაწილე ხევსურები ამოხოცეს ჩეკისტებმა [2].
იქვე ნ. ავალიშვილი იხსენებს მეორე საზარელ ფაქტს, რომელიც თავის მოგონებაში აქვს მოტანილი ელიზბარ მაყაშვილსაც [27]. იმ დროს თელავის ციხის უფროსი იყო ჩეკისტი კოლია ჯაფარიძე, რომელთანაც ხსენებული არეულობის დროს მისულა ალექსანდრე ჯორჯაძე, რომელიც ბოლშევიკებთან მუშაობდა. მას ჯაფარიძისთვის უთხოვია მამამისის გათავისუფლება, რომელიც ხევსურეთის ამბოხების სხვა მონაწილეებთან ერთად იქვე იდგა ხელებშეკრული. ჯაფარიძემ უბრძანა მას, როგორც კომკავშირელს, რომ საკუთარი ხელით დაეხვრიტა მამამისი. ამის პასუხად ჯორჯაძემ რევოლვერი ესროლა ჯაფარიძეს, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა. ჩეკისტებმა ალექსანდრე ჯორჯაძე მამამისთან და სხვა ტუსაღებთან ერთად ხმლებით აკუწეს.
1923 წელს გამცემლობის შედეგად ჩეკისტებმა შეძლეს დამკომის სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელის გენ. კოტე აფხაზის და ცენტრის სხვა 14 წევრის (ვ. წულუკიძე, გ. ხიმშიაშვილი, რ. მუსხელიშვილი, ალ. ანდრონიკაშვილი, მ. ზანდუკელი, ს. ბაგრატიონმუხრანელი, ფ. ყარალაშვილი, ი. კერესელიძე, ივ. ქუთათელაძე, ს. ჭიაბრიშვილი, ალ. მაჭავარიანი, ე. გულისაშვილი, ლ. კლიმიაშვილი, დ. ჩრდილელი) დაპატიმრება. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს [4, 8]. ეს უდიდესი დარტყმა იყო ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობისათვის. სამხედრო ცენტრი 1923 წლის თებერვალში გასცა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა კ. მისაბიშვილმა, რომელიც მცირე ხნის შემდეგ მოკლულ იქნა [14].

მანამდე, ხევსურეთის ამბოხების გამო ჩეკა-ს მიერ დახვრეტილი იყვნენ: როტმისტრი ს. ანდრონიკაშვილი, ლეიტენანტი სუმბათაშვილი და მისი ძმა, ლეიტენანტი კ. ჩოლოყაშვილი, ლეიტენანტი არჩ. ვაჩნაძე, აგრონომი ვახტ. აბაშიძე და სოციალდემოკრატი ს. გელაშვილი [15].
ქართველ იუნკერთა კავშირის ჟურნალის “მხედარი” 1929 წლის ერთ-ერთ ნომერში “ალ. ხ-ლი”-ს ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი “იუნკერის მოგონებები”, რომელშიც მოთხრობილია გენ. კოტე აფხაზისა და სამხედრო ცენტრის სხვა წევრების ცხოვრების ბოლო დღეები. “.. დასუსტებული ნაბიჯით ნელა მივდიოდი დერეფანში და ვიყურებოდი ჩვენებისკენ; სევდიანად გაიღიმა კოტე აფხაზმა და შემომახვედრა გამამხნევებელი თვალები. მისი ტუჩები ჩურჩულით მოძრაობდნენ. ჩამავალი მზის სხივით განათებული და სულის შინაგანი სიმტკიცით გასხივოსნებული სახე აძლევდა მას მოციქულის შეხედულებას მოწაფეთა შორის. ვეღარ ვიკავებდი მისუსტებული გრძნობებს და მინდოდა მივვარდნილიყავი მასთან; “ბატონო კოტე! ბატონო!” ნერვიულად წამოვიძახე, მაგრამ მეთვალყურემ მკრა ხელი და დაიღრიალა “გაიარე, ჩქარა, ნუ ლაპარაკობ შენ”. Uუკანასკნელად გადავხედე მათ აღელვებულ სახეებს. “ყოჩაღად იყავი შვილო!” გადმომიგდო სიტყვა კოტე აფხაზმა” _ აღნიშნავს მოგონების ავტორი [18].
1924 წლის ამბოხებაზე საკმაოდ ბევრი დაიწერა. ამიტომ, ქვემოთ შევეხებით, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებო მომენტებს.
1924 წლის მაისში საზღვარგარეთიდან თბილისში ჩამოვიდნენ სოციალ-დემოკრატები ვ. ნოდია, ვ. ჯუღელი, ბ. ჩხიკვიშვილი, ვ. მგელაძე, ცინცაძე და ცენტერაძე. მათ ჩამოიტანეს ინფორმაცია, რომ “საერთაშორისო მდგომარეობა ხელს უწყობს აჯანყების დაწყებას”. თუ აჯანყება დამარცხდებოდა, მოძრაობა გაგრძელდებოდა პროვინციებში. ამასობაში პარიზში მყოფი გაერთიანებული ცენტრი შეძლებდა მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოებას, რათა ეს ქვეყნები ჩარეულიყვნენ საქართველოს საკითხის გადაწყვეტაში [15]. როგორც მოვლენათა შემდგომმა მსვლელობამ ცხადჰყო, ეს იყო სოციალ-დემოკრატთა მორიგი, ღალატის ტოლფასი, დიდი სიცრუე.
საბოლოოდ, 1924 წლის 24 აგვისტოს, დამკომის სხდომაზე გადაწყდა საერთო ამბოხების დაწყება აღნიშნული წლის 29 აგვისტოს, დღის 2 საათზე. ამასთან, გადაწყდა მთავარი შტაბის გადატანა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანაკში. თბილისში საქმიანობას გააგრძელებდა დამკომის თბილისის განყოფილება. 25 აგვისტოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანაკში გადავიდნენ კონსტანტინე ანდრონიკაშვილი (დამკომის თავმჯდომარე), იასონ ჯავახიშვილი (თავმჯდომარის მოადგილე), შალვა ამირეჯიბი, დავით ონიაშვილი, ა. წულაძე და მთავარსარდალი გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე [15].
სოციალ-დემოკრატთა უთავბოლო პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ ჭიათურაში ამბოხება დაიწყო 24 საათით ადრე, _ 1924 წლის 28 აგვისტოს. “ჭიათურაში 24 საათით ადრე გამოსვლამ დრო და ინიციატივა მოქმედებისა “ჩეკას” და ხელისუფლებას გადასცა” _ მიუთითებდა სოლომონ ზალდასტანიშვილი [15].
მიუხედავად ამისა, თავგანწირულად მოქმედებდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულთა რაზმი. მათ ბრძოლებით აიღეს დუშეთი, ზემო-კახეთი, ყარაიაზი და ბორჩალო.
საუბედუროდ, მოძრაობა განწირული იყო. ამბოხების დამარცხების მიზეზებზე საუბრისას გენ. გიორგი მაზნიაშვილი მიუთითებს, რომ მის შეკითხვაზე, თუ სად და როგორ დაიგეგმა აჯანყების საკითხი, ნ. ჟორდანიამ და მისი მთავრობის სოციალდემოკრატმა წევრებმა უპასუხეს, რომ “აჯანყების შესახებ მათ მხოლოდ ახლა გაიგეს, რომ პარიტეტული კომიტეტისთვის არავითარი ფული არ გაუგზავნიათ და რომ მუდამ უთვლიდნენ: აჯანყება არ მოახდინონ, რადგან არსაიდან არაა იმედი რაიმე დახმარებისა” [9]. არადა, 1924 წლის მაისში პარიზიდან თბილისში ჩამოსული ვ. ნოდია, ვ. ჟუღელი , ბ. ჩხიკვიშვილი, ვ. მგელაძე და სხვანი სწორედ დევნილი მთავრობის სახელით მოქმედებდნენ.
,,შემდგომში, ჯერ ჩხიკვიშვილისა და შემდეგ ვ. ჟუღელის დაპატიმრებამ და ამ უკანასკნელის წერილმა, რომელიც ტფილისის გაზეთებში დაიბეჭდა, საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს პარიტეტული კომიტეტი აჯანყებას არ მოაწყობდა, თუ მას არ ექნებოდა ლოცვა-კურთხევა პარიზელი ლიდერებისაგან”_ო, აღნიშნავდა გიორგი მაზნიაშვილი[9]. იქვე იგი იხსენებს საუბარს გენერალ სპირიდონ ჭავჭავაძესთან. “ ჩემს შეკითხვაზე, რისი იმედი ჰქონდა, როდესაც სათავეში უდგებოდა ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს, სპ. ჭავჭავაძემ მიპასუხა, რომ ის დაიბარა კ. ანდრონიკაშვილმა (სოციალ-დემოკრატმა, დამკომის თავმჯდომარემ _ ლ. უ.) და წინადადება მისცა ეკისრა აჯანყებულთა დროებითი უფროსობა და დაუმატა, რომ რიზესა და ხოფას შუა დგანან იარაღით და სურსათით და დესანტით დატვირთული გემები გენერალ მაზნიაშვილის და ნ. რამიშვილის მეთაურობით, რომლებიც ელიან მხოლოდ იმას, რომ ჩვენ დავიჭერთ ზღვის სანაპიროებს. მაშინ ისინი ჩაუდგებიან სათავეში აჯანყებულებს და თვითონ იციან, რასაც გააკეთებენ”_ო. სამწუხაროდ, ილიას მკვლელებისაგან ამგვარი საქციელი სწორედაც რომ მოსალოდნელი იყო.
ამდენად, სავსებით ნათელია, რომ სოციალ-დემოკრატთა დანაშაულებრივი მოქმედების წყალობით განწირული იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მისი შეფიცულთა რაზმის, კოტე აფხაზისა და მისი სამხედრო ცენტრის, ეროვნული სულისკვეთებით ანთებული ქართველობის თავგანწირვა.
ყოველივე ამის ფონზე დაცინვას უფრო ჰგავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის 1924 წლის 160 ლევან ზ. ურუშაძე 6 სექტემბრის მემორანდუმი ერთა ლიგისადმი, რომელიც ასე მთავრდება: “ ვთხოვთ ერთა ლიგას, რომლის დანიშნულებაა საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარება და სისხლიანი ბრძოლების შეჩერება, ჩაერიოს ამ საქმეში და წინადადება მისცეს მოსკოვის მთავრობას, რომ შეაჩეროს სამხედრო მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო კონფლიქტის მოგვარება გადაეცეს საერთაშორისო სამედიატორო სასამართლოს” [19].
მემორანდუმს ხელს აწერს ნ. ჟორდანია.
სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა შალვა ამირეჯიბი:
,,მენშევიზმის ნაშთისათვის ყველაზედ დიდი საფრთხე ის იყო, რომ საქართველოს სამეფოს რესტავრაციის აზრს არ მოეკიდა ფეხი. მას აშინებდა ყოველი ქართველი ნაციონალისტის სახელი. მით უმეტეს აშინებდა მას სამხედრო ცენტრის მნიშვნელობა და კერძოდ ქ. ჩოლოყაშვილის სახელი. ამაზედ იყო აშენებული სოციალდემოკრატიული კონკურენცია ქართული ცხოვრების ამ ახალ იდეასა და ძალებთან. ამიტომ იყო, აგრეთვე, რომ მათ ასე სიჩქარით შემოიყვანეს საქართველოში ჩხიკვიშვილი და ჯუღელი. მათ სურდათ ჩოლოყაშვილის სახელი, ხალხის თვალში ამ ხალხის სახელით გაექარწყლებინათ. მაგრამ შეცდნენ. მართლები ვიყავით ჩვენ, რომლებიც მათ შემოყვანას სიფრთხილისათვის დროს ვუნიშნავდით “ [21].
,,რაც ჩვენ საქართველოში ვნახეთ და გავიგონეთ, არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ 1924 წელს, ზაფხულში მომხდარი აჯანყება იყო უმთავრესად ეროვნული მოძრაობა და, როგორც ასეთი, არა მარტო საბჭოური სისტემის, არამედ სწორედ რომ მოსკოვური რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. სხვადასხვა მხრიდან ახლა ცდილობენ მომხდარი ამბავი ცუდად წარმოადგინონ. მაგრამ ძნელი არ არის ყველა ეს ტენდენციური ცნობა უარვყოთ” _ აღნიშნავდა ცნობილი გერმანელი მეცნიერი, პროფესორი ერიხ ობსტი, რომელიც 1924 წელს საქართველოში იმყოფებოდა [20].
ამბოხების და ქართველთა თავგანწირვის ამგვარი ობიექტური შეფასება დამსახურება იყო სწორედ ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მისი ღირსეული თანამებრძოლებისა, რომელთა სანუკვარ ოცნებას დამპყრობთა მარწუხებისაგან სამშობლოს დახსნა შეადგენდა.
ამაღელვებლად გადმოგვცემს ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მის შეფიცულთა ემიგრაციაში გახიზვნას ერთ-ერთი შეფიცული ელიზბარ მაყაშვილი: “ბელადმა, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა შეაგროვა თავისი რაზმელები და გააცნო მათ ,,დამკომის” დადგენილება _ უნდა დავტოვოთ, ძმებო, საქართველო. ჩვენი აქ ყოფნით დაიღვრება უდანაშაულო სისხლი მცხოვრებთა. ათასობით დატყვევებულნი მძევლებად არიან გამოცხადებულნი, გამომწყვდეულნი საპატიმროებში. Uუნდა დავტოვოთ ჩვენი მიწაწყალი.
მტერთან ბრძოლა არ გათავებულა. ვიმედოვნებ, კვლავ დავუბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალს და საერთო ყიჟინით ვეკვეთებით მტერს, მოვიპოვებთ სამუდამო გამარჯვებას და ავაფრიალებთ ქართულ სამფეროვან დროშას! _ დაასრულა სიტყვა ბელადმა.
დაიწყო წასვლისათვის მზადება” [17]. სამწუხაროდ, ამ ოცნებას აღსრულება არ ეწერა.…

4) ქაქუცა ჩოლოყაშვილი – პოლიტიკური ემიგრანტი (1924-1930)

უაღრესად გულდამძიმებულებმა და ქართველთა ტრაგედიით შეძრულებმა დასტოვეს სამშობლო ქაქუცა ჩოლოყაშვილმა და მისმა შეფიცულებმა: ელიზბარ ვაჩნაძემ, რაფიელ (რაფო) ერისთავმა, ალექსანდრე (საშა) სულხანიშვილმა, სერგო მაისურაძემ, ალექსანდრე ბადურაშვილმა, ილია ქარუმიძემ, ალექსანდრე ცხვედაძემ, გოლა პავლიაშვილმა, მერაბ ჯორჯაძემ, შალვა ნებიერიძემ, ლელო ჩიქოვანმა, მიხეილ (მიშა) ლაშქარაშვილმა, დავით რევაზიშვილმა, გაბო ბერბიჭაშვილმა, ვასო მარჯანიშვილმა, ალექსი ფეიქრიშვილმა, სიკო ალიმბარაშვილმა, შალვა ჯავრიშვილმა, ლევან ჯავრიშვილმა, ელიზბარ მაყაშვილმა, ჯონჯი დადიანმა, სარდიონ კუჭავამ, თომა ბექაურმა და ალექსანდრე კარგარეთელმა, აგრეთვე, გენერალმა სპირიდონ ჭავჭავაძემ და შალვა ამირეჯიბმა [22]. 1924 წლის სექტემბერში ისინი გადავიდნენ თურქეთის სასაზღვრო სოფელ ზურმანაში. თურქეთში მათ ერთი თვის მანძილზე მასპინძლობდნენ იქაური ქართველები, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობრები _ ბეგი ხიმშიაშვილი და აბდი-ბეგ აბაშიძე [22].
მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მის შეფიცულებს სოციალ-დემოკრატებმა გამოუხურეს ლევილის მამულის კარი. ვინაიდან შეფიცულებს და მათ ლიდერს არ სურდათ დაქსაქსვა, მათ დაიწყეს შესაბამისი სახლის ძებნა. პარიზის მახლობლად, ვიროფლეში დაიქირავეს სახლი, სადაც ერთად ცხოვრობდნენ ქაქუცას გარდაცვალებამდე [22]. შეფიცულთა დიდმა ნაწილმა მუშაობა დაიწყო ოდენკურში, “პეჟო”-ს საავტომობილო ქარხანაში.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებაში. ძირითადად ურთიერთობა ჰქონდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროსთან და 1924 წელს ემიგრანტების მიერ შექმნილი ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციის _ “თეთრი გიორგის კავშირის” მესვეურებთან, აგრეთვე, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წარმომადგენლებთან.
იგი აქტიურად მონაწილეობდა 26 მაისისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ დღესასწაულებში [17]. ამათან, მუდმივად მფარველობდა შეფიცულებს. მიუხედავად ამისა, სახელოვან მამულიშვილს სულს უხუთავდა ნოსტალგია.
,,… აქ უკვე ქაქუცას სხვა, უცხო სახეს შევხვდი პარიზში. თითქოს მებრძოლ საქართველოს ბელადს ბრძოლის ასპარეზი გამოაცალეს, ოცნება წაართვეს. და ახლა ფრთებმოტეხილ არწივს, ცეცხლს ღვინო უნელებდა და სიმღერა _ მორეულ ცრემლს უშრობდა.
_ გახსოვს, თამარ, ალავერდობა? _ მეუბნებოდა ის პარიზში, ჩვენი სევდიანი ნადიმების დროს, დაბალი, მთრთოლვარე ხმით.
_ გახსოვს, თამარ, 26 მაისი? ის პირველი 26 მაისი?
_ გახსოვს, თამარ, შუამთის დღესასწაული?
_ გახსოვს, თამარ, ხატობა და ჩემი გაჭრა ტყეში?
_ ხომ გახსოვს ჩვენი ცა რა ფერისაა? რამდენი ვარსკვლავებია! რამდენჯერ მითვლია ისინი ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი ვერ მერეოდა.
_ გახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო ? კარგად გახსოვს? კრულიც იყოს აქ სიცოცხლე! იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ? “_ იგონებდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე თამარ პაპავა [23].
ქაქუცა ჩოლოყაშვილის მრწამსი კარგად ჩანს ვ. ჩუბინიძისადმი მიწერილ მის ერთ წერილში. “ შენ კარგო ქართველო, შენ თუ სოციალისტი ხარ, ქართველად არ ვარგიხარ თუ რა არის? შენ თუ, როგორც სოციალისტი ქართველობაზე უარს იტყვი, მეც ყველა ქართველ სოციალისტზე უარს ვიტყვი. ჩემთვის საღი და დაკვირვებული წერილი ძვირფასია, რომელიც იცავს ჩვენი სამშობლოს ინტერესებს და ვისგან არის დაწერილი, რა მიმდინარეობის მომხრეც გინდა იყოს, მაინც ბოლოს ქართველია, კომუნისტების გარდა. აბა, ჩემო ვალიკო-ბეი, მაგაზე შენ არასდროს არ იფიქრო, რომ ყველა სოციალისტი მძულს და იმისათვის პასუხი არ მოგაწოდე აქამდის. მე ვინცა მძულს, აშკარად აღარც ველაპარაკები და აღარც არაფერი კავშირი მაქვს, ის მემარცხენეა თუ მემარჯვენე” _ო, აღნიშნავდა წერილში ქაქუცა [13].
პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე და 1923 წელს მიღებულმა ჭრილობებმა, ღრმა ნოსტალგიამ, პარიზის ჰავამ და ყოველივე ამაზე დართულმა ფილტვების სისუსტემ დიდად შეარყია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჯანმრთელობა. ალ. სულხანიშვილის მითითებით, იგი ოსტაუაში, სანატორიუმში გაგზავნეს სამკურნალოდ [10].
სამწუხაროდ, ყველანაირი მცდელობა ამაო აღმოჩნდა: 1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა ჩოლოყაშვილი, 42 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
მან ექიმ ვახტანგ ღამბაშიძისა და ალ. სულხანიშვილის ხელში დალია სული [10]. გარდაცვალებამდე მოასწრო სიტყვიერი ანდერძის დატოვება, რომ მისი ნეშტი გადაესვენებიათ დამოუკიდებელ საქართველოში.
თავზარდამცემი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალება მთელი ქართული და საერთოკავკასიური პოლიტიკური ემიგრაციისათვის. ქაქუცას ხსოვნას მიეძღვნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჟურნალის “სამშობლო” 1930 წლის მე_8 ნომერი [24].
ნეკროლოგები გამოქვეყნდა თითქმის ყველა ქართულ ემიგრანტულ გამოცემაში, აგრეთვე, ფრანგულ და ინგლისურ პერიოდიკაში.
მოგვიანებით შალვა ამირეჯიბი იხსენებდა იმის შესახებ, რომ ნეკროლოგი გამოაქვეყნა ცნობილმა ინგლისურმა გამოცემამ “ტაიმსი”. იგი იუწყებოდა, რომ “შამილის შემდეგ კავკასიაში არ ყოფილა კაცი უფრო პოპულარული, ვიდრე ჩოლოყაშვილი” [21].
ჟურნალის “დამოუკიდებელი საქართველო” 1930 წლის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა ხარბინის ქართველთა ურთიერთშორის დამხმარე საზოგადოების წერილი “ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალების გამო”, რომელშიც ვკითხულობთ: “აღტყინებული, სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით, ის ვერ ურიგდება წითელ მტარვალთა ძალადობას და მის ბრძოლის ყიჟინას უერთდებიან სამშობლოს ერთგულნი შვილნი. არაერთჯერ და ორჯერ სმენია შორეული აღმოსავლეთის ქართველობას მისი განთქმული ბრძოლის ამბები. რა სიამით ივსებოდა მაშინ ჩვენი გული და გამოუთქმელი სიხარულით შევყურებდით მომავალს. მაგრამ ახლა? აღარ გვყავს ჩვენი ქაქუცა, მტრის თავზარდამცემი. უცხო მხარეს გაუთხარეს მას საფლავი და რაინდმა თან ჩაიტანა მტრის სიძულვილი, სამშობლოსადმი სიყვარული და ერთი მუჭა მშობელი მიწისა” [25].
ჟურნალის “სამშობლო” რედაქციამ მიიღო სამძიმრის დეპეშები საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერიოსაგან, გენერალ გუროსგან, მარკიზ დე-ბაისგან, ინგლისის თემთა პალატის წევრის ალლენისგან, მინისტრ ლუი მორენისგან, უკრაინის, თურქესტანის, აზერბაიჯანის, პოლონეთის ემიგრანტული მთავრობებისგან [24].
ეროვნული გმირი დაკრძალეს სენტ_უანის სასაფლაოზე, საიდანაც 1970-იან წლებში გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. და აი, 75 წლის შემდეგ, 2005 წელს, ეროვნული გმირის ნეშტი მთაწმინდამ მიიბარა. მთელმა საქართველომ დაიტირა ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომლის სახელიც ტაბუდადებული იყო ავადსახსენებელი კომუნისტური რეჟიმის დროს.
გვსურს წინამდებარე ნაშრომი დავასრულოთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრის, ბოლშევიკების მიერ 1925 წლის იანვარში მხეცურად მოკლული ფშაველი პოეტის მიხა ხელაშვილის (1900-1925) ლექსით [26]:
ჯერ ისევ არის ზაფხული, არ დათოვლილან მთანია, ფშავ-ხევსურეთის კლდეებსა შავნივა ჰქონდა ფხანია, შიგ ვცხოვრობთ ფშავნი-ხევსურნი, სალი კლდის შვილნი – ძმანია, უნდა მივიღოთ ამბავი დროების მონატანია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოქროლავს როგორც ქარია, თან ახლავს ქართლის შვილები – თითო ლომისა დარია.
ბინას დასდებენ ფშავშია, სადაც მაღაროს კარია, ქალაქით მოჰყვა ლაშქარი, რომელიც მუხლით მალია, პურის ჭამაზე ნასხდომებს დაგვხვიეს თოფის ალია, ჰაი გიდი, ჩოლოყაშვილო, გულად გდებია ტალია, პატარა რაზმის უფროსო, ხარ მარდი კამანდარია, მკვდარი მიჰყარე მკვდარზედა, რო თივის საბანდარია, ფშავლებს გადაეც ნადავლი იმათგან ანაყარია, სიკვდილზე ნუ დაფიქრდები, ყველა იქ მიმავალია, იქ დაგხვდებიან ქართველნი, ვინც სამშობლოსთვის მკვდარია.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. შ. ამირეჯიბი. “ქაიხოსრო – ქაქუცა ჩოლოყაშვილი”.- ჟ. “სამშობლო”, # 8, პარიზი, 1930.
2. ნ. ავალიშვილის მოგონებები (ხელნაწერი), 1989, ინახება სტატიის ავტორის არქივში.
3. კ. ჩოლოყაშვილი. “ჩოლოყაშვილები”.- ინტერნეტის ქართული ელექტრონული ჟურნალი “ბახტრიონი” (ფინეთი), ჰტტპ:// წწწ.მამული.ნეტ .
4. რ. დიუგე. “მოსკოვი და წამებული საქართველო”, ფრანგულიდან თარგმნეს მზია და აკაკი ბაქრაძეებმა, გამომცემლობა “ჯი-სიაი”, თბილისი, 1994.
5. Kაკუტსა ჩჰოლოკასჰვილი.- Iნტერნეტ Eნცყცლოპედია “ჭიკიპედია”, ჰტტპ:// ენ.წიკიპედია.ორგ .
6. პ. ნაცვლიშვილი. “საქართველოს მიწა”, თბილისი, 1994.
7. კ. სალია. “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი პირველი მსოფლიო ომის დროს”.- ჟ. “ბედი ქართლისა”, # 39-40, პარიზი, 1962.
8. ჟ. “სამშობლო”, # 21-22, პარიზი, 1937.
9. გ. მაზნიაშვილი. “მოგონებანი”, ბათუმი, 1990.
10. ალ. სულხანიშვილი. “ჩემი მოგონებანი”, სან-ფრანცისკო, 1981.
11. ვ. თევზაძე. “განვლილი გზა”.- ჟ. “ივერია”, # 32, პარიზი, 1988.
12. G. Gერსამია. “Vასილ ღოინასჰვილი (1879-1958)”.- ჰტტპ:// წწწ.პჰოტომუსეუმ.ორგ.გე .
13. ვ. ჩუბინიძე. “მოგონება”, წიგნი მეორე, პარიზი, 1953.
14. “საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა)”, გამოსაცემად მოამზადა ო. კალანდარიშვილმა, თბილისი, 1994.
15. სოლ. ზალდასტანიშვილი. “საქართველოს 1924 წლის ამბოხება”, მიუნხენი, 1956.
16. გ. შარაძე. “ქაქუცა ჩოლოყაშვილი”.- კრებულში “ქაქუცა ჩოლოყაშვილი”, გამომცემლობა “მერანი”, თბილისი, 1989.
17. ე. მაყაშვილი. “შეფიცული”.- ჟ. “კავკასიონი”, XV, პარიზი, 1971.
18. ალ. ხ-ლი. “იუნკერის მოგონებები”.- ქართველ იუნკერთა კავშირის ჟურნალი “მხედარი”, # 2, პარიზი, 1929.
19. კ. ინასარიძე. “აგვისტოს აჯანყება”.- ჟ. “კავკასიონი”, XXI, პარიზი, 1986.
20. ერიხ ობსტი. “საქართველო – გეოპოლიტიკური ნარკვევი”.- ჟ. “კავკასიონი”, X, პარიზი, 1964.
21. შ. ამირეჯიბი. “მოხსენება, წაკითხული ბერლინის კოლონიაში 30 აგვისტოს 1940 წ.- კრებულში: “შალვა ამირეჯიბი”, წიგნი მეორე, გამომცემლობა “დიოგენე”, თბილისი, 1998.
22. ალ. კარგარეთელი. “ქაქუცა ჩოლოყაშვილი”, პარიზი, 1981.
23. თ. პაპავა. “გაბნეული საფლავები”, პარიზი, 1970.
24. ჟ. “სამშობლო”, # 8, პარიზი, 1930.
25. “ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალების გამო”.- ჟ. “დამოუკიდებელი საქართველო”, # 56, პარიზი, 1930.
26. მიხა ხელაშვილი. “ქაქუცა ჩოლოყაშვილს”.- კრებულში: “ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა”, გამოსცა ედიშერ გიორგაძემ, თბილისი, 1989.
27. ე. მაყაშვილი. “სისხლიანი ფურცლები”.- ჟ. “კავკასიონი”, X, პარიზი, 1964.
28. “ქაქუცა ჩოლოყაშვილის უკანასკნელი და მნიშვნელოვანი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე”.- გაზ. “კოოპერატორის მაცნე”, # 37, თბილისი, 1990.

http://burusi.wordpress.com/2009/05/13/kakutsa-cholokashvili-2/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s