“თეთრი გიორგი”-ს რაინდი (სვიმონ ციციშვილი)

ლევან ზ. ურუშაძე

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო სვიმონ ციციშვილი (1886-1951).
იგი დაიბადა 1886 წელს, ქარელში, ეროვნული სულისკვეთებით ცნობილი თავადის არჩილ ციციშვილის ოჯახში. აღსანიშნავია, რომ სვიმონი ბაგრატიონ-გრუზინსკების საგვარეულოს ჩამომავალი იყო. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ მან უმაღლესი საინჟინრო განათლება მიიღო მენავთობე ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით.
სვიმონი ადრიდანვე ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, – 1906 წელს იგი გახდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი და მისი თვალსაჩინო მოღვაწე იყო 1920-იანი წლების შუა ხანებამდე.
1920 წლის დამლევს სვიმონ ციციშვილი წამყვანი ნავთობმომპოვებელი კომპანიის მიერ მიწვეულ იქნა საფრანგეთში. 1921 წლის თებერვალ-მარტში, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, იგი იძულებული გახდა საფრანგეთში დარჩენილიყო.
1924 წლის დამლევს პარიზში შეიქმნა ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”, რომელმაც არსებობის სამი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის
ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში. მცირე ხნის შემდეგ (1925-1926 წწ.) “თეთრი გიორგი”-ს მთავარი იდეოლოგები და ლიდერები გახდნენ გამოჩენილი მოღვაწეები გენერალი ლეო კერესელიძე და პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. 1928 წელს ორგანიზაციის წევრად მიიწვიეს სვიმონ ციციშვილიც. ამის შემდეგ, თითქმის ოცი წლის მანძილზე, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო “თეთრი გიორგი”-ს დარაზმულობასთან, რომლის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს დახსნა საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ქართულ ემიგრაციას და თეთრგიორგელებს იმის იმედი ჩაუსახა, რომ მესამე რაიხის გამოყენებით შესაძლებელი საქართველოს გათავისუფლება. ომის დაწყებისთანავე სვიმონ ციციშვილი ბერლინში ჩავიდა. 1942 წელს იგი აქტიურად მონაწილეობდა “ქართული ეროვნული კომიტეტი”-ს შექმნაში, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფ. მიხაკო წერეთელი.
ომის შემდეგ, 1947 წელს, საბჭოთა რეჟიმმა მოახერხა ზოგიერთი ემიგრანტის საქართველოში შემოტყუება. ეს ნაბიჯი საბედისწერო აღმოჩნდა მათი უმრავლესობისათვის… დაბრუნებულთა შორის იყვნენ სვიმონ ციციშვილი, მისი ქალიშვილი ელენე, სიძე ირაკლი ლორთქიფანიძე და შვილიშვილები.
1951 წლის 4 დეკემბერს საბჭოთა “სუკ”-მა დააპატიმრა სვიმონ ციციშვილი, მისი ქალიშვილი და სიძე. სამივეს წაუყენეს ბრალდება “სამშობლოს ღალატისა”. განაჩენი შემზარავი იყო: სვიმონ ციციშვილს მიესაჯა დახვრეტა, ირაკლი ლორთქიფანიძეს 25 წლით, ხოლო ელენე ციციშვილს – 10 წლით გადასახლება.
ამჟამად სვიმონ ციციშვილის საქმე (საარქ. საქ. #7236-53) დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ყოფ. “სუკ”-ის ფონდში (იხ.: საიტი http://archive.security.gov.ge/svimon_cicishvili.html).
“თეთრი გიორგი”-ს მესვეურთა უდიდესი ნაწილისთვის საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საუკეთესო ფორმას წარმოადგენდა კონსტიტუციური მონარქია. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესო და ორიგინალურია სვიმონ ციციშვილის მიერ 1941-1942 წლებში პარიზსა და ბერლინში შედგენილი ნაშრომი “საქართველოს ნაციონალურ-სოციალისტური სამეფოს გარიგება”, რომლის დედანი დაცულია საქართველოს შსს სამინისტროს საარქივო სამმართველოს ყოფილი “სუკ”-ის საარქივო ფონდში. სანამ კონკრეტულად ამ ნაშრომს შევეხებოდეთ, ხაზგასმით უნდა მივუთითოთ, რომ გარეგნულად, ერთი შეხედვით ნაცისტური იდეოლოგიის გავლენით შექმნილი ნაშრომი, რეალურად წარმოადგენს ღრმად ეროვნულ და თვითმყოფად მოდელს კონსტიტუციური მონარქიისა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მაშინაც კი, როდესაც დარაზმულობა იწოდებოდა “საქართველოს ფაშისტურ დარაზმულობად” (1937-1945წწ.), “თეთრი გიორგი” არ ემსახურებოდა ნაცისტურ იდეოლოგიას და მის ერთადერთ მიზანს რუსეთის იმპერიის მარწუხებიდან საქართველოს გამოხსნა წარმოადგენდა. “ეროვნული კომიტეტი”-ს და დარაზმულობა “თეთრი გიორგი”-ს მიზანი გახლდათ მესამე რაიხის გამოყენება ამ სანუკვარი მისიის აღსასრულებლად. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მიხაკო წერეთელი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო “თეთრი გიორგი”-ს წესდებისა და პროგრამის ემიგრაციაში რეგისტრაცია – დამტკიცებისა. იგი თვლიდა, რომ ამგვარი დოკუმენტები უნდა იყოს დარეგისტრირებული მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში, ადგილობრივი სპეციფიკის, პირობების და ინტერესების ზედმიწევნით გათვალისწინებით (იხ.: საქ. შსს საარქ. სამმართველო, ფ. 6, საქმე #7872-59, ფურც. 44-46, 113-114).

სვიმონ ციციშვილის ხსენებული ნაშრომი განთავსებულია დიდი ფორმატის ორ ფურცელზე. იგი შედგება ორი ნაწილისაგან: სქემისა და ტექსტისაგან.
“გარიგების” სქემის მიხედვით, სახელმწიფოს სათავეში დგას საქართველოს მეფე, რომელიც არის “ერ-უფლებიანი”. მისი მოადგილეა “მაგიერი” (“მეფის მაძიებელი, უფლებების და მემკვიდრეობის გამრიგებელი, მრჩეველი და რწმუნებული”). პარლამენტის ფუნქციას ასრულებს “ერის დარბაზი”, რომელსაც განაგებს “მეთაური”. “ერის დარბაზი” ირჩევს “ბელადს” – “ქართული ეროვნული პოლიტიკის ხელმძღვანელს” (იგივე პრემიერ-მინისტრს), რომელიც აკომპლექტებს მთავრობას. მთავრობაში კონკრეტულ მიმართულებებს განაგებენ “მთავრები” (ე.ი. მინისტრები). მთავრობა ორ ბლოკად იყოფა: 1. საგარეო საქმეები და 2. საშინაო საქმეები.
ავტორი საგანგებოდ განიხილავს დინასტიურ საკითხს, რომელიც იმდენად ორიგინალურია, რომ, ვფიქრობ, მას არ მოეპოვება ანალოგი. მრავლისმეტყველია ის გარემოება, რომ ხსენებული საკითხის განხილვისას ავტორი ზნეობრივ პრინციპებს ანიჭებს პრიორიტეტს. კერძოდ, იგი აღნიშნავს:
“ქართული ისტორიისა და ჩვეულების მიხედვით საქართველოს ტახტის მემკვიდრეობა ეკუთვნოდა მეფე-ბაგრატიონთა მოდგმას. ეხლაც ეს წესი უნდა ვიქონიოთ ვარაუდში და ბაგრატიონ-მეფის ჩამომავლობაში ვეძიოთ და შევარჩიოთ ღირსეული პიროვნება: ზნეობით, ქართველობით, მშვენებით, გონიერებით, გამჭრიახობით და მოდგმით. მაგრამ, თუ ასეთი სათაყვანებელი პიროვნება ვერ აღმოჩნდა, ცხადია, ქართველი ერის ინტერესებს ვერ შევწირავთ “გვარიშვილობას”: ბაგრატიონობა უფლებას არ ნიშნავს და არც მემკვიდრეობას”. ავტორი მიუთითებს, რომ თუ ბაგრატიონთა საგვარეულოს წიაღში არ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც ზედმიწევნით დააკმაყოფილებს უკლებლივ ყველა კრიტერიუმს, ტახტის ღირსეული პრეტენდენტი უნდა გამოიძებნოს სხვა წარჩინებული საგვარეულოდან.
აღსანიშნავია, რომ სწორედ სვიმონ ციციშვილია საქართველოს იმ უნიკალური რუკის ავტორი, რომელიც დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. რუკის შესახებ ავტორი აღნიშნავდა: “ჩემი მიზანია შევადგინოთ ქართველი ერის ისტორიოგრაფიული ატლასი. ამ ძნელი დიდმნიშვნელოვანი საქმის გასაადვილებლად მე წინასწარ შევადგინე ჯერ ერთი მთლიანი ძველი საქართველოს ანუ გეორგიის რუქა თანახმად ქართველი და უცხოელი მეცნიერების, ისტორიკოსების და გეოგრაფების საბუთებისა. ამ რუქაზე მე აღვადგინე მთავარი ქალაქები და დაბასოფლები, სამეფოების, სამთავროების და სადროშოების საზღვები. ეს უკანასკნელნი იცვლებოდნენ ძლიერი მტრების შემოსევების დროს. ამის გამო ძველი საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის საზღვრების წარმოდგენა ბევრს უძნელდება. აქვე ზემოთ მოვათავსე საქართველოს ტერიტორიოლოგია, რაც შემდეგში უკეთ და ადვილად შეისწავლება” (იხ.: ჟ. “სამშობლო”, #19-20, პარიზი, 1937, გვ. 64).
1942 წელს სვიმონ ციციშვილი დასახელებულ იქნა საქართველოს ტახტის პრეტენდენტად. აქაც იჩინა თავი მისმა პრინციპულობამ და ზნემაღლობამ. მეტად საინტერესოა 1942 წლის 25 მაისით დათარიღებული დოკუმენტი, რომელსაც ამშვენებს მისი ხელით შესრულებული საგანგებო მოწოდება, რომელმაც გადაწყვიტა ტახტის პრეტენდენტის საკითხი. ეს გახლავთ დოკუმენტი “პოლიტიკური გამჭრიახობისა და თადარიგისათვის”. ამჟამად იგი ინახება თბილისის ლიტერატურის მუზეუმის შალვა ამირეჯიბის პირად ფონდში. დოკუმენტი წარმოადგენს ბაგრატიონთა გენეალოგიურ ცხრილს, რომელსაც ერთვის სვიმონ ციციშვილის ხსენებული კომენტარი:
“_ ამჟამად მთავარი მიზანია ქართველი ერის გადარჩენა განადგურებისაგან; ამისათვის საჭიროა ყველა ქართული ძალების გაერთიანება, შეკუმშვა და ერთ პიროვნებაში გამოსახვა. მოგიწოდებთ ჩემს მეგობრებს, მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს, ყოველი კუთხის ქართველს – მხარი დაუჭირეთ და მორჩილება გამოუცხადეთ თ-დ ირაკლი ბაგრატიონს, ბატონიშვილს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქართველი ერის და მისი წარმომადგენლობის წინაშე. მოგიწოდებთ, დაცული იყოს სრული მორჩილება, ერთგულება და თავდადება. – “საქართველო უწინარეს ყოვლისა”.
ამდენად, სვიმონ ციციშვილის სახით საქმე გვაქვს დიდებულ მამულიშვილთან, რომლის მთელი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს ნათელი მომავლისა და თავისუფლებისათვის ზრუნვით იყო გასხივოსნებული.

(გამოქვეყნდა გაზეთში “ქართული უნივერსიტეტი”, # 45, 2009) 5

http://burusi.wordpress.com/2010/04/30/levan-z-urushadze-5/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s