პატრიარქ ამბროსის მიმართვიდან გენუის კონფერენციისადმი (1922 წ)

“… 1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი.

მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!

ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.

ამიტომ ვითხოვ:
1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.
2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა…”

გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს 1924 წლის მარტში გამართული 

სასამართლო სხდომის ოქმიდან:

“მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

კათალიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?

კათალიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?

კათალიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

მოსამართლე ერქომაიშვილი – როდის იყო საქართველო თავისუფალი?

კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს

კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას. თუ ასეთი გზით დამტკიცება და სასამართლოს შეხედულებით საჭირო არ არის – მაშინ გავჩუმდები.

სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?

კათალიკოსი ამბროსი – მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.

პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?

კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?

კათალიკოსი ამბროსი – ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?

კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც

პროკურორი მაჭავარიანი – რელიგიურია, თუ როგორი თქვენ მიერ გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი?

კათალიკოსი ამბროსი – რელიგიური. და თუ პოლიტიკური მიმართულება მიიღო, ეს გამოწვეულია არსებული მდგომარეობით.

პროკურორი მაჭავარიანი – ტერიტორიის საკითხის შესახებ პოლიტიკურია თუ რელიგიური?

კათალიკოსი ამბროსი – პოლიტიკურიც და რელიგიურიც, რადგან ტერიტორიის დაკარგვა დაკარგვაა ეკლესიისათვის.”

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s