რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობისა და მისი შედეგების მოკლე ისტორიული მიმოხილვა (1491-1783 წლები)

მიხეილ მჭედლიშვილი

მას შემდეგ, რაც საქართველოს დასავლეთიდან კულტურული ბიზანტიის ნაცვლად ველური თურქეთის სახელმწიფო გაუმეზობლდა, საქართველო უდიდესი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ თურქეთი, და მეორეს მხრივ ირანი სიკვდილის აჩრდილებივით აღიმართნენ საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო კი ორი მხრით მოზღვავებულ მტერს დაშლილი და გათიშული დახვდა.
მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა ერთის მხრივ გაერთიანებული საქართველოს დაშლა რამდენიმე სამეფო-სამთავროდ, ხოლო მეორეს მხრივ თურქეთის, ირანისა და რუსეთის ჩამოყალიბება მძლავრ ცენტრალიზებულ სახელმწიფოებად.
1480 წელს რუსეთმა გაინთავისუფლა რა თავი მონღოლთა ბატონობისაგან, იგი თვით გადაიქცა უდიდეს აგრესორად. რუსეთის სახელმწიფომ მიზნად დაისახა მსოფლიო იმპერიის დაარსება მოსკოვის მეთაურობით. რუსთა მსოფლიო იმპერიის შექმნის იდეა პირველად ბერმა ფილიფეიმ წამოაყენა. იგი ვასილ III-ისადმი გაგზავნილ წერილში წერდა: „მოსკოვი, დიდი მსოფლიო ქალაქების – ძველი რომისა და მეორე რომის – კონსტანტინოპოლის მემკვიდრეა, – მოსკოვი მესამე რომია, მეოთხე რომი კი არ იქნება“.
თათართა დამარცხებამ და ქრისტესმოყვარე რუსეთის გაძლიერებამ დიდი სიხარული გამოიწვია საქართველოში. მას შემდეგ, რაც ჩაიშალა რომის პაპის ცდა თურქეთის წინააღმდეგ კოალიციის მოწყობისა, საქართველოს მეფე-მთავრებმა თვალი რუსეთს მიაპყრეს. ისინი რუსეთისაგან, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანებისაგან, უანგარო დახმარებას მოელოდნენ.
ყველაზე ადრე რუსეთთან ურთიერთობა კახეთის სამეფომ დაამყარა, რამდენადაც იგი უფრო ახლო იყო იმ გზებთან, რომლითაც მაშინ საქართველო ჩრდილოეთს უკავშირდებოდა. 1491 წელს კახეთის მეფე ალექსანდრემ ელჩები გააგზავნა მოსკოვის დიდ მთავარ ივანე III-სთან მოსალაპარაკებლად. ეს იყო რუსეთ-საქართველოს პირველი დიპლომატიური ურთიერთობა… ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც კახეთის, ასევე საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროების დაახლოება რუსეთთან. რუსეთი კი თანდათანობით ძლიერდებოდა დაპყრობილ ხალხთა ხარჯზე და ნელა, მაგრამ მტკიცედ მოიწევდა სამხრეთისაკენ.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთაგან პირველი ყველაზე დიდი დამპყრობელი ივანე მრისხანე იყო. იგი აგრესიულ ომებს ეწეოდა ერთის მხრივ ბალტიისპირეთის, ხოლო მეორეს მხრივ ვოლგისპირეთისა და დასავლეთ ციმბირის ხელში ჩასაგდებად. როცა მან ყაზანისა და ასტრახანის სახანოები დაიმორჩილა და ამრიგად ვოლგა-ასტრახანის გზაზე გაბატონდა, ამის შემდეგ იგი კავკასიას მოადგა.
რუსეთის მეფემ, კავკასიის ხელში ადვილად ჩაგდების მიზნით, გადაწყვიტა გამოეყენებინა იქ მცხოვრები ქრისტიანები. ამ მიზნით, იგი კახეთის მეფე ლევანს დაუკავშირდა და „მფარველობა“ შესთავაზა. ლევანმა სიამოვნებით მიიღო იგი. ივანე მრისხანემ 1564 წელს მდ. თერგისა და სუნჯის შესართავთან ციხე-სიმაგრე ააგო და შიგ ჯარი ჩააყენა. მე-16 საუკუნისათვის რუსეთმა უკვე თავის ბატონობას დაუმორჩილა ყაზანელი და ასტრახანელი თათრები, – აგრეთვე ბაშკირები, ჩუვაშები, მორდოველები, მარელები, უდმურტები და დასავლეთ ციმბირის ხალხები.
ირანი და თურქეთი შიშით ადევნებდნენ თვალს რუსეთის გაძლიერებას და მის აგრესიულ სვლას სამხრეთისაკენ. ცხადია, ისინი კარგად ხედავდნენ იმ დიპლომატიურ ძაფებსაც, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის იბმებოდა.
1501 წელს ირანის შაჰი ისმაილი პირობით შეეკრა თურქეთის სულთანს, რომ საშიშროების თავიდან ასაცილებლად გაეწყვიტათ მთელი საქართველო. „შაჰ ისმაილი აფრთხილებდა სელიმს, რომ საქრისტიანო საქართველოსაგან ცუდი ბოლო მოელის სამაჰმადიანო ოსმალეთსაც და სპარსეთსაცო“ (ს. ფურცელაძე, გ. სააკაძე და მისი დრო, გვ. 53).
კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებით შეშფოთებულმა თურქეთმა გადამწყვეტ ღონისძიებას მიმართა. მან ომის მუქარით აიძულა რუსეთი გაეყვანა ჯარები თერგის ციხიდან. ამრიგად, საქართველო სამი მხრიდან, სამი ძლიერი აგრესორის პირისპირ აღმოჩნდა. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ საქართველოს მაშინდელი და შემდეგდროინდელი მესვეურებიც, მათგან მხოლოდ ორს ხედავდნენ. მესამე კი, ყველაზე ულმობელი აგრესორი ძმად და მფარველად ეჩვენებოდათ. მათ სრულიადაც ვერ წარმოედგინათ, რომ სწორედ მესამე, მოყვრის ნიღბით მოვლენილი მტერი მოინელებდა საქართველოს. სამეფო-სამთავროთა შორის ატეხილი ბრძოლით და გარეშე მტერთა შემოსევის შედეგად დაუძლურებული საქართველო ხსნას რუსეთთან კავშირში ხედავდა. რუსეთს კი, როგორც ვთქვით, დასახული ჰქონდა მიზნად კავკასიის ხელში ჩაგდება. იგი თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას ადგილობრივი ელემენტების გამოყენებით ცდილობდა. ამ შემთხვევაში მისთვის საუკეთესო დასაყრდენს საქართველო წარმოადგენდა.
რუსეთის ცბიერი პოლიტიკა თავიდანვე აგებული იყო ქართველთა გულუბრყვილობაზე, მათს მხურვალე სარწმუნოებრივ გრძნობაზე.
რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა იცოდნენ რა საქართველოს გაჭირვებული მდგომარეობა, ისე წარმოუდგინეს ქართველებს საქმის ვითარება, რომ თითქოს რუსეთის ერთადერთი მიზანი ქრისტიანი ქართველების შველა ყოფილიყოს. ამ მოჩვენებითი თანაგრძნობით, 1585 წელს რუსეთის მთავრობამ კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს „მფარველობა“ შესთავაზა.
ცხადია, ალექსანდრემ სიამოვნებით მიიღო „ღვთით მოვლენილი მფარველის“ წინდადება. 1587 წელს მეფე ალექსანდრემ რუსეთის ხელმწიფის ერთგულების ფიცი მიიღო. 1589 წელს კი რუსეთის მეფემ ალექსანდრეს წყალობის სიგელი გამოუგზავნა. კახეთის მაგალითით რუსეთს დაუკავშირდა აგრეთვე ქართლის მეფე გიორგი X. „რუსეთთან დაახლოების გამო კახეთის მეფე განსაკუთრებულ რთულ მდგომარეობაში მოექცა: ერთი მხრით, მას მოსკოვთან კავშირისა და ოსმალეთის „ორგულობისათვის“ სულტანი ემუქრებოდა. მეორე მხრით, ირანის შაჰიც „მოღალატედ“ სთვლიდა ალექსანდრე მეფეს. ამავე დროს ხელშესახები რამ სანუგეშო კახეთისათვის მოსკოვის მეფესთან კავშირს არ მოჰყოლია“ (საქ. ისტ. 1948 წ., გვ. 326).
სწორედ ამ ხანებში ირანში შაჰის ტახტი დაიკავა აბას მირზამ (შაჰაბასმა), კიროსის შემდეგ ირანის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა სახელმწიფო მოღვაწემ. ამ კაცის სახელი განუყრელადაა დაკავშირებული ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის ისტორიასთან, ვინაიდან რუსული ორიენტაციით გამოწვეული პირველი და ყველაზე ტრაგიკული შედეგი სწორედ შაჰ-აბასის შემოსევა იყო.
ტახტზე ასვლისთანავე შაჰ-აბასმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია რუსეთ-საქართველოს შორის გაჩაღებულ დიპლომატიურ ურთიერთობას. მან სწორად შეაფასა სპარსეთისათვის მოსალოდნელი საფრთხე, თუ რუსეთი კავკასიაში დამკვიდრდებოდა. ამიტომ შაჰ-აბასმა პირველ ხანებში საფრთხის თავიდან ასაცილებლად სცადა მოესპო ის პირები, რომელთა მეშვეობითაც საქართველო რუსეთს უკავშირდებოდა. საკუთარი შვილის ხელით მან 1605 წელს სიცოცხლეს გამოასალმა რუსული ორიენტაციის მომხრე, კახთა მეფე ალექსანდრე II. ნელმოქმედი საწამლავით მოუღო ბოლო აგრეთვე რუსეთის მოტრფიალე ქართლის მეფე გიორგი X-ს. მაგრამ აღნიშნულმა ღონისძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. ალექსანდრეს შემდეგ ტახტს იკავებს მისი შვილიშვილი თეიმურაზ I, ხოლო ქართლში გამეფდება ლუარსაბ II, რომლებიც კვლავ რუსულ ორიენტაციას მიჰყვებიან.
შაჰ-აბასმა კიდევ ერთი ღონისძიება იხმარა რუსეთისაგან საქართველოს ჩამოსაშორებლად. მან ქართლ-კახეთის მეფეებთან ნათესაური კავშირის დამყარებით სცადა მდგომარეობის გამოსწორება. ამ მიზნით, ის ცოლად ირთავს ჯერ ლუარსაბ მეფის დას ლელას, შემდეგ კი – თეიმურაზ I-ის დას. ხოლო თვით თეიმურაზს აიძულებს ცოლად შეირთოს ლუარსაბის და ხორეშანი. მაგრამ ვერც ამ ღონისძიებით აღწევს შედეგს. მაშინ შაჰ-აბასი გადაწყვეტს მუხანათური გზით მოუღოს ბოლო რუსთმოყვარე მეფეებს. ამ მიზნით იგი წერილს სწერს ყაზახის ხანს, რომ მოკლას ქართლის მეფე ლუარსაბი, იმავდროულად, მსგავსი შინაარსის წერილს უგზავნის ლუარსაბსაც. მაგრამ ლუარსაბი დაასწრებს ყაზახის ხანს და მოჰკლავს მას.
რაკი ლუარსაბი გადარჩა, შაჰ-აბასი ახლა საიდუმლო წერილს უგზავნის თეიმურაზს და ატყობინებს, რომ ლუარსაბს გადაწყვეტილი აქვს შენი სიკვდილი და ამ გზით შენი სამეფოს დაჭერაო, – ამიტომო, სწერს იგი თეიმურაზს, დაასწარი და შენ მოჰკალი ლუარსაბი და მის სამეფოს შენ მოგცემო. ასეთივე შინაარსის წერილი მან ლუარსაბსაც გაუგზავნა. შაჰაბასი მასაც აფრთხილებს, რომ თეიმურაზს შენი სიკვდილი უნდა და ურჩევს, რომ შენ დაასწარი მას, მოკალ იგი და კახეთს შენ მოგცემო. მაგრამ ისინი არ წამოეგნენ შაჰ-აბასის დაგებულ ანკესს. კარისკაცთა რჩევით მათ წერილების შინაარსი ურთიერთს გააცნეს, რითაც გამომჟღავნდა შაჰაბასის მზაკვრობა.
შაჰ-აბასის ამ განზრახვის ჩაშლის შემდეგ ყველა გზა უკვე ამოწურული იყო რუსეთისაგან საქართველოს ჩამოცილებისა. პირიქით, რაც დრო გადის, ქართლ-კახეთის მეფეები (განსაკუთრებით თეიმურაზ I) კიდევ უფრო მეტად უახლოვდებიან რუსეთს. „ამის უკან, რის მომლოდინე უნდა ყოფილიყო ყოველი გონივრული ხელმწიფე სპარსეთისა საქართველოსაგან?! რა ღონისძიებაღა დარჩენილიყო, რომ სპარსეთი ასცდენოდა იმ საშინელს მომავალს, რომელიც მოელოდა ამგვარი მძლავრი სახელმწიფოს დამეზობლებით? ერთადერთი ღონე იყო… ან მოსპობა ქართველთ სახელისა, ან გაწირვა სპარსთა საბოლოვოსი. რაღა თქმა უნდა, როდესაც სხვა მეცადინეობა არ გაუვიდა, აბასმა არჩია, თავის სახელმწიფოს დაღუპვას, ბოლოს მოღება საქართველოსი. ამას არა ჰხედავდნენ დღევანდლამდისაც ჩვენი მემატიანე და მწერალნი, რომელთაც ყველა უბედურებაში ხელი ჩამოაწმინდეს სააკაძეს“ (ს. ფურცელაძე, სააკაძე და მისი დრო, გვ. 56-57).
უნდა ითქვას, რომ „იმ გზას, რომელსაც დაადგნენ მეფენი კახთა მეფის ალექსანდრე მეორიდან დაწყობილი, ვიდრემ თეიმურაზისა და ლუარსაბამდის, სააკაძე არა ჰხედავდა საქართველოსათვის საკეთილოდ“ (იქვე, გვ. 92). ჩვენ აღარ შევუდგებით იმ უბედურებათა აღწერას, რაც კახეთს დააწია შაჰ-აბასმა რუსეთთან დაკავშირების გულისათვის. ეს თითქმის ყველასათვის ცნობილია.
რაც შეეხება რუსეთის „დახმარებას“ საქართველოს მიმართ, იმაში გამოიხატა, რომ მოციქულები გააგზავნეს ირანში შაჰ-აბასთან თხოვნით – ლუარსაბ მეფის, თეიმურაზის დედისა და შვილების ტყვეობიდან გასანთავისუფლებლად. შაჰ-აბასი ისედაც შეშფოთებული იყო საქართველოში რუსეთის დამკვიდრების საშიშროებით, და, ახლა რუსთა მოციქულების აშკარა გამოსვლამ ქართველთა „მფარველის“ როლში, მთლად გააცოფა იგი: „ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მიზეზი შაჰ-აბასის მიერ ლუარსაბისა და ქეთევანის მოკვლისა“ (იქვე, გვ. 66).
განა ცხადი არ არის, რომ, თუ მაშინ საქართველო არ დაუკავშირდებოდა რუსეთს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მიზნები ამოძრავებდა, აუცილებლად ასცდებოდა იგი შაჰ-აბასის გამანადგურებელ შემოსევებს? ამ პირობებში საჭირო იყო არა უაზრო ხელის პოტინი რუსეთისაკენ, არამედ როგორც თურქეთთან, ისე ირანთან ფრთხილი პოლიტიკის წარმოება, – თუნდაც დარჩენა გარკვეულ მომენტამდე იმ ვასალურ მდგომარეობაში, რომელშიც მაშინ საქართველო იმყოფებოდა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში უნდა აღინიშნოს ერთი მეტად საყურადღებო მომენტი. ქართველი მეფეები უმეტეს შემთხვევაში ისე სთხოვდნენ საჯაროდ დახმარებას რუსეთს და შედიოდნენ მის ეგრეთწოდებულ „მფარველობაში“, რითაც უაღერსად აღიზიანებდნენ ირან-ოსმალეთს და ამხედრებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, რომ სრულებითაც არ სწავლობდნენ თვით რუსეთის შესაძლებლობასა და მისწრაფებას ქართველთა დასახმარებლად. მაგალითად, თეიმურაზ I რუსეთს დაუკავშირდა ირანის წინააღმდეგ და დახმარებას სთხოვდა, როცა თვით რუსეთი წელში იყო გაწყვეტილი პოლონელი ინტერვენტებისა და მათ წარმომადგენელ ცრუ დიმიტრებთან ბრძოლაში. რა დახმარება შეეძლო ასეთ პირობებში რუსეთს, დიდი სურვილიც რომ ჰქონოდა ამისთვის? აი, რას სწერს ამის შესახებ ჩვენი სახელგანთქმული ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი: „როგორც გამოირკვა, საქართველოს რუსეთის სამეფოსა და რუსი ხელმწიფის შესახებ მაშინ ნამდვილი წარმოდგენა არ ჰქონია. ამ ქვეყნისა და მისი მბრძანებლის შესახებ საქართველოს მეფე-მთავრებისათვის ცნობის მიმწოდებლები თავიდან შემთხვევითი პირები იყვნენ, რომელთაც სხვათაგან გაგონილის მოთხრობა შეეძლოდ მხოლოდ. ამ ზეპირი, ზერელე ნაამბობით საქართველოს პოლიტიკის ხელმძღვანელებმა მაშინდელი რუსეთი საქართველოსთან ტერიტორიულად უკვე მოახლოვებულ ქვეყნად და მისი ხელმწიფე უძლეველ და უქრისტიანეს მეფედ წარმოიდგინეს, რომელსაც მარტო მაჰმადიანთა დამარცხება და აღმოსავლეთის დაჯაბნულ ქრისტიანების დახმარებით უღვივოდა გული“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტ. ტ. V, გვ. 55).
სხვათა შორის, იგივე მიზეზით უნდა აიხსნას ქართველი ერისათვის უაღრესად ჩირქის მომცხები ის ფაქტი, რომ საქართველოსა და მთელს მახლობელ აღმოსავლეთში ხატად ქცეულ ულამაზეს და უდარბაისლეს ქალს – მეფე თამარს ქმრად მოჰგვარეს ყივჩაღეთში შეხიზნული მაწანწალა, ყოვლად ზნედაცემული გიორგი რუსი.
რამდენადაც კავკასიაში რუსეთის დამკვიდრება საქართველოს თაოსნობით ხდებოდა, ამიტომ შაჰ-აბასმა თავდაპირველად გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერის სავსებით აღმოფხვრა და იქ სპარსელთა დასახლება. მაგრამ ქართველთა გმირულმა წინააღმდეგობამ შაჰ-აბასს ხელი ააღებინა ამ გეგმაზე. ირანი ბოლოს იმით დაკმაყოფილდა, რომ საქართველოს მეფედ გამაჰმადიანებული როსტომი დანიშნა.
თუ რა დამღუპველი იყო საქართველოსათვის რუსული ორიენტაცია და იმ პირობებში შედარებით სასარგებლო სპარსეთისადმი მოჩვენებითი ერთგულება, კარგად ჩანს ერთის მხრივ იმ საშინელი შედეგებით, რაც საქართველოს რუსეთთან დაკავშირებამ მოუტანა, ხოლო მეორეს მხრივ იმ ხელსაყრელი პირობებით, რაც საქართველოს შეექმნა სპარსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებით, როსტომის მეფობის ხანაში და მას შემდეგაც, ვიდრე ვახტანგ VI-მ კვლავ არ გადაიკიდა სპარსეთი და ოსმალეთი ისევ რუსეთთან დაკავშირების მეოხებით. შემცდარია, ვინც როსტომს ანტიპატრიოტად თვლის და უარყოფით შეფასებას აძლევს მისი მეფობის ხანას. როსტომი იყო საქართველოს დიდი მოჭირნახულე, კარგი ორგანიზატორი და ნიჭიერი პოლიტიკოსი. თანაც, საუკეთესოდ შერჩეული კანდიდატი საქართველოსა და სპარსეთს შორის იმ დაძაბული ურთიერთობის ხანაში. მდგომარეობა თეიმურაზ I-მა და ლუარსაბ II-მ გაამწვავეს თავიანთი უგუნური პოლიტიკით, რაც საქართველოს ზღვა სისხლის ფასად დაუჯდა. ხოლო როსტომმა ფრთხილი და წინდახედული პოლიტიკის წყალობით დააშოშმინა გამძვინვარებული ირანი და გრანდიოზული მუშაობა ჩაატარა დანგრეული საქართველოს აღსადგენად. როსტომის დროს შეწყდა სპარს-ოსმალთა თარეში. მშვიდობიანობა და წესრიგი დამყარდა ქვეყანაში. დაიწყო დანგრეული ქალაქებისა და სოფლების ხელახლა გაშენება. ძველი ქალაქების აღდგენასთან ერთად როსტომის თაოსნობით აშენდა ახალი ქალაქიც (დღევანდელი წითელქალაქი). დიდი ყურადღება ექცეოდა სავაჭრო გზების დაცვასა და მოვლას, გაშენდა ქარვასლები, ხიდები, ციხე-გალავნები და სხვ. როსტომის დროს აშენდა მდ. ხრამზე „გატეხილი ხიდი“.
საქალაქო ცხოვრებასთან ერთად კვლავ აღორძინდა სოფლის მეურნეობაც. აღდგენილ იქნა არა მარტო ძველი სარწყავი სისტემა, არამედ ბევრი ახალი არხიც გაიყვანეს, მათ შორის ძევერისა, ტყიურეთისა, კარალეთისა, გარეჯვრისა და თორტიზისა.
ქვეყნის აღმშენებლობასთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა წარმოებდა კულტურის სფეროშიც. როსტომის სახელოვანი მეუღლის მარიამ დედოფლის ბრძანებით გადაიწერა „ქართლის ცხოვრება“. ფარსადან გორგიჯანიძემ შეადგინა „საქართველოს ისტორია“. მე-17 საუკუნეში შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებული ხელნაწერები. შემოქმედებითი მუშაობა ლიტერატურაში, ისტორიაში და სხვა დარგებში კიდევ უფრო გაიზარდა მომდევნო ხანაში, ვახტანგ VI-ის მეფობის დროს. განათლებისა და კულტურის მთელ საქმიანობას უშუალოდ მეფე ვახტანგ VI ხელმძღვანელობდა. ვახტანგის ინიციატივით და ანთიმ ივერიელის დახმარებით საქართველოში 1709 წელს მოეწყო პირველი ქართული სტამბა. მანვე შეადგინა ქართული სამართლის კრებული. ვახტანგ VI-ის დროს შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა კულტურის არაერთი გამოჩენილი მოღვაწე, მათ შორის სულხან-საბა ორბელიანი, ვახუშტი ბაგრატიონი და სხვები.
ერთი სიტყვით, ქართველი ხალხის ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა. საქართველოს ოდინდელი ძლიერების აღსადგენად საჭირო იყო მხოლოდ გარეშე ხელშემწყობი პირობები და თანდათანობით საქართველოს გაერთიანება. ეს კი ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ საქართველოს მესვეურები რამდენად წინდახედულ პოლიტიკას აწარმოებდნენ მეზობელ ქვეყნებთან. სწორი საგარეო პოლიტიკა ხომ ყველაზე აუცილებელი პირობაა სახელმწიფოს არსებობა-განვითარებისათვის, ვინაიდან ერთ არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯს შეუძლია რამდენიმე საათში დაანგრიოს ათასწლობით ნაგები ქვეყანა.
საუბედუროდ, ვახტანგ VI რამდენადაც ძლიერი იყო კულტურული მოღვაწეობის სფეროში, იმდენადვე იგი სუსტი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. „ვახტანგ VI იყო კულტურის გატაცებული მოტრფიალე, მწიგნობარი, მაგრამ არ იყო არც ჯარის სარდალი და არც ისეთი მმართველი, როგორიც სჭირდებოდა მაშინ დანგრეულ საქართველოს. მას არ ჰქონდა ფოლადის სული, არც მას და არც თეიმურაზ II-ს და ერეკლე II-ს“ (არტურ ლაისტი, საქართველოს გული, წიგნი II, გვ. 74). ვახტანგ VI-მ თავისი პოლიტიკური წინდაუხედაობით საშინელ განსაცდელში ჩააგდო საქართველო, ამ შემთხვევაშიც საქართველოს დაღუპვის მიზეზი „ერთმორწმუნე“ რუსეთი შეიქნა.
მას შემდეგ, რაც რუსეთის სამეფო ტახტზე ავიდა პეტრე I, რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ კიდევ უფრო აქტიური ხასიათი მიიღო. პეტრე I-მა დაიწყო ბრძოლა ჯერ თურქეთთან, ყირიმის ხელში ჩასაგდებად, ხოლო შემდეგ შვედებთან – ბალტიისპირეთის დასაპყრობად. შვედებთან ბრძოლა მან წარმატებით დაამთავრა. რუსეთმა ზღვაზე გასასვლელი მოიპოვა.
დაპყრობითი ომების გარდა, პეტრე I-მა დიდი ყურადღება მიაქცია რუსეთში ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებას. რუსეთის ვაჭრობის გაფართოების მიზნით მან გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო ჯერ სპარსეთის ბაზარი, ხოლო იქიდან ინდოეთში შეჭრილიყო. იმისათვის, რომ ეკონომიურად ხელში ჩაეჭირა სპარსეთი და იქ თავისი გავლენა განემტკიცებინა, საჭირო იყო ჯერ კავკასიაში დამკვიდრებულიყო. პეტრე Iმა გადაწყვიტა კავკასიაში მცხოვრები ქრისტიანები გამოეყენებინა როგორც დამხმარე ძალა თავისი გეგმის განსახორციელებლად.
ამ მიზნით 1720 წელს მან ვახტანგ VI-ს თავისი წარმომადგენლის პირით ირანის წინააღმდეგ გამოსვლა მოსთხოვა. პეტრე I-ის ელჩმა ისე თვალთმაქცურად წარმოუდგინა საქმე ვახტანგ VI-ს, რომ ვითომც პეტრე Iს გაეგოს, რომ ერთმორწმუნე ქართველებს მაჰმადიანები ავიწროებდნენ და ამის გამო გაბრაზებულს გადაეწყვიტოს ირანის წინააღმდეგ გალაშქრება. ვახტანგ VI-მ ეს თაღლითური ტრიუკი სინამდვილედ მიიჩნია. პეტრე I-ის შემოთავაზებული წინადადება ქართველებისადმი „უანგარო დახმარებისა“, როგორც თვით ელჩიც უმტკიცებდა, ვახტანგ მეფემ რუსთა მხურვალე სარწმუნოებრივ გრძნობებს მიაწერა. გულუბრყვილო ვახტანგ VI-მ, ალბათ, გონებით თვალით წარმოიდგინა კიდეც საქართველოს „დასახმარებლად“ ასტრახანის გზით მომავალი მართლმადიდებელი რუსეთის ჯარი: „ჯარს წინ მოუძღვის ღვთისმშობლის ხატით შუბლშეჭმუხვნილი პეტრე I. აღშფოთებულია!.. ალბათ, მაჰმადიანთა თავხედობით. თმა გასთეთრებია და შუბლი დაღარვია ერთმორწმუნე ქართველებზე ფიქრით. ჯარს აჩქარებს, სურს მალე მიეშველოს გაჭირვებულ ქართველებს…“
დარბზის წევრთა შორის ზოგიერთი უფრო წინდახედული აღმოჩნდა. ისინი ვახტანგ VI-ს უმტკიცებდნენ, რომ სახიფათოა საქართველოსათვის ამ ომში ჩარევაო, მაგრამ ვახტანგ VI ისე იყო დარწმუნებული რუსების კეთილშობილურ მისიაში, რომ მან ყურიც არ ათხოვა საღ რჩევას. პეტრე Iის მოწოდების თანახმად, ვახტანგ VI-მ საჩქაროდ მოაგროვა 40 ათასი ჯარისკაცი და განჯისაკენ გაილაშქრა. თანახმად პაემანისა, ვახტანგი და პეტრე ერთმანეთს შამქორში უნდა შეხვედროდნენ, ამიტომ ვახტანგმაც აქ დაიბანაკა თავისი ჯარით და დაუწყო ლოდინი რუსთა ლაშქარს. 1723 წლის 6 სექტემბერს ვახტანგ მეფის სამხედრო მოქმედების შესახებ უკვე აცნობეს პეტრეს დარუბანდში. პეტრე კი მეორე დღეს აიყარა თავისი ჯარით და ასტრახანში დაბრუნდა.
იმის გამო, რომ სპარსეთის ვაჭრობის ხელში ჩაგდება პრაქტიკულად უფრო რთულ აღმოჩნდა, ვიდრე თეორიულად ეხატებოდა პეტრე I-ს, მან ამ გეგმაზე ხელი აიღო. რაც შეეხება მის მიერ ომში ჩათრეულ და მტრის პირისპირ მიტოვებულ საქართველოს, მართალია, სამხედრო დახმარება ვერ გაუწია, მაგრამ, სამაგიეროდ, ვახტანგ მეფეს იმისთანა „ჭკუაზე დარიგება“ შემოუთვალა, რომ სამხედრო დახმარებას „ნამდვილად სჯობდა“. „ბრძოლა განაგრძეო“, – ურჩევდა იგი მეფეს თავისი ელჩის პირით, და „თუ გაიმარჯვებ, მაშინ დიდად მოიგებ იმიტომ, რომ ურწმუნოთა ბატონობისაგან განთავისუფლდებიო“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 64).
„ვაშა და დიდება მართლმადიდებელ რუსეთს! ამაზე უკეთესი რაღა გინდა? ქართველი ხალხი ორიათასი წელი ებრძოდა დამპყრობლებს, მაგრამ, თუ გამარჯვებით „დიდად მოიგებდა და მტრის ბატონობისაგან განთავისუფლდებოდა, ეს კი აღარ იცოდა“. და „პირველად ქართველებმა ეს უტყუარი ჭეშმარიტება ერთმორწმუნე რუსთა მეშვეობით გაიგეს“. „აი ამის შემდეგ ზოგი ვინმე კიდევ გამოვა და იტყვის – „რუსეთს საქართველოსათვის დახმარება არ გაუწევიაო“. „რა უმადურობაა! მოდი და კიდევ ჰქენი სიკეთე“.
საშინელ განსაცდელში ჩავარდა საქართველო – სპარსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა და რუსეთის მხარეზე დგომა – მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. რუსეთ-სპარსეთის ომამდე საქართველო მშვიდობიან ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც სპარსეთთან, ისე ოსმალეთთან. „მას რომ სპარსეთის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობა არ მიეღო და რუსეთს ცხადად არ მიმხრობოდა, ოსმალეთისაგან მაინც საქართველოს განსაცდელი არ მოელოდა. პირიქით, სანამ პეტრე I ვახტანგ მეფეს საბედისწერო ნაბიჯს გადაადგმევინებდა, ოსმალეთი არზრუმის ფაშის პირით ვახტანგ VI-ს მფარველობას ჰპირდებოდა. მაგრამ რაკი ოსმალეთმა დაინახა, რომ რუსეთი სპარსეთის დაპყრობას ლამობდა და ქართველებიც მათი მოკავშირენი იყვნენ, რუსების შიშით დაიძრა და ჯერ ერევნიდან თავრიზამდის მთელი ქვეყანა დაიჭირა, ხოლო შემდეგ გამოილაშქრა თვით საქართველოს წინააღმდეგაც…
მაგრამ საქმე მარტო ამით არ დამთავრებულა. როდესაც პეტრე I-მა დაინახა, რომ ოსმალეთი რუსთა სამხედრო მოქმედებით სპარსეთში იმდენად განრისხებული იყო, რომ რუსეთისათვის ომის გამოცხადებას აპირებდა, 12-ივნისს 1724 წელს ოსმალეთთან სწრაფად შეჰკრა ზავი, რომლის პირველ მუხლში რუსთა ხელმწიფემ მთელი აღმოსავლეთი საქართველო ოსმალეთს დაუთმო, თუმცა იგი მას სრულებითაც არ ეკუთვნოდა“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 65-66).
სპარსეთი ხომ კიდევ უფრო უარესად იყო აღშფოთებული საქართველოს მოქმედებით. საქართველოს რუსეთთან მიმხრობამ და სპარსეთის წინააღმდეგ გამოსვლამ „შესამჩნევად გაამწვავა სპარსეთის მძულვარება, და მისი გაშმაგებული მტრობა საქართველოსადმი მთელ მე-18 საუკუნის განმავლობაში აიხსნება უმთავრესად რუსეთისა და საქართველოს დაახლოებით. ამ გარემოებამ აუცილებლივ დააჩქარა საქართველოს პოლიტიკური ნგრევა…“ (არტურ ლაისტი, საქართველოს გული, წიგნი II, გვ.78).
საქართველოში ოსმალებისა და სპარსელების (ხოლო ამ უკანასკნელთა წაქეზებითა და მხარდაჭერით, აგრეთვე ლეკების) თარეშის შედეგად იმდენად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, რომ ვახტანგ VI-მ მიატოვა მისივე პოლიტიკით გაუბედურებული ქვეყანა და რუსეთში გადასახლდა. მან თან გაიყოლია საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, მთელი ნაღები ერისა, სულ 1200 კაცი. ეს ციფრი ძალზე დიდია იმ დროის საქართველოსათვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა მათგანი იყო სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, გამოჩენილი მეცნიერი და კულტურის მუშაკი.
საქართველოს ისტორიაში ის აზრია დამკვიდრებული, რომ, თითქოს, ვახტანგ მეფე რუსეთში თავისი არაჩვეულებრივად მრავალრიცხოვანი დასით მყუდრო ცხოვრების მოსაპოვებლად კი არ წავიდა, არამედ იგი დახმარების მისაღებად გაემგზავრა და ამ დახმარების ლოდინში ჩარჩა იქაო. ჯერ ერთი, არავითარი გამართლება არა აქვს იმ მძიმე ჟამს მეფის მიერ ქვეყნის მიტოვებას და დახმარების მისაღებად პირადად მის წასვლას რუსეთში. ამისათვის მას შეეძლო თავისი წარმომადგენელი გაეგზავნა. თუ რუსეთის მთავრობას დახმარების გაწევა სურდა, იგი ამ შემთხვევაშიც დაეხმარებოდა. მეორეც, თუ ვახტანგ VI მხოლოდ დახმარების მისაღებად მიდიოდა და მალე უკან დაბრუნებას აპირებდა, რა საჭირო იყო თან რომ გაიყოლია 1200 კაცი?!.
მთავრობის მიერ ხალხის ასე ღვთის ანაბარად მიტოვების შემდეგ რუსეთში გახიზვნა, როგორც სენი, ისე მოედო ქვეყანას. მეფის მიბაძვით ყველა რუსეთში გარბოდა მშვიდი ცხოვრების საძიებლად. საქართველოს მიწა-წყალზე კი ბაში-ბუზუყები მკვიდრდებოდნენ. ვახტანგ VI-ის აღნიშნული მოქმედება ერის ღალატია. ისტორია ვალდებულია, სათანადო მსჯავრი დასდოს მის დანაშაულებრივ საქციელს.
მაგრამ, ეს მხოლოდ ვახტანგ VI-ზე ითქმის? აიღეთ, თუნდაც თეიმურაზ I. როგორც ვახტანგ VI, ისე თეიმურაზ I-ც, თავის ქვეყანაში მეფობდა მანამდე, სანამ სიმშვიდე იყო და ხელს არავინ უშლიდა ლექსების წერაში. მაგრამ, რაწამს ერს განსაცდელი დაადგებოდა, მისივე მცდარი პოლიტიკის წყალობით, იმ წუთშივე მიატოვებდა ხალხს უმწეოდ და იმერეთში გარბოდა მყუდრო თავშესაფრის საძებნელად. ქვეყანას მაშინ უნდა პატრონობა, როცა თავზე გასაჭირი ადგას, თორემ გაშლილ სუფრაზე ყველა მოახერხებს თამადობას. შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად კახეთი ცეცხლში იწვოდა. „თეიმურაზ I კი შტვირის გუდით იმერეთში კარი-კარზე დაწანწალებდა და „შაიფარვანიას“ ლათაიობდა“-ო – წერდა აკაკი წერეთელი (აკაკის კრებული, XI, 1897, გვ. 27). მართლაც და, ქვეყნისთვის ისეთ შავბნელსა და ქარტეხილებით აღსავსე ხანაში, როგორიც შაჰ-აბასის ეპოქაა, ნუთუ სახელმწიფოს მმართველს მეტი საქმე არა ჰქონდა, რომ ლექსების საწერად მხართეძოზე წამოწოლილს მუზებზე ეფიქრა?
საქართველოს ისტორიაში არცთუ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს თეიმურაზ I-ის პაპა, რუსეთის მოტრფიალე ალექსანდრე II. ამ კაცის სახით თუ როგორი პატრონი ჰყავდა ქვეყანას, ნათლად ჩანს მისივე „საპროგრამო“ სიტყვიდან: „რამე თუ ესრეთ შენ (გაშენებული) იყო კახეთი, ვითარ ძნიად (ძნელად) სადმე იპოვებოდა სანადირონი, და ალექსანდრე (კახთ მეფე) ფრიად მოყვარე იყო ნადირობისა, რამეთუ იტყოდაცა: „ახ ნეტარძი (ნეტავი) ოხერ მექმნეს (გამიოხრდეს) კახეთი, რათა მაქვნდეს სანადირონი მრავლად“ („ქართლის ცხოვრება“, ტ. II, გვ. 110).
აი, ასეთ მეფეებს საპატიო ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში, მეტწილად რუსული ორიენტაციის გამო, და დიდი მოწიწებით იხსენიებენ, მიუხედავად მათი უნიათობისა, ქვეყნის წინაშე გულგრილობისა და დანაშაულებრივი მოქმედებისაც კი. სწორად შენიშნავდა კონსტანტინე გამსახურდია, რომ „ხელახლა შეფასებას მოითხოვენ საქართველოს ისტორიის გმირები“.
ირან-ოსმალთა ბატონობა 20 წელიწადს გაგრძელდა. ისინი რიგრიგობით ძარცვავდნენ და აოხრებდნენ ქვეყანას. ლეკთა ყაჩაღური ბანდების თარეშის შედეგად ხომ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ თავის გამოყოფა არ შეიძლებოდა გარეთ. ქართველ ხალხს შაჰ-აბასის დროსაც კი არ უნახავს ასეთი საშინელი ხანა, ამიტომაც, საქართველოს ისტორიაში ეს პერიოდი ცნობილია როგორც ძნელბედობის ხანა.
აი, რა დღეში ჩავარდა „ერთმორწმუნე“ რუსეთის გადამკიდე ჩვენი ქვეყანა. თვითონ მათ, ვისი მიზეზითაც დაღუპვის პირამდე მივიდა საქართველო, თავს უშველეს. შემოსეულ მტერს კი შეძლებისდაგვარად ისევ ხალხი უმკლავდებოდა.
თითქოს კატასტროფა გარდაუვალი იყო. მაგრამ ქართველი ხალხის დაუცხრომელმა ენერგიამ აქაც გაუძლო თავს დატეხილ განსაცდელს. თავგანწირული ბრძოლით უკუგდებულ იქნა ჯერ ოსმალობა, ხოლო შემდეგ – ყიზილბაშობა. საქართველო აღდგა! ირანის შაჰმა გააუქმა ის ძველი წესი, რომლის მიხედვითაც ქართველი მეფეები მოვალენი იყვნენ მაჰმადიანობა მიეღოთ და 1744 წელს თეიმურაზ II – ქართლის მეფედ, ხოლო მისი შვილი ერეკლე II კახეთის მეფედ დანიშნა.
თეიმურაზმა და ერეკლემ პირველ ხანებში დიდი ენერგია გამოიჩინეს სახელმწიფოს აღდგენისა და მტრისაგან თავდაცვის საქმეში. ქართველმა ხალხმა საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ფართო კულტურულაღმშენებლობითი მუშაობა გააჩაღა. 1749 წელს კვლავ ამუშავდა გაუმჯობესებული სახით თბილისის სტამბა. გაიხსნა ფილოსოფიის სემინარია თბილისში (1755 წ.). საფუძველი ჩაეყარა სამთამადნო წარმოებას. გაჩაღდა ვაჭრობა-მრეწველობა და სხვ. მხოლოდ საგარეო უშიშროების უზრუნველყოფაღა იყო საჭირო ქვეყნის კიდევ უფრო თვალსაჩინო აღორძინებისათვის. მტრისაგან თავდაცვის სრული უზრუნველყოფისა და წარსული ძლიერების აღსადგენად კი აუცილებელი იყო ქვეყნის გაერთიანება.
ამ მხრივაც თვალსაჩინო ნაბიჯი გადაიდგა ერეკლეს მოღვაწეობის პირველ პერიოდში. თეიმურაზმა და ერეკლემ ჯერ არაგვის, ხოლო შემდეგ ქსნის საერისთაოები გააუქმეს და უშუალოდ მეფის ძალაუფლებას დაუმორჩილეს. 1762 წელს კი, თეიმურაზ II-ის გარდაცვალების უმალ, ერეკლემ თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა, რითაც ქართლ-კახეთი ერთ სამეფოდ გაერთიანდა. ერეკლეს ძალაუფლებას დაემორჩილნენ აგრეთვე განჯის, ყარაბაღის, ნახჭევანისა და ერევნის სახანოები.
ქვეყნის კონსოლიდაციის პროცესში დასავლეთ საქართველომაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ამ დროს იმერეთში სოლომონ I მეფობდა. სოლომონმა თავისი მოღვაწეობა დაიწყო მაჰმადიანობის გავრცელებისა და ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლით. ორივე ეს საკითხი მან დადებითად გადაჭრა. დიდი წარმატებები მოიპოვა მან აგრეთვე ოსმალო დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 1757 წელს სოლომონ მეფემ ხრესილის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა თურქეთის ჯარი და თურქეთმაც ქვეყნის საბოლოო დაპყრობაზე ხელი აიღო. სოლომონის გამეფებამდე ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული იმერეთის მეფესთან ძალაუფლებისათვის არა მარტო დადიანსა და გურიელს, არამედ რაჭისა და არაგვის ერისთავებსაც. სოლომონმა დაამარცხა ერისთავები და საერისთაოები უშუალოდ მეფის ძალაუფლებას დაუმორჩილა. მან შემოირიგა აგრეთვე დადიანი და გურიელი. ასე რომ, 1759 წელს, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო კრებაზე, რომლის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვა, სოლომონ I უკვე „მთელი დასავლეთ საქართველოს საერთო საქმეებში ხელმწიფედ გამოდიოდა, ხოლო მთავრები (დადიანი, გურიელი) და თავადები მისი „მორჩილი და ბრძანებისა აღმასრულებელნი“ იყვნენ. ეს მოვლენა სოლომონ მეფისა და იმდროინდელი ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილის დიდი გამარჯვება იყო“ (საქართველოს ისტორია, 1948, გვ. 392).
ერთი სიტყვით, ძირითადად უკვე გაერთიანდა, როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთ საქართველო. ამის შემდეგ საჭირო იყო საქართველოს ორივე ნაწილის ერთ სამეფოდ გაერთიანება, ეს კი ყველაზე უკეთესი გარანტია იქნებოდა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს წარმატებით მოეგერიებინა მტერი და შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა. არა უშედეგო და დამღუპველი ხელის პოტინი ცბიერი რუსეთისაკენ, არამედ საქართველოს გაერთიანება და ირან-ოსმალეთთან მოქნილი დიპლომატიის წყალობით მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება – აი, სად იყო საქართველოს ხსნა. ირან-ოსმალეთისა და კავკასიის წინააღმდეგ რუსეთის მზარდი ზეწოლის პირობებში, ამ ქვეყნების საღი დიპლომატია მოითხოვდა არა ურთიერთდაპირისპირებას, არამედ მჭიდრო შეკავშირებას ჩრდილოეთის ურჩხულის შესაჩერებლად.
ირან-ოსმალეთი ამას დროზე მიხვდა და ხვეწნა-მუდარით იკლებდა ქართველ მეფეებს, ოღონდაც თავი დაენებებიათ რუსეთისათვის და ხელს არ ახლებდნენ საქართველოს. მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, საქართველოს მესვეურები იმდენ სიკეთესა და ბედნიერებას მოელოდნენ „ერთმორწმუნე რუსეთისაგან“, რომ ყურსაც არ ათხოვებდნენ ამ საღ რჩევასა და თხოვნას.
ამგვარად, ქართველი ერის შემაკავშირებელი პროცესი შესამჩნევი წარმატებებით ვითარდებოდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. უკვე შეიქმნა კიდეც ხელსაყრელი მომენტი საქართველოს გასაერთიანებლად. საქართველოს გაერთიანების საკითხი თვით ხალხშივე მომწიფდა. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს პროგრესული საზოგადოების წარმომადგენლები, უდიდესი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ ისტორიულ საქმეს. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ერეკლემ ვერ გამოიჩინა საჭირო სიმტკიცე და ეს დიდებული წამოწყება ჩაიშალა.
ჩვენ ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ შევჩერდებით. ამჯერად კი მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ ერეკლეს საგარეო პოლიტიკას და ამ პოლიტიკით გამოწვეულ შედეგებს. ერეკლეც, თავის საგარეო პოლიტიკაში, ისევე როგორც მისი წინამორბედი მეფეები ალექსანდრე I-ის შემდეგ, ხელმძღვანელობდა რელიგიის ერთობის აბსურდული მოტივებით. იგი ერთმორწმუნეობის გაცვეთილ დოგმებს აჰყვა და ამის შედეგად აღმავალი გზით მიმავალი ქვეყანა უფსკრულისაკენ დააქანა, და ბოლოს, გადაჩეხა კიდეც. რუსული ორიენტაციით გამოწვეულმა წარსულის მწარე გამოცდილებამ საქართველოს მესვეურებს ჭკუა ვერ ასწავლა. „საქართველოს მეფენი, თითო-ოროლას გარდა, თითქო სხვა საქმე აღარა ჰქონდათ-რა, მარტო ამ პროტექტორატისათვისა ზრუნავდნენ“ (ალ. ფრონელი, მთიულეთი 1804 წ., გვ. 218).
ჯერ კიდევ თეიმურაზ II-მ 1752 წელს რუსეთის მეფე ელისაბედს ელჩები გაუგზავნა და მაჰმადიან მეზობლებისაგან მფარველობა სთხოვა. მაგრამ რუსეთის მთავრობამ ამ თხოვნაზე უარით უპასუხა. „რუსეთს არავითარი სურვილი არ ჰქონდა, რომ საქართველოს გულისათვის ოსმალეთს და სპარსეთს წასჩხუბებოდა. მშვიდობიანობა იყო და საქართველო მაშინ რუსეთს არ ესაჭიროებოდა.
მაგრამ თექვსმეტი წლის შემდგ, 1768 წელს, როდესაც ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა და რუსეთი უნებლიედ ბრძოლაში უნდა ჩაბმულიყო, მაშინ მისთვის საქართველო, რასაკვირველია, ძალიან გამოსადეგი იქნებოდა და ამიტომ საქართველოს არსებობაც გაახსენდა“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 68).
იმისათვის, რომ უფრო წარმატებით ეწარმოებინა ომი თურქეთთან, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, თურქეთის წინააღმდეგ თავის სასარგებლოდ ომში ჩაეთრია თურქეთის მეზობელი ქრისტიანი ერები (ბერძნები, სლავები, ქართველები). მაგრამ ქართველების გარდა, სხვამ ყველამ სათანადო წინდახედულება გამოიჩინა და რუსეთის მთავრობის მიერ დაგებულ მახეში არ გაებნენ.
სოლომონი და ერეკლე დაეთანხმნენ რუსეთის მთავრობის წინადადებას ოსმალეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე იმ პირობით, რომ რუსეთს საკმაო რაოდენობის ჯარი გამოეგზავნა საქართველოში. სწორედ ამ დროს, როცა რუსეთის მთავრობის ელჩი ერეკლესთან თბილისში ჩამოვიდა იმ თვალსაზრისით, რომ იგი დაეყოლიებინა ოსმალეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, თბილისშივე, მეფე ერეკლესთან მოვიდნენ თურქეთის წარმომადგენლები თხოვნით, რომ ოღონდაც საქართველო არ ჩარეულიყო რუსეთ-თურქეთის ომში და თურქეთი არ დაარღვევდა მშვიდობიან ურთიერთობას საქართველოსთან. მაგრამ ერეკლე დემონსტრაციულად მიემხრო „ერთმორწმუნე რუსეთს“.
რუსეთის მთავრობამ საიდუმლო დავალებითა და ჯარით საქართველოში გამოაგზავნა გენერალი ტოტლებენი. როგორც შემდეგში, რუსეთის მთავრობის მიერ, ტოტლებენის ხელით განხორციელებულმა ავანტიურამ დაადასტურა, რასაც ზედ ემატება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის გრაფ პანინის საიდუმლო წერილი ტოტლებენისადმი, ხოლო შემდეგ ეკატერინე II-ის საიდუმლო წერილი სუხოტინისადმი, რუსეთის მთავრობის გეგმა საქართველოს მიმართ იმაში მდგომარეობდა, რომ ერთის მხრივ, საქართველო, როგორც ბრმა იარაღი, რუსეთს გამოეყენებინა თავისი ინტერესებისათვის თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო მეორეს მხრივ, ამ ბრძოლაში მუხანათური გზით მოესპო ქართველთა ჯარი თავის მეფიანად და შემდეგ დაპატრონებოდა უმწეოდ დარჩენილ ქვეყანას. ერეკლესა და სოლომონს ოდნავადაც არ შეპარვიათ ეჭვი ქართველთა მიმართ რუსების უანგარობასა და კეთილგანწყობილებაში. მათ ეგონათ, რომ ახლა კი ვეღირსეთ რუსეთისაგან ნანატრ მფარველობასო.
„ქართველთა საშველად“ მოვლენილი ტოტლებენი „რუსი ჯვაროსნებით“ აღმოსავლეთ საქართველოში შემოვიდა 1769 წელს, ხოლო 1770 წელს ერეკლემ და ტოტლებენმა ახალციხის საფაშოზე გაილაშქრეს. ისინი აწყურის ციხეს მიადგნენ და იქ გამაგრებულ ოსმალებს შეუტიეს. მაგრამ, სწორედ იმ დროს, როცა ბრძოლა გაჩაღდა, ტოტლებენმა გამცემლურად მიატოვა ქართველი ჯარი მტრის პირისპირ და უკან გამობრუნდა.
თავზარდამცემი იყო ქართველი მეფისა და მხედრობისათვის ტოტლებენის მოღალატური საქციელი. „რუსეთისავე წყალობით და რუსთა გულისათვის ოსმალეთთან ომში ჩათრეული აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის ჯარის სარდლის მიერვე მრავალრიცხოვანი მტრის წინაშე მუხანათურად მარტოდ-მარტო იყო დატოვებული. საშინელი მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ ამ უაღრეს განსაცდელის დროსაც ერეკლე მეფის დიდებულმა სამხედრო ნიჭმა იხსნა ჩვენი ერი და სამშობლო სხვაფრივ აუცილებელ განადგურებისაგან“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 69).
როგორც ცნობილია, ერეკლემ, ბრწყინვალე სამხედრო გეგმისა და ხერხის წყალობით, სასტიკად დაამარცხა თურქთა მრავალრიცხოვანი ჯარი ჯერ ადგილობრივად და ბოლოს ასპინძასთან. რაც შეეხება გენერალ ტოტლებენს, როგორც ითქვა, რუსეთის მთავრობის გეგმისამებრ, „მეფის ტახტიდან ჩამოგდება და საქართველოს დაპყრობა დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა“ (საქართველოს ისტორია, 1948, გვ. 394). ამიტომ, უკუიქცა თუ არა აწყურიდან, იმ იმედით, რომ ერეკლე თავისი ჯარით აუცილებლად განადგურდებოდა თურქებთან ბრძოლაში, „მან ქართლის დაპყრობის საკითხი რუსთა კორპუსის სამხედრო საბჭოში დასვა და დასტურიც მიიღო. ამ საქმეში ტოტლებენის ერთგული მოკავშირეები იყვნენ ქართლის რეაქციონერი თავადებიც.
გენერალმა საქმე დაიწყო: ციხე-ქალაქების დაჭერასა და ხალხის რუსი ხელმწიფის ერთგულებაზე დაფიცებას შეუდგა. მაგრამ ერეკლეს ენერგიულმა მოქმედებამ ტოტლებენი შეაშინა და მას განზრახვაზე ხელი ააღებინა“ (იქვე, გვ. 394).
ზოგიერთი ჩვენი ისტორიკოსი, კერძოდ კი, 1957 წელს გამოცემული წიგნის – „ასპინძის ბრძოლის“ ავტორი კ. მაჭარაძე, იმისათვის, რომ ჩამორეცხოს ლაქა რუსეთის მთავრობას საქართველოს წინაშე ჩადენილი მუხანათობისათვის, ცდილობს ისე წარმოადგინოს საქმე, რომ, თითქოს, ტოტლებენს წინასწარი დავალება კი არ ჰქონოდეს იმ მოქმედებათა შესახებ, რომელიც მან საქართველოში ჩაიდინა, არამედ ყველაფერი გამოწვეული ყოფილიყოს ტოტლებენის ავანტიურისტული ბუნებით, მისი პირადი თვითნებობით.
სინამდვილეში ტოტლებენი რომ მთავრობის მიერ მიცემული ინსტრუქციებით ხელმძღვანელობდა და მის მოქმედებაში არავითარ თვითნებობას არ ჰქონია ადგილი, ამას ადასტურებს მთელი რიგი ფაქტები: 1. „1770 წლის 12 მაისს ტოტლებენი საქართველოდან პეტერბურგში წერილს აგზავნის, რომ ტომსკის პოლკის შეერთებისთანავე, განზრახული აქვს დაუყოვნებლივ თბილისზე დაიძრას – მთელი საქართველო რუსეთის ხელისუფლებას დაუმორჩილოს; ერეკლეს, ამას წინათ მიღებული ანდრიას ორდენი ჩამოართვას და გაგზავნოს პეტერბურგში ან შავი ზღვისაკენ განდევნოს“. ამას ადასტურებს პ. ბუტკოვი, ასევე, სოლოვიოვი (იხ. პ. გუგუშვილი, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX სს., ტ. I, 1949, გვ. 364). ეს წერილი ცხადად მეტყველებს, რომ ტოტლებენი არათუ თვითნებურად არ მოქმედებდა, პირიქით, თავისი მოქმედების ყოველ დეტალს ხელისუფლებას უთანხმებდა.
2. რუსეთის პირველი მინისტრი, გრაფი პანინი საქართველოში წარმოგზავნილ ტოტლებენს სწერდა: „უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი „ხელმძღვანელობით ხდებოდეს“, თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთი მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ. თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს. ერთი სიტყვით, ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმნაირად კი, რომ სული აქაური (ე. ი. რუსული) იყოს, სხეული კი ქართულიო“. „მაშასადამე, რუსეთის მთავრობას უნდოდა, რომ ქართველები უსულო იარაღივით გამოეყენებინა თავისი პოლიტიკური მიზნებისა და ზრახვების მისაღწევად“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 90-91).
3. როგორც ცნობილია, რუსეთის მთავრობამ უკან გაიწვია ტოტლებენი, რადგან მან ვერ შეასრულა მიცემული დავალება და მის მაგივრად გენერალი სუხოტინი გამოგზავნა. ტოტლებენის მიერ ქართლის დაპყრობის ცდა რომ პირადი თვითნებობა კი არა, მთავრობის დავალება იყო, ეს ნათლად ჩანს ეკატერინე ³-ის სუხოტინისადმი მიწერილ წერილში. იგი სუხოტინს წერდა: `ტოტლებენის დაწყებული საქმე, ქართველების რუსეთის ერთგულებაზე ძალით დაფიცება – თუ ქართველების ომში მონაწილეობას ხელს შეუწყობს, შეგიძლიათ გააგრძელოთ“ (გ. მაჭარაძე, ასპინძის ბრძოლა, გვ. 115). როგორც იტყვიან, აქ უკვე ზედმეტია კომენტარები. რუსეთის მთავრობის მუხანათური საქციელი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო ცხადად დაამტკიცა შემდგომი დროის მოვლენებმა. წარმოუდგენელია, სადამდე მიდიოდა რუსეთის მთავრობის უსინდისობა, როცა ქართველი ჯარის მტრის პირისპირ ასე ვერაგულად მიტოვებისა და ქართლის დაპყრობის ცდის შემდეგ ისინი ერეკლე მეფეს კვლავ ოსმალეთის წინააღმდეგ საომრად აქეზებდნენ. მაგრამ გგონიათ, რომ ერეკლემ უარყო ამ გამცემთა წინადადება? რუსეთის თვალთმაქცი დიპლომატები ერეკლეს, სოლომონსა და მათ მსგავს ერთმორწმუნეობის დოგმებს აყოლილ ქართველ მეფე-მთავრებს მონუსხულებივით ამოქმედებდნენ თავიანთ ნება-სურვილზე. რუსეთის წარმომადგენლის ლვოვის რჩევით, 1771 წელს ერეკლე კვლავ ახალციხის საფაშოს შეესია და ხერთვისის ციხე აიღო, სადაც თავისი ჯარი ჩააყენა, მაგრამ ამავე ლვოვის წინადადებით, ერეკლემ უკანვე გამოიყვანა ჯარი. ხელმეორედ, 1772 წელს ლვოვმა კიდევ იმდენი მოახერხა, რომ ერეკლე კვლავ დაიყოლია ოსმალეთის წინააღმდეგ ლაშქრობაზე. ერეკლემ და სოლომონმა შეერთებული ჯარით დაარბიეს ახალციხის, ჯავახეთის და არტაანის მხარეები და შინ დაბრუნდნენ. „ორივე შემთხვევა სრულებით ცხადჰყოფს, რომ რუსეთის წარმომადგენელს თავისი მთავრობის გეგმისამებრ საქართველოს დანიშნულებად ამ ომში მიწა-წყლის დაჭერა კი არ მიაჩნდა, არამედ უმთავრესად შესევითა და თარეშის საშუალებით ოსმალეთის მუდმივი შეწუხება, რომ ოსმალეთის მთავრობა ამის გამო იძულებული ყოფილიყო აქ საკმაო ჯარი დაებანდებინა“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 70).
ვინაიდან ტოტლებენმა და სუხოტინმა ვერ შეასრულეს მთავრობის დავალება საქართველოს ანექსიის შესახებ, ხოლო თურქეთთან უკვე საზავო მოლაპარაკება დაიწყო, რუსეთის სახელმწიფოსათვის აღარა ჰქონდა აზრი, რომ საქართველოში ჯარი ჰყოლოდა. ამიტომ, ეკატერინე II-მ 41 აღნიშნული ჯარი უკან გაიწვია. „ერთმორწმუნე“ რუსეთის მთავრობა ოდნავადაც არ დაფიქრებია იმ ფაქტს, თუ რა საშინელ მდგომარეობაში ჩავარდებოდა რუსეთის მიერ თურქეთთან ომში ჩაბმული საქართველო, როცა მისმა ჯარმა საქართველო ასე ღვთისანაბარად მიატოვა. მკითხველი, ალბათ, თვითონვე მიხვდება, თუ როგორი ვითარება შეიქმნებოდა ოსმალეთსა და საქართველოს შორის იმ მოქმედებების შედეგად, რომელიც სოლომონმა და ერკლემ განახორციელეს თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის გულისთვის. შურისძიებით აბობოქრებული თურქები მოსვენებას არ აძლევდნენ ქვეყანას. მეტი ვნების მისაყენებლად მათ ლეკებიც აამხედრეს და საქართველოს შემოუსიეს.
ცხადია, სპარსეთიც ქართველების უკმაყოფილო იყო. სპარსეთი, როგორც ზემოთ ვთქვით, შიშით შესცქეროდა რუსეთის დამკვიდრებას კავკასიაში. ამიტომ, როგორც კი გაიგო ქერიმ-ხანმა, რომ რუსეთთურქეთის ომში საქართველო რუსეთს მიემხროო, თავისი ჯარებით დაუყოვნებლივ საქართველოს წინააღმდეგ გამოილაშქრა. „აი რა მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთის მთავრობამ საქართველო თავისი სამხედრო გამარჯვების გულისათვის“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 71).
უდიდეს განსაცდელში ჩავარდნილი ერეკლე წერილს სწერს გრაფ პანინს. წერილში აღნიშნავს, თუ როგორი კეთილსინდისიერად შეასრულა სიტყვა და დაეხმარა რუსეთს ჯარით ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მოქმედებით კი საუკუნოდ გადაიმტერა ოსმალეთი, სპარსეთი და დაღესტანი. ბოლოს, იგი შველას და დახმარებას სთხოვს რუსეთის იმპერატორს: „თურქები, როგორც შხამიანი გველები, გვეხვევიან ირგვლივ. სპარსელნი გვიცქერენ, როგორც ბრაზიანი ლომები, ლეკები კი ილესავენ კბილებს ჩვენს წინააღმდეგ, როგორც მშიერი მგლები. ყველანი ერთად ბორგვენ შურისძიებით, რადგან ჩვენ, ქართველებმა დავარღვიეთ ზავი მათ მიმართ, და, თუ ისინი მოგვსპობენ მე და მთელ საქართველოს, მაშინ ვინ აგებს პასუხს ღვთის წინაშე, ან რა სარგებლობა ექნება ამით რუსეთის იმპერიას? მოიღეთ მოწყალება ჩვენს მართლმადიდებელ ხალხზე, მე და სრულიად ჩემი ქვეყანა ვსასოებთ ღმერთზე და ყოვლად მოწყალე რუსეთის იმპერატორზე“, – ამ სიტყვებით ამთავრებს თავის წერილს მეფე ერეკლე“ (ს. ქვარიანი, ქართველი ერის ისტორია, გვ. 22).
მაგრამ ერეკლეს ამ თხოვნას არავითარი შედეგი არ გამოუღია. „რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია, ოსმალეთის ომის საფრთხე ზავის გამო უკვე აღარ არსებობდა. ამიტომ საქართველოსაც მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და დანაპირები მფარველობის გაწევა თითქოს დაავიწყდა კიდეც“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 71).
ერეკლე და სოლომონი იძულებული გახდნენ თავიანთი წინდაუხედაობით გაფუჭებული საქმე თავისი ქვეყნის ძალებით გამოესწორებინათ. ერეკლემ, როგორც იყო, სპარსეთის მბრძანებელი ქათინაურებით დააშოშმინა. თურქეთის წინააღმდეგ კი, როგორც ერეკლე, ასევე სოლომონი, იძულებული იყვნენ სისხლისმღვრელი ბრძოლები ეწარმოებინათ და ამგვარად დაეცვათ თავი.
რამდენიმე ხნის შემდეგ ერეკლემ როგორც იყო აღადგინა მშვიდობიანი ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის ოსმალეთთანაც. საკუთარ ძალებზე დაყრდნობით მან განამტკიცა ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა: ქართლ-კახეთის სამეფოს მორჩილებაში წინანდებურადვე შედიოდნენ: განჯის, ყარაბაღის, ნახჭევანისა და ერევნის სახანოები.

http://burusi.wordpress.com/2010/02/08/mchedlishvili/

One thought on “რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობისა და მისი შედეგების მოკლე ისტორიული მიმოხილვა (1491-1783 წლები)

  1. mfarvelobis dziebashi iyo saqarthvelo gasul saukuneebshi, iseve rogorc dghes vistsrafith natosken. chvens mefeebs egonath rusethis mfarvelobis qvesh gadzlierdebodnen da mshvidobas moipovebdnen. rusethi iyo mashin “natos” magvari aliansi da chvenebic iq mistsrafvodnen. irani da thurqethi ki chvens gashvebas ar apirebda, rogorc amas dghes rusethi cdilobs. mivistsrafvith natosken, gvjis da gveomeba. chamogvachra afxazethi da samachablo dzirdzveli mitebi. 2008. 08.08- shi shemoichra da dabomba saqarthvelos mitsa tylebi da kidev damatebithi teritoriebi miisakuthra da chvens teritoriaze ori axali saxeltsifos sheqmnis thaobaze autsya msoflios. amitom, erthmortsmuneoba arafers ar gveubneba garda imisa, rom dagvipyro da gagvanadgura. imperiisthvis sul erthia erthmortsmune xar thu sxva sartsmunoebis. mgeli yovelthvis mglad rcheba. istoriidan unda vistsavloth gakvethilebi da meti shecdomebi agharasodes gavimeoroth. “macada agharasodes daecema”…

    Like

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s