ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის ზოგიერთი წყაროს შესახებ

ლევან ზ. ურუშაძე

1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის მიერ სუვერენული საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდგომი ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ქართული არასოციალისტური პოლიტიკური ემიგრაციის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით 1924 წლის სექტემბრის დამლევს პარიზში დაფუძნებულ მემარჯვენე ორგანიზაციას – “ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”. ორგანიზაცია დააფუძნა 5-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა შალვა ბერიძის (შემდგომში ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი) ხელმძღვანელობით.
1925 წლის ნოემბრამდე ორგანიზაციას ეწოდებოდა “საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა “თეთრი გიორგი”. 1925 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელად (მთავარ მდივნად) მიწვეულ იქნა გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გენერალი ლეო კერესელიძე, დარაზმულობამ ის სახელწოდება მიიღო, რომლითაც იყო ცნობილი არსებობის ბოლომდე. მცირე ხნის შემდეგ, 1926 წლის დამდეგს, ლ. კერესელიძემ თავის მოადგილედ მიიწვია სიყრმის მეგობარი, გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფართოდ ცნობილი მეცნიერ-ისტორიკოსი, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. სწორედ ისინი იქცნენ “თეთრი გიორგი”-ს მთავარ ოდეოლოგებად. არსებობის ოცდაათი წლის მანძილზე ორგანიზაციამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში.
წინამდებარე მიმოხილვა ეძღვნება დარაზმულობის ისტორიის წყაროებს, რომლებიც ამჟამად გაბნეულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დიდად სამწუხაროია, რომ აღარ არსებობს ორგანიზაციის არქივის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ინახებოდა მიხაკო წერეთელთან. საქმე ის არის, რომ, როგორც აღნიშნავს ცნობილი პოლიტიკური ემიგრანტი გივი კობახიძე (აშშ), არქივი განადგურებული იქნა 1945 წელს, იმ სახლის მეპატრონეთა მიერ, სადაც ბინა ჰქონდა დაქირავებული სახელოვან მამულიშვილს.

რაც შეეხება “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის საქართველოში არსებულ წყაროებს, უნდა აღინიშნოს შემდეგი. ისინი დაცულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში, საქართველოს შსს საარქივო სამმართველოს ყოფილი “სუკ”-ის (“სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი”) საარქივო ფონდში, საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმცოდნეობის დეპარტამენტში და რამდენიმე პირად ფონდში. საქართველოს ფარგლებს გარეთ დარაზმულობის ისტორიის საყურადღებო წყაროები დაცულია ლევილის მამულის (საფრანგეთი) არქივში, თვალსაჩინო პოლიტიკური ემიგრანტების გიორგი მაღალაშვილის (გერმანია), ზაქარია (შაქრო) ბაქრაძის (პოლონეთი), ლეო, გიორგი და მათე კერესელიძეების (გერმანია-საფრანგეთი), ალექსანდრე ერისთავის (საფრანგეთი), შალვა ბერიძის (იტალია), ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის (ესპანეთი), ალექანდრე მანველიშვილის (აშშ), მერაბ კვიტაშვილის (აშშ), გივი კობახიძის (აშშ) და სხვათა პირად არქივებში.

ამჯერად მიმოვიხილავთ ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს საარქივო მასალას. ვსაუბრობთ რა “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის წყაროებზე, უნდა აღინიშნოს, რომ მათ რიგს, გარდა საარქივო დოკუმენტური მასალებისა, განეკუთვნება: 1) უშუალოდ დარაზმულობის პერიოდულ გამოცემებში (“თეთრი გიორგი”, “მომავალი”, “ქართლოსი”) გამოქვეყნებული საპროგრამო ხასიათის პუბლიკაციები; 2) ამავე ხასიათის ის პუბლიკაციები, რომლებიც გამოქვეყნდა ჟურნალებში “ორნატი”, “ბედი ქართლისა”, “ქართველი ერი” და სხვა გამოცემებში; 3) “თეთრი გიორგი”-ს ცნობილ მოღვაწეთა (შ. ბერიძე, კ. სალია, ალ. მანველიშვილი და სხვანი) გამოქვეყნებული მემუარები.

წინამდებარე ნაშრომში არაფერს ვამბობთ იმ უაღრესად საინტერესო და, იმავდროულად, ორიგინალურ საარქივო მასალაზე, რომელიც დაცულია შსს საარქივო სამმართველოს ყოფ. “სუკ”-ის საარქივო ფონდში და უკავშირდება ცნობილი თეთრგიორგელის სვიმონ ციციშვილის სახელს. საქმე ის არის, რომ ამ მასალის და სვ. ციციშვილის შესახებ ჩვენი სტატია გამოქვეყნებულია და დაინტერესებულ მკითხველს არ გაუჭირდება მისი ნახვა (იხ.: ლევან ურუშაძე. “თეთრი გიორგის” რაინდი, გაზ. “ქართული უნივერსიტეტი”, #45).
გარკვეულწილად, “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის წყაროებს წარმოადგენს მემუარული და დეტექტიურ-დოკუმენტური ხასიათის ის გამოცემები, რომელთა ავტორები არიან საბჭოთა უშიშროების ორგანოების თანამშრომლები და, რომლებიც შეეხება დარაზმულობის საქმიანობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს წყაროები გამოირჩევა ტენდენციურობით და უაღრესად ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. ამგვარ წყაროთა რიგს განეკუთვნება ი. ბენიძის, შ. გიორხელიძის და მ. ნემიროვას თხზულებები, რომლებიც 1981 წელს გამოქვეყნდა კრებულში «Без линии фронта» (თბილისი, გამომცემლობა “მერანი”).

დიდად საყურადღებოა ის წყაროები, რომლებიც წარმოადგენს “თეთრი გიორგი”-ს მესვეურთა საპროგრამო ხასიათის ნააზრევს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგულისხმოა 1925 წლის 15 ივნისით დათარიღებული დოკუმენტი – “საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა “თეთრი გიორგი”-ს დამფუძნებელი კრების დეკლარაცია”, რომელიც პარიზში დაიბეჭდა ცალკე ბროშურის სახით. ვინაიდან, იგი წარმოადგენს ორგანიზაციის პირველ საპროგრამო დოკუმენტს, რომელსაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება მომდევნო წლებში მიღებული ყველა სხვა მსგავსი დოკუმენტი, გთავაზობთ მოზრდილ ამონარიდს დეკლარაციის ტექსტისა, რომელიც ზედმიწევნით ასახავს დარაზმულობის მიზნებს და სულისკვეთებას:
“ერთხელ კიდევ გაშიშვლდა მსოფლიოს წინაშე რუსული იმპერიალიზმი, ერთხელ კიდევ ნაკუწ ქაღალდათ აქცია რუსეთმა სუვერენულ საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება.
ჩრდილოეთიდან მოვარდნილმა საშინელმა რუსულმა სტიქიამ მოიცო საქართველო და თავის დაუნდობელი ტალღებით ერთი მეორეზედ ანადგურებს საქართველოს სუვერენობის ყოველგვარ ნასახს. “კომსომოლას” მიუგდეს საგინებლად ერის სინდისი, ერის სარწმუნოება. “კომსომოლას”-ვე დაუმორჩილეს ფაქტიურად ეროვნულ კულტურის კერა – ქართული უნივერსიტეტი. რუსული
მეთოდებით გაანადგურეს ერის სახალხო მეურნეობა. საქართველო კოლონიაა რუსეთის მრეწველობისათვის; საქართველოში შემოყავთ ასობით და ათასობით ქართველი ერისადმი მტრულად განწყობილი უცხო ელემენტები და მათ ქართული ხაზინის ხარჯით ქართველი ერის მიწა-წყალზედ საშვილიშვილოდ ასახლებენ; რუსული ნაჯახით მოსჩეხეს ისედაც განახევრებულ საქართველოს
მისი მიწა-წყლის მთელი მეოთხედი და მით იყიდეს ოსმალეთის მეგობრობა და ამიერ-კავკასიის ერთა შორის ის მოჩვენებითი მშვიდობიანობა, რომელიც თავის სიღრმეში ატარებს ისეთი შუღლისა და შურისძიების ელემენტებს, რომელიც არასდროს არსებულა ამ ერთა შორის. საქართველოს საკუთრებად ცნობილი ტერიტორიაც-კი ხელოვნურად რამოდენიმე ავტონომიურ რესპუბლიკად
დაანაწილეს.
ერთი სიტყვით, საქართველოში ყველა ბატონობს გარდა ქართველისა, საქართველოში ყველაფერი კეთდება გარდა ქართულისა, საქართველო ყველაფერია გარდა საქართველოისა.
ქართველ ერს, რომლის ორიათას ნახევარი წლის ისტორია მხოლოდ ბრძოლაა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, არ შეეძლო შერიგებოდა ასეთ საშინელ მონობას. მან ბრძოლითვე უპასუხა დამპყრობელთ. ოთხი წელიწადია სწარმოებს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ამ ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ საქართველოში “დამოუკიდებლობის კომიტეტი”, ხოლო საზღვარგარეთ, შემოხიზნული მთავრობა. ბრძოლის ერთი ეტაპი დამთავრდა 5000 ქართველის სისხლით.
ქართველი ერის მიერ აღებული ბრძოლის ხაზი სწორია, მაგრამ ხელმძღვანელთა სისუსტემ იგი დროებით დაამარცხა. ეს უკანასკენლი აჯანყება, რომელიც უმომენტობის გამო პოლიტიკურ შეცდომათ უნდა ჩაითვალოს, თავისდათავად ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მომენტია ეროვნული განმათავისუფლებელი ბრძოლისა და საქართველოს იდეის უაღრესი გამარჯვება.
აწ აღარ არიან ურწმუნო თომანი. ყველამ იწამა, რომ საქართველო არ გასტეხს ფიცს წარსულის წინაშე, რომ იგი იბრძვის და იბრძოლებს თავისუფალი არსებობისათვის, ჭეშმარიტათ იგი აღსდგება! ბრძოლა სრულ გამარჯვებამდე, საქართველო უარს ვერ იტყვის სიცოცხლეზედ.
ბრძოლა ქართველი ერის ყველა სასიცოცხლო ძალების დაჭიმვით. ამ ბრძოლაში საბოლოოთ უნდა შეკავშირდეს მისი საიმედო ძალები.
ეროვნული ბრძოლის მაღალმა იდეამ უნდა მოსპოს პარტიული დაყოფა.
ეროვნულ ბრძოლისთვის ნებაყოფლობით შეწირული ქართველი აუცილებლათ უნდა განთავისუფლდეს პარტიული, კლასიური თუ პირადი ინტერესებისაგან.
“საქართველო უწინარეს ყოვლისა” – ეს უნდა იყოს დღევანდელი ქართველის ხმა.”
სამხედრო თვალსაზრისით მეტად საინტერესო და სპეციფიკური ხასიათის მასალებია გამოქვეყნებული დარაზმულობის პერიოდული გამოცემის, – გაზეთ “თეთრი გიორგი”-ს სამხედრო დამატებაში, რომელსაც უძღვებოდა ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი, გენერალი ალექსანდრე ერისთავი.

მემუარული ხასიათის წყაროთა სპეციფიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყოველი მათგანი მეტ-ნაკლებად ხასიათდება ამა თუ იმ საკითხისადმი ტენდენციური დამოკიდებულებით და საჭიროებს კრიტიკულ მიდგომას. ეს განსაკუთრებით შეეხება თვალსაჩინო თეთრგიორგელის ალ. მანველიშვილის ნააზრევს. საქმე ისაა, რომ 1934 წელს ეს უკანასაკნელი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად გამოეყო “თეთრი გიორგი”-ს ძირითად ბირთვს და საკუთარი გაზეთის (“მომავალი”) გამოცემას მიჰყო ხელი. ორგანიზაციის
შესახებ მის მოგონებებში, რომლის ხელნაწერი დაცულია თბილისის სახ. უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში, აშკარად იჩენს თავს ტენდენციური მიდგომა ისეთი სახელოვანი მოღვაწეების მიმართ, როგორებიც იყვნენ დარაზმულობის მთავარი იდეოლოგები – გენერალი ლეო კერესელიძე და პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. გაზ. “მომავლის” პირველივე ნომერი
(პარიზი, 1934წ. თებერვალი) ნათლად წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც წარმოიქმნა დარაზმულობაში. ალ. მანველიშვილის მოგონებები ცხადჰყოფს, რომ, სამწუხაროდ, ორგანიზაციის წევრთა ის ჯგუფი, რომელიც გამოეყო დარაზმულობას, ვერ ამაღლდა საკუთარ ამბიციებზე. თუმცა, მოგონებები შეიცავს მსჯელობას არაერთ ისეთ საკითხზე, რომლებიც იმსახურებს ყურადღებას.

ასევე, მეტად ფრთხილ მიდგომას საჭიროებს ის მასალები, რომლებიც დაცულია საქარათველოს შსს საარქივო სამმართველოს ყოფ. “სუკ”-ის საარქივო ფონდში. კერძოდ, მხედველობაში მაქვს იმ თეთრგიორგელთა საქმეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში და ომის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდნენ საბჭოთა უშიშროების ტყვეობაში. აღნიშნულ საარქივო ფონდში დაცულია ცნობილი თეთრგიორგელების ბ. გიორგაძის, მ. კერესელიძის, კ. ქოჩაკიძის, ვალ. ტოგონიძის, კ. ხოშტარიას, ბ. აბულაძის, არჩ. ლომინაძის,
ლევან და შალვა ჯავრიშვილების, შ. ოდიშარიას, დ. სხირტლაძის, შ. ინჯიას, ტ. მარგველაშვილის, სვ. ციციშვილის, ელ. ციციშვილის, ირ. ლორთქიფანიძის, ნ. წაწალაშვილის, ზ. აბაშიძის და სხვათა საგამოძიებო საქმეები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, აღნიშნული მასალების კრიტიკული შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაცია საყურადღებოა “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის ამა თუ იმ საკითხის შესწავლისათვის. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ფასეულია ბეჟან გიორგაძის თითქმის 40-გვერდიანი ჩვენება, რომელიც მნიშვნელოვანწილად, ემიგრაციაში მოღვაწე თეთრგიორგელებს შეეხება.

ყოფ. “სუკ”-ის საარქივო ფონდში დაცული მასალების ნაწილი ცხადჰყოფს, რომ 1942-43 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე დესანტის სახით გადმოსხმული “ქართული ლეგიონი”-ს თეთრგიორგელი ლეგიონერები აღჭურვილნი იყვნენ მათი სამოქმედო ტერიტორიის რუკებით. ერთ-ერთი ასეთი რუკის უკანა მხარეზე არის მისი მფლობელის კუკური ქოჩაკიძის მრავლისმეტყველი მინაწერი, რომელიც ზედმიწევნით ადასტურებს თეთრგიორგელთა სულისკვეთებას. კერძოდ, მინაწერში ვკითხულობთ:
“გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, ღირსეულ და მუდამ ვაჟკაც ერს! დიდი ხანია, ვიბრძვი, რომ მე მოვსწრებოდი ამას. ბედმა ეგრე მარგუნა, რომ რამოდენიმე ხნით ადრე გავხდი მსხვერპლი. ბედნიერი ვარ, რომ ვკვდები ამ მიზნისათვის!
ვუსურვებ ყოველ ქართველს მოსწრებოდეს მრავალტანჯული საქართველოს დამოუკიდებლობას, მზად ყოფილიყოს, რომ მისი მამა-პაპური ანდერძი არ დავიწყებოდეს: “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!”
კიდევ ერთხელ ქართველ ერს და საქართველოს გაუმარჯოს!
K. Kochakidse”

როგორც ცნობილია, 1942 წლის აპრილში გრაფ ფონ დერ შულენბურგის და ქართული პოლიტემიგრაციის მემარჯვენე ფრთის ინიციატივით, ბერლინის სასტუმრო “ადლონში” შედგა შეხვედრები, რომლებიც “ადლონიადის” სახელწოდებითაა ცნობილი. მასში მეტად აქტიური მონაწილეობა მიიღეს “თეთრი გიორგი”-ს მესვეურებმა ლეო კერესელიძემ, მიხაკო წერეთელმა, გიორგი მაღალაშვილმა, აგრეთვე, ზურაბ ავალიშვილმა, შალვა მაღლაკელიძემ, ალ. მანველიშვილმა, სპ. კედიამ, დათა ვაჩნაძემ და სხვებმა. საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის თეიმურაზ ბაგრატიონმუხრანელის პირად ფონდში და ცნობილი პოლიტემიგრანტის შ. ამირეჯიბის პირად არქივში დაცული მასალები ცხადჰყოფს, რომ “ადლონიადა”-ში განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ სწორედ თეთრგიორგელები. ამასთან, ეს მასალები ნათელს ხდის, რომ “თეთრი გიორგი”-ს მესვეურთა აქტიური მონაწილეობით ხსენებულ 1942 წელს დაარსდა “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”, რომელსაც მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა ირაკლი ბაგრატიონმუხრანელი.
მეტად ფასეულია ემიგრანტული ჟურნალების “ბედი ქართლისა”-ს და “ივერიის” 1951-1953 წლების ნომრებში გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც ადასტურებს დარაზმულობის მნიშვნელოვან როლს 1950 წელს “ქართული ეროვნული ცენტრის” დაფუძნებასა და 1950-იანი წლების პირველი ნახევრის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებაში. საკმარისია აღინიშნოს ის გარემოება, რომ 1951-1952 წლებში ეროვნულ-დემოკრატებთან ერთად სწორედ “თეთრი გიორგი” იყო ის ძალა, რომელმაც მკაცრად ამხილა აღნიშნულ წლებში ქართველ სოციალ-დემოკრატთა ანტიქართული ქმედებები. ამას ადასტურებს “ბედი ქართლისა”-ში გამოქვეყნებული მასალები.
ცნობილი პოლიტიკური ემიგრანტის, თვალსაჩინო მეცნიერის, 1946 წელს საბჭოთა უშიშროების მიერ დახვრეტილი პროფესორის ტიტე მარგველაშვილის საგამოძიებო საქმეში არსებული მასალა ადასტურებს, რომ 1941 წელს სწორედ დარაზმულობამ შეასრულა გადამწყვეტი როლი “საქართველოს ეროვნული კომიტეტი”-ს დაარსებაში. შემთხვევითი არ არის, რომ კომიტეტის უცვლელი თავმჯდომარე იყო მიხაკო წერეთელი, ხოლო მისი პერიოდული გამოცემის, – ჟ. “ქართველი ერი”-ს რედაქტორი – კალისტრატე სალია.
აღსანიშნავია ისიც, რომ “ქართული ეროვნული კომიტეტი”-ს და “თეთრი გიორგი”-ს მესვეურთა წარმატებული მუშაობის შედეგად დარაზმულობის რიგებში აღმოჩნდა ამ ორგანიზაციების ძალისხმევით მესამე რაიხის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გამოხსნილი და ვერმახტის “ქართულ ლეგიონში” ჩარიცხული ქართველების უდიდესი ნაწილი. მაგალითად, ამას ადასტურებს ვალ. ტოგონიძის საგამოძიებო საქმეში არსებული მასალა (ყოფ. “სუკ”-ის საარქივო ფონდი).
საინტერესოა ის მასალა, რომელიც შეეხება “თეთრი გიორგი”-ს იმ 3 კონსპირაციული ჯგუფის საქმიანობას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა 1926-1943 წლებში. პირველი ჯგუფი შეიქმნა 1926 წლის შემოდგომაზე და არსებობდა 1937 წლის აგვისტომდე, – ჯგუფის წევრების განადგურებამდე. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა 1920-იანი – 1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე ევგენ (გენო) ღვალაძე. მეორე ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1918-1921 წლების ქართული ეროვნული არმიის პოლკოვნიკი ალექსანდრე ჭავჭავაძე, არსებობდა 1928-1930 წლებში. 1930 წლის სექტემბერში ჯგუფის წევრები დააპატიმრეს და დახვრიტეს იმავე წლის 3 ოქტომბერს.

მესამე კონსპირაციული ჯგუფი კი შეიქმნა 1941 წელს ლევან (მუსტაფა) შელიას ხელმძღვანელობით. 1943 წელს საბჭოთა უშიშროებამ ეს ჯგუფიც გაანადგურა. მუსტაფა შელია ხსენებულ წელს მოკლეს. დახვრეტა მიუსაჯეს ჯგუფის უხუცეს წევრებს ლ. აბდუშელიშვილს (მ. შელიას ბიძა) და ი. სუტას. დანარჩენებს მიუსაჯეს სხვადასხვა ვადით გადასახლება. გადასახლებულთა შორის იყო ამჟამად ცნობილი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი.

ზემოხსენებული ჯგუფების საქმიანობის ამსახველი მასალები დაცულია ყოფ. “სუკ”-ის საარქივო ფონდში და როგორც ემიგრანტულ, ისე საქართველოში არსებულ პირად არქივებში.
ამდენად, წარმოდგენილ მიმოხილვაში ჩვენ შევეხეთ მარტოოდენ მცირე ნაწილს ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის წყაროებისა, რომლებიც ზედმიწევნით წარმოაჩენს ორგანიზაციის ხასიათს და სულისკვეთებას. მათი შესწავლის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ დარაზმულობის სახით საქმე გვაქვს მკაფიოდ გამოხატულ მემარჯვენე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, რომელმაც სამი ათეული წლის მანძილზე ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

(გამოქვეყნდა გაზეთში “ქართული უნივერსიტეტი”, # 55, 2010)

http://burusi.wordpress.com/2010/05/14/levan-z-urushadze-9/

One thought on “ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის ზოგიერთი წყაროს შესახებ

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s