აკაკი ბაქრაძე მიხაკო წერეთელზე

ქართველი კაცი კი არ არის ზარმაცი, არამედ მისი მონური მდგომარეობა იწვევს მცონარეობას. ზარმაცობა მონის თვისებაა. როცა საქართველო თავისუფალი იქნება, მაშინ მთელი მსოფლიო დაინახავს, როგორია ქართველის შრომისმოყვარეობა. თავისუფლება და შრომისმოყვარეობა უერთმანეთოდ არ არსებობენ. ამიტომ, როცა ადამიანის თავისუფლებაზეა ლაპარაკი, შრომის გათავისუფლებაც იგულისხმება და პირიქით, შრომის გათავისუფლება ადამიანის თავისუფლებასაც ითვალისწინებს.
ადამიანისა და შრომის თავისუფლების იდეა მიხ. წერეთლის პუბლიცისტურ მოღვაწეობას წითელ ზოლად გასდევს. 900-იან წლებში ეს პრობლემები ცხარე სჯა-ბაასის საგანი იყო. ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, იცოდა თუ არ იცოდა, შეეძლო თუ არ შეეძლო, მართლა აინტერესებდა თუ არა, ან ტრიბუნაზე იდგა და ცივი ხმით გაჰკიოდა, ან ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში აცოდვილებდა კალამს. გონიერ, ჭკუადამჯდარ კაცს ყურს ნაკლებად უგდებდნენ. სამაგიეროდ დარაფეთები სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით. კაცობრიობის გათავისუფლებლებაზე ოცნებობდნენ და ქართველი ხალხის ბედ-იღბალის მოსაგვარებლად ვერ იცლიდნენ. გურია-იმერეთისა თუ ქართლ-კახეთის დაბა-სოფლებში დაბადებულ-გაზრდილი გოგო-ბიჭები რუსეთის, ინგლისისა თუ საფრანგეთის პროლეტარიატის ხსნაზე ოცნებობდნენ. ჩირად არ უღირდათ კარის მეზობლების ტკივილ-გასაჭირი. ასე ეოცნებებოდათ: თუ კაცობრიობას გაათავისუფლებდნენ, ქართველ ხალხსაც მექანიკურად ეშველებოდა.
ეროვნულ გასაჭირზე ფიქრი და განსჯა ერცხვინებოდათ. საკაცობრიო იდეალებს ებღაუჭებოდნენ.
ამ ვითარებაში ეროვნული პრობლემის მთავარ საკითხად დასმა და კაცობრიობის უარყოფა, როგორც საზოგადოებისა და სოციალური ორგანიზმისა, ცოდნასა და ნიჭიერებასთან ერთად, მოქალაქეობრივ გამბედაობასაც მოითხოვდა.
«იგი (კაცობრიობა _ ა.ბ.) არ ატარებს არავითარ სოციალურ შინაარსს, რადგანაც ამ ერთ მთლიანად ნახევარ ადამიანს არა აქვს გარეგნულად მოწესრიგებული საერთო ცხოვრება. იგი არ წარმოადგენს ერთ სოციალურ სუპერორგანიზმს თავის ორგანოებითა და ფუნქციებით მთელ კაცობრიობის ყველა მოთხოვნილებათა მიზანშეწონილ დასაკმაყოფილებლად. უამისოდ კი სოციალური ორგანიზმი არ არსებობს. დიახ, კაცობრიობა არ არის საზოგადოება…»
«კაცობრიობა, როგორც სოციალური არსი, არ არსებობს. არსებობენ მხოლოდ მისი ნაწილები, რომელთაც აქვთ სოციალური ცხოვრება, რომელნიც წარმოადგენენ სოციალურ სუპერ-ორგანიზმებს».
ამგვარი დასკვნა არა მარტო ანარქიზმის უარყოფა იყო, არამედ სოციალიზმის ყოველგვარი სახეობისა.
სოციალური ორგანიზმი, რომელსაც ერთი მთლიანი საზოგადოებრივი სახე და შინაარსი აქვს, მიხ.წერეთლისათვის ერი იყო.
«ყველაზე უფრო დიდმნიშვნელოვანი, ხანგრძლივი და მედგარი საზოგადოებრივი ორგანიზმი იყო და განსაკუთრებით ეხლა არის ერი».
პრობლემის ასეთი დასმა, ბუნებრივია, ითხოვდა ბევრი საჭირბოროტო კითხვის პასუხს. მიხ.წერეთელმაც მკაფიოდ განსაზღვრა მისი წიგნის მიზანდასახულება.
«არის თუ არა საზოგადოებრივი შინაარსი ერთში (კაცობრიობაში _ ა.ბ.) და მეორეში (ერში _ ა.ბ.)? როგორი ტენდენცია აქვთ ამ მხრით ერსა და კაცობრიობას? როგორი უნდა იყოს სოციოლოგიური დაფასება ჩვენ მიერ კაცობრიობისა და ერისა? რას წარმოადგენს ამ მხრით საქართველოს ერი? როგორი უნდა იყოს ამ ანალიზის შემდეგ იდეალური და პრაქტიკული დასკვნა? _ აი ჩვენი საგანი…»
ყველა ამ საკითხზე პასუხს «ერსა და კაცობრიობაში» იპოვით. ამიტომ არც მე შეგაწყენთ თავს კომენტარებით. მართალი რომ გითხრათ, არც მეშვეობითი აზროვნების ხელშემწყობის როლში მინდა გამოვიდე.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s