კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მიმართვა ქართველ ერს 1918 წლის 26 მაისს

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კირიონ მეორემ გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი და სიტყვა წარმოსთქვა:

“ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა”. (ფს.117.24)

დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა!

დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა. 26 მაისი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ დარჩება ფრიად მნიშვნელოვან დღეთ. აღსრულდა ჩვენი უდიდესი ნატვრა, ჩვენ ნეტარ ხსენებულთა წინაპართა მუდმივი ლტოლვილება. ღმერთმა განუსვენოს იმ თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობისთვის და თავგანწირულად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისათვის. დიდი წვალების შემდეგ იშვა ჩვენი თავისუფლება და ობლის კვერივით გვიან გამოცხვა.
მადლობა ღმერთს! ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ქართველ ხალხს. ეს უდიდესი აქტი ერთხმად მიიღო ყველა წოდების ქართველმა, მიუხედავად პარტიებისა და რწმენისა. აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი. 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავვისუფალ საქართველოში. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაკისრებს დიდ ზრუნვას და დიდ მოქალაქეობრივ სიბრძნე-სიფხიზლეს თხოულობს ჩვენგან.
ერთობაში არის ძალაო, ამბობენ და თუე სეა, ეხლანდელი მომენტი მით უმეტეს მოითხოვს ყველასგან ძმურ შეერთებას და შრომას.
თავისუფლება ის წმინდა და ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია. როდესაც კაცს უბედურება თავზედ დაატყდება დაჰკარგავს მას, ველური კაცის ხარისხზედ ჩამოდის იგი. მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ხცოვრებისა. თავისუფლება ღმრთიური ნიჭია.
ჭეშმარიტი მამულიშვილი მოვალეა, თუ პოლიტიკური გარემოება მოითხოვს, იარაღით ხელში დაიცვას მამაცმა მამულიშვილმა მოპოვებული თავისუფლება. “კაცი ჯაბანი რითა სჯობს-ამბობს უკვდავი შოთა-დიაცსა ქსლისა მბეჭველსა და სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა”.
მაშ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხს!
გაუმარჯოს ყველა იმ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!
მიიღე ეს უძველესი ბაირაღი, რომელიც დიდი სიფრთხილით დაცული იყო ერთს ქართველ ოჯახში და რომელიც არა ერთხელ ჩვენ წინაპართა ძლევამოსილი მოუტანიათ სამშობლოში,-გაუფრთხილდეთ მას, როგორც ეროვნულ სიწმინდეს.
ლოცვა კურთხევა და მადლი უფლისა ჩვენისა გიძღოდეთ და მარად ჰფარვიდეს ქართველ ერს. ამინ!

სცსსა. ლეონიდე ოქროპირიძის პირადი საარქივო ფონდი #1459, საქმე # 40, ფ. 1, 1918 წელი, 26 მაისი.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s