ევგენ (გენო) ღვალაძე – სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაფერფლილი სიცოცხლე

ლევან ზ. ურუშაძე

2010 წლის 13 მაისს შესრულდა 110 წელი ადვოკატის და პუბლიცისტის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) “თეთრი გიორგი”-ს ჯვრის კავალერის, 1921-1937 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის ევგენ (გენო) ღვალაძის (1900-1937) დაბადებიდან.
ევგენ ღვალაძე დაიბადა 1900 წლის 13 მაისს, ზემო იმერეთის სოფელ სვერში, რომელიც ჭიათურიდან 15 კოლომეტრითაა დაშორებული. მისი მამა, არტემ ღვალაძე (1862-1918) გახლდათ მეფის არმიის კავალერიის გადამდგარი ოფიცერი, წმ. გიორგის კავალერი, მანგანუმის მრეწველი, ხოლო დედა, –
ნატალია ბიწაძე (1877-1941), საოჯახო საქმით იყო დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ ღვალაძეების გვარიდან ეს შტო იყო ერთადერთი, რომელმაც მხედრული წარჩინების წყალობით დაწინაურებას მიაღწია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ევგენ ღვალაძის ბაბუის მამა, – დათიკი ღვალაძე (1770-იანი წლების შუა ხანები – 1850-იანი წლების დამდეგი) იყო სვერის ცნობილი ციხე-სიმაგრის უკანასკნელი ნაცვალი (მოურავის მოადგილე), იმერეთის 1810-1811 წლების ანტირუსული აჯანყების აქტიური მონაწილე და სვერის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის (აიგო 1801 წელს) ქტიტორი. ხსენებული ციხის ნაცვალი იყო მისი მამაც, – იოსები. სოფელი იმდენად დიდ პატივს სცემდა დათიკის, რომ იგი მისივე ხელმძღვანელობით აგებულ ეკლესიაში დაკრძალეს. ევგენ ღვალაძის ბებია (მამის დედა), – მართა ჯაფარიძე დედით წერეთელი და იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარის მოძღვრისა და აღმზრდელის სვიმონ წერეთლის ბადიში იყო. იმავდროულად, იგი იყო იმერთა მეფის დავით II-ის (ზეობის წლები 1783-1790) ჩამომავალი.
ღვალაძეების ოჯახის ახლო ნათესავები იყვნენ გამოჩენილი ეროვნული მოღვაწეები, ძმები ვასილ და მიხეილ (მიხაკო) წერეთლები, ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, კეთილმოწესე დეკანოზი იოსებ წერეთელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ისტორიის პროფესორი ალექსანდრე (ალიოშა) წერეთელი, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი წერეთელი, თვალსაჩინო სამართლისმცოდნე, აკადემიკოსი თინათინ (თიკო) წერეთელი, ცნობილი მრეწველი, ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე ვლადიმერ (ლადი) წერეთელი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) ეროვნული არმიის პოლკოვნიკი, 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი ეკო წერეთელი, რუსული და ბოშური რომანსების ცნობილი შემსრულებელი თამარ წერეთელი, ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ელეფთერ ღვალაძე, ბიოქიმიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი ვარლამ ღვალაძე და სხვანი. ევგენ ღვალაძის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია მისმა ნათლიამ, ცნობილმა ექიმმა, პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ, 1917-1919 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრმა, 1917 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ვასილ წერეთელმა (1862-1938).
1917 წელს გენო ღვალაძემ დაამთავრა ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელი, სადაც მას ასწავლიდნენ ცნობილი პედაგოგები და საზოგადო მოღვაწეები ივანე (ვანო) გომელაური და ნიკოლოზ (ნიკო) ჯაყელი. აქვე ასწავლიდა მას მისი უფროსი ბიძაშვილი, ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ელეფთერ ღვალაძე.
იმავე 1917 წლის დამლევს ევგენ ღვალაძე სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა თბილისში. იმავე წელს, ცნობილი პუბლიცისტის და პოლიტიკური მოღვაწის სეით დევდარიანის რჩევით ის გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში და იყო მისი წევრი 1923 წლამდე.
1918 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთანავე, უნივერსიტეტთან გაიხსნა სრული გიმნაზიის სტატუსით მოქმედი სასწავლებელი, – “საერთო განათლების კურსები”, რომელიც მისი დირექტორის, პროფესორ შალვა ნუცუბიძის პატივსაცემად, იმთავითვე იქნა სახელდებული “ნუცუბიძის კურსებად”. სასწავლებლის გახსნისთანავე ევგენ ღვალაძე ჩარიცხულ იქნა კურსების პირველ ჯგუფში. აქ მასთან ერთად სწავლობდა მისი მომავალი მეუღლე, შემდგომში ცნობილი მკვლევარი-ბიბლიოგრაფი და პედაგოგი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე თამარ კუცია-ღვალაძე (1902-1986).

აღნიშნულ გიმნაზიაში გენო ღვალაძესთან ერთად სწავლობდნენ შემდგომში ცნობილი მოღვაწენი: ტერენტი გრანელი, მარკოზ ტუღუში, ისიდორე მანწკავა და სხვანი. აქ მათი პედაგოგები იყვნენ გამოჩენილი მამულიშვილები: მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვასილ ბარნოვი (ბარნაველი), პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, პროფესორი გიორგი ახვლედიანი, პროფესორი შალვა ნუცუბიძე, პროფესორი დიმიტრი უზნაძე, პროფესორი გიგო ნათაძე, ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ერასტი ფაღავა, პროფესორი მიხეილ ზანდუკელი, ცნობილი ლექსიკოგრაფი ალექსანდრე ნეიმანი და სხვანი. სასწავლებელი ევგენ ღვალაძემ წარჩინებით დაასრულა 1920 წელს (პირველი გამოშვება).
გიმნაზიის დასრულებისთანავე, 1920 წლის ივლისში, გენო ღვალაძე გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში და ითხოვა საქართველოს ეროვნულ არმიაში ჩარიცხვა. მანმადე, 1918 წელს, იგი გახდა საქართველოს სამხედრო კავშირის წევრი, ხოლო 1919 წელს მიღებულ იქნა საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში დაზარალებულთა დამხმარე საზოგადოება “გიორგი”-ს წევრად. გარდა ამისა, 1919 წელს, როგორც მოხალისე, ე. ღვალაძე მონაწილეობდა თურქი ასკერების წინააღმდეგ ბრძოლებში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და ლეიტენანტის წოდებით განამწესეს იმ დივიზიაში, რომელსაც სათავეში ედგა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.
1921 წლის თებერვალში პორუჩიკმა ევგენ ღვალაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში, რაც სათანადოდ იქნა დაფასებული: ხსენებული წლის 20 თებერვალს მას ფრონტის ხაზზე გადაეცა “თეთრი გიორგი”-ს ჯვარი. იმავე წლის მარტში მან ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო აჭარასა და ბათუმში შემოსული თურქული სამხედრო შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლაში. გენერალ მაზნიაშვილის და მისი დივიზიის ძალისხმევის შედეგად აჭარის მთელი ტერიტორია გაიწმინდა თურქი ასკერებისგან, რომლებიც ბოლშევიკურ რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ.
ამის შემდეგ ე. ღვალაძეს ურჩიეს გაჰყოლოდა გემს, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების წევრები და ოფიცრობა უნდა ჩაეყვანა საფრანგეთში… მან უარი თქვა ამ წინადადებაზე და დაბრუნდა თბილისში.
თბილისში დაბრუნებისთანავე, ევგენ ღვალაძე აქტიურად ჩაება იატაკქვეშა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში. 1922 წლის 26 მაისს მან, როგორც საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა (ჯგუფს ხელმძღვანელობდა კონსტანტინე გამსახურდია), მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მანიფესტაციის ორგანიზებაში. ეს გახლდათ პირველი მასშტაბური ანტისაოკუპაციო აქცია, რომელმაც, რეალურად, ააგორა დაუმორჩილებლობის მთელი შემდგომი ტალღა. ეს საგანგებოდ არის ხაზგასმული ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში, კერძოდ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის ვლასა მგელაძის მოგონებებში. საპროტესტო მანიფესტაცია დასრულდა სობოროსთან (სადაც დღეს პარლამენტის შენობაა). აქ გადაწყვეტილი იყო მიტინგის ჩატარება.
სიტყვის წარმოთქმა მოასწრეს კონსტანტინე გამსახურდიამ, სეით დევდარიანმა და ევგენ ღვალაძემ. ავადსახსენებელი ჩეკა-ს (საგანგებო კომისიის) ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მიტინგი ალყაში მოაქციეს, ხოლო ორგანიზატორები, მათ შორის ე. ღვალაძე, დააპატიმრეს. ისინი მოათავსეს მეტეხის ციხის ერთეულ საკნებში. ხსენებული მანიფესტაციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცაკ-ის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი) შენობასთან და ათი დღის მანძილზე მოითხოვდნენ დაპატიმრებულთა გათავისუფლებას.
დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ცაკ-ის თავმჯდომარე ფ. მახარაძე იძულებული გახდა, გამოეცხადებია ამნისტია და მანიფესტაციის ორგანიზატორები თითქმის ორკვირიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ, წინააღმდეგობის მოძრაობის უფრო კოორდინირებულად წარმართვის მიზნით, იმავე 1922 წლის შემოდგომაზე, ემიგრაციაში მოქმედ ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, შეიქმნა “საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების იატაკქვეშა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი” (იგივე “დამოუკიდებლობის კომიტეტი”, ან “დამკომი”), რომელსაც დაეკისრა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოძრაობის კოორდინირება. დამკომის პირველი თავმჯდომარე გახლდათ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გოგიტა ფაღავა, ხოლო მისი დაპატიმრების შემდეგ, 1923 წელს, მას სათავეში ჩაუდგა ასევე დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრი კონსტანტინე ანდრონიკაშვილი. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო ეროვნულდემოკრატიული პარტიის ცნობილი მოღვაწე იასონ ჯავახიშვილი.
ევგენ ღვალაძე, როგორც იმხანად სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, აქტიურად მონაწილეობდა დამკომის საქმიანობაში. 1922-1924 წლებში იგი ასრულებდა კახეთში დამკომის რწმუნებულის მოვალეობას და მჭიდრო კავშირი ჰქონდა პოლკოვნიკ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილთან და მის შეფიცულებთან. გარდა ამისა, მას ორთაჭალაში ჰყავდა ჯგუფი, რომელსაც ყოველი კვირის დამლევს ევალებოდა სურსათ-სანოვაგის მომზადება შეფიცულთა რაზმისთვის.
კონსპირაციის მიზნით, დამკომის რწმუნებულები კომუნიკაციისთვის იყენებდნენ ფსევდონიმებს. ასეთი ფსევდონიმი ჰქონდა ევგენ ღვალაძესაც, – “ახალგაზრდა”, რაც დასტურდება როგორც მისი მეუღლის, – თამარ კუცია-ღვალაძის მოგონებებში, ისე პარიტეტული კომიტეტის (დამკომის) საგამოძიებო საქმეში, რომელიც სრული სახით 1994 წელს გამოსცა ო. კალანდარიშვილმა (გვ. 62-63). ერთ-ერთ ჩვენებაში მითითებულია, რომ ჩეკისტების მიერ ხევსურეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1922 წლის ოქტომბრის დამლევს, თელავის მაზრის სოფელ პანკისში ქაქუცას შეფიცულთა ნაწილს შეხვდა დამკომის საგანგებო დავალებით მისული “ახალგაზრდა”, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც პარიტეტული კომიტეტის სახელით გადასცა გადაწყვეტილება შეიარაღებული გამოსვლების დროებით შეჩერების შესახებ.
სწორედ იმ დროს შეფიცულებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქაქუცას აშროშანის ტყისკენ ჰქონდა გეზი აღებული მათთან ხსენებულ ტყეში შესახვედრად. შეფიცულები და “ახალგაზრდა” ერთად გაემართნენ აშროშანის ტყისკენ. “ახალგაზრდამ” ქაქუცას გადასცა პარიტეტული კომიტეტის დავალება, რაზეც ჩოლოყაშვილის დადებითი პასუხი მიიღო.
1923 წლის დამდეგს, გამცემლობის გზით, ჩეკამ მოახერხა დამკომის სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელის, გენერალ კოტე აფხაზის და ცენტრის 14 წევრის დაპატიმრება. დამკომისთვის ცნობილი გახდა გამცემლის ვინაობა: ეს გახლდათ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური მთავარი კომიტეტის ყოფილი წევრი კალე მისაბიშვილი (იხ.: საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალმდებლო დასკვნა), ო. კალანდარიშვილის გამოცემა, თბილისი, 1994, გვ. 74-75). ყოველივე ამან მთლიანად შეცვალა დამკომის (პარიტეტული კომიტეტის) გეგმები. როგორც ცნობილია, გენერალი კოტე აფხაზი და მისი 14 თანამებრძოლი (მათ შორის გენერლები ვარდენ წულუკიძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და როსტომ მუსხელიშვილი) დახვრიტეს 1923 წლის 20 მაისს, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.
1923 წლის შემოდგომაზე ევგენ ღვალაძემ დატოვა სოციალდემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის რიგები. 1924 წლის 22 აგვისტოს დასკვნით სხდომაზე, რომელიც შიო-მღვიმის მონასტერში გაიმართა, დამკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანტიბოლშევიკური ეროვნული აჯანყება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაწყებულიყო ხსენებული წლის 29 აგვისტოს. სამწუხაროდ, მენშევიკების შეუთანხმებელმა და დესტრუქციულმა მოქმედებამ განაპირობა ის, რომ ჭიათურაში შეიარაღებული გამოსვლები დაიწყო 24 საათით ადრე. ამან ჩაშალა ერთდროული მოქმედების გეგმა (იხ.: ვ. ჩუბინიძე, მოგონება, წიგნი მეორე, პარიზი, 1953, გვ. 253-286; კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია, საგანგებო კომიტეტის სპეციალური ანგარიში #6 კომუნისტური აგრესის შესახებ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ოთხმოცდამესამე კონგრესი, მეორე სხდომა, HH.ღეს.346 და H.ღეს.438, 1954 წ. 31 დეკემბერი, აშშ, ვაშინგტონი, 1955, ქართული თარგმანი, თბილისი, 2007, გვ. 30-32). მიუხედავად ამისა, ქაქუცას შეფიცულთა მოქმედებამ კახეთსა და დუშეთის მაზრაში, მიხეილ ლაშქარაშვილის რაზმის მოქმედებამ შიდა ქართლში, გურიის მხარეში სერგო მათითაიშვილისა და ავთანდილ ურუშაძის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა ოპერაციამ, ამბოხებულთა მოქმედებამ სენაკის მაზრაში და ჭიათურის შეიარაღებულმა გამოსვლებმაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს. აჯანყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის გახლდათ, რომ მან დიდად შეუწყო ხელი ქართველ საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების ამაღლებას.
1924 წლის 29 აგვისტოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ჩეკამ განახორციელა აჯანყების მონაწილეთა მასობრივი დაპატიმრებები. ბევრი დახვრიტეს ყოველგვარი გასამართლების გარეშე. ამის ნათელი მაგალითია სისასტიკის თვალსაზრისით ის უპრეცედენტო დახვრეტები, რომლებიც განხორციელდა შორაპნის მაზრაში. აშშ-ის კონგრესის 1955 წელს გამოცემულ სპეციალურ მოხსენებაში, რომელიც საქართველოს ოკუპაციას შეეხება, მითითებულია, რომ სიკვდილით დასაჯეს 7,000-იდან 9,000-მდე ადამიანი და გადაასახლეს 20,000. 1924 წლის 5 სექტემბერს დააპატიმრეს ევგენ ღვალაძეც. იგი მეორეჯერ აღმოჩნდა მეტეხის ციხეში, მოათავსეს სიკვდილმისჯილთა საკანში. ამ დროს მისი პატარა ვაჟი, – ნოდარი 10 თვის იყო. მეუღლე ყოველ მეორე დღეს მიდიოდა მეტეხის ციხესთან, რათა საჭმელი შეეგზავნა მისთვის გადასაცემად. 1925 წლის მარტის ერთ სუსხიან დილას, ბავშვთან ერთად მისულს, უარი უთხრეს. თამარი მიხვდა, რომ ცუდად იყო საქმე, აღარ იცოდა რა გზას დასდგომოდა. ამ დროს მას ციხის რეგისტრატორმა უხმო და ჩასჩურჩულა, – მე გაგიგებთ, თუ რა ბედი ეწია თქვენ მეუღლეს, აქ დამელოდეთო. ოცი წუთის შემდეგ რეგისტრატორი დაბრუნდა და ასეთი რამ უთხრა თამარს: სამწუხაროდ, საიმედოსვერაფერს გეტყვით, თქვენი მეუღლე მძიმედ არის დაავადებული, ორი დღეა უგონოდაა, ციხის მორგშია ჩაყვანილი და არა მგონია, ვინმემ შეძლოს მისი გადარჩენაო. სასოწარკვეთილი თამარი შალვა ნუცუბიძესთან მივიდა, რომელიც მათი მეჯვარე იყო. იმხანად სახელოვანი მეცნიერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი იყო და საზოგადოებაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. შალვამ თამარს თხოვა, რომ სახლში წასულიყო, ნუ იღელვებ, ბავშვს მიხედე, მე აუცილებლად მოვახერხებ რამესო, – დააიმედა. ამის შემდეგ, მივიდა ევგენ და თამარ ღვალაძეების მეორე მეჯვარესთან, იმხანად უკვე სახელოვან მწერალთან გრიგოლ რობაქიძესთან და ოჯახის ახლო მეგობართან, ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან სეით დევდარიანთან. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რეჟიმი სამივეს “საბჭოთა წყობილებისთვის უცხო, საეჭვო ელემენტად” თვლიდა, გადაწყვიტეს ცაკ-ის თავმჯდომარესთან ფ. მახარაძესთან მისვლა. ამ უკანასკნელს სთხოვეს ევგენ ღვალაძის გათავისუფლება და საამისო მყარი არგუმენტიც წარუდგინეს: პატიმარი აგონიაშია, მისი გადარჩენა შეუძლებელია, ამიტომ, მიეცით ოჯახს უფლება, რომ გულის საოხებლად მისი საფლავი მაინც ჰქონდეთო. მახარაძემ ხელქვეითებს ინფორმაციის გადამოწმება უბრძანა. მცირე ხნის შემდეგ მიიღო ინფორმაციის სისწორის დადასტურება და მანაც ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას.
გენო ღვალაძე სახლში უგონოდ მყოფი, საკაცით მიიყვანეს. მას ცოლის დის, შემდგომში ცნობილი პედიატრის ანა (ანიკო) კუცია-ჩოჩიას თხოვნით, ერთი თვის მანძილზე თავზე ადგა პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი.
სიკვდილთან ერთთვიანი ჭიდილის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა. მაგრამ, ახლა ოჯახს მეორე უბედურება დაატყდა თავს. ვინაიდან, მთელი გულისყური ევგენის გადარჩენაზე იყო გადატანილი, სათანადო ყურადღება ვეღარ დაუთმეს პატარა ნოდარს, რომელსაც ფილტვების ანთება დაემართა. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს სიცოცხლის ბოლომდე მოუშუშებელი ჭრილობა იყო გენოსთვის: იგი ბოლომდე გულის ჯიბით ატარებდა ნოდარის სურათს და როდესაც 1937 წელს, ხელახალ დაპატიმრებამდე ორი თვით ადრე კვლავ ვაჟი შეეძინა, მასაც ნოდარი დაარქვა.
გამოჯანმრთელების შემდეგ ევგენ ღვალაძემ განაახლა არალეგალური პოლიტიკური მოღვაწეობა. გარდა ამისა, 1926 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის სოციალური (იურიდიული) განყოფილება. ეს გახლდათ თბილისის უნივერსიტეტის იურისტთა პირველი გამოშვება. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ სახელოვანი ქართველი მეცნიერები: ივანე ჯავახიშვილი (რომელიც ქართული სამართლის ისტორიის და საქართველოს ეკონომიური ისტორიის კურსებს კითხულობდა), ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გიორგი გეხტმანი, ალექსანდრე ვაჩეიშვილი და სხვანი. ევგენის მეგობრები და კოლეგები ერთხმად მიუთითებდნენ, რომ იგი იყო ფართოდ ცნობილი იურისტის, პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი და უნიჭიერესი მოწაფე. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მან გადაწყვიტა ე. ღვალაძის იქვე საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვება (რაც, გვიანდელი ასპირანტურის ტოლფასი იყო), მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა ამ შემოთავაზებაზე (იხ.: ნატა ჩხეიძე, არდავიწყება ღვაწლისა.- ჟ. “მნათობი”, # 12, 1990, გვ. 165).
1926 წლის ნოემბერში ევგენ ღვალაძე აირჩიეს საქართველოს დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრად, რასაც ადასტურებს მის არქივში დაცული მოწმობა. კოლეგიის წევრი იყო იგი 1931 წლის დამდეგამდე და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მის საქმიანობაში (იხ.: საქართველოს დამცველთა კოლეგიის წევრთა საერთო კრების ოქმები, საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, აღწ. 1, საქმე 7). მისი უახლოესი მეგობარი, ცნობილი სამართლისმცოდნე ვლადიმერ (ვოლია) მაყაშვილი იგონებდა, რომ გენო ღვალაძის დაცვითი სიტყვები სასამართლო მჭერმეტყველების საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენდა (იხ.: ნატო ჩხეიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 167). მას ჰქონდა მყარად ჩამოყალიბებული პრინციპები, რომელთა ერთგული იყო ტრაგიკულ აღსასრულამდე. იურისპრუდენციაში, კერძოდ კი ადვოკატურაში, იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ეთიკის ნორმებს. ამის ნათელი დასტურია მისი სტატია “ადვოკატურა და ეთიკა”, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთის “ტრიბუნა” 1922 წლის ნოემბრის ორ ნომერში. მაშინ სტატიის ავტორი სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო. მოვიხმობთ ერთ ადგილს სტატიიდან: “მრავალგზის დასმულა როგორც იურიდიულს კანონმდებლობაში, ისე ლიტერატურაშიც შემდეგი საკითხი: “უნდა მიიღოს თუ არა ვექილმა ყოველი საქმე, რომელსაც მას შესთავაზებს თავისი კლიენტი?” ეს საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეთიკასთან, იმ ფილოსოფიურს მოძღვრებასთან, რომელიც იკვლევს ადამიანთა ზნეობის საკითხს… ვექილი დიახაც უნდა იყოს აღიარებული კერძო პიროვნების უფლებების დამცველად, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი კეთილდღეობის პოზიციიდან. ამდენად, ვექილი სასამართლოში საზოგადოების რწმუნებულია. მაშასადამე, ვექილმა ყოველი საქმის დაცვის მომენტში უნდა იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი ინტერესებით. საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის მორალის მოთხოვნა კანონის მოთხოვნაზედ მაღალია.” აღსანიშნავია, რომ წერილის დასაწყისი რედაქციის ნახელავია, რამაც დიდად აღაშფოთა ავტორი. ამის გამო მას სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა “ტრიბუნის” გამომცემლებთან. სწორედ საბჭოთა რეჟიმის მანკიერმა სასამართლო პოლიტიკამ, მოსამართლეთა ამორალურმა მოქმედებამ მოგვიანებით, 1931 წელს, ევგენ ღვალაძე აიძულა პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა დამცველთა კოლეგიის რიგები.
1924 წლის ოქტომბერში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთა ინიციატივით, პარიზში შეიქმნა ეროვნული პოლიტიკური გაერთიანება, – ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”, რომლის ლიდერები და მთავარი იდეოლოგები 1925 წლიდან გახდნენ სახელოვანი მამულიშვილები: გენერალი ლეო კერესელიძე (1885-1944) და პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965), რომელიც ევგენ ღვალაძეს ბიძად ეკუთვნოდა (მიხაკოს მამა და ევგენის ბებია ღვიძლი ბიძაშვილმამიდაშვილები იყვნენ). დარაზმულობის ლოზუნგი (ანუ “ყიჟინა”, როგორც მას უწოდებდნენ თეთრგიორგელები) გახლდათ: “საქართველო უპირველეს ყოვლისა!”. მის ერთადერთ სანუკვარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს გამოხსნა საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან.
1926 წლის შემოდგომაზე თბილისში შეიქმნა ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”-ს პირველი კონსპირაციული ჯგუფი და მის ხელმძღვანელად დაინიშნა ევგენ ღვალაძე. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა იგი ავადსახსენებელი 1937 წლის 9 აგვისტომდე, – დაპატიმრებამდე. ჯგუფის მოვალეობას შეადგენდა “თეთრი გიორგი”-ს საპროგრამო მასალებისა და პერიოდული გამოცემების საქართველოში გავრცელება, ეროვნულ-პოლიტიკური ხასიათის პროკლამაციების მომზადება და გავრცელება და ა.შ. დარაზმულობის სპეციალურ, კუმშვად ქაღალდზე ნაბეჭდი პერიოდული გამოცემები ფარულად, დიდი რისკის ფასად, შემოჰქონდათ თურქეთიდან, იქაური ქართული სათვისტომოს დახმარებით.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ ევგენ ღვალაძის უახლოესი მეგობრები: გამოჩენილი პოეტი და მამულიშვილი ტერენტი გრანელი (რომლის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა 1934 წელს), გამოჩენილი ეროვნული მოღვაწეები, პროფესორები ალექსანდრე (ალიოშა) წერეთელი (გადასახლებული იყო შუა აზიაში 1935-1956 წლებში) და ვახტანგ კოტეტიშვილი (დახვრიტეს 1937 წელს).
ჯერ კიდევ 1916 წლიდან ქართულ პერიოდიკაში ქვეყნდებოდა გენო ღვალაძის ჯერ ნაკვესები, შემდეგ კი ეროვნული ხასიათის პუბლიცისტური წერილები, უფრო იშვიათად ლექსებიც. მისი წერილები ქვეყნდებოდა ჟურნალგაზეთებში: “სამშობლო”, “ჩვენი მეგობარი”, “საქართველო”, “ახალი კვალი”, “ახალი სხივი”, “ლომისი”, “ტრიბუნა” და სხვა. მისი ფსევდონიმები გახლდათ: “გ.”, “გენო”, “ახალგაზრდა”, “გ.-ელი”, “ვინმე”. მისი რამდენიმე წერილი ფსევდონიმებით არის გამოქვეყნებული ქართულ ემიგრანტულ გამოცემებშიც (“თეთრი გიორგი”, “თავისუფალი საქართველო”, “დამოუკიდებელი საქართველო”). მაგალითად, გაზეთის “დამოუკიდებელი საქართველო” (პარიზი) 1933 წლის 86-92 ნომრებში “გენო”-ს ფსევდონიმით გამოქვეყნდა მისი საყურადღებო ნაშრომი “აფხაზეთი უახლოეს წარსულში და დღეს”. მასში წამოჭრილია ბევრი ისეთი საკითხი, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია დღესაც. სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა რომანი “დიმიტრია ბლაჟა (რომანი ნაგლეჯებში)”. სამწუხაროდ, რომანის ხელნაწერი კონფისკებულ იქნა 1937 წელს და დღეს დაკარგულად ითვლება. საინტერესოა წერილები მეუღლისადმი, რომლებიც ზედმიწევნით ახასიათებს ავტორს, როგორც უაღრესად მაღალზნეობრივ, სამშობლოს და ოჯახისთვის თავდადებულ პიროვნებას.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ევგენ ღვალაძის ნაწერებიდან.
“მონობის და ნაციონალური ჩაგვრის ატმოსფეროში მყოფი ერისთვის ნორმალური განვითარების პირობები დახშულია – რუსეთის ცარიზმის დროს საქართველო სწორედ ამნაირ პირობებში იმყოფებოდა. მძაფრი გამარუსებელი პოლიტიკა, უკონტროლო თარეში ქართულ ნაციონალურ იდეალებისადმი მძულვარებით გაჟღენთილი რუსის ბიუროკრატიისა, უხეშად არღვევდა ქართველი ერის ნაციონალურ მთლიანობას და შეუძლებლად ხდიდა ქართველ კულტურულ ძალების თავისუფალ განვითარებას. ნაციონალური სხეულის საშინელი რღვევისა და სრული განადგურების საბედისწერო პერსპექტივის წინაშე ქართველ მოღვაწეთა ენერგია იჭიმებოდა და საშინელ წინააღმდეგობას უწევდა ცარიზმის უხეშ პოლიტიკას. მდგომარეობა აიძულებდა ამ მოღვაწეებს ცხოვრების ყოველნაირს სფეროში შეჭრილიყვნენ, რადგანაც არც ერთი დარგი ჩვენი ცხოვრებისა რუსეთის იერიშებისაგან დაზღვეული და უზრუნველყოფილი არ იყო. ერთი და იგივე კაცი პოლიტიკოსიც იყო, ეკონომისტიც და მწერალიც, პოეტიც. მდგომარეობა საშუალებას არ აძლევდა ჩვენს მოღვაწეს დამშვიდებულის გულით მთელი თავისი ძალ-ღონე შეეწირა იმ საქმისათვის, რომლისთვისაც ნიჭი მოსდევდა”. – აღნიშნულია წერილში “აცდენილი გზით”, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ “ლომისი”-ს 1922 წლის მე-13 ნომერში.
“შუადღისას წავიძინე. ერთი უსინდისო ბაღლინჯო ამოცოცებულიყო და უღმერთოდ მწოვდა სისხლს. დავიჭირე, შეეცადა გაქცევას, მაგრამ ამაოდ… ცოტა ხანს იზოლატორში მყავდა: ამას მოითხოვდა წესი პროცესის. დაე, ბაღლინჯოსთვის ეს იყოს წინასწარი გამოძიების სტადია… შემდეგ გავასამართლე და, ვინაიდან, იგი მტერია კაცთა მოდგმის, მისთვის გავიმეტე უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა. ჩვენც ასე გვემართება… ალბათ, ჩვენც ამა ცხოვრების ბაღლინჯოები ვართ: ვკბენთ ერთმანეთს და ვათავებთ სიცოცხლეს.”-წერდა ევგენ ღვალაძე მეუღლეს თავის ერთ წერილში (1928 წ.).
1935 წელს დააპატიმრეს პროფესორი ალექსანდრე წერეთელი და ჯგუფთან დაახლოვებული რამდენიმე პიროვნება. მართალია, ისინი დააპატიმრეს ბრალდებით, რომელსაც შეხება არ ჰქონდა “თეთრი გიორგი”-ს კონსპირაციული ჯგუფის საქმიანობასთან, მაგრამ, ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით გასცლოდნენ თბილისს. სწორედ 1935 წელს პროფესორ გიორგი ახვლდიანის თაოსნობით გორში გაიხსნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი. ჯგუფის წევრები გადავიდნენ გორში და ხსენებულ ინსტიტუტში განაგრძეს მოღვაწეობა. სამწუხაროდ, მათ აქაც მისწვდა საბჭოთა სპეცსამსახურების მსახვრალი ხელი. 1937 წლის 9 აგვისტოს დააპატიმრეს ევგენ ღვალაძე. ხსენებული წლის 5 ოქტომბერს “საქართველოს სსრ შინსახკომის” ე.წ. “დიდმა სამეულმა” მას მიუსაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი ათი დღის შემდეგ, – 1937 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.
ასე დაქვრივდა გენო ღვალაძის მეუღლე, – თამარ კუცია-ღვალაძე, ასე დაობლდა მათი ოთხი შვილი, რომელთაგან სულ უმცროსი, – ნოდარი მხოლოდ 5 თვის გახლდათ…
2009 წლის ნოემბერში ჭიათურის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა ევგენ ღვალაძის სახელი…
(გამოქვეყნდა გაზეთში “ქართული უნივერსიტეტი”, ## 65-66, 2010)

http://burusi.wordpress.com/2010/05/31/levan-z-urushadze-10/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s