სიკვდილის კონვეირი

1937 წლის ივნისში, მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმი ჩატარდა, სადაც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (შინსახკომი) პარტიისგან ხალხის მტრებთან საბრძოლველად საგანგებო უფლებები მიიღო – შინსახკომს გამოძიების პროცესში პატიმრების წამების ნება დართეს.

დაკავებულთა წინააღმდეგ ფიზიკური მეთოდების გამოყენებას სტალინის საიდუმლო დირექტივა ადასტურებდა. დირექტივის შინაარსი 1937 წლის ივლისში, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ნიკოლაი ეჟოვმა ჩეკისტების ხელმძღვანელ რგოლს სპეციალურ თათბირზე, პირადად გააცნო. საბჭოთა კავშირის ციხეებში პატიმრების ოფიციალურად ნებადართული წამება სწორედ ამ დირექტივის შემდეგ დაიწყო.

დირექტივა იმდენად საიდუმლო იყო, რომ მის შესახებ მხოლოდ შინსახკომისა და პარტიული აპარატის ვიწრო წრემ იცოდა. გამოძიების პროცესში წამების ოფიციალური დაშვება სტალინმა ასე ახსნა: «შინსახკომის საგამოძიებო პრაქტიკაში ფიზიკური ზემოქმედების მეთოდების გამოყენება პარტიის ცეკას თანხმობით ხდება. ცნობილია, რომ ყველა ბურჟუაზიული დაზვერვის სამსახურები იყენებენ ფიზიკური ზემოქმედების მეთოდებს სოციალისტური პროლეტარიატის წინააღმდეგ და ხშირად ეს ყველაზე საზიზღარ ფორმებს იღებს. ისმის კითხვა – რატომ უნდა იყოს სოციალისტური დაზვერვა ჰუმანური ბურჟუაზიის აგენტების მიმართ, რომლებიც მუშათა კლასის და კოლმეურნეების დაუძინებელი მტრები არიან? ცეკა მიიჩნევს, რომ ფიზიკური ზემოქმედების მეთოდები აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული შემდგომშიც, ხალხის მტრების წინააღმდეგ.”

მართალია, გამოძიების პროცესში წამების დაშვების ოფიციალური დირექტივა 1937 წლის ივნისში გაიცა, მაგრამ პატიმრების წინააღმდეგ ფიზიკური ზემოქმედების მეთოდებს შინსახკომში მანამდეც, კარგა ხნით ადრე იყენებდნენ. ჩვენების მისაღებად ადამიანების წამება ბოლშევიკების პრაქტიკაში ჩეკას ჩამოყალიბებისთანავე გაჩნდა. ჩეკა თავის იდეურ მტრებს ყოველთვის სასტიკად უსწორდებოდა და ქაღალდზე დეკლარირებულ ადამიანის უფლებებს და კანონებს არაფრად აგდებდა. სტალინის დირექტივამ მხოლოდ ოფიციალური სახე მისცა იმას, რაც ისედაც არსებობდა – თუ ადრე, გამომძიებლები გარეგნულად მაინც ცდილობდნენ საგამოძიებო პროცედურის დაცვას, 1937 წელს ამის საჭიროება აღარ იყო.

1937 წელს საქართველოს შინსახკომში პატიმრების წამება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თუ როდის დაიწყო და ვისი ბრძანებით მოქმედებდნენ ჩეკისტები, წლების შემდეგ გამოირკვა. 1953 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ, ლავრენტი ბერია დააპატიმრეს. მასთან ერთად ციხეში ჩასვეს მისი მომხრეები. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი სერგო გოგლიძე იყო. სასამართლო პროცესზე მსჯავრდებულის რანგში მყოფმა გოგლიძემ განაცხადა: «პატიმრების მასობრივ ცემას და წამებას 1937 წლის გაზაფხულიდან ვაწარმოებდით. მარტში, საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ლავრენტი ბერია მოსკოვის მივლინებიდან დაბრუნდა და მიბრძანა, ცეკაში დამებარებინა შინსახკომის ყველა რგოლის ხელმძღვანელი რესპუბლიკის მასშტაბით. როდესაც ყველა შეიკრიბა, ბერიამ მოხსენება გააკეთა. მოხსენებაში ცეკას მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინსახკომის ორგანოები ცუდად იბრძვიან მტრების წინააღმდეგ, გამოძიების პროცესს აჭიანურებენ იმ დროს, როდესაც ხალხის მტრები ქუჩაში თავისუფლად დასეირნობენო. ბარიამ თქვა, რომ თუ პატიმარი არ იძლევა ჩვენებას, გამომძიებელმა მის წინააღმდეგ ფიზიკური ზემოქმედების მეთოდები უნდა გამოიყენოთო. ამ თათბირის შემდეგ საქართველოს შინსახკომში პატიმრების მასობრივი ცემა დავიწყეთ.”

1937 წელს პატიმრების წამებას და საერთოდ, რეპრესიებს საფუძველი 1934 წელს ჩაეყარა. 1934 წლის 1 დეკემბერს, ლენინგრადის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ძველი ბოლშევიკი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი სერგეი კიროვი მოკლეს. იმავე დღეს, სტალინის დადგენილება გამოქვეყნდა, რომელმაც ქვეყანაში რეპრესიების დაწყების საჭირო იურიდიული საფუძველი შექმნა:

1. ბრალდებულთა საქმეები, რომლებიც ტერორისტული აქტის მომზადებაში, ან მის განხორციელებაში იმხილებიან, განიხილოს არა უგვიანეს 10 დღის ვადაში;

2. საქმეები მოსმენილ იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე;

3. განაჩენის გასაჩივრება და შეწყალებაზე თხოვნის შეტანა დაუშვებელია;

4. უმაღლესი სასჯელი აღსრულდეს განაჩენის გამოტანიდან დაუყოვნებლივ.

ამ დადგენილებით, ნებისმიერს, ვინც ტერორისტულ გაზრახვაში იქნებოდა ეჭვმიტანილი, ფაქტობრივად, სასამართლოს გარეშე დახვრეტდნენ. ცხადი გახდა, რომ სტალინი პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას იწყებდა და კიროვის მკვლელობას საბაბად იყენებდა. 1936 წლისთვის სტალინმა აბსოლუტურ ძალაუფლებას მიაღწია და ყოფილი თანამებრძოლების ფიზიკურ განადგურებას შეუდგა. ბელადის მტრების სიაში, პირველი ადგილი ძველ ბოლშევიკურ გვარდიას და, პირველ რიგში, ლევ ტროცკის აქტიურ მომხრეებს ეჭირათ.

რეპრესიების სქემა, რომელმაც შემდეგ მთელი ქვეყანა მოიცვა, საკმაოდ მარტივი იყო: საბჭოთა კავშირში სტალინის ყველა ფარული თუ აშკარა მოწინააღმდეგე ფიზიკურად უნდა განადგურებულიყო. მაგრამ ეს პროცესი შინსახკომს ისე უნდა წარემართა, რომ ხალხს რეპრესიებისთვის ტაში დაეკრა. ანადგურებდნენ ძველ რევოლუციონერებს, რომლებსაც მასებში დიდი გავლენა და სახელი ჰქონდათ. ამიტომ საჭირო იყო სისტემის მოფიქრება, რომელიც უბრალო მოქალაქეს, ამ სახის რეპრესიების აუცილებლობაში დაარწმუნებდა. ამ მხრივ, ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, რომ დაპატიმრებულებს თავად ეღიარებინათ დანაშაული. ამისთვის კი პატიმრების წამება იყო საჭირო, რათა მათ ღია სასამართლო პროცესზე, მთელი მოსახლეობის თვალწინ, თავად დაედასტურებინათ საკუთარი ბრალეულობა.

1936 წლის ზაფხულში, ძველი ბოლშევიკების (კამენევი-ზინოვიევი) პირველი ღია სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ციხეში დამუშავებულმა 16-მა მსჯავრდებულმა დანაშაული აღიარა. აღიარების მიხედვით, ძველი ბოლშევიკები საზღვარგარეთ დევნილ ლევ ტროცკის დაუკავშირდნენ და მისი ხელმძღვანელობით, ტერორისტულ-კონტრრევოლუციური ცენტრი ჩამოაყალიბეს. განსასჯელების თქმით, ეს ცენტრი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა. აღიარების შემდეგ 16-ვე განსასჯელი დახვრიტეს. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მოსკოვში შემუშავებული გეგმით, შინსახკომს ყველა რესპუბლიკაში უნდა აღმოეჩინა მსგავსი ტერორისტული ცენტრი, რომელსაც კონსპირაციული კავშირი მოსკოვის მთავარ ორგანიზაციასთან ექნებოდა. ასეთი სისტემა ქვეყანაში მასობრივი დაჭერების საშუალებას იძლეოდა.

ისევე როგორც საბჭოთა კავშირში, საქართველოშიც მასობრივი დაპატიმრებები 1936 წლის მიწურულს და 1937 წლის დასაწყისში დაიწყო. რადიო ყოველდღე ხალხის მტრების სიას და საჩვენებელ სასამართლო პროცესებს გადმოსცემდა. გაზეთის ფურცლები მყვირალა სათაურებით იყო აჭრელებული. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში ნაკლებად ერკვეოდა და პირადად არც დაპატიმრებულებს იცნობდა, სამთავრობო ინფორმაციას ბრმად იღებდა. მას სჯეროდა, რომ ირგვლივ შენიღბული მტრები მოქმედებდნენ.

იჭერდნენ ყველას: პარტიულ და სახელმწიფო ჩინოვნიკებს, სახალხო კომისრებს, რაიკომის მდივნებს, გლეხებს, მუშებს, მეცნიერებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს. საშინელი აბსურდი იმ დონემდე მივიდა, რომ შინსახკომის მიერ საბჭოთა კავშირში აღმოჩენილი არალეგალური ორგანიზაციების რიცხვმა სახელმწიფო ორგანიზაციებისას გადააჭარბა:

ქვეყნის ყველა სფეროს და დარგს საკუთარი კონტრრევოლუციური ცენტრი ჰქონდა. არალეგალური ცენტრი აღმოაჩინეს არმიაში, სადაც სამხედროები ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდნენ. მავნებლები იყვნენ მძიმე მრეწველობაში, რომლებიც ქარხნებსა და ფაბრიკებში დივერსიებს აწყობდნენ. ხალხის მტრები მოქმედებდნენ სოფლის მეურნეობაში, სადაც მოწამლულ სიმინდს თესდნენ და საქონელს განგებ ხოცავდნენ. კონტრევოლუციურად აზროვნებდნენ რაიკომის მდივნები, რომლებიც ტროცკისტებთან იყვნენ დაკავშირებულნი. მხატვრები ბურჟუაზიულ ნახატებს ქმნიდნენ, მწერლები მავნე ნაწარმოებს წერდნენ, ხოლო მსახიობები ტერორისტულ აქტებს პირდაპირ სპექტაკლებზე ამზადებდნენ.

ყოველი მეორე უცხო ქვეყნის აგენტი იყო. გამოდიოდა, რომ 1937 წელს საბჭოთა მოქალაქის მთავარი შემოსავალი, ხელფასის ნაცვლად, ჯაშუშური საქმიანობიდან აღებული გასამრჯელო იყო.

არ არსებობდა რაიმე წესი, ან პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში ვინმე იტყოდა, რომ მას არ დააპატიმრებდნენ. ადამიანის დასაჭერად ანონიმური წერილიც საკმარისი იყო. ქვეყანაში მოქმედი კანონები მოქალაქეს პირდაპირ ავალდებულებდა დასმენას. სისხლის სამართლის კოდექსის 58 მუხლის მე-12 პუნქტი: «მოქალაქე, რომელმაც იცოდა, კონტრრევოლუციური დანაშაულის, ან მისი მზადების შესახებ და არ შეატყობინა სათანადო ორგანოებს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ 6 თვისა.”

სასჯელი 6 თვიდან იწყებოდა და ზედა ზღვარი არ გააჩნდა. ქვეყანაში შიში და უნდობლობა გაჩნდა. ამხანაგების წრეში უბრალო ლაქლაქი მოულოდნელად შინსახკომისთვის ხდებოდა ცნობილი. მეგობრისთვის ნათქვამ უწყინარ სიტყვებს დაკითხვაზე გამომძიებელი კონტრრევოლუციურ ხასიათს აძლევდა და თანამოაზრეების დასახელებას ითხოვდა.

შინსახკომის მიერ უბრალო მოქალაქეების აგენტებად გადაბირებამ მასიური ხასიათი მიიღო. საქართველოში გაჩნდნენ მოქალაქეები, რომლებიც დასმენით არსებობდნენ. ისინი სხვადასხვა დაწესებულებებში სპეციალურად ესწრებოდნენ კრებებს, გამომსვლელთა სიტყვას იწერდნენ და იქ პოლიტიკურ შეცდომებს ეძებდნენ. ასეთ მოხალისეებს შინსახკომი ყველანაირად ახალისებდა. დაპატიმრებული მოქალაქის კონფისკირებული ქონებიდან დამსმენი სარგებელს იღებდა. აბეზღებდნენ შურის, თანამდებობის, ანგარების, ან უბრალოდ ნივთის გამოც. ადამიანი ციხისთვის შეიძლება ზამთრის პალტოს გამო გაეწირათ. თბილისში უამრავი კონსპირაციული ბინა მოქმედებდა, სადაც ორგანოს თანამშრომლები დამსმენისგან როგორც წერილობით, ასევე ზეპირ ინფორმაციას იღებდნენ.

მოხუცმა ფეხსაცმლის მკერავმა მუშაობისას მახათი გაზეთში ჩაარჭო და გაზეთში დაბეჭდილ სტალინს უნებურად თვალი გაუხვრიტა. ამის შესახებ შინსახკომს იმ მოქალაქემ აცნობა, რომლისთვისაც მკერავი ფეხსაცმელს ამზადებდა. მოხუცს სტალინზე ტერორისტული აქტის მომზადება დააბრალეს და დახვრიტეს.

ბორჯომის ჩამოსასხმელი ქარხნის მუშის მოვალეობაში სპეციალური აპარატით ბოთლებში ჩასხმული მინერალური წყლის გაზირება შედიოდა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ ზოგიერთ პარტიაში მუშა ბორჯომს გაზს განზრახ აკლებდა. ეს საბჭოთა კავშირის ეკონომიკის დასუსტების მცდელობად შეფასდა. დივერსიისთვის მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

საავადმყოფოს ექთანმა, რომელიც ღამის ცვლის შემდეგ, დილით შინ დაბრუნდა და დასაძინებლად მოემზადა, დერეფანში რადიოს ჩაუწია. გოგონა კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა, ხოლო რადიო მთავრობის დადგენილებებს გადმოსცემდა. მისმა მეზობელმა შინსახკომში იჩივლა – მობინადრეებს მთავრობის სიტყვის მოსმენას გვიშლისო. ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით, ექთანი 10 წლით გადაასახლეს.

საყოველთაო შიში იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანებმა წინააღმდეგობის და პროტესტის უნარი საერთოდ დაკარგეს. მეზობლის დალუქული კარების დანახვაზე მოქალაქე მაისურაძე ისეთ პანიკაში ჩავარდა, რომ სამი დღე სახლიდან არ გადიოდა – იგი ხომ დაპატიმრებულ მეზობელთან სწორედ დაპატიმრების წინა დღეს ქეიფობდა. ყოველ ღამე კიბეებზე ფეხის ხმას სულგანაბული უსმენდა, დილით კი გასაღების ჭუჭრუტანიდან მეზობლის კარებზე დადებულ პლომბს უყურებდა. ასეთ ყოფას მაისურაძემ დიდხანს ვერ გაუძლო და შინსახკომში აღიარებით თავად გამოცხადდა. მან გამოძიებას გულწრფელად უთხრა, რომ სუფრაზე ანტისაბჭოთა ანეგდოტი მოისმინა.

ტერორმა პიკს 1937 წლის ზაფხულში მიაღწია. 30 ივლისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ეჟოვმა სპეციალური ბრძანება გამოსცა. N00447 ბრძანებით, შინსახკომს ხალხის მტრების წინააღმდეგ რეპრესიების გაძლიერება დაევალა. მომდევნო სამი თვის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, 270 ათასი ადამიანი უნდა დაეპატიმრებინათ. დასაპატიმრებელი კონტიგენტი ორ კატეგორიად იყოფოდა. პირველ კატეგორიას 80 ათასი მოქალაქე შეადგენდა, რომლისთვისაც დახვრეტის განაჩენი უნდა გამოეტანათ, დანარჩენებს 10 წლით ციმბირის ბანაკებში ასახლებდნენ. თითოეულ რესპუბლიკას მოსკოვიდან რეპრესიების გეგმა გაეგზავნა. ხალხის დაჭერაში რესპუბლიკებს შორის სოციალისტური შეჯიბრება მოეწყო.

საქართველოსთვის გამოყოფილი ქვოტებით, 1937 წლის 10 დეკებრამდე 1500 ადამიანი უნდა დაეხვრიტად. 15 აგვისტოს ეჟოვის კიდევ ერთი ბრძანება გამოვიდა. ამ ბრძანებამ ისედაც გადატენილ ციხეებში პატიმართა ახალი ნაკადი გამოიწვია. კონტრრევოლუციის ბრალდებით დაპატიმრებული ყველა მოქალაქის მეუღლეს, გამოძიების გარეშე, 8 წლით ციმბირში ასახლებდნენ. ცოლებს ბრალს იმაში დებდნენ, რომ ქმრის დანაშაულის შესახებ შინსახკომს არ აცნობეს. იყო შემთხვევა, როდესაც ოჯახი მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ გააფრთხილეს. ცოლ-ქმარმა ითათბირა და ბავშვების გადარჩენის მიზნით, ცოლმა ქმარი შინსახკომში დაასმინა. ქმარი დააპატიმრეს და დახვრიტეს. ცოლი რეპრესიებს გადარჩა.

საქართველოში რეპრესიებმა ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ შინსახკომს ოპერაციებისთვის თანამშრომლები აღარ ჰყოფნიდა. ჩეკისტების დასახმარებლად კომუნისტურმა პარტიამ კადრების მობილიზაცია გამოაცხადა. თბილისის საქალაქო კომიტეტმა შინსახკომში ახალგაზრდა მუშაკები მიავლინა, რომლებიც გამომძიებლებთან თანაშემწის მოვალეობას ასრულებდნენ. მათ ძირითადად აგენტურულ-ოპერატიულ სამუშაოზე, აგრეთვე ჩხრეკისა და დაპატიმრების ოპერაციებზე ასაქმებდნენ.

მართალია, პატიმარს ციხეში ერთ თვეზე მეტ ხანს არ აჩერებდნენ, მაგრამ საქართველოს საპყრობილეებში, გადატვირთვის გამო, დაკავებულების მიღება მაინც ვერ ხერხდებოდა. პერმანენტული დაჭერების გამო, დახვრეტილი და გადასახლებული მსჯავრდებულის ადგილი უცებ ივსებოდა. 1937 წლის შემოდგომაზე საკნებში მუდმივად 12 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

მიხეილ ბელონოჟკო (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველი 1937-1938 წლებში): «შინსახკომის ციხეში მე ვასრულებდი შემდეგ სამუშაოს: ვაკონტროლებდი კორპუსს, გამყავდა პატიმრები დაკითხვაზე, ვმონაწილეობდი დახვრეტის ოპერაციებში და ვმარხავდი დახვრეტილებს. 1937-1938 წლები ძალიან მძიმე პერიოდი იყო. მე ორი წელი შვებულებაშიც კი არ მიშვებდნენ, რადგან ძალიან ბევრი სამუშაო გვქონდა.”

რეპრესიების ასეთ მასშტაბს აწყობილი საგამოძიებო სისტემა უზრუნველყოფდა. კონტრრევოლუციის ბრალდებით ციხეში მიყვანილი პატიმარი ვალდებული იყო ტერორისტულ-დივერსიულ-ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრები დაესახელებინა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ ასეთი ორგანიზაცია ბუნებაშიც არ არსებობდა. მთავარი იყო გამოძიებას საკონტროლო ციფრისთვის მიეღწია. თუ რომელიმე დაწესებულების ხელმძღვანელს იჭერდნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ახლო მომავალში ციხეში აღმოჩნდებოდა ამ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის 50 პროცენტი მაინც. გამოძიების ლოგიკა ამ შემთხვევაში ასეთი იყო: თუ დაწესებულების (ქარხნის, ფაბრიკის, წარმოების დირექტორი, რაიკომის მდივანი, ფერმის გამგე და ა.შ.) ხელმძღვანელი ყოფილი ოპოზიციონერი და ტროცკისტი იყო, მას თავის ორგანიზაციაში აუცილებლად ექნებოდა კონტრრევოლუციურ-ტერორისტული დაჯგუფება, სადაც მისი თანამშრომლები იქნებოდნენ გაწევრიანებულნი. ასეთი მიდგომა დაჭერების უწყვეტ, უსასრულო და ყოვლისმომცველ პროცესს იწვევდა.

დაკითხვის მეთოდი გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების არმიცემას, უბრალოდ, გამორიცხავდა. პატიმრის წინააღმდეგ ისეთ საშინელ მეთოდებს იყენებდნენ, რომ გამომძიებლის მიერ შედგენილ ყალბ ჩვენებას ხელს თითქმის ყველა აწერდა.

პატიმრის კომპლექსური დამუშავება ციხეში მიყვანისთანავე იწყებოდა. შინსახკომის ზოგიერთ ციხეში, ახალმიყვანილ პატიმარს, რომელიც ღამით, თბილი ლოგინიდან ძალით წამოაგდეს, 10 კვადრატული მეტრის სპეციალურ ოთახში (ბოქსი) ტენიდნენ, სადაც ერთბაშად 50 ადამიანი იმყოფებოდა. ეს ერთგვარი «კარანტინი” იყო, სადაც დაკავებულს 2-3 დღე საკვებისა და სასმელის გარეშე ამყოფებდნენ. მათ გარეთ საერთოდ არ უშვებდნენ. «ხალხის მტრები” იძულებულნი იყვნენ პირდაპირ შარვალში მოესაქმათ. უჰაერობისა და სიმყრალისგან ზოგიერთი პატიმარი ფეხზე მდგომი კვდებოდა. ბოქსში ისეთი სიმჭიდროვე იყო, რომ გარდაცვლილს იატაკზე ვერ ასვენებდნენ და გვამი სხვებთან ერთად ფეხზე რჩებოდა. ასეთი პირობების შემდეგ, გარეთ გამოყვანილი ადამიანი ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მზად იყო, ყველაფერზე მოეწერა ხელი.

იყო შემთხვევა, როდესაც ბოქსში ადგილი არ იყო და ახალმოყვანილი პატიმარი დერეფანში სკამზე დასვეს. მის გვერდით მცველი დააყენეს და ფეხზე ადგომა აუკრძალეს. პატიმარი სამი დღე და ღამე გაუნძრევლად იჯდა.

შინსახკომში როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური წამების მეთოდებს იყენებდნენ. გამოძიება პირველ ეტაპზე ფსიქოლოგიურ შეტევას აწარმოებდა. წამების კვალის გარეშე საჭირო ჩვენების მიღება შინსახკომში განსაკუთრებით ფასობდა. ყველაზე მარტივი გზა პატიმრის გადაჭედილ საკანში, დაკითხვის გარეშე რამდენიმე კვირით გაჩერება იყო. 1937-1938 წლებში, 25 პატიმარზე გათვლილ საკნებში 140 ადამიანი იმყოფებოდა. საპირფარეშოში გასვლა საკნის ბინადრებს დღეში მხოლოდ ერთხელ შეეძლოთ. კამერაში ისეთი სიმჭიდროვე იყო, რომ ტემპერატურა 40-50 გრადუსს აღწევდა. ამას ემატებოდა ერთმანეთში არეული ფეკალიების, ოფლის და სისხლის აუტანელი სუნი.

პატიმართა დიდი ნაკადის გამო, შინსახკომის შიდა ციხეში სიკვდილმისჯილთათვის ცალკე საკანი არ არსებობდა. საკანში როგორც დასახვრეტად განწირული ადამიანი, ასევე ჯერ კიდევ ძიების პროცესში მყოფი პატიმარი იჯდა. როდის და ვის გაიყვანდნენ დახვრეტაზე, არავინ იცოდა. ზედამხედველის მიერ საკნის კარის გაღებას ყველა შიშით ხვდებოდა. ახალმოყვანილი პატიმრისთვის სიკვდილთან ასეთი რეალური შეხება დამატებითი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო.

ევტიხი სურმავა (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველი 1937-1938 წლებში): «1937 წელს შინსახკომის შიდა ციხეში პატიმრები საკნებში ძლივს ეტეოდნენ. სიმჭიდროვის გამო საკანებში ფეხზე იდგნენ. ისეთი მძიმე ჰაერი იყო და ისეთი საშინელი სუნი იდგა, რომ ზედამხედველები ცვლის ბოლოს მთვრალებივით დავდიოდით და მუდმივად თავი გვტკიოდა. უამრავი სამუშაო გვქონდა. თითოეულ ზედამხედველს ერთ ღამეს საკნებიდან დაკითხვაზე 300-ზე მეტი პატიმრის გაყვანა უხდებოდა.”

გამომძიებლის ოთახში წამების მეთოდები გამომძიებლის ფანტაზიაზე იყო დამოკიდებული. ზოგიერთი ჩეკისტი დაპატიმრებულს არ სცემდა, მაგრამ ისეთ მდგომარეობამდე მიჰყავდა, რომ ხალხი ფსიქიურად იშლებოდა. წამების ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი უძილობა და ფეხზე დგომა იყო. პატიმარს ოთახში ფეხზე რამდენიმე დღე აყენებდნენ და წაქცევისა და ძილის საშუალებას უსპობდნენ. დაღლილობისგან ადამიანს ფეხები უსივდებოდა, ხოლო უძილობისგან თვალის გუგები და სასა უშრებოდა, ენა უსივდებოდა. წაქცეულს ზედამხედველები ცემდნენ და ისევ ფეხზე აყენებდნენ. პატიმარი მანამდე იდგა, სანამ გონებას არ დაკარგავდა. იგი საკანში გადაჰყავდათ, რამდენიმე საათს აჩერებდნენ და შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

გიორგი ლაზარევი (შინსახკომის ოპერრწმუნებული 1937-1938 წლებში): «მეუბნეოდნენ, რომ ეს ადამიანები ხალხის მტრები იყვნენ და ამიტომ უფროსების ყველა მითითებას უსიტყვოდ ვასრულებდი. მე ვმორიგეობდი იმ პატიმრებთან, რომლებიც, ბრძანების მიხედვით, რამდენიმე დღე ფეხზე უნდა მდგარიყვნენ. მახსოვს, იყო შემთხვევები, როდესაც დაპატიმრებულები უგონოდ ვარდებოდნენ. ასეთ პატიმრებს შემდეგ საკნებში ვაბრუნებდით. დაკითხვებისას პატიმრები ყოველთვის სმენაზე უნდა მდგარიყვნენ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენი ხანი მიმდინარეობდა დაკითხვა – ისინი სულ ფეხზე იდგნენ.”

არსებობდა ე.წ. «კონვეირის” მეთოდით დაკითხვა. ამ მეთოდის დროს პატიმარს რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად ჰკითხავდნენ. მას დასვენების საშუალებას არ აძლევდნენ, გამომძიებლები კი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ყოველ ჩათვლემაზე გამომძიებელი დაკავებულს გამეტებით ურტყამდა და კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვდა.

ხშირად იყენებდნენ შიმშილით წამებას. შინსახკომის თანამშრომლის ბრძანებით, კონკრეტულ პატიმარს რამდენიმე დღე აშიმშილებდნენ, შემდეგ კი გამომძიებლის ოთახში გაშლილ სუფრასთან დასვამდნენ, მაგრამ ჭამის უფლებას არ აძლევდნენ.

გამომძიებელი ლევან აბაშიძე მიხეილ ჯავახიშვილს დასცინოდა და აბუჩად იგდებდა. მას, როგორც მწერალს, ორი მასიური ჩემოდანი სქელტანიანი წიგნებით გაუვსეს და მთელი დღე გაშლილი ხელებით დაჭერას აიძულებდნენ.

მაგრამ სასურველი ჩვენების მისაღებ ყველაზე გავრცელებულ მეთოდად შინსახკომის ციხეში მაინც პატიმრების სასტიკი ცემა ითვლებოდა. გამომძიებლები განსასჯელებს ურტყამდნენ რეზინის ხელკეტებს, მათრახს, სქელტანიან წიგნებს, რკინით ნაჭედ ჩექმებს. შინსახკომის ციხეში დაკითხვების პერიოდი ღამე იყო. საკნიდან დერეფანში გამოსულ პატიმარს, საგამოძიებო ოთახებიდან ყვირილის, ცემის და გინების ხმა ესმოდა.

სტეპან კოვშოვი (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველი 1937-1938 წლებში): «გამომძიებლები პატიმრებს დაკითხვისთვის საღამოს იძახებდნენ და დილის 5-6 საათზე აბრუნებდნენ საკნებში. ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. მახსოვს ჩვენთან ერთი აჭარელი იჯდა. მეზობელ საკანში კი მისი ცოლი იყო, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავდა. ეს ბავშვი მოჰყავდათ ძუძუს საჭმელად საკანში. შემდეგ ორივე ცოლ-ქმარი მოკვდა ციხეში.

ზოგიერთი გამომძიებელი დაკითხვებს დღისითაც აწარმოებდა. მაგალითად: კრიმინი, სავიცკი, ხაზანი, პარამონოვი. ისინი პატიმრებს ჩვენებებზე ხელის მოწერას აიძულებდნენ. როდესაც პატიმრებისგან საჭირო ჩვენებებს იღებდნენ, მათ იმავე ღამეს ხვრეტდნენ. ეს გამომძიებლები ხანდახან კომენდატურაშიც მოდიოდნენ, სადაც პატიმრებს დასახვრეტად ვამზადებდით და ხელებს ვუკრავდით. ისინი ჩვენს მუშაობას აკვირდებოდნენ.”

ევტიხი სურმავა (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველი 1937-1938 წლებში): «იყო შემთხვევები, როდესაც დაკითხვაზე პატიმარი წამებისგან კვდებოდა. მახსოვს, გამომძიებელმა აივაზოვმა ცემით მოკლა პატიმარი კიკიბერია. მე თვითონ გავიტანე ცხედარი მისი კაბინეტიდან. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ კრიმიანი, სავიცკი, ძმები აივაზოვები. ბევრი იყო ისეთი პატიმარი, რომლებსაც ცემის შემდეგ საკნებში ცოცხალ-მკვდარს ვაბრუნებდით. მე ვიხსენებ, რომ დაკითხვის შემდეგ ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე პეტრე აღნიაშვილი, რომელსაც გამომძიებელი კრიმიანი და სავიცკი ჰკითხავდნენ, უგონო მდგომარეობაში გაგვყავდა.

სასტიკად აწამებდნენ მამია ორახელაშვილს, შალვა ელიავას, ქართველიშვილს და ბუდუ მდივანს. ეს პატიმრები საკანში ხელში აყვანილი გადამყავდა, რადგან მათ სიარული აღარ შეეძლოთ და უგონოდ იყვნენ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ბუდუ მდივანის შვილი არჩილი, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ მას ტყუილ-უბრალოდ აწამებენ, რომ, თუ მამა დამნაშავეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილიც ასევე უნდა აწამონ.”

კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში საქმიანობის ბრალდებით დაკავებული ვინმე ევგენი ბარამიძე გამომძიებელმა ფეოხარიმ და კოვალჩუკმა პირველივე დღეს სასტიკად სცემეს, მაგრამ ბარამიძემ დანაშაული არ აღიარა. ამის შემდეგ, ბარამიძეს თითებს შორის ფანქარი ჩაუდეს და ბრტყელტუჩა მოუჭირეს, რის შედეგადაც თითები დაემტვრა. შემდეგ დამტვრეულ თითებში მახათი გაუყარეს. როდესაც ბარამიძე მაინც არ გატყდა, მას ტანსაცმელი გახადეს, იატაკზე დააგდეს და რკინის მავთულიანი მათრახით გონის დაკარგვამდე ცემეს. ბარამიძეს ერთი კვირის განმავლობაში აწამებდნენ, რის შემდეგაც მან ყალბ ჩვენებას ხელი მოაწერა.

თამარა ტესტოვა (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ექთანი 1937-1938 წლებში): «მე პირადად ვიყავი მïწმე, თუ როგორ ეპყრობოდნენ გამომძიებლები პატიმრებს. როგორც წესი, მათი კაბინეტიდან პატიმრები სასტიკად ნაცემები ბრუნდებოდნენ, ზოგიერთი მათგანი საკანში უგონო მდგომარეობაში მოჰყავდათ. პატიმრებს მოტეხილი თითები, ცემისგან ტანზე საშინელი წყლულები და სისხლჩაქცევები ჰქონდათ. რეზინის ხელკეტებისგან ფეხის გულებზე კანი აღარ ჰქონდათ და ამის გამო, სიარული აღარ შეეძლოთ. ძალიან ხშირად დავდიოდი გამომძიებლების კაბინეტებში გამოძახებაზე, რათა გონზე მომეყვანა წამებისგან გულწასული პატიმრები. ასეთ საშინელებებს ვეღარ გავუძელი და 1940 წელს სამსახური დავტოვე.”

განსაკუთრებული სისასტიკით გამომძიებელი ხაზანი გამოირჩეოდა. ხაზანი ოდესელი ებრაელი იყო. კომუნისტური წყობის ფანატიკურად ერთგული გამომძიებელი თავისუფლებაზე მყოფ მოქალაქეებს ფარულ ტროცკისტებად თვლიდა და ყველას ეჭვით უყურებდა. კაბინეტში სპეციალურ კარტოთეკას ინახავდა. ორი ათასზე მეტ დოსიეში ინფორმაცია იმ პირებზე ირიცხებოდა, ვისაც ხაზანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდა.

ხაზანი პატიმრებს პირველივე დაკითხვაზე სცემდა. როდესაც მთავარ ჩვენებას მიიღებდა, საქმეს უკვე მისი თანაშემწეები ასრულებდნენ. იგი აკონტროლებდა ციხეში დამსმენთა სისტემას. პატიმრების რიცხვიდან სუსტი ნებისყოფის ადამიანებს არჩევდა და საკნებში აგენტებად იყენებდა.

ერთხელ აგენტმა ხაზანს საკნიდან საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილე ბუდუ მდივანზე შემდეგი სახის ინფორმაცია მიაწოდა: «გუშინ ბუდუ მდივანმა საკანში თქვა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი რომ იყოს, საქართველოსთვის უფრო მეტს გააკეთებდა, ვიდრე გიორგი სააკაძემ გააკეთა.” შინსახკომის მიერ შედგენილი სქემით, ბუდუ მდივანი საქართველოში ტროცკისტულ-ტერორისტულ-დივერსიულ ცენტრს ხელმძღვანელობდა. ამიტომ მასზე ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო. ხაზანმა, რომელსაც საქართველოს ისტორიაზე წარმოდგენა არ ჰქონდა, თანაშემწეს გიორგი სააკაძის ადგილსამყოფელის დადგენა, მისი დაპატიმრება და დაკითხვა დაავალა.

კონსტანტინ სავიცკი (შინსახკომის ოპერრწმუნებული 1937-1938 წლებში): «ხაზანს სხვა გამომძიებლების კაბინეტებში სიარულის ჩვევა ჰქონდა. თუ ამჩნევდა, რომ რომელიმე გამომძიებელი პატიმარს შედარებით ლმობიერად ექცეოდა და საჭირო სიმკაცრეს არ იჩენდა, ბრაზდებოდა. ასეთ შემთხვევაში იგი პატიმრის ცემას თავად იწყებდა. ამასთან ითხოვდა, რომ პატიმარი დაკითხვაზე სულ ფეხზე ყოფილიყო.”

შინსახკომის თანამშრომელთა შორის სირცხვილად ითვლებოდა თუ დღეში ერთ აღიარებით ჩვენებას მაინც ვერ მიიღებდნენ. ჩეკისტებს შორის პატიმრების «გატეხვაში” ნამდვილი სოცშეჯიბრება ეწყობოდა. გამოძიების ბოლოს პატიმრები უკვე ვეღარ აზროვნებდნენ. წამების შედეგად ზოგი ჭკუიდან იშლებოდა, ზოგი კი თავს იკლავდა. ბრალდებულები ხშირ შემთხვევაში დაკითხვის ცარიელ ფურცლებს აწერდნენ ხელს, რომელსაც გამომძიებელი შემდეგ საკუთარი ფანტაზიით ავსებდა. შინსახკომის ციხეში ავტორიტეტი არ არსებობდა. აქ ყველა განწირული იყო: მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პარტიული ხელმძღვანელი თუ თანამდებობის პირი. ოთხი თვე აწამებდნენ რეჟისორ სანდრო ახმეტელს; დააპატიმრეს მისი მეუღლე თამარ წულუკიძე, რომელიც, გამომძიებლის ბრძანებით, სამი დღე ვირთხებით სავსე კარცერში მოათავსეს, ბერია პირადად სცემდა მწერალ მიხეილ ჯავახიშვილს, აწამეს ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ინჟინერი ვლადიმერ ჯიქია, ბაქტერიოლოგი გოგი ელიავა, კომპოზიტორი ევგენი მიქელაძე და ა.შ. განსაკუთრებული სისატიკით ექცეოდნენ მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთა საქმეებიც ბერიას პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი:

სერგო დავლიანიძე (შინსახკომის ოპერრწმუნებული 1937-1938 წლებში): «ბერია ცეკადან მოდიოდა ციხეში თავის პირად მცველთან მიხეილ გვიშიანთან ერთად. გოგლიძის და ქობულოვის კაბინეტში ჩერდებოდა და პირადად იღებდა მონაწილეობას პატიმრების ცემაში. ძირითადად დაპატიმრებულ ცეკას მდივნებს, სახალხო კომისრებს და მაღალი თანამდებობის პირთა დაკითხვებსა და ცემას ესწრებოდა. დაკითხვის ოქმებს ბერიას რეზოლუციები ედო, რომელიც გოგლიძეს და ქობულოვს უნდა შეესრულებინათ. რეზოლუციები ასეთი შინაარსის იყო: «დააპატიმრეთ, ცემეთ, დახვრიტეთ”.

იმ პატიმრებისთვის, რომლებზეც ჩვეულებრივი დაშინება ან წამება არ მოქმედებდა, ბერიას მითითებით, ციხეში სპეციალური კარცერი იყო მოწყობილი. კარცერი სარდაფში მდებარეობდა და მისი ფართობი სულ 2 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. კედელზე რამდენიმე რიგად რკინის მილები იყო განლაგებული, რომელიც საქვაბესთან იყო დაკავშირებული. მილებში ცხელი ორთქლი გადიოდა. როდესაც სისტემას ჩართავდნენ, საკანში ტემპერატურა 60 გრადუსს აჭარბებდა. ერთი მეტრის სიმაღლეზე ცხელი ორთქლის ბუღი იდგა, რომელიც კანს სწვავდა. ცხელ საკანში პატიმარი თბილ, ზამთრის ტანსაცმელში იყო გაკოჭილი და დღე-ღამეში მხოლოდ ერთ ჭიქა წყალს და 300 გრამ პურს აძლევდნენ. ზამთრის პერიოდში ამ კარცერს, როგორც მაცივარს ისე იყენებდნენ. საკანში ფანჯარას აღებდნენ, იატაკზე წყალს ასხამდნენ, ან თოვლი შეჰქონდათ და პატიმრებს ამ საყინულეში შიშვლებს კეტავდნენ.

ევტიხი სურმავა (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველი 1937-1938 წლებში): «ერთხელ «ცხელ” საკანში შესვლა ვცადე და ერთი წუთითაც ვერ გავჩერდი. როგორც კი კარი გავაღე, სახეში გავარვარებული ჰაერი მომხვდა, რომელმაც კანი დამიწვა. ასეთ საკნებში, გამომძიებლების მითითებით, პატიმრებს რამდენიმე დღე ამყოფებდნენ. იყო ერთი დაპატიმრებული – ბაინდუროვი. იგი «ცხელ” საკანში ორი დღით მოათავსეს, მერე აიყვანეს გამომძიებელთან და დაკითხვის დროს უმოწყალოდ სცემეს. ამის შემდეგ ისევ «ცხელ” საკანში ჩამოიყვანეს. ვეღარ გაუძლო წამებას და მოკვდა. მისი ცხედარი მე თავად ვნახე.”

თამარა ტესტოვა (თბილისის შინსახკომის შიდა ციხის ექთანი 1937-1938 წლებში): «ამ საკნებთან მიახლოვება ჩვენ კატეგორიულად გვეკრძალებოდა. მახსოვს, ჩემთან მოიყვანეს ბუდუ მდივანი, რომელიც რამდენიმე დღე «ცხელ” საკანში ამყოფეს. იგი უგონო მდგომარეობაში იყო. გონზე მოსაყვანად მე მას ნემსი გავუკეთე, რის შემდეგაც იგი დაკითხვაზე წაიყვანეს.”

1937-1938 წლებში განხორციელებული რეპრესიების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ამ წლებში 1 მილიონ 600 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, 682 ათასზე მეტი – დახვრიტეს.

საქართველოში, ციხეში დაახლოებით 63 ათასი ადამიანი მოხვდა, 20 ათასამდე – დახვრიტეს. უზარმაზარი სიების გათვალისწინებით, საქართველოში რეპრესირებულთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ რესპუბლიკაში არსებული საპყრობილეები პატიმრებს ვეღარ იტევდა.

http://24saati.ge/index.php/category/news/2010-04-10/5272.html

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s