ქართველთა მეფეების საერთაშორისო კონტაქტებისა და მათი დესპანების ვინაობის შესახებ XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნეში

თეა ქარჩავა

ევროპისა და აღმოსავლეთის ურთიერთობა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად იყო გამოვლენილი. ზოგჯერ ეს ურთიერთობა სუსტდებოდა, ზოგჯერ ძალზე საგრძნობი იყო. ისეც ხდებოდა, რომ სრულიად განსხვავებული კულტურის ერები ერთიანი იმპერიების ფარგლებში ექცეოდნენ, ისტორიას რელიგიური ომებიც ახსოვს (ჯვაროსნული ომები). თუმცა, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, რომელიც აღმოსავლურსა და დასავლურ კულტურებს ითავსებდა და საკმაოდ ბუნებრივ ხიდს წარმოადგენდა ევროპასა და აზიას შორის, ვითარება რამდენადმე შეიცვალა. ისლამური ოტომანთა იმპერია აქტიური სამხედრო კამპანიის შემდეგ XV საუკუნის ბოლოსთვის საბოლოოდ გაფორმდა ხმელთაშუაზღვისპირეთის ორგანული ნაწილად და ხმელეთზედაც აქტიურად იფართოებდა დასავლეთის მიმართულებით საზღვრებს. ქრისტიანულ ევროპას ადრეც ელოდა საფრთხე მუსლიმთაგან, თუმცა ასე მასშტაბურად – არასოდეს. ამიტომაც, ჯვაროსნული ბრძოლის იდეაც გაცოცხლდა და არაერთი ანტიოსმალური კოალიციაც შეიქმნა (ზოგი შედეგიანი და ზოგიც უდღეური და არაფრის მომტანი), თუმცა, კავშირი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არასდროს გაწყვეტილა და მეტიც, რიგი ფაქტორებით ნაკარნახევი რეალობიდან, ისეთ მასშტაბებსაც კი მიაღწია, რასაც მანამდე ადგილი არც ჰქონია. დასავლეთის მხრიდან ანტიოსმალური კოალიციის აქტიური მოთავენი ჰაბსბურგები და ვენეცია იყვნენ, ხოლო აღმოსავლეთიდან კი – ჯერ აღ-ყოინლუს ირანული სახელმწიფო, შემდეგ კი სეფიანური ირანი. საგულისხმოდ მიგვაჩნია, იმის წარმოჩენა, რომ ქართველი მეფეებიც იყვნენ ჩართულნი არაერთ ანტიოსმალურ კოალიციაში, თუმცაღა, ასევე საგულისხმოდ გვეჩვენება წარმოჩინდეს იმდროინდელ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხში ჩართულობა რამდენად იყო მხოლოდ მათი დამოუკიდებელი ნება-სურვილით ნაკარნახევი პოზიცია.

ორიენტსა და ოქიდენტს შორის კავშირების დამყარებისა და შენარჩუნების საქმეში გადამწყვეტი როლის შემსრულებლად, ასევე დიპლომატიური დესპანების როლში ხშირად იმპერიათა ის ქვეშევრდომები გვევლინებიან, რომლებიც მმართველ ელიტას არ მიეკუთვნებოდნენ (ოტომანთა იმპერიასა და ირანის სახელმწიფოშიც ელიტას ძირითადად სამხედრო არისტოკრატია შეადგენდა). ისტორიკოს გოფმანის სიტყვებით, მაგალითად, ოტომანთა იმპერიაში საზღვაო საქმე, გემთმშენებლობა იქნებოდა თუ ზღვაოსნობა, კვლავ ბერძნებს ებარათ, მაშინ როცა სომხები დომიმანტურ პოზიციას იკავებდნენ საერთაშორისო ვაჭრობასა და ბროკერობაში, ასევე აბრეშუმით ვაჭრობაში, ხოლო ებრაელები ტექსტილის წარმოებას აკონტროლებდნენ1. ჩვენ ამჯერად სომეხი ვაჭრების როლს გამოვყოფთ, ვინაიდან ეს საკითხი საქართველოსთან კავშირშიც არაერთხელ გამოიკვეთა.

სომეხი ვაჭრები, რომლებიც ირანსა და ოსმალთა იმპერიაშიც მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენდნენ, თავიანთი რელიგიური კუთვნილებისა და ასევე ეკონომიკური ბერკეტების წყალობით მნიშვნელოვან საშუამავლო როლს ასრულებდნენ ორიენტისა და ოქსიდენტის რთულ და წინააღმდეგობრივ ურთიერთობებში, რაც ესოდენ დამახასიათებელია XV-XVI საუკუნეებისათვის. ძალზე საინტერესოა მათი როლის გამოკვეთა ქართველი მეფე-მთავრების დიპლომატიური კავშირ-ურთიერთობების დამყარების საქმეშიც. ეს როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა ანტიოსმალური კოალიციების ჩამოყალიბების პროცესში, როდესაც ირანი და აღმოსავლეთის ქრისტიანული სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც აქტიურად ეძიებდნენ მოკავშირეებს დასავლეთ ევროპაში, ვინაიდან XV-XVI საუკუნეებში ოსმალთა იმპერიის სამხედრო ძლიერება და აქედან გამომდინარე მიღწეული შედეგები ძალზე თვალშისაცემი იყო.

განსაკუთრებით აქტიურად ამ მიმართულებით ირანის ხელისუფალნი გამოდიოდნენ. ირანის სომხური ქალაქი ჯულფა აბრეშუმით ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს ბურჯად იქცა. ჯულფელი ვაჭრები შემახასთან, გილანთან, თავრიზთან, ვენეციასთან, მარსელსა და ანტვერპენთანაც კი აწარმოებდნენ ვაჭრობას და ხშირად ერთადერთ შუამავალს წარმოადგენდნენ დასახელებულ ქალაქებს შორის2. ზუსტად იგივეს წერს ვ. ალენი თავის თხზულებაში „რუსეთის საელჩოები საქართველოში“3. მას შემდეგ, რაც შაჰ აბასმა დედაქალაქი თავრიზიდან ისპაჰანში გადაიტანა, მის გარეუბან ახალ ჯულფაში შექმნა* სომხური კოლონია. ისევე როგორც ძველი ჯულფა, ახალი ჯულფაც „რომელიც დაარსებული იყო სპარსეთის აბრეშუმის მწარმოებელი რეგიონის შუაგულში, იქცა ცენტრად ფართო კომერციული ქსელისა. სომეხი ვაჭრები იყენებდნენ თავიანთ ვირტუალურ მონოპოლიას სპარსეთის აბრეშუმის ვაჭრობაზე, რათა სატელიტი სათვისტომოები დაეარსებინათ ბევრ ოსმალურ ქალაქში, მათ შორის ალეპოში, იზმირში, ბუსრაში, სტამბულსა და ედირნეში. როგორც ოსმალურ, ასევე სპარსულ მიწებზე ბევრი აიგივებდა სომხურ სათვისტომოს ამ ძვირფას საქონელთან”4.

როგორც ისტორიკოსი პეტრუშევსკი აღნიშნავს, ჯულფელი მსხვილი ვაჭრები, რომლებიც შაჰის კონტრაგენტები იყვნენ საგარეო ვაჭრობაში, „ამავე დროს არაერთხელ ასრულებდნენ მისივე დიპლომატიური აგენტების როლს ევროპულ სახელმწიფოებში. საერთოდ, სეფიანები, რომლების ევროპული სახელმწიფოების დახმარებას საჭიროებდნენ ოსმალთა იმპერიასთან ბრძოლაში, ამ მიზნისთვის დიპლომატიურ აგენტებად სიამოვნებით იყენებდნენ სომეხ ვაჭრებსა და სასულიერო პირებს“5.

იგივე შეიძლება ქართველ მეფეებზეც ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ XV საუკუნიდან ირანი საქართველოსთვის ოსმალეთზე არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენდა, ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველებისა და ირანელების დაახლოებისა და მოკავშირეობის არაერთი ფაქტი არსებობს და ქართველი მეფეებიც ხშირად იმავე სომეხ ვაჭრებსა და სასულიერო პირებს მიმართავდნენ, რომლებსაც სეფიანი მმართველები. დიპლომატიურ კურიერებად სომეხი ვაჭრების შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა. „სომეხი ვაჭრები საკმაოდ კარგად იტანდნენ ხანგძლივ მოგზაურობას, იყვნენ ზომიერნი საგზაო ხარჯებში, საკვებისა თუ სასმელის მხრივ. თანაც, იმის გამო, რომ ქრისტიანები იყვნენ, დასავლეთ ევროპის ქრისტიანულ სახელმწიფოებში უფრო იოლად შეეძლოთ ეწარმოებინათ სავაჭრო ოპერაციებიც“6. ისტორიულ წყაროთა შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ ბევრი ევროპელი ვაჭარი თუ მოგზაური, ვინც ამ დროს ლევანტს, კავკასიასა და ირანს სწვევია, სომეხ ვაჭრებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ როლს, როგორც მეგზურებისას და შუამავლებისას. ამასთანავე, „სომხური სავაჭრო კაპიტალი, რომელიც სეფიანებისა და ოსმალო სულთნების მიერ დასავლეთის ქვეყნებთან მათი დიპლომატიური მიზნებისა და სავაჭრო ურთიერთობებისათვის გამოიყენებოდა, ამ სახელმწიფოების მმართველთა მფარველობით სარგებლობდა. დასავლეთის ქვეყნებთან სავაჭრო ოპერაციებს სომხები ძირითადად ვენეციის მეშვეობით აწარმოებდნენ. თავის მხრივ, ვენეციელ ვაჭრებსა და დიპლომატებსაც წინა აზიაში დახმარებას სომეხი და ირანელი ვაჭრები უწევდნენ“7.

უდავოა, რომ სომეხი ვაჭრების, როგორც დიპლომატიური აგენტების, როლი შაჰ აბას I-ის დროიდან უფრო გამოიკვეთა [ჩვენ XVII საუკუნეზე აქ ვეღარ გავავრცობთ თხრობას-თ.ქ.], თუმცა პირველივე სეფიანთა და ასევე მათი მოკავშირეების (მათ შორის საქართველოს მეფის) კარზეც სომხებს არაერთხელ შეუსრულებიათ დიპლომატიური აგენტების მისია. ამ მხრივ განსაკუთრებით ძველი ჯულფას ვაჭრები უნდა გამოვყოთ, როგორც ირანის ვენეციასთან და, საერთოდ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთკავშირის ძირითადი შუამავლები. თავის მხრივ, როგორც ჩანს, ვენეციის რესპუბლიკაც მათ იმავე მიზნებისთვის იყენებდა8.

ოსმალთა იმპერიის აგრესიის ზრდასთან ერთად XV საუკუნის შუა ხანებიდან აშკარად ჩანს ევროპულ სახელმწიფოთა მცდელობები შექმნან ანტიოსმალური კოალიციები. ამასთან დაკავშირებით გაიზარდა ოსმალებისადმი მტრულად განწყობილ აღმოსავლეთის ქვეყნებთან კონტაქტების დამყარების საჭიროება, რომლებიც პოტენციურ მოკავშირეებად ითვლებოდნენ. სხვადასხვა ევროპელი მონარქები და პაპები არაერთხელ იყვნენ ინიციატორები მსგავსი წამოწყებებისა, და ამ მოკავშირეების ძიებისას ისინი პირველ რიგში ირანს, ასევე რუსეთსა და ამიერკავკასიის ქრისტიანულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც მიმართავდნენ. გავიხსენოთ თუნდაც ლოდოვიკო ბოლონიელის ელჩობა საქართველოში, ასევე საგულისხმოა სიენელი ეპისკოპოსის წერილი, სადაც იგი ამბობს, რომ უნგრეთთან, რუსეთთან და გერმანიასთან ერთად ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს პაპის, ვენეციის, გენუის, ტრაპიზონის იმპერიის და ქართველი მეფისა.)9

ოსმალთა აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე ადრე ვენეციის რესპუბლიკამ დაიწყო და ყველაზე ხშირად სწორედ ის აწარმოებდა, ვინაიდან ოსმალთა მიერ ყველაზე მეტად ვენეციელთა ინტერესები ზიანდებოდა ლევანტსა და შავი ზღვისპირეთში. 1463 წელს ოტომანთა იმპერიასთან დაწყებულ ომს ვენეცია დიპლომატიურად მოუმზადებელი არ შეხვედრია – გადაწყვიტა გავლენიანი მოკავშირეები შეეძინა, რისთვისაც ურთიერთობა გააბა აღ-ყოინლუს მმართველ უზუნჰასანთანა და დიდი მთავრის, მოსკოვის სახელმწიფოს მმართველ ივან ვასილისძესთან. თავის მხრივ, უზუნ ჰასანი შეეცადა შემახიის ხანიც მიემხრო და მას რუსეთთან დაკავშირება დაავალა. „1465 წელს შირვანელთა ელჩობა ეწვია მოსკოვს ჰასან ბეკის მეთაურობით”10. მოსკოვის სახელმწიფოსაც, რომელსაც დიდი ხანი არ იყო გასული, რაც მონღოლური უღელი თავიდან მოეშორებინა და ის-ის იყო დიდი პოლიტიკის ასპარეზზე გამოდიოდა, აწყობდა უზუნ ჰასანთან ურთიერთობის გაბმა, ამიტომაც საპასუხო ელჩობა გამოგზავნა აღ-ყოინლუს მმართველთან პაპინის მეთაურობით. ისტორიკოს თ. ტივაძის მიხედვით, „უზუნ ჰასანი იყო ანტითურქულ კოალიციაში საქართველოს ჩაბმის ინიციატორი. მოსკოვის მეფის ელჩი სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდა, სადაც დიდი პატივით იქნა მიღებული მეფე ბაგრატის მიერ“11 [საუბარია ბაგრატ VI -ზე 1466-1478- თ.ქ.].

ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში მიჩნეული იყო, რომ XV საუკუნის მიწურულს კახეთის სამეფოს მიერ რუსეთთან გაბმული კავშირები ქართველ პოლიტიკოსთა დამოუკიდებელი ნაბიჯები იყო. თუმცა ზემოთ მოყვანილი ვითარება საფუძველს გვაძლევს, რამდენადმე ეჭვი შევიტანოთ ამ დადგენილი აზრის სიმყარეში. ევროპელთათვის უზუნ ჰასანი ყველაზე რეალური მოკავშირე იყო ანტიოსმალური კოალიციის შექმნისას. უზუნ ჰასანის კარზე ვენეციელთა ელჩობები ამითიც იყო განპირობებული12. ეს დამოკიდებულება შემთხვევითი არ ყოფილა და ბუნებრივია, შორეულ ევროპაში მოკავშირეების მაძიებელი უზუნ ჰასანი მეზობელ ქვეყნებთანაც გამოსულიყო ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მოთავედ, რომელშიც რუსეთის მომხრობაც მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამიტომაც მან ამ ეტაპზე თავად მოინდომა მოსკოვის სახელმწიფოსა და საქართველოს დაკავშირება. საქართველო-რუსეთის დაკავშირების მომხრედ ის მხოლოდ ანტიოსმალური კოალიციის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მოგვიანებით, როგორც კი იზრდება რუსეთის ამბიცია ამიერკავკასიის მიმართ, იმის პარალელურად, რომ მძიმდება საქართველოს მდგომარეობა მუსლიმური ქვეყნების გარემოცვაში, სუსტდება ევროპასთან კავშირი, და იწყება რუსეთის, როგორც მფარველი მოკავშირის ფაქტორის ზრდა, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოსგან რუსეთის მიმართულებით დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა უკიდურესად მძაფრ რეაქციას იწვევს როგორც ოსმალეთის, ისე ირანის მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ აღ-ყოინლუს სახელმწიფო აშკარად დამპრყობლურ პოლიტიკას ატარებდა საქართველოს მიმართ, როგორც ზემოთაც იქნა აღნიშნული, ირანისა და საქართველოს მმართველები თურქული საფრთხის წინაშე მოკავშირეობას არ ერიდებოდნენ. ქართველი მეფეები, თავის მხრივ, არ უშვებდნენ შანსს, რომ იმავე პიროვნებების სამსახურით ესარგებლათ, ვისაც უზუნ ჰასანი გზავნიდა ევროპაში. 1471 წელს უნგრეთის ელჩი ვენეციიდან ატყობინებდა თავის მეფეს, რომ ვენეციაში ჩავიდნენ საქართველოს მეფის ელჩები, რომელთაც გამოუხატავთ მათი ხელმწიფის მზადყოფნის სურვილი ოსმალთა წინააღმდეგ საერთოევროპულ საქმეში მონაწილეობის შესახებ13. იმავე წლის იმავე თვეში თავად ვენეციური სენიორიაც თავის ელჩებს ამცნობდა სიცილიაში, რომ პოლონელთა, ქართველთა და უზუნ ჰასანის ელჩები სტუმრობდნენ ვენეციას14. იტალიური წყაროდან ვიგებთ, რომ „ოთხნი ელჩი იყვნენ აზიმამეტი, მორატი, ნიკოლო და კეფარსა, სერიოზული და ავტორიტეტული ადამიანები. მათ დავალებული ჰქონიათ უზუნ ჰასანისგან ვენეციელებთან მოლაპარაკება თურქეთისა და ეგვიპტის სულთნების წინააღმდეგ, რათა ვენეციას თავისი ფლოტით არც ერთისთვის არ მიეცა მოსვენება. ვენეციელებსაც გახარებიათ, რომ მოკავშირე და მეგობარი შეიძინეს აღმოსავლეთის უძლიერესი მეფის სახით და მასთან მეგობრობა გამოაცხადეს“15. იტალიური წყაროს მიერ უზუნ ჰასანის „აღმოსავლეთის უძლიერეს მეფედ” მოხსენიების ფაქტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმ ვარაუდის სისწორეში, რომ ირანის მეზობელი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრისას უზუნ ჰასანის როლი არცთუ უკანასკნელი ფაქტორია. სხვა წყაროებიდან ვიგებთ რომ, ერთ-ერთი ელჩი ოთხთაგან – მორატი, იგივე ცნობილი ჯულფელი ვაჭარო ხოჯა მირაკია, რომელიც გასულა ირანიდან 1469 წელს, ვენეციაში შესულა 1470 წელს16.

საპასუხო ელჩობებმა უზუნ ჰასანთან არც ვენეციიდან დააყოვნა [1471 წ.]. ვენეციელთა ელჩმა კატერინო ძენომ, რომელსაც ნათესაობაც კი აკავშირებდა აღ-ყოინლუს მმართველთან17, ცოლის დეიდის*, უზუნ-ჰასანის დედოფლის, დესპინას ხელშეწყობით იოლად შეძლო დაერწმუნებინა ირანის მმართველი, რათა თეთრბატკნიანებს იარაღი აეღოთ ოტომანთა წინააღმდეგ. საბრძოლო კამპანიას სასიხარულო არაფერი მოუტანია მოკავშირეებისათვის, ვინაიდან სპარსელებს მოუწიათ ევფრატზე თურქთა დიდი არმიის შემოჭრის მოგერიება. ოსმალებთან ურთიერთობის გამწვავებამ გამოიწვია ის, რომ „ძენო გაგზავნილ იქნა უკან ევროპაში, ამჯერად უკვე როგორც სპარსეთის მონარქის ელჩი, უნგრეთისგან და პოლონეთისგან დახმარების მიღების იმედით. უკანა გზაზე იგი გამოემართა სომხეთის გავლით შავი ზღვისკენ, შემდეგ გემით იმგზავრა გენუელთა ქალაქ კაფამდე, სადაც ის ძლივს გადაურჩა მათგან კონსტანტინოპლოში ტყვედ გაგზავნას. ამის შემდგომ მან უკრაინის გავლით მიაშურა დასავლეთს“18. მართალია, აღმოსავლეთ ევროპაში [როგორც მერე ვნახავთ, არც დასავლეთში] ძენოს ელჩობამ დიდი ვერაფერი შედეგი გამოღო, ვინაიდან არც პოლონეთი და არც უნგრეთი [მიუხედავად იმისა, რომ მატიაშ კორვინმა იგი გულითადად მიიღო-თ.ქ.] ამ ეტაპზე მზად არ აღმოჩნდნენ თურქეთთან საომრად, მაგრამ ზემონახსენები ციტატიდან დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოსმალთა წინააღმდეგ უზუნ ჰასანის მხარდამხარ მებრძოლი ქართველები სპარსეთის მონარქის დიპლომატიურ კავშირებს თავადაც იყენებენ. ძნელი სათქმელია, უშუალოდ კატერინო ძენოც, რომელიც ევროპაში საქართველოზე გავლით მიეშურებოდა, შეგვიძლია თუ არა მოვიაზროთ რომელიმე ქართველი მეფის დესპანის როლშიც [ამ პერიოდში საქართველო უკვე დაშლილია-თ.ქ], თუმცა ე. მამისთვალაშვილს, იტალიურ წყაროზე დაყრდნობით, ნახსენები აქვს, რომ „1474 წლის აგვისტოში ძენო ჩავიდა ვენეციაში, საიდანაც იგი უზუნ ჰასანისა და საქართველოს ელჩებთან ერთად გაეშურა პაპთან და ნეაპოლის მეფესთან, რათა ისინი დაეყოლიებინა ოსმალთა წინააღმდეგ ომის დაწყებაზე“19. სამწუხაროდ, ე. მამისთვალაშვილი არ ასახელებს, ან წყარო არ ამბობს არაფერს „საქართველოს ელჩების“ ვინაობის შესახებ.

ის ფაქტი, რომ ოსმალთა წინააღმდეგ მოკავშირეების მოპოვების საპასუხისმგებლო საქმეს ვენეციელები ვაჭრებს ანდობდნენ [კატერინო ძენო ვაჭარია], ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ამგვარ კავშირებს ჰქონდა როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიზნები. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო ვაჭრებისთვის დიპლომატიური დესპანების მისიის დაკისრება და იმ გზებისა და ქსელების გამოყენება, რაც ოდითგანვე სავაჭრო კონტაქტების წყალობით არსებობდა. მსგავსი კავშირების გაბმა სავსებით პასუხობდა სომეხი ვაჭრების ინტერესებსაც, როგორც ირანსა და ამიერკავკასიაში, ასევე ოსმალთა იმპერიაშიც. მიუხედავად იმისა, რომ XVI საუკუნის 60-იან წლებზე ადრეული პირდაპირი მტკიცებულებები იმ ფაქტისა, რომ ქართველი მეფეები სომეხ ვაჭრებს ანდობდნენ დიპლომატიურ დავალებებს არ მოგვეპოვება, სავარაუდებელია, რომ ამგვარ სამსახურს თურქული საფრთხის გაჩენისთანავე ჰქონოდა ადგილი. რუსულ ქრონიკაში (Николаевская Летопись) საუბარია, 1492 წელს მოსკოვში ჩასულ ქართველთა მეფის ალექსანდრეს ელჩზე, სახელად მურატზე20. ეჭვგარეშეა, რომ სახელი მურატი ქართული წარმოშობის არაა; მართალია, უზუნ ჰასანის მიერ ევროპაში მივლინებულ ვაჭართან მას ვერ გავაიგივებთ, რადგან ის პიროვნება 1477 წელს მოკლულ იქნა, თუმცა მკვლევარი თ. ტივაძე არ გამორიცხავს, რომ ამჟამად კიდევ ერთი მსგავსი სახელის მქონე სომეხი ხოჯა ყოფილიყო ქართველთა მეფის ელჩი ამჟამად რუსეთში21.

ის ფაქტი, რომ XVI საუკუნიდან უკვე აშკარად ჩანს ქართველი მეფეების მიერ სომეხი ვაჭრების გამოყენება დიპლომატურ სამსახურში, კარგად იკვეთება მოსკოვიის კომპანიის წარმომადგენლის, ინგლისელი ვაჭრისა და მოგზაურის ენტონი ჯენკინსონის კომპანიისადმი მიწერილი რეპორტიდან: „ჩემს ყოფნის დროს შემახაში [1563 წლის აპრილი – თ.ქ.] მე მომინახულა ერთმა სომეხმა, ქართველთა მეფის წარგზავნილმა, რომელიც ორი სახელმწიფოს [ოსმალეთი და სპარსეთი] მიერ იყო შევიწროებული, და მათთან აწარმოებდა დაუსრულებელ ბრძოლებს; ის მე მთხოვდა ამ სომეხის პირით როგორმე მესწავლებინა გზები, როგორ მიევლინა ელჩი რუსეთის მეფესთან, აინტერესებდა ჩემი აზრი, რუსეთის მეფე დაეხმარებოდა თუ არა…” [იქვე ჯენკინსონი იმასაც აღნიშნავს, რომ ამ ქართველ მეფეს უსაფრთხოების მიზნით თავისი ელჩისთვის სიტყვიერად დაუბარებია მასთან სათქმელი, ასე რომ ჯენკინსონმაც, როგორც თავად აღნიშნავს, სიტყვიერადვე უპასუხა დესპანის პირით], რომ „არა მარტო უნდა გაეგზავნა ელჩი რუსეთში, რადგან ის [რუსეთის მეფე] იყო პატივსაცემი და განწყობილი მის დასახმარებლად, ამასთანავე, მე მივასწავლე მას [დესპანს] გზა, რომლითაც დასახელებულ მეფეს [ქართველ მეფეზეა საუბარი] შეეძლო გაეგზავნა იგი ჩერქეზეთის გავლით”22. ნაწილი ქართველი ისტორიკოსებისა[ი. ცინცაძე23, ბ. გაბაშვილი24] ემხრობიან ვერსიას, რომ ეს ქართველი მეფე უნდა ყოფილიყო ლევან კახთა მეფე, ხოლო ნაწილი კი [ე. მამისთვალაშვილი]25 მიიჩნევს, რომ ის უნდა ყოფილიყო ქართლის მეფე სიმონი. ,,პირველი ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1563 წელს მოსკოვში გაემართა ლევან მეფის მიერ გაგზავნილი ელჩობა, იაკობის, დიონისესა და ვინმე სომეხის შემადგენლობით და ეს ელჩობა დაბრუნდა უკნა 1564 წელს“26. ინგლისელ ვაჭარსა და მოგზაურს, როგორც ჩანს, გადაუწყვეტია ესარგებლა ვითარებით და გაწეული სამსახურიდან რაიმე სარგებელი მიეღო. მან თავისი თანამგზავრი ედვარდ კლარკი ქ. არეშში [ეს ქალაქი, ცნობილი აბრეშუმის ვაჭრობით, ჯენკინსონს წარმოჩენილი ჰყავს კახეთ-შირვანის საზღვარზე] მიავლინა, რათა საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო ვაჭრობის ნება მიეღო. კლარკს უსაუბრია ,,ზოგიერთ ვაჭრებთან”, თუმცა არაფერი გამოსვლია27. ბუნდოვანია, რა იყო ამის მიზეზი, სავარაუდოდ ის, რომ როგორც ჯენკინსონისვე წერილიდან ვგებულობთ, შაჰ თამაზი მაინცდამაინც არ მოიხიბლა ინგლისელი ვაჭრების წინადადებებით და მათთან სავაჭრო-დიპლომატიური კონტაქტების გაბმაზე თავი შეიკავა28. იმ პირობებში, როცა შაჰ თამაზის ხელისუფლება გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოზე, სურვილი რომც ჰქონოდათ, ქართველი მეფეები ამ კავშირის გაბმას აშკარად მაინც ვერ გაბედავდნენ. თუმცა, თავად ჯენკინსონის დაკვირვებებიდან აშკარად ჩანს საქართველოს სამეფოების კარზე სომეხი ვაჭრებისა და დიპლომატების როლის მნიშვნელობა.

ანტიოსმალური საფრთხის წინააღმდეგ ერთიანი ევროპული კათოლიკური ფრონტით გამოსვლის მოთავე კარლ V ჯერ კიდევ XVI საუკუნის 20-იან წლებში ცდილობდა, რომ აღმოსავლეთიდან ოსმალეთს მეორე ფრონტი ჰქონოდა გახსნილი. ეს ოსმალთა ძალებს დაქსაქსავდა და ევროპელებს საქმეს გაუადვილებდა. ამიტომაც „1518 და 1525 წლებში იგი[კარლ V] აწარმოებდა მოლაპარაკებებს სპარსეთის მმართველებთან შაჰ ისმაილთან და შაჰ თამაზთან, ოსმალო თურქთა წინააღმდეგ ერთიანი საომარი კამპანიის გასაჩაღებლად“29. აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველივე სეფიანი შაჰის აქტიურმა დაპყრობითმა პოლიტიკამ გამოწვია ის, რომ მისი სამფლობელო ევფრატიდან შუა აზიამდე გადაიჭიმა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო ასპარეზზე; სელიმ I-ის სვლა ევროპაში კი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მის საპირწონე ფიგურად აღმოსავლეთში მხოლოდ ისმაილი მიიჩნეოდა. „შაჰ ისმაილის პიროვნების, როგორც საქრისტიანოს მტრის წინააღმდეგ მებრძოლის სახელის განდიდება ისევე ხდებოდა, როგორც ერთ დროს თემურ-ლენგისა და უზუნ ჰასანისა“30.

ისევე როგორც ოტომანები იყენებდნენ რეფორმაციის შედეგად წარმოქმნილ რელიგიურ განხეთქილებას ევროპაში და იფართოებდნენ საზღვრებს, ასევე კარლ V-ც ცდილობდა სუნიტური ოსმალეთისა და შიიტური ირანის რელიგიური დაპირისპირების გამოყენებას. ცნობას ზემონახსენებ ორი მოლაპარაკების შედეგებზე და ამჯერად ამ ანტიოსმალურ კამპანიასთან საქართველოს რაიმე ფორმით კავშირზე, ჩვენ ჯერ ვერ მივაკვლიეთ, თუმცა თავდაპირველ სეფიანთა გამარჯვებაში ქართველების როლის31, ასევე იმის გათვალისწინება, რომ ირანთან ერთად კოალიციაში გამოსვლა თავის თავად გულისხმობდა ევროპელებთან ურთიერთობის პერსპექტივასაც, გვავარაუდებინებს, რომ რაიმე სახით ქართული სახელმწიფოების ჩართულობა ანტიოსმალური კოალიციების მცდელობაში XVI საუკუნის 20-იან წლებშიც საძიებელია. აკი შაჰ ისმაილის მიერ ოტომანთა წინააღმდეგ შექმნილი ლიგის [1514 წლის ოქტომბერი-თ.ქ.] მონაწილენი ქართველებიც ყოფილან – ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ნიკოლო ძენოს მიერ შედგენილი კატერინო ძენოს ,,მოგზაურობის კომენტარები“ და ასევე ვენეციელის, ჯოვანი მარია ანჯოლელოს ცნობები32. სამაგიეროდ, ჩვენს მიერ იქნა მოძიებული იტალიელი მიქელე მემბრეს რელაციონი ირანში მოგზაურობის შესახებ 1538-1540 წწ.-ში, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი ამ პერიოდში ვენეციის მიერ კვლავ მოკავშირეობის ძიების მიზნით [1538 წელს ვენეციამ, პაპმა და ჰაბსბურგებმა ლიგა ანტიოსმალური ლიგა შეკრეს] იყო კურიერად მივლინებული ირანში, სადაც საქართველოს გავლით შეაღწია და უკან დაბრუნებულმა ვალიადოლიდში კარლ V მოინახულა, რომელიც ძალზე იყო დაინტერესებული იტალიელის ირანული შთაბეჭდილებებითა და სავარაუდო პოლიტიკური ალიანსის შესაძლებლობებით. მემბრე-ს ინგლისურად მთარგმნელსა და დართული კომენტარების ავტორს ა.ჰ. მორტონს ნახსენები აქვს რომ, ურთიერთობებს ჰაბსბურგებსა და ირანს შორის ადრეც ჰქონია ადგილი. სამწუხაროდ ის არ ახდენს დაკონკრეტებას33, თუმცა გვავარაუდებინებს, რომ სწორედაც 1518-1525 წლის მცდელობებზეა საუბარი.საქართველოს სავარაუდო კონტაქტების კვლევას განსაკუთრებით ის ფაქტორი ართულებს, რომ თავისთავად, ეს ნაბიჯი მხოლოდ დამოუკიდებელი ნაბიჯი ვერ იქნებოდა, და მეორეც, ევროპისთვის, გარდა ოტომანთაგან მომდინარე საფრთხისა, ეს ხანა არის იტალიური ომებისა და რეფორმაციის ხანა, როცა საერთოევროპულ კონფლიქტშიც თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფო იყო ჩართული და რელიგიური დაპირისპირებაც განსაკუთრებით მწვავედ იდგა. ოტომანებთან ურთიერთობაში არც მისი ყველაზე „დაუძინებელი” მტრები [ვენეცია, პაპობა, საღვთო რომის იმპერია, მოგვიანებით ჰაბსბურგული ესპანეთი] იყვნენ თანამიმდევრულნი, ამიტომაც აღმოსავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებთანა და ირანთანაც, როგორც სავარაუდო მოკავშირეებთან, ურთიერთობაც ხან გააქტიურდებოდა, ხანაც სუსტდებოდა. (მაგალითები ამ მიმართულებით შორს წაგვიყვანდა. აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს: ზემონახსენები ლიგისა და მემბრეს ირანში გაგზავნის პარალელურად თავად ვენეციამ სეპარატულად მოაწერა ხელი ოსმალებთან დაზავებას ხელი 1540 წლისთვის, რამაც გამოიწვია კიდეც მემბრეს ვიზიტის უშედეგობა, შაჰ თამაზის ოსმალთა მიმართ ზოგადად თავდაცვითი პოლიტიკური კურსის არჩევასთან ერთად)34.

თუმცა, ანტიოსმალური მიმართულებით ევროპის ქვეყნების გააქტიურება კვლავ შეინიშნება XVI საუკუნის 70-იანი წლებიდან. ამ პერიოდში მისი მოთავე უკვე ესპანეთის მონარქი ფილიპე II იყო. მაშინ როცა ინგლისური დიპლომატიის ძალისხმევა ოსმალთა კარზე მიმართული იყო იქითკენ, რომ ოსმალეთის სამხედრო ძალა ესპანეთის დასამარცხებლად და მისი საზღვაო იმპერიის დასამხობად გამოეყენებინა, საპირისპიროდ, ესპანეთის ხელისუფლებაც ეძიებდა სავარაუდო საპირწონე ძალას, რის გამოც ოსმალთა ყურადღება ვერ იქნებოდა კონცენტრირებული მარტო ხმელთაშუაზღვისპირეთში და ზოგადად, დასავლეთის მიმართულებით. ამ მხრივ კი ყველაზე კარგი ვარიანტი ისევ ირანთან მოკავშირეობა იყო. ამიტომაც, ფილიპე II-ს შაჰ მუჰამედ ხოდაბენდესთან მიუვლენია ელჩი, რომელსაც უნდა დაერწმუნებინა იგი ოსმალთა წინააღმდეგ ევროპელებთან თანადროულად ერთიანი ფრონტით გამოსვლაზე35. ირან-ოსმალეთის ახალი ომის დროს ოსმალეთის წარმატებებმა სპარსეთის შაჰი კიდევ უფრო დაარწმუნა ამ წამოწყებაში ქართველ მეფეების ჩაბმის საჭიროებაში. შესაბამისად, მუჰამედ ხოდაბენდემ, დაიწყო თუ არა ომი ოსმალეთთან, წლების განმავლობაში მის მიერ ციხეში გამომწყვდეული სიმონ მეფე ტყვეობიდან გაათავისუფლა, მეფობა დაუბრუნა და სამშობლოში გამოუშვა, რათა სიმონს ქართველთა ძალები ოსმალების წინააღმდეგ დაერაზმა. შაჰის გათვლა სწორი გამოდგა. ქართლის მეფე სიმონ I კახეთის მეფეს ალექსანდრე II-ს შეურიგდა, ასევე დაუმოყვრდა სამცხის მთავარს და, ამგვარად, ოსმალთა წინააღმდეგ ირანის მხარეს უკვე სოლიდური ძალა აღმოჩნდა. როგორც XV საუკუნის მიწურულში, ახლაც იგეგმებოდა კავშირის დადება რუსეთთანაც. კარამზინის გადმოცემით, XVI საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში რუსეთს ირანის ელჩობა სწვევია36. ზოგიერთი ვარაუდით, ეს ელჩობა კოალიციური უნდა ყოფილიყო და მასში ქართველთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ37. სწორედ ირან-თურქეთის ამ ახალი ომის პერიოდიდან კიდევ ერთხელ აშკარად ჩანს, რომ სომეხი ვაჭრები და რელიგიური პირები დიპლომატიურ სამსახურს ქართველ მეფეებსაც უწევდნენ. ისტორიკოს ტერ-ავეტისიანის ცნობით, XVI საუკუნის 90-იან წლებში „ვენეციური არქივები ასახელებენ სასულიერო პირს ტერ-აკოპ მარგარიანს, რომელიც ოცი წელია ამიერკავკასიასა და ვენეციას შორის მოგზაურობდა. მას მიჰქონდა კორესპონდენცია ვენეციელებთან, რომის პაპთან, ასევე წაუღია კორესპონდენცია ქართველი მეფისგან, სიმონისგან“38. ი. ტაბაღუას მიერ ევროპულ არქივებსა და წიგნსაცავებში მოძიებულ მასალებს შორის არის სიმონ I-ის მიერ ფილიპე II-სადმი გაგზავნილი წერილი39, რომელიც სწორედ ამ ტერ-აკოპის (იაკობის, როგორც ი. ტაბაღუასთან არის მითითებული) მეშვეობითაა გადაცემული. წერილში სიმონი სთხოვს ფილიპე II-ს, ზემოქმედება მოახდინოს გერმანიის იმპერატორსა და ტრანსილვანიის მთავრებზე, რათა მათ საომარი ოპერაციები წამოიწყონ ოსმალო თურქთა წინააღმდეგ. მაშინ როცა ქართლის მეფე ევროპასთან ურთიერთობის გაბმას ცდილობს, კახეთის მეფეს რუსეთთან ურთიერთობა უფრო პერსპექტიულად მიაჩნია მოცემულ მომენტში. კახთა მეფის ალექსანდრე II-ის მიერ 1590 წელს რუსეთის კარზე გაგზავნილ ელჩები, რომლებიც რუს ელჩს ზვენიგოროდსკის მიჰყვებოდნენ რუსეთის მეფისაგან საშამხლოს წინააღმდეგ სამხედრო მხარდაჭერა მოსაპოვებლად, გახლდნენ ჩერქეზი ყურშიტა და პრინცი სულეიმან ბაინდირის-ძე, რომელიც ისტორიკოს ალენს კახეთის კარზე ჩამოსახლებულ თურქმან აღ-ყოინლუს წარჩინებულთა შთამომავლად მიაჩნია40. თუმცა ბორის გოდუნოვის კარზე მივლინებულ კახეთის ელჩების, არქიმანდრიტ კირილესა და არამ ძედამბეკს შორის, ამ უკანასკნელს იგივე ავტორი თურქთა მიერ მოოხრებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ქართლიდან ხიზნად წამოსული ქართულ-სომხური წარმოშობის პიროვნებად მიიჩნევს41. რუსეთ-კახეთის ურთიერთობები ამ პერიოდში ინტენსიურია, ვინაიდან მოჰამედ ხოდაბენდე ოსმალთა წინააღმდეგ რუსეთის მომხრობის მიზნით, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მას დიდ დათმობებს ჰპირდებოდა42 და კახეთის დამოუკიდებელ ინიციატივებზეც თვალს ხუჭავდა. თუმცა შაჰ აბას I-ის მიერ ოსმალთა წინააღმდეგ წარმატებით განახლებული ომის შემდეგ, საქართველოსთვის ვითარება ამ მიმართულებითაც გართულდა.

სამწუხაროდ, ჩვენ მიერ ჯერ ვერ იქნა მოძიებული XVI საუკუნის I ნახევარში ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოთა კარზე ქართველ მეფეთა კონტაქტების დამადასტურებელი წყაროები, ის ფაქტი კი, რომ XVI საუკუნის მიწურულს არსებობს კონტაქტის მცდელობა ესპანეთის მეფესთან, რომელიც ცალსახად აღიქმებოდა ოსმალთა მტრად და, შესაბამისად, აღმოსავლეთის ქრისტიანების პოტენციურ ქომაგად, ერთის მხრივ, გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირების დამყარების მიუხედავად, საქართველო არასოდეს წყვეტდა ევროპასთან კონტაქტის დამყარების მცდელობას და მეორე, რომ XVI საუკუნის I ნახევარში, იმპერატორ კარლ V მმართველობის ხანაშიც უნდა ყოფილიყო მასთან რაიმე კავშირის მცდელობა. კარლ V-ის მოღვაწეობის ერთ-ერთი გაცხადებული დევიზი იყო სწორედ ერთიანი კათოლიკური ევროპის დაპირისპირება ოსმალეთთან, თუმცა ეს მისი მხრიდან მარტო დევიზი არ ყოფილა. რომ არა რელიგიური განხეთქილება ევროპაში, რაც კარლს არ აძლევდა ძალების ერთი მიმართულებით კონცენტრაციის საშუალებას, ოსმალთა წინსვლა ევროპის კონტინენტზე შეიძლება ასეთი შთამბჭედავი არც ყოფილიყო. კარლ V-ის ძე ფილიპე II მამის ამბიციებისა და სამფლობელოების მხოლოდ ნაწილის მემკვიდრე იყო (კარლ V-მ გადადგომის შემდგომ სამფლობელოების ნაწილი ძმას დაუტოვა იმპერატორის ტიტულთან ერთად) – ამიტომაც, ვვარაუდობთ, რომ საფუძვლიანი კვლევა ამ მიმართულებით ბევრ სიახლეს გამოავლენს. (თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არა მარტო ძალთა დაქსაქსულობა იყო ოსმალთა წინაარმდეგ ერთიანი ფრონტის ვერშექმნის ერთადერთი მიზეზი, არამედ ის ფაქტორებიც, რომ მიმდინარეობდა ევროპის სახელმწიფოების მიერ ახალი გზების აქტიური ათვისება, ახალი ინტერესები მეკავშირეთა ცვლას განაპირობებდა, ფილიპე II-ის ინტერესები ამ დროს დიდწილად გადართული იყო ამერიკის კონტინენტზე, საიდანაც შემოდიოდა ძირითადი ქონება ესპანეთისთვის და ა.შ. ამ მიზეზების გაშლა ჩვენი სტატია ფარგლებში ამჯერად შეუძლებელია-თ.ქ.) მეორე მხრივ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კავშირი ევროპასთანაც და რუსეთთანაც XV საუკუნიდან მოყოლებული, ირანის ნებართვის გათვალისწინებით და ერთიანი ანტიოსმალური საბრძოლო კამპანიის პროგრამის ფარგლებშია განსახილველი და ნაკლებად ადევს დამოუკიდებელი მოღვაწეობის ელფერი. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ იმ მოცემულ ვითარებაში, თავად საქართველოს მესვეურები საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის ყველა შესაძლო საშუალებას იყენებდნენ. როცა საქართველო ირან-ოსმალეთის ომების ერთ-ერთ ასპარეზად იქცა, და როცა სეფიანთა ირანის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში ნელ-ნელა დამძიმდა, საქართველოს უჭირდა აქტიური საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოება. ამიტომაც ატარებს კორესპონდენციები სპორადულ ხასიათს, განსაკუთრებით ევროპის სახელმწიფოებში და დესპანთა ვინაობის დადგენაც რთულდება [რუსეთთან ურთიერთობები, მიუხედავად ოსმალეთ-ირანის წინააღმდეგობისა, მაინც უფრო ინტენსიურია და ინფორმაციის მოპოვებაც მეტადაა შესაძლებელი, ეს ვითარება კი, თავის მხრივ, რუსეთის მეზობლობითა და ამიერკავკასიის რეგიონში მისი სწრაფად მზარდი ეკონომიკურ-პოლიტიკური დაინტერესებით აიხსნება და არა მარტო საქართველოს მცდელობებით]. მაგრამ უდავოა, რომ ქართველ მეფეთა დესპანების უმეტესობა საქართველოს მხრიდან (იშვიათი გამონაკლისების გარდა) სომხური წარმოშობის ვაჭრები იყვნენ, რომლებიც უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-ეკონომიკურ ბერკეტებს ფლობდნენ არა მარტო ამიერკავკასიასა და ირანში, (ვისი დესპანების მოვალებასაც ასრულებდნენ როგორც დასავლეთში, ასევე ჩრდილოეთის მიმართულებით), არამედ ოსმალთა იმპერიაშიც და, ამასთან ერთად, დასავლეთისკენ მიმავალი გზებიც კარგად ჰქონდათ გაკვალული.

——–

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა

L i t e r a t u r e

Л и т е р а т у р а

იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ XV საუკუნეში. იტალიურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ე. მამისთვალაშვილმა, თბილისი, 1981

ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპულ არქივებსა და წიგნსაცავებში, „მეცნიერება“ თბილისი, 1984

ე. მამისთვალაშვილი, იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, იხ. ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები, თბილისი, 1975

ვ. გაბაშვილი, ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, საქართველოს და კავკასიის ისტორიის მასალები, თბილისი, 1954

ე. მამისთვალაშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XVI საუკუნის 50-60-იან წლებში, მაცნე, თბილისი, 1982

ლ. ტარდი, უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობანი XVI საუკუნეში, თბილისი, 1980

W.E.D. Allen, Russian Embassies to the Georgian Kings, (Cambridge: Cambridge univ. Press,1970)

D. Goffman, The Ottoman Empire and Early Modern Europe, (Cambridge: Cambridge University Press, 2002)

Michele Membre, Mission to the Lord Sophy of Persia [ translated with introduction and notes by A.H. Morton], (School of oriental and african studies, Univ. of London), 1993

Richard Hakluyt, The principal Navigation, voyages, Traffiques and Discoveries of English Nation, (N-Y: Viking Press, 1965)

Penrose Boies, Travel and Discovery in the Renaisaance, (Cambridge: Harvard University Press, 1955)

В. А. Байбуртян, Армянская колония Новой Джудьфы в XVII веке, Ереван, 1969

Т. Г, Тавадзе, Об Использовании Армянских купцов на дипломатической службе Грузинскими Царями, (იხ. ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები, თბილისი: მეცნიერება, 1991)

Т. Г, Тавадзе, К вопросу кахетинско-русских отношениях в 80-е годы XVI в. – Мацне, № 3. 1983

Н. М. Карамзин, история государства Росийского, кн. III, т. IX, Спб, М., 1845

С. В. Тер-Аветисиян, Город Джуга, материалы по истории торговых отношений джульфинских купцов XV-XVII вв., Тбилиси, 1937

Ю. Е. Ивонин, У истоков дипломатии раннего нового времени, (Минск: издательство Университетское, 1984)

И. П. Петрушевский, Очерки по истории феодальных отношений в Азербайджанеи в Армении в XVI-начале XIX вв., Л., 1949

Шахмалиев, E. К вопросу о времени начала упадка Венеции, „ученые записи” Аз. госунта им. Кирова, №9, Баку, 1955

Я. З. Цинцадзе, Разыскания из истории русско-грузинских отношении (X-XVI вв.) Тбилиси, 1956

რ ე ზ ი უ მ ე

ქართველთა მეფეების საერთაშორისო კონტაქტებისა და მათი დესპანების ვინაობის შესახებ XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნეში

თეა ქარჩავა

წინამდებარე სტატია შეეხება XV-XVI საუკუნეებში ქართველ მეფეთა საერთაშორისო კონტაქტებსა და ამ კონტაქტებისათვის დესპანებად მივლინებულ პირთა ვინაობის დადგენის საკითხს. სტატიაში სიახლის სახით გამოვლენილია XVI საუკუნის 30-40-იან წწ-ში ანტი-ოსმალური კავშირის ჭრილში ევროპა-ირანის ურთიერთობის კიდევ ერთი მცდელობის ფაქტი, რომელსაც ქართული სამეცნიერო საზოგადოება არ იცნობდა. ისტორიულ წყაროთა მეცნიერული ანალიზის საფუძველზე არის მცდელობა ობიექტურად შეფასდეს XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის მანძილზე ქართველ მეფეთა დიპლომატიური კავშირები რამდენად ატარებდა დამოუკიდებელ ხასიათს და რაგვარად შეიძლება განისაზღვროს ქართულ სახელმწიფოთა ადგილი და როლი იმდროინდელ საერთაშორისო ვითარებაში.

S U M M A R Y

ABOUT GEORGIAN KINGS’ INTERNATIONAL CONTACTS AND IDENTIFICATION OF THEIR ENVOYS IN XV-XVI CENTURIES

TEA KARCHAVA

The article given below is connected with both the international contacts of Georgian Kings in XV-XVI centuries and the identifying of the persons who were sent for this issue as envoys and couriers. The fact is exposed as the novelty (totally unknown for Georgian scientific society) which once again reveals the relation between Europe and Safavids in the framework of Anti-Ottoman Unity in 30-40-ties of XVI century.

As the result of analyses of the historical sources the article tries to provide an objective evaluation regarding the fact were or not independent actions the diplomatic relations of Georgian kings during XV-XVI centuries, as well as tries to define how the role and place of Georgian States in the international situation should be determined at that period.

Р Е З Ю М Е

О МЕЖДУНАРОДНЫХ ДИПЛОМАТИЧЕСКИХ ОТНОШЕНИЯХ ГРУЗИНСКИХ ЦАРЕЙ И ОБ ИДЕНТИФИКАЦИИ

ИХ ПОСЛОВ В XV-XVI ВЕКАХ

ТЕА КАРЧАВА

Данная статья указывает на международные дипломатические отношения грузинских царей в XV-XVI вв. и идентификацию людей, которые были посланны для этой цели, как послы и курьеры. Как новызна в статье приведен докозующий факт (не знакомый для грузинских ученных) об очередной попытке европейско-иранского союза в 30-40-х годах XVI века в рамках анти-османской коалиции.

На основании научного анализа из исторических источников предложенна попытка объективно оценить на сколько были независимы дипломатические отношения правящих царей в конце XV в. и на протяжении XVI века. И каким образом можно было определить какое место и роль занимало в то время грузинские государства в междунарожном положении.

_______________

1. D. Goffman, The Ottoman Empire and Early Modern Europe, (Cambridge: Cambridge University Press, 2002), p. 85-87

* ახალ ჯულფაში შაჰ აბასმა ის სომხები დაასახლა, რომლებიც თავის სამშობლოში დაკარგეს ყველაფერი, მას შემდეგ, რაც 1605 წწ ირან-ოსმალეთის გამაჩანაგებელი ბრძოლებს ჰქონდა ადგილი

2. И. П. Петрушевский, Очерки по истории феодальных отношений в Азербайджанеи в Армении в XVI-начале XIX вв., Л., 1949, с. 181

3. W.E.D. Allen, Russian Embassies to the Georgian Kings, (Cambridge: Cambridge univ. Press,1970), p. 357

4. D. Goffman, The Ottoman Empire and Early Modern Europe,(Cambridge: Cambridge university Press, 2002), p. 87

5. И. П. Петрушевский, Очерки по истории феодальных отношений в Азербайджанеи в Армении в XVI -начале XIX вв., Л., 1949, с. 182

6. С. В. Тер-Аветисиян, Город Джуга, материалы по истории торговых отношений джульфинских купцов XV-XVII вв.,Тбилиси, 1937, с. 86

7. Э. Шахмалиев, E. К вопросу о времени начала упадка Венеции, „ученые записи“ Aз. госунта им. Кирова, 1955, № 9, с. 124

8. В.А. Байбуртян, Армянская колония Новой Джудьфы в XVII веке, Ереван, 1969, с. 29

9. ლ. ტარდი, უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობანი XVI საუკუნეში, თბილისი, 1980, გვ. 20

10. Т. Г, Тавадзе, Об Использовании Армянских купцов на дипломатической службе Грузинскими Царями, (ix. amierkavkasiis istoriis problemebi, Tb.: mecniereba, 1991),. გვ. 240

11. ibid., გვ. 240

12. Pernose B. Travel and Discovery in the Renaissance 1420-1620, (Cambridge: Harvard University Press, 1955), გვ. 23-26

13. ლ. ტარდი, უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობანი XVI საუკუნეში, თბილისი, 1980, გვ. 22

14. ibid., გვ. 22

15. იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ XV საუკუნეში. იტალიურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ე. მამისთვალაშვილმა, თბილისი, 1981, გვ. 21

16. С. В. Тер-Аветисиян, Город Джуга, материалы по истории торговых отношений джульфинских купцов XV-XVII вв.,Тбилиси, 1937, с. 20

17. Penrose Boies, Travel and Discovery in the Renaisaance, (Cambridge: Harvard University Press, 1955), გვ. 23-24

* უზუნ ჰასანს ცოლად ჰყავდა ტრაპიზონის იმპერატორის კალო იოანე კომნენოსის ქალიშვილი დესპინა, ამ უკანასკნელის და კი არქიპელაგის (ეგეოსის ზღვის კუნძულები-თ.ქ.) ჰერცოგის ნიკოლო კრესპოს ცოლი გახლდათ, რომლის ოთხი ქალიშვილი ვენეციელი ვაჭრების ცოლები იყვნენ, ერთ-ერთი ვიოლანტე სწორედ კატერინო ძენოს ცოლი გახლდათ

18. ibid., 24

19. ე. მამისთვალაშვილი, იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, იხ. ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები, (თბილისი: „მეცნიერება“, 1975), გვ. 148.

20. Т. Г, Тавадзе, Об Использовании Армянских купцов на дипломатической службе Грузинскими Царями. გვ. 241

21. Ibid., გვ. 244

22. Anthony Jenkinson, in Hakluyt’s Voyages selected and edited by Irvin R. Blacker, (NY: Viking Press, 1965), p.107-108

23. Я. З. Цинцадзе, Разыскания из истории русско-грузинских отношении(X-XVI вв.) Тбилиси, 1956, с. 283

24. ვ. გაბაშვილი, ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, საქართველოს და კავკასიის ისტორიის მასალები, თბილისი, 1954, გვ. 71-72

25. ე. მამისთვალაშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XVI საუკუნის 50-60-იან წლებში, მაცნე, 1982, № 2, გვ. 23

26. Т. Г, Тавадзе, Об Использовании Армянских купцов на дипломатической службе Грузинскими Царями, იხ. ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები (თბილისი: მეცნიერება, 1991) გვ. 243

27. W.E.D. Allen, Russian Embessies to the Georgian Kings, vol. I, (Cambridge: Cambridge univ. Press, 1970), p. 357

28. Richard Hakluyt, The principal Navigation, voyages, Traffiques and Discoveries of English Nation,N-Y, 1965

29. Ю. Е. Ивонин, У истоков дипломатии раннего нового времени, (Минск: издательство Университетское, 1984), с. 86

30. ე. მამისთვალაშვილი, იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, იხ. ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები, (თბილისი: „მეცნიერება“,1975), გვ.153

31. Ibid., გვ. 145

32. ე. მამისთვალაშვილი, იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, იხ. ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები, (თბილისი: მეცნიერება, 1975), გვ. 148-159

33. Michele Membre, Mission to the Lord Sophy of Persia [ translated with introduction and notes by A.H. Morton], (School of oriental and african studies, Univ. of London), 1993, p. 12-17

34. Ibid., 12-17 35. Шахмалиев, E. К вопросу о времени начала упадка Венеции, „ученые записи“ Aз. госунта им. Кирова, 1955, №9, с. 124-125

36. Н. М. Карамзин, история государства Росийского, кн. III, т. IX, Спб, М., 1845, с. 246

37. Т. Г, Тавадзе, К вопросу кахетинско-русских отношениях в 80-е годы XVI в. – Мацне, № 3. 1983, с. 53

38. С. В. Тер-Аветисиян, Город Джуга, материалы по истории торговых отношений джульфинских купцов XV-XVII вв.,Тбилиси, 1937, с. 26

39. ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპულ არქივებსა და წიგნსაცავებში, (თბილისი: „მეცნიერება” 1984), გვ. 222-223

40. Allen W.E.D., Russian Embassies to the Georgia Kings, Vol. I, (Cambridge: Cambidge Univ. Press, 1970), с. 356

41. Ibid., Vol. II, p. 538

42. ibid., vol I, p. 539

http://lib.ge/body_text.php?9073#

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s