გიორგი კვინიტაძე

მიხეილ ბასილაძე

გენერალი გიორგი კვინიტაძე (ჩიქოვანი), რომლის სახელსაც დემოკრატიული საქართველოს პერიოდის ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაციები უკავშირდება, 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა.
მამამისი ივანე კვინიტაძე, როგორც თავადს შეეფერებოდა, სამხედრო იყო. მეფის რუსეთის არმიაში მას პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. შვილსაც სამხედრო კარიერისთვის ამზადებდა. გიორგი 10 წლის იყო, როდესაც იგი სასწავლებლად ტფილისის კადეტთა კორპუსში მიაბარეს.

“არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა…”

მიუხედავად იმისა, რომ კვინიტაძეს რუსულ არმიაში სამსახურისთვის ამზადებდნენ იგი თავის წარმომავლობასა და სამშობლოს არასოდეს ივიწყებდა. გიორგის მამა, ივანე ცდილობდა, რომ ვაჟისთვის პატრიოტული გრძნობა ბავშვობიდანვე განევითარებინა. ამასვე უწყობდა ხელს ის გარემო, რომელთანაც გიორგის მუდმივი შეხება ჰქონდა. XIX საუკუნის მიწურულისთვის საქართველოში რუსული წეს-ჩვეულება ქვეყნის თითქმის ყველა სფეროში საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო. მაგრამ, ქართველი ხალხი მონობას ძნელად ეგუებოდა. დამპყრობლების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მოსახლეობის ყველა ფენაში იგრძნობოდა. ამის მაგალითია კვინიტაძის მიერ თავის მოგონებებში აღწერილი ეპიზოდი: ერთ ზაფხულს, გიორგი სამხედრო სასწავლებლიდან შვებულებით თავის მშობლიურ სოფელში ფეხით მიდიოდა. 15 წლის მოზარდს გზაში უბრალო გლეხი წამოეწია. მათ შორის შემდეგი საუბარი გაიმართა:

– სალდათი ხარ?

– არა სალდათი არა ვარ – ვუპასუხე მე

– მაშ რად გაკვრია პაგონები?

– სამხედრო სკოლის მოწაფე ვარ

– როცა სკოლას გაათავებ სალდათი იქნები?

– არა თუ სკოლას გავათავებ გადამიყვანენ რუსეთში და იქ კიდევ 2 წელი მასწავლიან. თუ კარგად ვისწავლე ოფიცერი გავხდები.

– მერე?

– მერე გენერალი.

– მაშ კარგად ისწავლე და გახდი გენერალი

– მერე შენ რა გავხდები თუ არა გენერალი?

– როგორ თუ რა? – მომიგო უცებ – გახდები გენერალი, გაგვიძღვები და გავყრით რუსებს.

მომავალში გიორგი კვინიტაძე მართლა გახდა გენერალი და რუსების წინააღმდეგ ქართველების ბრძოლას მეთაურობდა, მაგრამ სანამ გენერლის წოდებას მიიღებდა, მან სამხედრო კარიერის ყველა ეტაპი გაიარა. ტფილისის კადეტთა კორპუსის შემდეგ, კვინიტაძემ პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი დაამთავრა და 1894 წელს ოფიცრის ჩინი მიიღო. ახალგაზრდა ოფიცრის სამხედრო კარიერას საფუძველი 1894 წელს ჩაეყარა. კვინიტაძე კავკასიაში, კერძოდ კი ვლადიკავკაზის 153-ე პოლკში გაანაწილეს. როდესაც 1904 წელს რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო, გიორგიმ პატაკი დაწერა და შორეულ აღმოსავლეთში საბრძოლველად საკუთარი ნებით წავიდა.

ომის შემდეგ კვინიტაძის კარიერა აღმასვლით გაგრძელდა. 1910 წელს მან რუსეთის გენშტაბის აკადემია დაასრულა და კაპიტნის წოდებით სამსახური კავკასიის სამხედრო შტაბში დაიწყო. აქვე შეხვდა იგი პირველ მსოფლიო ომს. კავკასიის ფრონტზე კვინიტაძე წარმატებით იბრძოდა. 1916 წელს მას პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიანიჭეს და მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურობა ჩააბარეს. ამ პოსტზე კვინიტაძემ არზრუმისთვის გამართულ ბრძოლაში გამოიჩინა თავი. წარმატებული ოპერაციისთვის კვინიტაძე წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს და გენერალ-მაიორის წოდებაც მიანიჭეს. სწორედ ამ რანგში შეხვდა კვინიტაძე 1917 წლის რევოლუციას.

რევოლუციის პერიოდში რუსეთის არმია ქაოსმა მოიცვა. ამბოხებული ჯარისკაცები თვითნებურად ტოვებდნენ საბრძოლო პოზიციებს, აწყობდნენ ოფიცრების სასამართლო პროცესებს. ახევდნენ მათ სამხრეებს და ხშირ შემთხვევაში ადგილზე ხვრეტდნენ. რუსეთის ცენტრალურ ოლქებში დაწყებულმა არეულობამ კავკასიის ფრონტამდეც მიაღწია. რუსი ჯარისკაცები წინა ხაზიდან მასობრივად გარბოდნენ. სამხედროებით დატვირთული ეშელონები საქართველოს გავლით რუსეთისკენ მიემართებოდნენ და გზად ყველაფერს ძარცვავდნენ.

ასეთ ვითარებაში გიორგი კვინიტაძემ უარი თქვა რუსულ არმიაში სამსახურზე და საქართველოში დარჩა. მან ქართული არმიის შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

1918 წელს ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის – გრიგოლ გიორგაძის ბრძანებით, იგი საქართველოს რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად და სამხედრო მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა. იმ პერიოდში რეგულარული ქართული არმია საერთოდ არ არსებობდა. იყვნენ მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის არმიაში მსახურობდნენ და რევოლუციის შემდეგ სამშობლოში ფრონტიდან ჯგუფ-ჯგუფად ბრუნდებოდნენ. კვინიტაძის ამოცანას ამ ქაოსიდან რეგულარული ქართული სამხედრო ნაწილების ჩამოყალიბება წარმოადგენდა. თუმცა, მას საქმის ნორმალურად წარმოების საშუალება არ მისცეს. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობა, რომელთა იდეოლოგიაც საკმაოდ ახლოს იდგა ბოლშევიკებთან, ოფიცრობას ეჭვის თვალით უყურებდა და ისინი კლასობრივ მტრებად მიაჩნდა. თვლიდნენ, რომ ოფიცრებს სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლა შეეძლო.

არმიის საპირწონედ ნოე ჟორდანიას მთავრობამ საკუთარი გვარდიის ჩამოყალიბება დაიწყო. საქართველოში გვარდია 1917 წლის 12 დეკემბერს დაარსდა. თავდაპირველად გვარდიის ძირითად ამოცანას კავკასიის ფრონტიდან გაქცეული ჯარისკაცების შეკავება, თბილისზე მათი შესაძლო თავდასხმის მოგერიება და ქალაქში არსებული სამხედრო არსენალის დაცვა წარმოადგენდა. არეულ პერიოდში მათვე ევალებოდათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაც. თავიდან მას წითელი გვარდია ერქვა. 1918 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ წითელი გვარდიის გაძლიერება გადაწყვიტა, მას სახალხო გვარდია უწოდეს და სამხედრო ყაიდაზე გადაიყვანეს. გვარდია სოციალ-დემოკრატთა სამხედრო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მისი მმართველი აპარატი პარტიული ჩინოვნიკებისგან შედგებოდა, რომლებსაც სამხედრო საქმეზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ.

ჟორდანიას მთავრობამ გვარდია თავიდანვე პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. ამის გამო, პროფესიული ჯარი ქვეყანაში ბედის ანაბარად მიტოვებული აღმოჩნდა. არმიასთან შედარებით უკეთ აღჭურვილი გვარდია საბრძოლო თვალსაზრისით, სუსტი ერთეული იყო. ორგანიზაციაში საერთოდ არ არსებობდა დისციპლინა. თუ გვარდიელს ბრძანება არ მოსწონდა, მას უბრალოდ არ ასრულებდა. ხშირად გვარდია ან უარს ამბობდა ომზე, ან ბრძოლის ველს თვითნებურად ტოვებდა.

თავად კვინიტაძე სახალხო გვარდიას შემდეგნაირად აფასებდა: “თანამდებობა რომ დავიკავე, გვარდიაც და არმიაც მე მექვემდებარებოდა, ამიტომ გამეცინა, როდესაც გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა მომმართა: გვარდიის შტაბთან მიმოწერის დროს სიტყვა “ვბრძანებ” არ იხმარო, თხოვნით მიმართე ხოლმეო. ეს იმდენად უმნიშვნელო ფორმალობა იყო, რომ კამათი არ დამიწყია და ვუპასუხე: მზად ვარ სამჯერ გავიმეორო სიტყვა “გთხოვთ”, ოღონდაც ჩემი “თხოვნა” შეასრულონ-მეთქი. გვარდიამ ბრძოლაში სრული უუნარობა და უცოდინარობა გამოავლინა. სრულიად უმნიშვნელო წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი მთელი ფრონტი იფანტებოდა. უფროსებისადმი დაუმორჩილებლობა, ხელმძღვანელების უსუსურობა ჯარის ამ სახეობის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო.

ვფიქრობ მენშევიკებს შემდეგი აზრი ჰქონდათ: ჯარი საჭიროა გარეშე მტერთან საბრძოლველად, ხოლო გვარდია ჯართან საბრძოლველად თუ საჭირო გახდებოდა.

სახალხო გვარდიის გულის მოსაგებად მენშევიკები არაფერს ზოგავდნენ. რაც შეიძლებოდა საუკეთესო მუდამ გვარდიას ჰქონდა – საუკეთესო იარაღი, საუკეთესო მოკაზმულობა, ტანსაცმელი, ცხენები, სურსათი და ჯამაგირი. და ეს მაშინ, როდესაც ქართული ჯარის უფროსები ქალაქის ქუჩებში ფულს სესხულობდნენ კერძო პირებისაგნ ჯარის მოსაწყობად.”

კვინიტაძის მოთხოვნით, გვარდია საერთო სამხედრო მმართველობას უნდა დამორჩილებოდა, რითაც მათი პრივილეგირებული და ავტონომიური მდგომარეობა ისპობოდა.

საგანგებო კრებაზე გიორგი კვინიტაძემ ეს მოსაზრება სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელს ნოე ჟორდანიას გააცნო: “მესმის, რომ თქვენ გსურთ გყავდეთ სანდო დასაყრდენი ძალა ახალი წეს-წყობილების გასამყარებლად. დეე, ასე იყოს. მაგრამ ომის დროს გვარდიელები უნდა იყვნენ გაწვეულნი ჯარში, თანახმად მობილიზაციის სიებისა.”

როგორც კვინიტაძე თავის მოგონებებში წერს, მისმა წინადადებამ ჟორდანიას აღშფოთება გამოიწვია. მთავრობის თავმჯდომარემ კვინიტაძის საპასუხოდ შემდეგი განაცხადა: “მე როგორც მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ ქართული ჯარის სათავეში შეუძლებელია ყოფნა ისეთი პირისა, რომელიც ასე მტრულად არის განწყობილი გვარდიის მიმართ.”

კვინიტაძემ ჟორდანიას ამაზე საკმაოდ მკვახე პასუხი გასცა: “მე არავის არ ვთხოვდი სამსახურს; დავბრუნდები ჩემს სახლში და დავიწყებ ჩემს აივანზე მშვიდად თამბაქოს წევას ისე, როგორც სანამ აქ მომიწვევდით. თქვენი აღელვება არ შეეფერება არც თქვენს წლოვანებას და არც თქვენს ჭაღარა წვერს.”

უთანხმოების გამო, 1918 წლის ზაფხულში გიორგი კვინიტაძე დაკავებული თანამდებობებიდან საკუთარი ნებით გადადგა. თუმცა, სოციალ-დემოკრატების მთავრობას კვინიტაძის სამსახური ძალიან მალე დასჭირდა. 1918 წლის დეკემებერში სომხეთმა საქართველოსგან ჯავახეთისა და ბორჩალოს მაზრების გადაცემა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ, ერევანმა 8 დეკემბერს სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რამდენიმე დღეში, მოწინააღმდეგემ მთლიანად დაიკავა ბორჩალოს მაზრა და მდინარე ხრამს მოადგა. ფრონტი საქართველოს დედაქალაქს უახლოვდებოდა. სომხეთმა უკვე თბილისის დაცლაც მოითხოვა.

საქართველოში მობილიზაცია გამოცხადდა. ქართული ჯარის მეთაურობა გენერალ გიორგი მაზნიაშვილს დაევალა. მაზნიაშვილის შტაბის უფროსობა კი ჟორდანიას მთავრობამ კვინიტაძეს სთხოვა. გენერალი სოციალ-დემოკრატების თხოვნას უსიტყვოდ დათანხმდა.

მაზნიაშვილისა და კვინიტაძის სწორად დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის წყალობით, 16 დეკემბერს საქართველოს არმია შეტევაზე გადავიდა და მოწინააღმდეგე შეავიწროვა. ბორჩალოს მაზრა სომხური შენაერთებისგან მთლიანად გაიწმინდა. 31 დეკემბერს ომი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ გამარჯვების მიუხედავად, საქართველო ამ კონფლიქტით მაინც დაზარალდა. ინგლისის შუამავლობით, მხარეებს შორის ზავი დაიდო. ბორჩალო, რომელიც მანამდე საქართველოს ტერიტორია იყო, სადავო გახდა და იგი სამ ნაწილად გაიყო: ჩრდილოეთი საქართველოს დაუტოვეს, სამხრეთი სომხეთს გადაეცა, ხოლო მისი ცენტრალური ნაწილი – ლორეს რაიონი – ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. ამ ომს კვინიტაძე შემდეგნაირად იგონებს: “ჟორდანიამ მოგებული ჯარი შეაჩერა და მოლაპარაკება დაიწყო. რას მივაღწიეთ? დავთმეთ ის, რაც ისედაც ჩვენი საკუთრება იყო. ის რაც ჩვენს განუყოფელ ტერიტორიად მიგვაჩნდა. ტერიტორიის დათმობა, უომრადაც შეიძლებოდა. რისთვისღა ვიბრძოდით?… დედაქალაქიდან 60-80 ვერსის დაშორებით იღვრებოდა ქართველთა სისხლი, მობილიზაცია კი მხოლოდ 18 დეკემბერს დაიწყო. 12 დეკემბერს განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნა სახალხო გვარდიის მიერ არსენალის აღების დღე. ამ დღის კიდევ უფრო სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ეკატერინენფელდიდან (დღევანდელი ბოლნისი), სამხედრო მოქმედებათა თეატრიდან, ცხენოსანთა გვარდია იხმეს თბილისში.”

1919 წლის თებერვალში, სამხრეთ საქართველოში ისლამურმა აჯანყებამ იფეთქა. თურქეთის ხელშეწყობით, აჯანყებას მაჰმადიანი ქართველი ბეგები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც მიზნად სამცხე-ჯავახეთის თურქეთთან შეერთებას ისახავდნენ. ისლამისტებმა რეგიონში დისლოცირებული ქართული ნაწილები გაანადგურეს და რამდენიმე დღეში მთელი რეგიონი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს. ვითარება საგანგაშო გახდა. ამბოხებულები ბორჯომს უახლოვდებოდნენ.

ჟორდანიას მთავრობამ საშველად კვლავ გიორგი კვინიტაძეს უხმო. იგი საქართველოს მთავარსარდლის პოსტზე აღადგინეს და აჯანყების ჩაქრობა დაავალეს. კვინიტაძე ბორჯომში თებერვლის ბოლოს ჩავიდა. მარტის განმავლობაში მან დეზორგანიზებული ქართული ჯარის დალაგება შეძლო და შემდეგ ბეგების წინააღმდეგ გაილაშქრა. კვინიტაძის მიერ განხორციელებული სამხედრო კამპანია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საქართველომ დაიბრუნა არამარტო სამცხე-ჯავახათი, არამედ კონტროლი დააწესა საქართველოს ძირძველ კუთხეზე – ტაო-კლარჯეთზე. კვინიტაძის გამარჯვების შემდეგ, არდაგანში და ართვინში ქართული სამხედრო გარნიზონი ჩადგა.

წარმატებული ოპერაციის შემდეგ კვინიტაძემ კვლავ დააყენა არმიის რეორგანიზაციის საკითხი. მისი პროექტი გვარდიის გაუქმებას და მის ჯართან შეერთებას ითვალისწინებდა. მაგრამ, სოციალ-დემოკრატების მთავრობამ და მისმა მომხრე სამხედროებმა, ამაზე უარი განაცხადეს. ამის გამო, 1919 წლის მაისში კვინიტაძე მთავარსარდლის თანამდებობიდან კვლავ გადადგა.

ამავე პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ კვინიტაძეს სამხედრო სკოლის ჩამოყალიბება სთხოვა. ყოფილი მთავარსარდალი საქმეს ენთუზიაზმით შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფინანსურად დიდ გაჭირვებას განიცდიდა და მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრებიც არ იყო საკმარისი, კვინიტაძემ მაინც შეძლო სამხედრო სასწავლებელის დაარსება. 1919 წელს თბილისში იუნკერთა სამხედრო სკოლა გაიხსნა, რომლის პირველი ხელმძღვანელიც სწორედ გიორგი კვინიტაძე იყო.

1920 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობას კვინიტაძე კვლავ დასჭირდა. ვითარება აზერბაიჯანის საზღვართან გართულდა, სადაც რუსეთის XI არმიის ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ.

ბოლშევიკურმა რუსეთმა ამიერკავკასიაში სამხედრო ინტერვენცია აპრილის ბოლოს დაიწყო. 28 აპრილს წითელი ნაწილები ბაქოში შევიდნენ. აზერბაიჯანში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. სერგო ორჯონიკიძე, რომელიც XI არმიის ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო, ბოლშევიკურ გადატრიალებას საქართველოშიც გეგმავდა. 2 მაისს, XI არმიამ მისი ბრძანებით, საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. თუმცა, ბოლშევიკებს წინ წაწევის საშუალება კვინიტაძემ არ მისცა. სასაზღვრო ბრძოლებში XI არმიის ავანგარდი სასტიკად დამარცხდა და უკან დაიხია. კვინიტაძის მეთაურობით ქართულმა ნაწილებმა რამდენიმე ვერსით აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც კი წაიწიეს.

იმ დროს არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წარმოება მიზანშეუწონლად ჩათვალა და 7 მაისს თბილისთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა, სადაც საქართველო სუვერენულ ქვეყნად აღიარა.

კვინიტაძე: “ჩვენ დავამარცხეთ რუსების ერთი დივიზია, მათ მოხსნეს მეორე დივიზიაც, მაგრამ ისიც დავამარცხეთ. ჩვენი ცნობით ბოლშევიკებს აზერბაიჯანში ჰყავდათ მხოლოდ ერთი დივიზია და ისიც ბაქოსთან. ამ დროს კი მე მყავდა 40 ათასზე მეტი ჯარისკაცი… ჩვენ შეგვეძლო ბოლშევიკებისაგან მთელი ამიერკავკასია გაგვეწმინდა. ეს ხომ 1920 წელს ხდებოდა, როცა პოლონეთი და ვრანგელი ორ ფრონტზე აწარმოებდნენ ომს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელს არ შეეძლო აზერბაიჯანელი ბოლშევიკების დახმარება. მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ვითარება”.

1920 წლის აგვისტოში კვინიტაძე კიდევ ერთხელ გადადგა საქართველოს ჯარების მთავარსარდლის პოსტიდან, რადგან დაინახა, რომ ჟორდანიას ხელისუფლება არ ზრუნავდა ჯარის მოწყობაზე, საზღვრების გამაგრებაზე და ქვეყნის თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე.

ამ პერიოდში კვინიტაძეს ძალიან უჭირდა. იგი ფაქტიურად საარსებო წყაროს გარეშე იყო დარჩენილი. ოჯახიდან რაც კი შეიძლებოდა ყველაფერი გაყიდეს. მთავრობამ დახმარების სახით, მას თვეში ათასი მანეთი დაუნიშნა. თუმცა, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, მთავრობის მიერ კვინიტაძისთვის დაწესებული თანხა უფრო დაცინვას ჰგავდა, ვიდრე დახმარებას. მცირე შემოსავალი კვინიტაძეს იუნკერთა სკოლიდან ჰქონდა, სადაც ტაქტიკისა და სამხედრო ისტორიის კურსს კითხულობდა. ყოფილი მთავარსარდლის ხელფასი 9 ათას მანეთს შეადგენდა. კვინიტაძეს იმდენად უჭირდა, რომ უფულობის გამო ტრამვაითაც კი ვერ მგზავრობდა და ლექციებზე სახლიდან ფეხით დადიოდა.

ასეთი გაჭირვების მიუხედავად, 1921 წლის იანვარში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის თავდაცვისთვის სპეციალური ფონდი შექმნა, კვინიტაძემ და მისმა მეუღლემ მარიამ მაყაშვილმა ფონდში 4 ვერცხლის კოვზი და 3 გერმანული ვერცხლის მარკა ჩააბარეს.

1921 წლის თებერვალში ბოლშევიკებმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყეს. ინტერვენციის ფორმალურ მიზეზად რუსეთმა ლორეს რაიონში კომუნისტების მიერ ინსპირირებული აჯანყება გამოიყენეს. აჯანყებულებმა რეგიონში მდგარი ქართული შენაერთები გაანადგურეს და დახმარებისთვის რუსეთს მიმართეს. 16 თებერვალს მათ დასახმარებლად აზერბაიჯანში და სომხეთში დისლოცირებული XI არმიის ნაწილები დაიძრნენ. მტერმა გადმოლახა წითელი ხიდი, აიღო შულავერი და თბილისს მიუახლოვდა.

ამ მძიმე ვითარებაში ჟორდანიას მთავრობას კვინიტაძე კიდევ ერთხელ გაახსენდა. გენერალი უკვე ერთი კვირა იყო, რაც ლოგინში იწვა. გაციების გამო გენერალს ჰაიმორიტი გაურთულდა და მაღალ სიცხესთან ერთად თავის ძლიერი ტკივილებისგან იტანჯებოდა. 15 თებერვლის საღამოს კვინიტაძეს ტელეფონზე ეროვნული გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა დაურეკა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა სთხოვა, სადაც მთავრობის საგანგებო თათბირი მიმდინარეობდა. თათბირზე გაირკვა, რომ რუსების შეტევის შედეგად, საქართველოს ჯარი დაფანტულია და თუ არ მოხდებოდა თბილისის დაცვის სასწრაფო ორგანიზება მტერი დედაქალაქში შემოვიდოდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავარსარდლის პოსტიდან გენერალი ოდიშელიძე გადააყენეს და მის ნაცვლად გიორგი კვინიტაძე დანიშნეს. ბოლშევიკებთან საბრძოლველად თბილისში მობილიზაცია გამოცხადდა: “ტფილისის ქალაქის გამგეობის განცხადება

თანახმად საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს დადგენილებისა გამოცხადებულია მობილიზაცია რესპუბლიკის ყველა მოქალაქეებისა 40 წლამდის, გარდა რუსებისა. მობილიზაციის პირველ დღეთ დანიშნულია 21 თებერვალი; ამიტომ აღნიშნული წლოვანების მცხოვრებნი ქალაქ ტფილისში უნდა გამოცხადდენ 21 თებერვალს დილის 9 საათზე ტფილისის სამხედრო აღრიცხვის უფროსის სამმართველოში. მობილიზაცია გაგრძელდება 22 თებერვლის საღამოს 5 საათამდე.”

კვინიტაძემ სასწრაფოდ გამოიხმო საზღვრიდან გადარჩენილი ნაწილები მას სარეზევრო ქვედანაყოფები და იუნკერთა სკოლის კურსანტები დაუმატა და თბილისის დაცვის მოწყობას შეუდგა. დაცვა იმდენად ეფექტურად იყო ორგანიზებული, რომ რიცხვით სამჯერ მეტმა მოწინააღმდეგემ ქართველების თავდაცვითი ხაზის გარღვევა გააფთრებული ბრძოლების შედეგადაც ვერ შეძლეს. კვინიტაძეს წარმატება სოციალ-დემოკრატებმაც კი აღიარეს. ამასთან დაკავშირებით, დამფუძნებელმა კრებამ სპეციალური მიმართვაც კი მიიღო:

“მთავარსარდალ გენერალ გიორგი კვინიტაძეს.

დამფუძნებელი კრება აღფრთოვანებული მოგესალმებათ თქვენ და თქვენი ხელმძღვანელობით მოქმედ ჯარსა და გვარდიას, რომელთაც თავდადებით და გმირობით გადაარჩინეს სამშობლო გამხეცებულ მტრის ურდოების შემოსევას. თებერვლის ცხრამეტისა, ოცის და ოცდაერთის ბრწყინვალე ბრძოლანი ოქროს ასოებით აღიბეჭდება საქართველოს ისტორიის ფურცლებზე, ხოლო შთამომავლობას იგი გადაეცემა როგორც საარაკო თქმულება ქართველი მეომრის ძლევამოსილებისა.

გაუმარჯოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს! სახელი და დიდება ვინც სამშობლოს თავის შესწირა და გმირუად აღესრულა ბრძოლის ველზე

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე

ნ. ჩხეიძე”

24 თებერვალს რუსებმა თბილისის მიმართულებით დამატებითი ძალები გადმოისროლეს და ქალაქის დამცველთა ფლანგებიდან შემოვლა დაიწყეს. დედაქალაქს და მასთან ერთად საქართველოს მთავრობას ალყის საფრთხე დაემუქრა. ასეთ ვითარებაში კვინიტაძემ უკან დახევისა და ქალაქის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, XI არმიის სარდალი გეკერი კვინიტაძის მიერ შესრულებულ უკანდახევის მანევრს შემდეგ შეფასებას მისცემს: “უკანდახევისთვის, რომ ორდენს იძლეოდნენ, იგი უთუოდ კვინიტაძეს ეკუთვნის. ამ უკანდახევით, მან სასწაული მოახდინა.” 25 თებერვლის ღამეს თბილისი ქართული ნაწილებისგან დაიცალა. დედაქალაქი დატოვა დემოკრატიული რესპუბლიკის მთვარობამაც. გამთენიისას თბილისში უკვე XI არმიის მოწინავე ნაწილები გამოჩნდნენ.

საქართველოს მთავრობამ და ქართულმა ჯარმა ბათუმის მიმართულებით დაიწყო უკანდახევა. გზაზე საშინელი ქაოსი და არეულობა იყო. გენერალი გიორგი კვინიტაძე: “მცხეთაში წავედი. ქალაქში შესასვლელი გზები ოთხთვალებს გაეჭედათ. ცხენზე ამხედრებულმა გზა ძლივს გავიკვლიე. მცხეთის სადგურში მივედი. იქაურობა სამხედრო ფორმიანი ხალხით იყო სავსე. ჯარისკაცები თითქმის არ დამინახავს; ძირითადად გვარდიელები იყვნენ. ისინი მატარებლებში სხდებოდნენ და მის გასვლას ელოდებოდნენ. გვარდიის შტაბი მოვძებნე და მათ თავისიანებში წესრიგის დამყარება და ნაწილების შეკრება მოვთხოვე. მათ მიპასუხეს, რომ უკვე სცადეს და არაფერი გამოუვიდათ.”

1921 წლის 17 მარტს ბათუმში საქართველოს დამფუძნებელი კრების უკანასკნელ სხდომაზე გადაწყდა, რომ მთავრობა ქვეყანას ტოვებს და პოლიტიკურ ემიგრაციაში მიემგზავრება. დამფუძნებელი კრების დადგენილებით, ემიგრაციაში წამსვლელთა რაოდენობაც განისაზღვრა. მთავრობის წევრების გარდა, 10 პოლიტიკური მოღვაწე, გვარდიის 15 წარმომადგენელი, მთავარსარდლის შტაბი და არმიის 50 ოფიცერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, ემიგრაციაში გენერალი გიორგი კვინიტაძეც გაემგზავრა.

მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმა მოხუცებული 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა.

http://24saati.ge/index.php/category/news/2010-07-04/8298.html

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s