კირიონ II: საქართველოს ეკლესიის საკითხი რუსი მღვდელმთავრებისა და რუს მეცნიერთა წინააღმდეგ

ყოველგვარ მოვლენას, თუ რამდენად ხდება დროში მისი სრულყოფილება, აქვს თავისი ისტორია. თავისი ღრმად შესასწავლი ისტორია აქვს ასევე ჩვენს მრავალტანჯული ეკლესიის ავტოკეფალიასაც. ეს საკითხი, რომელიც ასე მოულოდნელად წამოიჭრა ბეჭდვით ორგანოებში, ბოლო დროს ჩამოყალიბდა მთელი ლიტერატურის სახით. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგენიც. სერიოზული და კეთილსინდისიერი გამოკვლევების გვერდით, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოჩნდა ტენდენციური წერილები, უფრო კი ფარისევლური ცნობები მწიგნობრებისა, ცრუგანმმარტებლებისა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის მრუდედ და ცალმხრივად განმხილველთა. ზოგიერთი იქამდეც კი მივიდა, რომ დაუშვებელ, უხეშად გაყალბებულ ფაქტებს მოუყარა თავი და წინასწარ განზრახული გეგმით დაამახინჯა აზრები. მიუხედავად ამისა, სიცრუის ხელოვნურად შექმნილი ბურუსი მაინც გააპო ჭეშმარიტებამ, მათი მცდელობა კი უნაყოფო გამოდგა.

ქართულ, ბერძნულ, სირიულ (ასურულ) და არაბულენოვანი ისტორიული საბუთები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ქართველებმა ქრისტიანობა II საუკუნეში მიიღეს, ხოლო იერარქია და საეკლესიო-ადმინისტრაციული დაწესებულებები ბიზანტიისაგან გადმოიღეს. შემდეგში საქართველოს ეკლესია შევიდა ანტიოქიის საყდრის იურისდიქციაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკლესია ყოველთვის ცდილობდა გათავისუფლებულიყო მეტროპოლიის საეკლესიო ზედამხედველობისაგან და ორგანიზაციულად ჩამოეყალიბებინა დამოუკიდებელი, ეროვნული ეკლესია კათოლიკოსით სათავეში. ასეთი, სრულიად ბუნებრივი, თავისთავადი მისწრაფება ქართველებისა, განხორციელებადი იყო იმიტომ, რომ ქართველები უკვე სრულიად განიმსჭვალენ ქრისტიანული რელიგიის მაცხოვნებელი სწავლებით. ერთის მხრივ, ივერიაში გამოჩნდა ეროვნული საეკლესიო-რელიგიური ცენტრები, სასულიერო- საგანმანათლებლო წიგნები. მეორეს მხრივ, საქართველოს სამეფოს თანდათანობითი გაძლიერება, განსაკუთრებით არაბების მიერ ანტიოქიის აღების შემდეგ – 638 წელს, ქართველებში იწვევდა მისწრაფებას, რომ თავისი მშობლიური ეკლესია ექციათ ანტიოქიის პატრიარქისგან სრულიად დამოუკიდებლად. ეს წმიდა სურვილი ქართველებისა თანდათანობით აღსრულდა. საქართველოს ეკლესიამ გაიარა განვითარების ყველა საფეხური მანამ, სანამ არ მოხდა სადღესასწაულო უწყება: VIII საუკუნის შუახანებში (751 წელს) ანტიოქიის საპატრიარქოს კათედრის (საყდრის) კრების განწესებით, ცნობილი იქნა ივერიის ეკლესიის სრული ავტოკეფალია. ამ დროიდან აღიარებენ და მოიხსენიებენ მცხეთის ეკლესიას ავტოკეფალურ და საკათალიკოსო კათედრად, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ეკლესიები და საეკლესიო კანონისტები თუ ისტორიკოსები. ვისაც სურს დაწვრილებით ჩაუღრმავდეს ამ საკითხებს, ვურჩევთ გაეცნოს სპეციალურ თხზულებებს, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს ეხება: 1) სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორის ი. ი. სოკოლოვის “საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე” (ისტორიული ცნობა); 2) კ. ცინცაძის “საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია” (თბილისი, 1905 წელი); 3) თ. ჟორდანიას “მოკლე ისტორიული ცნობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზე” (თბილისი, 1905 წელი); 4) ს. გორგაძე; 5) ეწტსქუდშთძფ “სიმართლე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზე” (ქუთაისი. 1906 წელი) და პროფესორების ღირებული მრავალრიცხოვანი საგაზეთო სტატიები: ა. ა. ცაგარელისა, ნ. მარისა, ა. ს. ხახანოვისა, აგრეთვე ნ. ნ. დურნოვოსი, ი. გოგებაშვილისა, ა. ყიფშიძისა, ა. ნატროევისა, ი. ფერაძესი, მღვდლებისა: ნ. პოკროვსკისა, კ. კეკელიძისა, ი. ჩიჯავაძისა, იონა ბრიხნევჩისა და სხვათა.

 

ასე რომ, IIII საუკუნის შუახანებიდან 1811 წლამდე საქართველოს ეკლესია სრულიად თავისუფალი იყო. კათოლიკოსები განაგებდნენ ეკლესიას რომელიმე გარე სახელმწიფოს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად, უფლის სიტყვის საფუძველზე, მოციქულთა კანონებითა და საეკლესიო კანონებით; საკუთარი ინიციატივით იწვევდნენ ადგილობრივ საეკლესიო კრებებს, სადაც ხდებოდა საეკლესიო გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს სამეფო ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთის სახელმწიფოს 1801 წელს, რუსეთის წმიდა სინოდი ვერ შეეგუა იმას, რომ საქართველოს ეკლესიას ჰყავდა დამოუკიდებელი კათოლიკოსი, ხოლო მანამდე გამოცემულ იმპერატორ პავლე I-ის რესკრიპტში კი ეწერა: “არ შეეხოთ საქართველოს ეკლესიის პრივილეგიას”. დაიწყო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის იერარქიული დამორჩილებისთვის. სულ მალე წმიდა სინოდის განზრახვა წარმატებით დასრულდა.

საქართველოში რუსეთის ჯარების მთავარსარდლის, სამხედრო გენერლის ტორმასოვის მეოხებით კათოლიკოსი ანტონ II 1810 წელს გამოძახებული იქნა წმიდა სინოდში საქართველოს ეკლესიის საქმეების მოწესრიგების მიზნით. უკვე 1811 წლის 30 ივნისს, იგივე გენერალ ტორმასოვის სურვილისამებრ, მის ადგილზე, წმინდა მოციქულების 30-ე და 35-ე კანონებისა და ანტიოქიის კრების 22-ე კანონის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ეგზარქოსად და მცხეთის მიტროპოლიტად დაინიშნა ვარლამი (ერისთავი). მხოლოდ დიდსა და უძველეს ეკლესიას ძალუძს შეცვალოს განჩინება მცირე ხელისუფლებისა. ასე რომ, დარღვეულია საეკლესიო კანონები. ჩადენილი იქნა ჯერ არ გაგონილი უსამართლობა, რომლის ანალოგი ეკლესიის ისტორიაში არ მოიძებნება.

ისმის კითხვა: ჰქონდა კი კანონიკური უფლება წმიდა სინოდს ასე მოქცეოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას….

აღნიშნული საკითხის გარკვევისათვის კვლავ მივუბრუნდები ეკლესიის ისტორიას. ჩვენ მასში მართალია ვიპოვით მცირე შემთხვევებს ავტოკეფალიის გაუქმებისას, მაგრამ ამისთვის აუცილებელი მოთხოვნა იყო ზემოთ ხსენებული პირობების დაცვა: ერთის მხრივ, ნებაყოფლობითი სურვილი მოქმედი სამღვდელოებისა, სხვა მხრივ, კი კრების სანქციით. მაგრამ მსგავსი რამ სინოდს არ გაუკეთებია. თუკი იარსებებდა რაიმე სახის აქტი საქართველოს ეკლესიის მხრიდან თავისი ავტოკეფალური უფლებების ნებაყოფლობით უარყოფისა, მაშინ უკვე წმიდა სინოდს ექნებოდა რამენაირი გამართლება იმ მოქმედებისა, რაც საქართველოს ეკლესიის მიმართ ჩაიდინა. მაგრამ არანაირი მსგავსი აქტი არ ყოფილა. ერთადერთი შესაძლებელი გზა საქართველოს ეკლესიის საკითხის კანონიკური გადაწყვეტისა, იყო ორმხრივი შეთანხმება, ორივე მხარის მიერ შედგენილი აქტი, მაგრამ ეს სავსებით კანონიერი გზა უგულებელყოფილი იქნა უმაღლესი ცენტრალური სასულიერო მართვა-გამგეობის მიერ. მოცემულ შემთხვევაში თავის მართლებისათვის არ გამოდგება დამოწმება ფორმულისა: “ასე იყო ამ დრომდე”. ამ ფრაზას უფრო ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იურიდიული შინაარსი. უკანონო მოქმედება საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში არ შეიძლება დაკანონდეს იმ მოტივით, რომ მას ადგილი ჰქონდა დიდი ხნის წინათ. საერო სფეროში მიღებულ უკანონობის ხანდაზმულობით გამართლებას ჩვენ საეკლესიო საკითხთან საერთო არაფერი აქვს.

წმიდა სინოდი ძირითადად დაეყრდნო გენერალ ტორმასოვის დასმენებს და მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა უზენაესი უფლებამოსილება, ჩაერია უძველესი ეკლესიის საქმეებში, რომელიც გამტკიცებული იყო ანტიოქიის კრების განჩინებით, თავისი ავტოკეფალური უფლებებით. მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონები ყოველთვის უფრთხილდებოდნენ ცალკეული ეკლესიების დამოუკიდებლობას და მათ იურისდიქციას, როგორც ეს დადასტურებულია კონსტანტინეპოლის კრების მე-2 კანონში, ეფესოს კრების მე-8 კანონში, წმიდა მოციქულების 35-ე კანონში და ა.შ.

ჩვენ კიდევ ერთ მოსაზრებას წარმოვადგენთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონიკური წესები, დოგმატის მსგავსად არ არის უცვლელი. ისინი არაერთხელ შეიცვალნენ დროისა და ადგილის მოთხოვნების თანახმად. მართალია ეს კანონები შემდეგში შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვა ფორმულირებით, მაგრამ ზემოთ აღნიშნული მოქმედების მსგავსი რაიმეს განხორციელება კერძო ეკლესიის კომპენტენციაში არ შედის. ის შეუძლებელია, თუ არ იქნება გათვალისწინებული მსოფლიო კრებების მიერ დაწესებული სანქციები. მხოლოდ მას აქვს ამის უფლება.

ასე რომ, კანონიკური და ისტორიული მონაცემების საფუძველზე უკანონოდ შეჩერებული საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსის არჩევა, დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს და აღდგეს საქართველოს ეკლესიის სრული ავტოკეფალია, რომელიც ივერიის ეკლესიას დაუბრუნებს სამართლიანობას მისი ცხოვრების ყველა სფეროში.

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s