ლავრენტი ბერია – ქართველ მწერლებსა და ლიტერატურაზე

საქართველოს კომპარტიის X ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ლავრენტი ბერიას წარმოთქმული სიტყვები:

ლავრენტი ბერია (1899–1953)

უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ქართულმა საბჭოთა ლიტერატურამ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა საბჭოთა კავშირის მოძმე რესპუბლიკების ლიტერატურებს შორის. განსაკუთრებული როლი საბჭოთა ლიტერატურის განვითარებაში შეასრულა ამხ. სტალინის ინიციატივით მიღებულმა, ЦК ВКП (б) 1932 წლის 23 აპრილის დადგენილებამ ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ.

საქართველოს ლიტერატურულ ორგანიზაციებში არსებობდა დაჯგუფებები, რომლებიც ხრწნიდნენ მწერალთა კადრებს და აფერხებდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებას. ამ საქმეში განსაკუთრებულ როლს ე.წ პროლეტარ-მწერალთა ქართული ასოციაცია (АПП) ასრულებდა, რომელიც წარმოადგენდა РАПП-ის ფილიალს და მას ხელმძღვანელობდნენ: ბ. ბუაჩიძე, შ. რადიანი და სხვ.

პროლეტარ-მწერალთა ქართული ასოციაციის ხელმძღვანელობა შუღლს აღვივებდა მწერალთა წრეებში და ყველა ურჩსა და განსხვავებულად მოაზროვნეს საბჭოთა ხელისუფლების მტრების ბანაკში უჩენდა ადგილს.

პროლეტარ-მწერალთა ქართულ ასოციაციასთან ერთად ქართველ მწერალთა წრეში არსებობდა განკერძოებული ჯგუფები: ,,ცისფერყანწელები”, ,,აკადემიური ჯგუფი”, ,,ლეფელები”, ,,არიფიონელები” და სხვ. ,,ცისფერყანწელთა” ჯგუფში შედიოდნენ: პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, ნ. მიწიშვილი, გ. ლეონიძე და სხვები. ეს ჯგუფი ჯერ კიდევ 1916 წელს ჩამოყალიბდა. სახელწოდებას ,,ცისფერყანწელები” გადატანითი მნიშვნელობა ჰქონდა და უნდა აღენიშნა შემოქმედებითი თრობა, მაგრამ ეს დევიზი ცხოვრებაში, ქეიფებსა და ღრეობებში უფრო ხშირად ხორციელდებოდა. (სიცილი დარბაზში)

ქართულ ლიტერატურაში ,,ცისფერყანწელთა” შემოქმედება წარმოადგენდა დასავლეთ-ევროპულ და რუსულ ბურჟუაზიულდეკადენტურ ლიტერატურის დაგვიანებულ გამოძახილს. სოციალისტური მშენებლობის წარმატებებისა და ,,ცისფერყანწელების” წინააღმდეგ განხორციელებული მძაფრი იდეური ბრძოლის შედეგად ეს ჯგუფი დაიშალა.

თუკი ადრეულ პერიოდში, ЦК ВКП (б)-ს 1932 წლის აპრილის დადგენილების შემდეგ, ჯგუფ ,,ცისფერყანწელების” ზოგიერთ პოეტთა შემოქმედებაში ჭარბობდა უაზრო ლირიკის მოტივები და არ შეეძლოთ თავისი ვიწროლიტერატურული სამყაროდან გამოსვლა, უკანასკნელ ხანებში მათი შემოქმედებითი საქმიანობა უკვე სოციალისტური მშენებლობის თემების დამუშავების კუთხით გაიშალა.

,,აკადემიური” ჯგუფი, რომელიც 1922-23 წლებში შეიქმნა, უკიდურეს მემარჯვენე ფრთას წარმოადგენდა ქართულ ლიტერატურაში. მასში გაწევრიანებული იყვნენ შემდეგი მწერლები: კ. გამსახურდია, ა. აბაშელი, გ. ქიქოძე, პ. ინგოროყვა და სხვები. ამ ჯგუფის მიერ გამოცემულ ჟურნალ ,,კავკასიონის” პირველ ნომერში ჯგუფი შემდეგნაირად ახდენდა თავისი პოზიციის დეკლარირებას: ,,ერთადერთი საზომი, რომლითაც მოცემულ შემთხვევაში იხელმძღვანელებს ,,კავკასიონი”, _ ეს არის მარადიული ხელოვნების იდეა, რომელიც წარმავალ ლიტერატურულ მოდაზე უფრო მაღლა დგას…“

ჟურნალი, ბუნებრივია მიმზიდველ ცენტრად იქცა ანტისაბჭოთა-შოვინისტურად განწყობილი ინტელიგენციის ნაწილისთვის, მაგრამ სოციალისტური მშენებლობის წარმატებების და ჩვენი სოციალისტური კულტურის განვითარების შედეგად, ეს. ე.წ. ,,აკადემიური ჯგუფიც” დაიშალა. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი ა. აბაშელი იწყებს აქტიურ საზოგადო საქმიანობას და არც ისე ცუდ ლექსებს წერს საბჭოთა თემებზე.

`აკადემიური ჯგუფის~ კიდევ ერთი წარმომადგენელია კ. გამსახურდია, რომლის მსოფლმხედველობა მებრძოლი ნაციონალიზმით განისაზღვრებოდა და მას მკვეთრად გამოხატული ფაშისტური ელფერი დაჰკრავდა, თავის ბოლო ნაწარმოებში, ,,მთვარის მოტაცება”, შეეცადა ჩამოშორებოდა ძველ იდეურ პოზიციებს და სოციალისტური სინამდვილე დაეხატა, მაგრამ ეს ჯერჯერობით სუსტად გამოუვიდა. თუკი კ. გამსახურდიას სურს იყოს საბჭოთა მწერალი, იგი უნდა გათავისუფლდეს ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური იდეებისა და განწყობილებისაგან, უფრო დაუახლოვდეს ჩვენს სოციალისტურ სინამდვილეს და თავისი დიდი შემოქმედებითი უნარი ქართველ მუშა
ხალხს მოახმაროს.

ჯგუფისთვის ,,ლეფელები”, რომელიც 1924 წელს ჩამოყალიბდა და რომელშიც შედიოდნენ _ ს. ჩიქოვანი, დ. შენგელაია, ბ. ჟღენტი, ლ. ასათიანი და სხვანი, დამახასიათებელი იყო ფორმალური ნოვატორობა, წვრილბურჟუაზიული მეამბოხეობა. ისინი გამოსცემდნენ სპეციალურ ჟურნალს ,,H2SO4”, (გოგირდმჟავას ქიმიური ფორმულა). (სიცილი დარბაზში) ,,ლეფელები” უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გათავისუფლდნენ მათთვის წარსულში დამახასიათებელი აბდაუბდისგან, გადავიდნენ საბჭოთა ლიტერატურის იდეურ პოზიციებზე და ამჟამად ქართული ლიტერატურის მოწინავე რიგებში იბრძვიან.

დ. შენგელაიამ რამოდენიმე მოთხრობა სოციალისტური მშენელობის თემაზე დაწერა. მას მზად აქვს ახალი რომანიც, რომელიც სტალინის ჭაბუკობის წლებს ეძღვნება. პოეტმა ს. ჩიქოვანმა კარგი ლექსები შექმნა თანამედროვე საბჭოთა თემებზე.

ჯგუფში ,,არიფიონი”, რომელიც 1928 წ. დაარსდა, შედიოდნენ მწერლები: მ. ჯავახიშვილი, შ. დადიანი, ს. შანშიაშვილი, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, ი. მოსაშვილი და სხვ. ,,არიფი” ჯგუფის ერთ-ერთი წევრის განმარტებით _ გ. ქიქოძე _ ,,ეს არის თანამესუფრე, ხოლო არიფიონი _ გადაკრულში მყოფი ხალხის კავშირია. (სიცილი დარბაზში) ,,მაგრამ ჩვენ ვთვრებით, _ წერდა ქიქოძე _ არა ღვინით, არამედ შემოქმედებითი ურთიერთზემოქმედებით”. ეს ჯგუფი თავისი არსებით ნაკლებად განსხვავდებოდა ზემოხსენებული ,,აკადემიური” ჯგუფისაგან და ამ უკანასკნელის მსგავსად, ჩვენთვის აშკარად მტრულ, ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ პოზიციებზე იდგა. თავის სტატიაში, რომელიც ჟურნალ ,,არიფიონის” პირველ ნომერში გამოქვეყნდა და ჯგუფის დეკლარაციას წარმოადგენდა, გ. ქიქოძე წერდა: ,,…რევოლუციამ ვერ შეძლო ევრაზიის ფარგლებს გაცდენოდა, ის დედამიწის ერთ მეექვსედ ნაწილში ჩაიკეტა. რა დაუპირისპირა მან ძველ კულტურას? ელექტროფიკაცია, ინდუსტრიალიზაცია, კოოპერაცია… ძველი ღმერთები დაიხოცნენ, კრიტიკულმა აზროვნებამ გაანადგურა ძველი ილუზიები, არ არსებობს ცრურწმენისაკენ უკან დასახევი გზა, მაგრამ სული დაცარიელდა და ამ დაცარიელებული სულის ელექტროდენით შევსება შეუძლებელია”.

ეს იყო აშკარა კონტრრევოლუციური მოწოდება, რომელიც მიმართული გახლდათ საბჭოთა ხელისუფლების და ჩვენი სოციალისტური მშენებლობის წინააღმდეგ. სოციალიზმის წარმატებებისა და ჯგუფ ,,არიფიონის” წინააღმდეგ გაშლილი იდეური ბრძოლის შედეგად, ჯგუფმა მოახდინა თვითლიკვიდაცია და ამჟამად ჯგუფის ყველა წამყვანი წევრი ცდილობს აქტიურად იმუშაოს საბჭოთა ლიტერატურის სფეროში.

მ. ჯავახიშვილმა დაწერა საკმაოდ კარგი რომანი სახელწოდებით: ,,არსენა მარაბდელი”, რომელიც XIX საუკუნის 30-იანი წლებში გლეხთა რევოლუციურ მოძრაობას ეხება. შ. დადიანმა შექმნა რომანი სამეგრელოს გლეხთა რევოლუციური ბრძოლის ცხოვრებიდან _ ,,ურდუმი”. მან ასევე დაწერა პიესა, რომელიც მიუძღვნა საქართველოში 1905 წ. რევოლუციური პერიოდის ბოლშევიზმის ისტორიას.

ლ. ქიაჩელმა დაწერა ახალი რომანი ,,გვადი ბიგვა”, რომლითაც სურდა ეჩვენებინა, თუ როგორ მიჰყავს საკოლმეურნეო მშენებლობას გლეხობა ახალი, დოვლათიანი ცხოვრებისაკენ.

ი. მოსაშვილმა ბოლო პერიოდში ბევრი კარგი ლექსი შექმნა, რომლებიც სოციალისტური მშენებლობის თემებს მიუძღვნა.

უკანასკნელ წლებში გაძლიერდა და გაფართოვდა პროლეტარ მწერალთა კადრები _ ა. მაშაშვილი, კ. ლორთქიფანიძე, კ. კალანდაძე, ი. აბაშიძე და სხვ. თავის ნაწარმოებებში მათ გამოამჟღავნეს იდეურ-შემოქმედებითი ზრდა და ხშირ შემთხვევაში ოსტატობით ძველ, კვალიფიცირებულ მწერლებს არ ჩამოუვარდებიან. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა ქართული საბჭოთა პოეზია, რომელიც გამდიდრდა ახალი, მნიშვნელოვანი ნაწარმოებებით. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, დიადი სტალინისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები. საბჭოთა მწერლები ბელადის სახეს, როგორც ყველა ჩვენი გამარჯვების სიმბოლოს ასხამენ ხოტბას.

საუკეთესო სიმღერები და ლექსებია თავმოყრილი ახლახანს გამოცემულ წიგნში _ ,,ქართული ლექსები და სიმღერები სტალინზე”. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გ. ლეონიძის ახალი პოემა _ ,,ბელადის ბავშვობა და ყრმობა”, რომელიც დიდი პოეტური აღტაცებითაა დაწერილი.

უდავოა, რომ ქართული პოეზიის მიღწევას წარმოადგენს ქართველი მწერლების მიერ ლექსად გადმოცემული ,,ქართველ მშრომელთა წერილი ხალხთა დიდ ბელადს, სტალინს”, რომელიც საბჭოთა საქართველოს 15 წლისთავს მიეძღვნა.

კრიტიკა ჯერ კიდევ სუსტ მხარეს წარმოადგენს ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. ჩვენი კრიტიკოსები მწერლების ნაწარმოებებში ცუდად ავლენენ ნაკლსა და ხარვეზებს. მათ ობიექტურობაც აკლიათ. იმის მაგივრად, რომ კარგად შეისწავლონ ყველა ცალკეული ნაწარმოები და ობიექტური ანალიზის საფუძველზე დაწერონ სერიოზული კრიტიკა, ისინი კრიტიკას ხშირად ცალკეული მწერლების მიმართ პირადი სიმპათიებისა და ანტიპათიების საფუძველზე წერენ, გამომდინარე იქიდან, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ოდესღაც და ხელმძღვანელობენ პრინციპით ,,ჩემიანი” ან ,,მოწინააღმდეგე”. ასეთი მუშაობის შედეგად, კრიტიკოსები ცალკეული მწერლების ნაწარმოებებში დროულად ვერ ავლენენ კლასობრივ-მტრულ და მიუღებელ იდეებს.

მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა ქართული ლიტერატურის საქმეში, ჩვენმა გმირულმა საბჭოთა სინამდვილემ ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა მასში ღირსეული, სრულფასოვანი გამოხატულება. ჩვენი ლიტერატურა უნდა იყოს სახალხო და ასახავდეს კაცობრიობის მოწინავე იდეებს, ლენინ-სტალინის პარტიის იდეებს.

მწერალთა კავშირს ბევრი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს და არასრულფასოვნად ხელმძღვანელობს მწერალთა შემოქმედებით პროცესს. მწერალთა შორის არ არის გავრცელებული თვითკრიტიკა. უნდა მოხდეს ჩვენი მწერლების იდეურპოლიტიკური დონის ამაღლება, ამაღლების მიზნით ბრძოლის ორგანიზება, ბრძოლა, ბოლშევიზმის დაუფლებისათვის, რომელიც უნდა იდგეს მთელი მწერალთა ორგანიზაციის ცენტრში.

როგორც ნახეთ, ქართველ მწერალთა და პოეტთა დიდი უმრავლესობა, რომლებიც წარსულში ანტისაბჭოურად იყვნენ განწყობილნი და თავის გარშემო უკმაყოფილო პირები შემოიკრიბეს, ამჟამად აქტიურად მუშაობენ საბჭოთა თემატიკაზე. ბევრმა მათგანმა კარგი ნაწარმოებები შექმნა, რომელთა ნაწილი ითარგმნა საბჭოთა კავშირის ხალხთა ენაზე, მაგრამ ქართველ მწერლებსა ხელოვნების წარმომადგენლებს შორის არიან ცალკეული პირები, რომლებმაც უნდა გადასინჯონ თავიანთი ურთიერთობა ქარველი ხალხის მტრებთან _ აღნიაშვილთან, ლომინაძესთან, ჯიქიასთან, ელიავასთან და სხვებთან. სერიოზულად დაუფიქრდნენ ამას და თავისთვის ყველა საჭირო დასკვნა გამოიტანონ, რადგან არავის მივცემთ ნებას ითვალთმაქცოს, ქართველი ხალხი მოატყუოს და საბჭოთა მწერლის ან მხატვრის სახელწოდებას ამოფარებულმა ხალხის მტრებთან ერთან შავი საქმე აკეთოს.

მაგალითად, პაოლო იაშვილმა, რომელიც უკვე ასაკით ორმოცს გადაცილებულია, დროა ჭკუა ისწავლოს. სიკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძისგან ჯიქიასკენ, ჯიქიასგან აღნიაშვილისკენ და ბოლოს ელიავას კლანჭებში.

ზედმეტი არ იქნება სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს აგრეთვე გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები. საბჭოთა მწერალი პირველ რიგში ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს საბჭოთა ხელისუფლებას, სოციალისტურ სამშობლოს, ლენინისა და სტალინის პარტიას მიუძღვნის. მას უნდა უყვარდეს საბჭოთა ხალხი, თავისი საბჭოთა სამშობლო და ღრმად უნდა სწამდეს მისი ძალა და ძლიერება. ის მართალი და გულწრფელი უნდა იყოს თავის შემოქმედებაში, მან უნდა განამტკიცოს და გააფართოვოს თავისი კავშირები მუშათა ფართო ფენებთან.

ჩემს მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შემდგომი საქციელი, ის გარემოება, თუ რა სწრაფად გარდაიქმნებიან და დაჰგმობენ თავის წარსულ საქმეებსა და კავშირურთიერთობას, განსაზღვრავს ჩვენი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას მათდამი.

წყარო: საქართველოს შსს არქივი, (II), ფ. #14, აღწ. #11, ს. #3

საარქივო მოამბე N 10

http://burusi.wordpress.com/2011/02/24/lavrentiy-beria-4/

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s