კათოლიკობა გურიაში

ამონარიდი მიქელ თამარაშვილის წიგნიდან “კათოლიკობა ქართველთა შორის”, მცირედი მონაკვეთი რომელიც ეხება XVII საუკუნის პერიოდს გურიასა და სამეგრელოში. ესე ქვემომდებარე წერილი არის ერთი იეზუიტი ბერის მიერ დაწერილი თავისი წინამძღვრისადმი, რომელიც სამეგროს მთავრის დადიანის თხოვნით სამეგრელოს წავიდა საქადაგებლად და სამოღვაწეოდ და გზად გურიას მივიდა.

“…უეცრათ მოვიდა გურიელის მოამბე, რომელმაც ზავის ჩამოგდება და ხარჯის გადახდის თანხმობა გამოაცხადა. ეს ზავი წმიდა ლუჩიას დღეობას (13 დეკემბერს) საქართველოს ნავთსადგურ ბათუმში შეკრეს მთავარმა და ფაშის გამოგზავნილმა კაცმა. ამ ამბავმა განზრახვა გამოგვაცვლევინა. მეორედ კიდევ მივმართეთ ფაშას. იმან ახლა უფრო კაის გულით მიგვიღო, ვიდრე წინეთ, თავისი მფარველობა გამოგვიცხადა და ნება მოგვცა, სადაც გვინდოდა, იქ წავსულიყავით. ზედ წმიდა თომა კანტორბერის დღეობას (29 დეკემბერს), შვიდის თვის მგზავრობის შემდგომ, იმავე ნავით, რომლითაც კონსტანტინეპოლს უნდა გავბრუნებულიყავით, გამოვიარეთ ხელმეორედ გონიის კონცხი, რომელსაც დიდიხანია ვუმზერდით და ორის დღის შემდგომ შვიდობით მოვედით საქართველოს ქალაქ სატყეპელაში (Satcapella).

ზღვის პირას სიარულის დროს ჩვენთან ქართველები მოვიდენ, მათ შორის იყო გურიელის ვეზირი, მხედართ მთავარი მისი ჯარისა და გამგებელი ამ მხარისა. როცა დაგვიძახა ვეზირმა, ცხენიდგან გადმოხტა და იმ ქვეყნის ჩვეულებისამებრ, დაიჩოქა ცალის მუხლით და მეტის-მეტად მეგობრულად მოგვესალმა; ჩვენც დიდის მოწიწებით მაგიერი სალამი მივეცით. მაშინვე მიწაზედ გვერდით მოგვისხა და გამოგვკითხა, საიდგან მოვდიოდით, ან სად მივდიოდით. რა გაიგო, ფრანგები ვიყავით და დადიანთან მივდიოდით, გვთხოვა ჯერ გურიელი გვენახა და ცხენებიც მოგვცა იქ წასასვლელად. მადლობა მოვახსენეთ გულკეთილობისათვის და დავპირდით, რომ სატყეპელაში ლაზისტანის არქიეპისკოპოსს ვნახავთ თუ არა, დიდის სიამოვნებით მივალთ და მთავარსაც ვნახავთ, უკეთუ გვეცოდინება, რომ ჩვენი ნახვა ესიამოვნება-თქო. იმან მოგვიწონა ჩვენი გარდაწყვეტილება და წავიდა. ღამე ზღვის პირას გავატარეთ. მეორე დღეს წავედით სანახავად მიტროპოლიტისა, რომელიც მცირედ, მაგრამ გულითადად გაგვიმასპინძლდა.

ამასობაში გურიელმა ჩვენი მასპინძელი მიტროპოლიტი მიიწვია, რათა შობას მასთან ყოფილიყო მწირველად. ისიც წავიდა და შემოგვპირდა, თქვენის მოსვლის ამბავს მთავარს ვაცნობებ და თუ ისურვა თქვენი ნახვა, მეორე დღესვე შევატყობინებთო. თავისი სიტყვა აასრულა კიდეც. დაგვიბარეს გურიელთან: მოვიდა ვეზირის კაცი, რომელსაც ჩვენი მიწვევა ჰქონდა დაბარებული, თან მოიყვანა ცხენები და წაგვიყვანა ბაილეთს (Baylet), სადაც მთავარი თავისი სახლობით და კარის კაცებით შობას ეგებებოდა. მაგრამ თვით გურიელი დაგვიხვდა მახლობლად სხვა სახლში, სადაც სანადიროდ ჩამომხდარიყო. შეიტყო თუ არა ჩვენი მისვლა, მაშინვე დაგვიბარა ერთ დარბაზში, სადაც თავის ქვეშევრდომებს ასამართლებდა. დიდის მოწიწებით მივესალმეთ, ის კი წამოდგა ტახტიდგან, თავ-შიშველი წინ მოგვეგება, დაიჩოქა ცალის მუხლით და ისე სალამი მოგვცა. შემდგომ თვითონ და მისი მხლებლებიც გვეამბორნენ და გვერდით მოგვისხა. ბევრი რამ გვკითხა და ჩვენც ყველაფრის პასუხი მივეცით. მერე გვთხოვა მისი სახლობისავის გველოცნა. გამოვესალმეთ მთავარსა და წავედით ბაილეთს, სადაც თხუთმეტის დღის განმავლობაში დიდის გულკეთილობით მოგვეპყრა.

მთავარი მეტად ზრდილია (რაც იშვიათია ამ მხარეს) და დიდი პატივის მცემელია რომის ეკკლესიისა და მისის მთავრის პაპისა. საჯაროდ ამბობს, რომ ბიზანტიის იმპერია და კონსტანტინეპოლის საეპისკოპოსო საყდარი იმიტომ დაემხო, რომ არ ინდომეს რომის წმიდა მღვდელ-მთავრის მორჩილება. და აკი ღმერთმაც იმიტომ დასაჯა; წმიდა პეტრემ მიიღო კლიტენი სასუფეველისანი. პაპი არის მამა ყოველთა მორწმუნეთა, ამიტომ ყველანი მისი მორჩილი უნდა იყვნენო. როდესაც ლაპარაკი ამაზედ ჩამოვარდა, ვსთხოვე ნება მომეცით თქვენი აზრი პაპს შევატყობინო-მეთქი. დიდის სიამოვნებითო, მომიგო და თანაც მთხოვა პაპასათვინ მიმეწერა და მის მაგიერ მეთხოვნა ცოდვების შენდობა. თანაც დასძინა, წერილითვე აღსარებასაც ვიტყვი პაპთანო. მაგრამ მე აუხსენი, რომ ამნაირად არც აღსარება შეიძლება და არც ცოდვების მოტევება-მეთქი. პაპმა სწორედ იმიტომ გამოგვგზავნა შორს ქვეყნებში, ხალხს ცოდვები მოვანანებინოთ-მეთქი. ამისი მთავარმა იგივე მითხრა, რაც ფილიპპეს კანდაკის დედოფლის საჭურისმა უთხრა: “აჰა წყალი; რაღას აყოვნებ ჩემს მონათვლას”? მითხრა, თუ აგრეა, ახლავე ვიტყვი აღსარებასო. მალე მოენის საშუალებით თითქმის მთელის თავისი ცხოვრებას აღსარება მითხრა.

იქნება მკითხოთ, ჩვენის სარწმუნოების შემწეობა-მოკლებულ მთავარს საიდგან აქვს ასეთი ქრისტიანული გრძნობაო. მეც პავლე მოციქულის სიტყვებს მცირედად შევსცვლი და ისე გიპასუხებთ: ერთმა ქართველმა მონაზონმა, რომელმაც 12 წელიწადი გაატარა რომაში, დასთესა კეთილი თესლი ამ ნაყოფიერ მიწაზედ, რომელსაც ახლა ჩვენ ვრწყავთ და ნაყოფს ვაღებინებთ ღვთის კურთხევით. რა გაიარა ნათლისღების დღესასწაულმა, გურიელმა, როგორც იყო, დიდის გაჭირვებით ნება მოგვცა წავსულიყავით. არ ინდომა ჩვენი დაჭერა რადგან დავპირდით, კვალად მოვალთ და უკეთუ ინებებთ რავდენსამე ჩვენებურ მოძღვარს დავიბარებთ თქვენს ქვეყანაში დასარჩენადო. ამისი გვითხრა; “არა თუ დიდად სასიამოვნოა ჩემთვის ეგ თქვენი დაპირება, არამედ გპირდებით, რომ დიდის პატივით მივიღებ, მივსცემ სახლს, ეკკლესიას და ყველაფერს, რაც კი დასჭირდებათ საცხოვრებლათ”. წამოსვლის დროს ფული შემოგვაძლია, მაგრამ არ გამოვართვით, რაც ძრიელ იამა და ჩვენი ძმობის საზოგადოება მთელი თავისი დარბაისელების წინაშე იმ ზომამდე აქო, რომ ამ ამბავმა მიაწია ოსმალებამდე, რომლებმაც, თავიანთი მხრით, სამეგრელოში დიდი სახელი გაგვითქვეს. ესრეთ გურიელმა გაგვისტუმრა სატყეპელას დიდის პატივით და მეგობრულად; ეგრეთვე ერთი კაცი გაგვაყოლა, რომ იქიდგან პატარა ნავით წავეყვანეთ სამეგრელოში მის სიმამრთან კორტუგასთან (Gortuga), დადიანის პირველ ვეზირთან.”

http://www.facebook.com/notes/david-iverieli/კათოლიკობა-გურიაში/195699120450572

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s