XV საუკუნის ქართველთ კათოლიკობა

ამონარიდი თამარაშვილის წიგნიდან “კათოლიკობა ქართველთა შორის”

ჩვენის აზრით, XV საუკუნის ქართველთ კათოლიკობის ბევრი საბუთი უნდა იყოს დაკარგული, რადგან ის ცოტა წერილები, რამაც კი, ძველის მწერლების წყალობით, ჩვენამდე მოაწია, საკმაოდ გვიჩვენებს საქართველოში კათოლიკების სიმრავლეს და მათ ევროპასთან დაახლოებულ კავშირსა. წერილთაგან უპირველესი არის პაპის კალიკსტო მესამის წერილი საქართველოს კათოლიკებისადმი მოწერილი, რომელიც აქვე მოგვყავს.

“პაპი კალიკსტო III. ჩვენს საყვარელ შვილთ, ყოველ ქრისტიანე მორწმუნეთ, რომლებიც ფრანგებად იწოდებიან და რომლებიც სპარსეთსა და საქართველოში სცხოვრებენ. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.

“დაბრუნდა რა ჩვენი საყვარელი შვილი, წმ. ფრანჩისკეს წესისა ბოლონიელი ლუდოვიკე, რომელიც გასულ წელს თქვენთან იყო ჩვენ ნუნციოდ, მოგვახსენა, რომ რიცხვით მრავალი ერი აღიარებთ ქრისტიანე-კათოლიკე სარწმუნოებას. დიდათ ერთგული ხართ სამოციქულო საყდრისა, რომელზედაც უღირსნი დადგენილ ვართ, და იცავთ კათოლიკე ყველა წესებს, როგორათაც გვაუწყეს ზემო ხსენებული წესის მონაზონთა (ფრანჩისკიანთა), ასე, რომ სრულიად მისდევთ (იცავთ) რომის ეკკლესიის დავედრებასა და ჩვეულებას. ამის მოსმენაზედ სიხარულით აღვივსენით და მადლობა შევსწირეთ ღმერთსა, რომლის წყალობითაც ეგოდენ ბარბაროსთა და ურწმუნოთა სიმრავლით გარემოცულთა, სცანით გზა ჭეშმარიტებისა და საუკუნო ცხოვრებისა და მტკიცედ მისდევთ. ჩვენმა ნუნციომ მოგვახსენა კვალად ერთი თქვენი სათხოვარი, სახელდობრ: თხოულობთ, თქვენს უფროსად და წინამძღვრად ვისაც თქვენ აირჩევთ ჩვენთაგანს (ევროპელს) ანუ თქვენთაგანს (მანდაურს), დავამტკიცოთ იგი. სიამოვნებთ თანხმობას გიცხადებთ იმ პირობით კი, არჩეული პირი პატიოსანი, მეცნიერებასა, წესებსა და ქრისტიანურს ზნეობაში კარგად გაწვრთნილი იყოს და არჩევის შემდგომ, რაც შეიძლოს მალე, წამოვიდეს სამოციქულო საყდრის მოსახილავად და წმიდათა პეტრეს და პავლეს საფლავის მოსალოცავად და თან წამოიყვანოს რავდენიმე მანდაური პირიც, რათა უკეთესად გაწვრთნილნი, კეთილი მაგალითებით აღსავსენი და ქრისტიანის სახელსა და სარწმუნოებაზე განმტკიცებულნი, გამობრუნდენ თავიანთ სამშობლოში. გარდა ამისა გავედრებთ ხსენებულ ძმა ლუდოვიკეს, ჩვენს ნუნციოს, რომელიც ქრისტეს სარწმუნოების გულისთვის სხვა და სხვა ადგილებში უნდა წავიდეს, შეეწიოთ თქვენის რჩევით და მფარველობით, რათა შეიძლოს შესრულება ჩვენ მიერ მინდობილის საქმისა. რომით, 19 დეკემბერს, მღვდელთ მთავრობის მესამე წელსა. (1457)”. (1)

ამ წერილში ნახსენები “საქართველოს” (Georgiae) სახელით უნდა ვიგულისხმოთ სამცხე. ამას გვიმტკიცებს, მგზავრთა მოთხრობის გარდა, თვით ყვარყვარე ათაბაგის წერილი, რომელსაც ქვემორე მოვიყვანთ. ეს სახელი დაერქვა სამცხეს მარტო ყვარყვარეს დროს მისის გაძლიერების გამო. ხოლო აქ დასახელებული “სპარსეთი” უნდა ვიგულისხმოთ ქართლად და არა სპარსეთად. ამასაც გვიმტკიცებს გიორგი მეფის წერილი, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ.

შევნიშნოთ ისიც, რომ აქ დასახელებულ კათოლიკეთა რიცხვში მარტო ერი არ ყოფილა კათოლიკედ, არამედ თვით საქართველოს კათალიკოსიც , ქართლის მეფე გიორგი, სამცხის მთავარი ყვარყვარე მეორე და სამეგრელოს მთავარი ბენდია. ამასაც გვიმტკიცებს ხსენებულის ბოლონიელს ლუდოვიკესადმი პაპის პიო მეორის შემდეგი წერილი 1458 წ.

“პაპი პიო II. საყვარელ შვილს ლუდოვიკე ბოლონიელს, ჩვენს ნუნციოს.

“სარწმუნო მოხსენებიდგან ვსცანით, რომ ჩვენთა წინა მოსაყდრეთა ნიკოლოზ V და კალიკსტო IIl რომის პაპთა მიერ თქვენ წარიგზავნევით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა და სამოციქულო საყდრის პატივის საქმეთა გამო; მღვდელთ მთავრები, მეფენი და ეგრეთვე ქრისტიანე ერი, რომლებიც სცხოვრებენ ურწმუნოთა შორის, მრავლად ნახეთ იქა, განამტკიცეთ და განაძლიერეთ სარწმუნოებაში, რაოდნათაც კი შეგეძლოთ; ნეტარ სახსენებელ კალიკსტო პაპს მოუტანეთ ზოგიერთი მათგანის სანუგეშო პასუხი, საითგანაც ცხადათ სჩანს, რომ კვალად მრავლად არიან მეფენი და ერნი კათოლივე ქრისტიანენი, რომლებიც რომის ეკკლესიას პატივსცემენ, აღიარებენ, ჰსწამსთ და კიდეც ჰქადაგებენ, რომის პაპი სააქაოს ქრისტეს ნაცვალი და პეტრე მოციქულის მოსაყდრეა; მათ შორის არიან…. ეგრეთვე ქართველთ კათალიკოსი, მეფე სპარსეთისა (გიორგი), მეფე ქართველებისა (სამცხის ათაბაგი), მეფე სამეგრელოსი (ბენდია), იმპერატორი ტრაპეზუნტისა და ეგრეთვე სპარსეთის ერი (ქართლის ერი), რომლებიც ეკკლესიის წესსა და დოგმატებზე შეერთებულნი არიან და რომლებიც დიდ პატივსცემენ წმინდა ფრანჩისკეს მონაზონებს… 1458 წ. 4 ოქტემბერს, მდვდელთ მთავრობის პირველ წელსა”. (1)

ეს წერილი საკმაოდ გვიჩვენებს, რომ მეთხუთმეტე საუკუნის ნახევარს საქართველოს კათალიკოსი და მეფენი კათოლიკები ყოფილან. ესეთი გარემოება შემთხვევითი, ანუ მარტო დროებითი არ უნდა ყოფილიყო, არამედ იმ დროის წინადაც და მის შემდგომაც ყოფილან კათოლიკები და ჰქონიათ ერთობა. ამის დასამტკიცებლად აქ მოვიყვანთ ერთს შესანიშნავს წერილს, საქართველოს კათალიკოსის ნიკოლოზ მერვისას, რომელმაც 1742 წ. მისწერა პაპს ბენედიქტე მეთოთხმეტეს, სომხების მიერ დევნულობის გამო:

“უნეტარესო მამაო ყოველთა მეფეთა უმაღლესო და ყოვლად ღირსეულო, მიმნიჭებელო კურთხევათა, მოსამართლევ ყოვლისა სოფლისა, პეტრე მოციქულის მოსაყდრევ და ერთისა წმიდისა კათოლიკე ეკკლესიისა თავმჯდომო, რომელი ეკკლესიაც არის დედა ქვეყნის ყოველთა ერთა, რომელსაც ემორჩილემიან ყოველნი ენანი და ყოველნი ტახტნი ეამბორებიან თქვენს წმიდა ფერხთა და ღებულობენ ყოველთა ცოდვათა შენდობას, სულიერსა და ხორციელ ნათელს. წამდგარნი წინაშე თქვენის უმადლესის ხელმწიფებისა, მდაბლად და სიყვარულით ვემთხვევით ფერხთა თქვენთა და ვითხოვთ თქვენს მწყემსებრივს კურთხევას და მშვიდობას.

“როგორათაც უწინ, ძველი დროდგანვე, ჩვენი ქვეყანა თქვენ გემორჩილებოდათ, მსგავსადვე ჩვენც კვალად თქვენის კურთხევისა და მადლის მქადაგებელნი ვართ. თუმცა, კი ზოგიერთმა ჩვენის საქართველოს პატრიარქმა თქვენდამი ჯეროვნად მისაგებელი მორჩილება დაივიწყა, ხოლო გევედრები, მათ ნუ დამადარებთ, რადგან მორჩილი და მზად ვარ ყველა თქვენი ბრძანება ადვასრულო.

http://www.facebook.com/note.php?note_id=187465014607316

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s