კათოლიკე სამეგრელო ლევან II დადიანის დროს

ლევან II დადიანი

პატივცემულო მკითხველო მიქელ თამარაშვილის წიგნიდგან “კათოლიკობა ქართველთა შორის” ყველაფრის ამოღება შეუძლებელია და ამიტომაც ამ მცირედს წინ წარუმძღვარებ მოკლე ანოტაციასა. რომაელ მისიონერთა მოღვაწეობას სამეგრელოში მოჰყვა ის რომ შეცდომით მონათლული ხალხი, ბავშვები თუ დიდები, თუ მღვდლები და ეპისკოპოსები, თუ თავად ლევან დადიანი და სხვა თავადები სამეგრელოსი ახლიდან მოინათლნენ, მონათლულთა რიცხვი ერთგან სახელდება ათი ათასი, მხოლოდ ერთი მისიონერის მიერ მონათლული, თუმცა როგორადაც ჩანს მეტი იყო და ბოლოს თავად ლევან II დადიანი სცნო რა რომ წესების დარღვევით იყო თავადაც მონათლული, როგორც კათოლიკე ისე მოინათლა და საქვეყნოდ აღიარა კათოლიკობა, ამის შემდეგ მისიორები წერენ, რომ მართალია იგი ძლიერი მთავარი იყო, მაგრამ ბევრ ბოროტებასაც ჩასდიოდა და კათოლიკობის შემდეგ ერთიან შეიცვალა და ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდაო. ესეც მცირე ამონარიდი მისი უშუალო აღიარებისა კათოლიკობაზედ, რაც მოწმობს რომ სამეგრელო არათუ უნიაში შევიდა რომთან, არამედ მთლიანად ლათინურის წესზედ გადავიდა და როგორც ევროპული კათოლიკე ქვეყნები ასეთად გახდა.

“ერი ასეთის პატივისცემით იმიტომ ეპყრობოდა პატრებს და გულმოდგინედ იმიტომ ისმენდა მათ სწავლა-ქადაგებას, რომ თვით მეფე აძლევდა მაგალითს. რამდენი დრო გადიოდა და უფრო დაახლოვებით ეცნობოდა მეფე მისიონერებს, იმდენი უფრო მისი სიყვარული და პატივიც მატულობდა და ძლიერდებოდა. ფრანგების მიმართ პატივით და სიყვარულით ყველა საქართველოს მეფეებს გადააჭარბა. ამიტომ პატრებიც მას თავიანთ წერილებში მუდამ დიდის ქებით, პატივით და სიყვარულით იხსენიებდენ; ეგრეთვე მის გულითად სიყვარულს, მათზედ სრულს მინდობილობას და პატივს ხშირად ასახელებენ. პ. იოსებ ჯუდიჩი თავის წერილებში (1640 წ.) სხვათა შორის ამ ამბავს მოგვითხრობს: “ხშირად თავისი ამალით (Gorte) მოვიდოდა და ჩვენს ახლოს დასდგამდა თავის კარავს ჩვენის სიყვარულისათვის, რათა უფრო ადვილად ესაუბრნა ჩვენთან და თავისთან მიხმობით არ შევეწუხებინეთ. ხშირად დაწვრილებით ვლაპარაკობთ სხვა და სხვა სასარგებლო საქმისათვის და ყველაფერს გულმოდგინებით ისმენს. როდესაც თავისი სამეფოს ერთი ადგილიდგან მეორეს გადადის, მუდამ, თავის მხლებლებით სტოვებს პირდაპირ ერთ გზას და ჩვენთან გამოივლის ხოლმე ჩვენ სანახავად და ჩვენთან სალაპარაკოდ* (*ლევან დადიანს ეს საკვირველი ჩვეულება ჰქონია, ერთ ადგილს ორ სამ დღეზედ მეტს არ გაჩერდებოდა ხოლმე; მუდამ დაიარებოდა თავის სამთავროში).

ხშირად გვესაუბრება საუკუნო ცხოვრებისათვის. ჩვენის ავადმყოფობის დროს განგებ მოვიდა და გვნახა, ეგრეთვე დაგვარწმუნა, რომ მზათ იყო ყველაფერი აესრულებინა, რასაც კი ვინატრებდით. თავისი ერთგულება ბევრ გზის დაგვიმტკიცა, უფროსი ერთად თავისი შვილების და დედოფლის უქეიფობის დროს. რადგან ხშირად მოუხდება სახლიდგან განშორება სხვა და სხვა საქმეების გამო, ამისთვის ბევრგზის პატრებს აყენებს თავის სახლის პატრონად. მათ აბარებს თავის ცოლსა და შვილებს და უბრძანებს ყველას, პატრებს დაემორჩილონ და მათ ბრძანებას არავინ გადავიდეს. როდესაც უქეიფოდ არის, სხვა არაფერს სჭამს, თუ არ პატრების გაკეთებულს და მათი ხელით მირთმეულს. იმ დროს ყველა თავის სიმდიდრეს ოქროს, ვერცხლეულს და სხვა დანარჩენ ნივთებს მათ აბარებს, რადგან მეტისმეტი ნდობა აქვს. მისი პატივისცემა ეგოდენია, რომ ერთხელ დიდი წვეულება გამართა, 1000 კაცამდე ჰყავდა მოპატიჟებული. იმის გამოსაცხადებლად, რომ პატრები შინაურები იყვნენ, იგინი დასხა დედოფალთან და მის მოახლე ქალბატონებთან ერთად. როდესაც რაიმე ეჭვი აქვს ან მთავრობის გამგეობის, ან საქმეების წარმოებისა, ან კიდე სარწმუნოებისა და საზოგადო საქმისა, მუდამ პატრებსა სთხოვს რჩევას. ერი რა ხედავს, მთავარი ასე გვენდობა და მასზე ჩვენ დიდი გავლენა გვაქვს, მუდამ ჩვენ მოგვმართავს გაჭირების დროს, რათა ვუშუამავლოთ მთავართან და იმედიც აქვსთ, ყველაფერი გაურიგოთ”… (1)

მისიონერების ესრეთი დაახლოვება და ზედგავლენა დადიანზე და ამისი უზომო პატივი და სიყვარული სარწმუნოებისათვის უმნიშვნელოდ არ დარჩენილა. ვინაიდგან მისიონერების ყველა შრომის უმთავრესი მიზანი იყო კათოლიკობის გავრცელება არა მარტო მდაბალ ხალხში, არამედ თვით მთავრებშიაც, ამისთვის მისიონერები, ცხადია, არაფერს დაზოგავდენ დადიანის გაკათოლიკებისათვის. არც დადიანს უნდა აღმოეჩინა დაბრკოლება, რადგან მათ წმიდა კაცებად სცნობდა. მათთვის რომ არ დაეჯერებინა სასულიერო საქმეებში, მაშინ მისი სიყვარული, ნდობა და პატივი სულ უსაფუძვლო და მოჩვენებული იქმნებოდა. საბუთი არა გვაქვს, დადიანს გულგრილობა დავსწამოთ. რა სცნო მეფემ როგორც ზემოდ ვსთქვით, რომ კანონიერად არ იყო მონათლული, მოინდომა მონათვლა. ამას ზემოდ ხსენებული სილო ასე მოგვითხრობს: “მეტადრე არქანჯელო ლამბერტის მიერ რა სცნო, რომ თავისი ბერძნებისგან* (*აქ ქართველები იგულისხმება) კანონიერად არ იყო მონათლული, ლათინის წესისამებრ მოინათლა”. (2)

ამით გზა გაეხსნათ და მალე განასწავლეს დადიანი კათოლიკე სარწმუნოების სხვა დანარჩენ კითხვებში. ამ გარემოებამ უზომო ზედგავლენა იქონია დადიანის ცხოვრებაზედ, რადგან დადიანი, როგორც ძრიელი და მარჯვე იყო, ისე ბევრ უსამართლობასაც მოქმედებდა, როგორათაც ცხადად სჩანს მისი ისტორიიდგან. ხოლო როდედესაც კათოლიკობა მიიღო, მისგან შემდეგში ესრეთი უსამართლობა სრულებით აღარ გაგონილა. სულ სხვა ნაირ ქრისტიანულს გზას დაადგა, ეგრეთვე დაიწყო მხნედ დაცვა კათოლიკე სარწმუნოებისა და მისი მფარველობა. ამას ხსენებული ისტორიკოსი ასე მოგვითხრობს: “მეფემან ლევან დადიანმა რა მიიღო სრულებით კათოლიკე სარწმუნოება და შეიქმნა ახალი კონსტანტინე, ანუ თეოდოსიო, ხშირად ხმლითაც დაიცვა მიღებული სარწმუნოება. ამ ნათლიღების წყალმა, როგორც სავლეს განუბნია თვალთა სიბნელე, იმასაც ისე გაუწმინდა მხედველობა, რომ სხვას აღარაფერს ხედავს, თუ არ რომის სარწმუნოებას, სხვას არაფერს ნატრობს, თუ არ რომის პაპის ნახვას, რათა მის ფერხთა ემთხვიოს და მის წინაშე აღიაროს კათოლიკე სარწმუნოება, რომელიც უკვე მიიღო. რა შემოვიდა სარწმუნოებაში საიდუმლოების კარით ნათლიღებით, დიდი გულმხურვალება და მომზადება გამოიჩინა სხვა ყველა დანარჩენ საიდუმლოებისათვის, რომლებშიაც ძრიელ გაწვრთნილია”. (1)

ამ დროებში დადიანსაც მოუვიდა პაპის ბულლა (წიგნი) პროპაგანდის. კოლლეგიის დაარსების შესახებ. ამ ბულლით პაპი იწვევდა ყველა ტომის ხალხსა, გაეგზავნათ ყმაწვილები პროპაგანდის სკოლაში გასაწვრთნელად კათოლიკე სარწმუნოების მოძღვრებაში. რადგან იმ ბულლაში სხვა არაფერია ამის გარდა, საჭიროდ არა ვრაცხთ აქ მოვიყვანოთ. პატრებმაც ურჩიეს დადიანს პასუხი ეგო ამ მიწვევაზედ და ყმაწვილები გაეგზავნა. ეგრეთვე მოახსენეს, ჩვენ ამას წინათ მოგართვით პაპის წერილი და იმისი პასუხი ჯერ არაფერი მიგიწერიათო. დადიანმა ჰკითხა, თუ რა იყო საჭირო და როგორ უნდა მოქცეულიყო პაპისათვის შესაფერი პატივის მისაგებად. მათაც ურჩიეს, რომ წიგნთან ერთად ერთი ვინმე გაეგზავნა, როგორც თვითვე შეპირებოდა წინად. რადგან საამისოდ პატრების უკეთესი არავინ ჰყავდა, გადასწყვიტა თავის ელჩად გაეგზავნა პაპთან პატრი იოსებ ჯუდიჩი და წიგნიც გაეტანებინა. თავისი აზრი განუცხადა იმ პატრს და წასვლის დროს ასე გაისტუმრა:

“ღვთის მსახურო მამაო და ამ სამთავროს ანგელოზო, თქვენ კარგად იცით, რომ, ჩვენი სამღვდელოების უმეცრებისა გამო, რა დიდ ხანს ვიმყოფებოდით სამწუხარო სიბნელეში, ვინაიდგან უდიდესი სიბრმე აღარ შეიძლებოდა, რომ ნათლიღებას ვსცნობდით ცხონებისათვის საჭირო საიდუმლოდ და მას კი სინამდვილით არ ვღებულობდით; აღსარების საიდუმლოს ვსთვლიდით საჭიროდ ცოდვების მისატევებლად თქმით კი არ ვამბობდით და გვეგონა, რომ საკმელის კმევა, ანუ მისი მზგავსი უბრალო კეთილი საქმე მის ადგილს დაიჭერდა და ცოდვებს შეგვინდობდა. სარწმუნოების კითხვებში ჩვენი შეცდომა დიდი იყო, თქვენც კარგად უწყით. ახლა ვსტირი უმეცრებით ეგოდენ დაკარგულ სულთათვის. გარნა, მადლობა ღმერთს, თქვენის შემწეობით დავადექით, ჭეშმარიტს ნათელსა, უფროსი ერთად მე, რომელიც ვარ უმწვერვალესი თავი ამ ჩემის სამფლობელოსი. ამიტომ ჩემს მოვალეობად ვსთვლი, რომ არა მარტო ჩემის, არამედ ყველა ჩემის ქვეშევრდომების სახელითაც თქვენ გაგგზავნოთ რომის პაპთან, რომელიც უმწირვალესი თავია. მსოფლიო ეკკლესიისა და ქრისტესგან მინიჭებული აქვს ძალა შეკვრისა და გახსნისა, დახშვის და გაღების სასუფეველის კარისა. მინდა გაგზავნოთ მასთან მორჩილების ნიშნად, რათა განუცხადოთ ჩემი შვილობრივი ქვეშევრდომობა და მიღება კათოლიკე სარწმუნოებისა, რომელსაც აწ აღვიარებ ღვთის მადლით; ეგრეთვე მოახსენოთ ჩემი სურვილი და ცდა, რომ მთელმა ჩემმა სამთავრომ აღიაროს იგი. კიდევაც ვუბრძანე, მოგცენ ყველაფერი, რაც კი საჭიროა თქვენის შორის მგზავრობისათვის. ამიტომ გაძლევ ჩემს რწმუნებას ესრედ დიდ მთავართან და მასთანვე ამ წერილსაც, რომელიც დაწერილი და მოწერილია ჩვენის ხელით. როდესაც ამას გადასცემთ წმიდა მამას თავის საკუთარ ხელში, სთხოვეთ მამობრივის სიყვარულით მოგვანიჭოს ჩვენ, დედოფალს და ჩვენს შვილებს თავისი კურთხევა და აღგვავსოს იმ ძვირფასის საუნჯით, რომელიც მისი ხელით რიგდება. თქვენი ვალია მას კარგად მოუთხრათ ახლად მიღებულის სარწმუნოების აღსარება ჩვენ მიერ და ეგრეთვე ჩვენი გულმოდგინეობა მის გასავრცელებლად. მასთანვე ევედრეთ წმიდა ეკკლესიის შვილთა შორის შეგვრაცხოს და არ მოგვაკლოს თავისი ძრიელი მფარველობა, რომელსაც სიმდაბლით ვსთხოვ.” (1)

პაპთან ეს წერილი დადიანს ბერძნულად დაუწერინებია ტრაპიზონის მიტროპოლიტისათვის, რომელიც, როგორც ზემოდ გავიხსენიეთ, სამეგრელოში იყო და კათოლიკობაც მიეღო. (2) წერილი არა სჩანს, ხოლო ისტორიკოსი სილო თავის აღწერაში მოკლედ იხსენიებს იმას და ამბობს, რომ იმ წერილით დადიანი პაპს დიდ მადლობას უცხადებდა მისიონერების გამოგზავნისათვის; სთხოვდა სხვების გამოგზავნას; აღიარებდა პაპს ყველა ქრისტიანების მწყემსად და აუწყებდა რომის ეკკლესიასთან თავის შეერთების ამბავს. (3) როგორც სჩანს, დადიანს პროპაგანდის კარდინალებისათვისაც მიუწერია წერილი, გარნა არც ის წიგნი გვაქვს ხელში.”

http://www.geocatholics.com/index.php?option=com_content&view=article&id=400:—ii–&catid=65:2009-11-03-13-32-13&Itemid=87

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s