ქართლის მეფე გიორგი XI და თბილისის არქიეპისკოპოსის ექვთიმეს (რატიშვილი) კათოლიკობა

ამონარიდი მიქელ თამარაშვილს წიგნიდან “კათოლიკობა ქართველთა შორის”…

ქართველების ეს მოძრაობა და კათოლიკობაზე გადასვლა მარტო კერძო პირთა შორის არ იყო, არამედ   თვით მეფე, საეკლესიო პირნი და ეპისკოპოსებიც შეუერთდენ როგორათაც მოწმობენ მისიონერების    წერილები: “პატრი ჯუსტინომ კათოლიკობაზე გადაიყვანა აქართველოს მეფე გიორგი, მისი ძმა ლევანითურთ,   რომელიც არის პირველი მინისტრი მთელის სამეფოსი, ეგრეთვე მათი უსამღვდელოება ექვთიმე საქართველოს არქიეპისკოპოსი თავისი რავდენიმე მღვდლითურთ; ყველამ მათ აღსარებითა და წერილით სცნეს მსოფლიო ეკკლესიის თავად და ამ ქვეყანაზე ქრისტეს მონაცვლედ რომის პაპი ინოჩენციო მეთერთმეტე, რომელსაც სრულიად დაექვევრდომნენ. გარნა ის ორი წარჩინებული პირი არ დასჯერდა გაკათოლიკების კერძოდ გამოცხადებას და ხუთი თვის შემდგომ გაგზავნეს რომში თავიანთ მოციქულად პატრი ანჯელო ფილინელი და თან გაატანეს პაპთან წიგნები, რათა მათის სახელით, მის ტახტის წინაშე წამდგარი ფეხზე მთხვევოდა და მათი უმდაესი მორჩილება მიეძღვნა პაპისათვის”. (1).

ამ საგანზე დიდად არ გამოვუდგებით მისიონერთა წერილების მოყვანას, მხოლოდ საკმაოდ ვრაცხთ მოვიყვანოთ შესანიშნავი წერილები: ერთი თვით პატრი ჯუსტინოს დაწერილი, რომლითაც ავედრებს პაპს გაკათოლიკებულ პირთა, მეორე – გიორგი მეფისა და მესამე ტფილისელი არქიეპისკოპოსისა, პაპისადმი მიწერილი მის შემდეგ რა გაკათოლიკებულან. ჯერ მოვიყვანთ პატრი ჯუსტინოს წერილს.

“უნეტარესს მამას, ღვთის ეკკლესიის საყოველთაო მწყემს და იესო “ქრისტეს მონაცვლეს” ამ ქვეყანაზე, უმაღლესს მღვდელთ მთავარს, ინოჩენციო მეთერთმეტეს.

“თუმცა ჩემი მდგომარეობის გამო უფრო მხნედ უნდა ვყოფილვიყავი, მაგრამ მაინც კი ყველა ჩემს საქმეში, ჩემმა მწუხარებამ გადააჭარბა ყველა საზღვარს, რადგან ვგონებდი, რომ მხოლოდ საქართველო მოაკლდებოდა იმ პატივის მიგებას, რომელ პატივსაც უძღვნიან მეფენი და იმპერატორნი თქვენს ყოვლად დიდებულს მდვდელთ-მთავრობას, და ესრედ ამაო შეიქმნებოდა ეგოდენი წლის ჩემი შრომა. მუდამ მოველოდი თქვენის კურთხევის ფერხთა წინაშე წარმომედგინა თქვენი მორჩილი შვილი ამ ქვეყნის მთავარი, რომელიც ძრიელ მოწადინებულია, ყოველს შემთხვევაში, აქოს თქვენი დიდებულება და უწმიდესობა. ამიტომ უსარგებლოდ და დაკარგულად არა ვრაცხდი დროს, რომ მისი ერთგული ლაპარაკი გამეძრიელებინა. როდესაც გავაცანი კათოლიკე სარწმუნოება, მაშინვე მოინდომა შემოერთება ეპისკოპოსი პიქეს საშუალებით. ეს ეპისკოპოსი ხშირად სწერდა ამას თქვენი გულკეთილობის ამბავს. კორსიკის პროვინციელი უფროსი პატრი იოსებ ბოგოინელი გაგზავნა აბრანელში, სადაც მონასტრების დასათვარიელებლად იყო მათი უსამღვდელოესობა ეპისკოპოსი პიკეი, და მოიწვია აქ. მაგრამ არ მოვიდა. რადგან ძრიელ ნატრობდა შემოერთებულიყო ჩვენთან. შემდგომ მე გამგზავნა ისპაანს იმ დროს, როდესაც იქ მათი უსამღვდელოსობა სპარსეთას მეფის წინაშე თქვენს ელჩობას ასრულებდა. შემომპირდა მოსვლას საქართველოში და კიდეც მოვიდოდა სიკვდილს რომ არ მოესწრო მისთვის ამადანში. ამასა და სხვა მიზეზების გამო მე შერცხვენილად ვრჩებოდი, რომ ეპისკოპოსის ხელით ეს მეფე ვერ შევუერთე ეკკლესიას, და ესე გვიანდებოდა.

გარნა მუდამ დღეს ამის სისრულეში მოყვანას ვცდილობდი და კიდეც შევასრულე: 7 დეკემბერს, 1686 წ. ჩემს წინაშე მეფემ წარმოსთქვა სარწმუნოების აღსარება და თან ფიციც დასდო, რომ თავისი სამეფოც ერთიან დაუმორჩილოს თქვენს უწმიდესობას. დიდ მადლობას ვწირავ ყოვლად მაღალ მოწყალე ღმერთს, რომ ამდენი წელიწადია მყო თქვენი ხელის იარაღად, რათა აღმოსავლეთელი ივერიის ეს მთავარი თქვენდამი მორჩილებაში შემომეყვანა. შეერთების ხუთი დღის შემდგომ ამ მეფეს აღსარებაც ვათქმევინე. ცხრა წელიწადზე ცოტა მეტია, რომ იგი ურჯულო მაჰმადიანთ აღსარებას აღიარებდა, მაგრამ გარეულად, მოჩვენებით ვიდრე გულით; ისიც იმიტომ, რომ მეფობა არ ჩამორთმეოდა, რადგან, მამის სიკვდილის შემდგომ, ერთი თავისიანი ეცილებოდა ტახტს. განვასწავლე სარწმუნოებაში, რაოდნათაც ჩემი უძლურება შემწევდა და მოითხოვდა თქვენი უმაღლესი ბრძანება. სარწმუნოებას აწ ძრიელ ერთგულად იცავს; მეტად სახელ-განთქმულია, ბრძენი და ყველანაირი ნიჭით შემკული, როგორათაც მოგახსენებს ჩემი მონდობილი პატრი ანჯელო, რომელსაც მეფე თავის პირველ ელჩად გიგზავნისთ, რათა ვრცლად გაუწყოსთ ყველა მისი სურვილი და გთხოვოსთ რომ მეფე რომის ეკკლესიის შვილად შერაცხოთ, როგორათაც არიან სხვა ქრისტიანე მთავარნი და მეფენი. ვითარცა მეც ყოვლად უღირსი გთხოვ და გევედრები, რომ, მაგ თქვენი გულმოწყალების პატივისათვის, მიიღოთ ეს მეფე თქვენს შვილად. ამიტომ მთელის სოფლის მართველ ხელთა თქვენთა შევავედრებ მას. დარწმუნებული ვარ და იმედიც მაქვს, რომ, რომის კათოლიკე ეკკლესიის ნამდვილი საყვარელი შვილი შეიქმნეს. ეს იქიდგანაც ცხადია, რომ ყველასფერში იქცევა რჩევისამებრ ლევან თავის ძმისა, რომელიც ამ სამეფოს პირველი მინისტრია, და ეგრეთვე უკეთილშობილესი რატიშვილის ექვთიმე არქიეპისკოპოსის რჩევით. ამათაც ფიცით ჩემს ხელში აღიარეს კათოლიკე სარწმუნოება: ლევანმა იმავე წლის დეკემბრის ცხრამეტს და მათ უსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა დეკემბრის ოცს, მეორე დღეს. ლევანი თავის შეერთების შესახებ არაფერს გზავნის, რადგან, როდესაც მეფემ კაცი და წერილები წარმოგზავნა, მაშინ ლევანი სხვა სამთავროში იყო მეფისათვის მეუღლის და დედოფლის მოსაყვანად: ვინაიდგან მეფე მეორედ ქორწინდება. ფიცითი შეერთების წერილებზე მათ უსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა და მეფემ საკუთარი ხელიც მოაწერეს. თქვენი უწმიდესი დიდებულება დარწმუნებული ბრძაბდებოდეს, რომ ცის ქვეშ პირდაპირ ვსთარგმნე ეს წიგნები ლათინურად, რასაც, ჩემს სულს და გულს შეერთებულს, მოგიძღვნის პატრი ანჯელო. ესეც ცხადად უნდა მოგახსენო, რომ ეს მთავარი თავის სახელს სწერს მთავრად მეფედ სრულიად საქართველოისა, რომელიც ხუთ სამთავროდ გაყოფილია და ყველა თვითეულ პროვინციას ჰყავს თავისი მთავარი. ყველას მეფედ იწოდება ეს იმიტომ, რომ თავისი ძველის-ძველი უფლება დაიცვას. თუმცა ახლა მარტო ერთი სამეფო ქალაქი აქვს, რომელიც უწარჩინებულესი, დიდი და თავია მთელი საქართველოსი: ეგრეთვე სხვა ქართველი მეფეებიც მას პირველ ქალაქად რაცხვენ. თვით მეც რ გზის ვნახე და წავიკითხე სპარსეთის მეფის გამოგზავნილი წერილები, სადაც გიორგის გვირგვინოსან მეფედ უწოდებს. მართლადაც, სხვა ყველა ქართველ მთავრებზე, ეს უფრო ძრიელი და დიდებულია. ემორჩილებიან არა მარტო ამაზონები, არამედ თვით ჩერქეზებიც, რომელთაგანაც ომის დროს შეუძლია გამოიყვანოს დიდ-ძალი მეომარნი. თუ ამისა და თუ თავის დიდ სულოვნობის გამო ძრიელ მოწადინებულია ეომოს ყველა ქრასტიანების მტერ ოსმალებს. ამ ომის შესახებ მოელის თქვენს ბრძანებას; ეს ბრძანება ისეთი იყოს, რომ სპარსეთის მეფეს არაფერი ეწყინოს, რადგან რავდენიმე წელიწადია მასთან კარგად ვერ არის, თქვენი ესეთი ბრძანება ამისთვის, თქვენი უწმიდესობის მიერ, იქმნება უდიდესი მოწყალება.

უფრო უკეთესად, ამ საქმისას მოგახსენებთ პატრი ანჯელო, რომელსაც თან მოჰყავს, მრავალ მოწაფეთა შორისრჩეული ერთი ჩემი მოწაფე. პატარობიდგანვე აღვზარდე იგი კათოლიკე სარწმუნოებაში, ამ მისიონის ნამდვილი შვილია და მივუძღვნი თქვენს უწმიდესობას. ეს ჩემი მოწაფე სოლომონ თუმანიანთი თბილელი კეთილშობილია. ამისი მამა დიდ ხანს ქალაქს მმართავდა. მასთან ერთად შემოგავედრებ ჩემს უღირს თავსა და ყველა საჭიროებას ამ მისიონისას, რომელსაც ძრიელ ცოტა მუშაკი ჰყავს, კვალად თქვენის უწმიდესობის მოწყალებას შემოვავედრებ აქაურ ყველა ერთგულ კათოლიკებს და ამ ბატონებს: გიორგი მეფეს თავისი სამეფოთი, მის ძმა ლევანს პირველ მინისტრს და მათ უსამდვდელოესობას არქიეპისკოპოსს და ყველა აქაურ ერს. – საქართველოში ტფილისით, მაისის 28-ს ახალი კალენდარისა და 18 ძველისა, 1687, თქვენი უწმიდესობის ყოვლად მდაბალი და უღირსი მონა. ლივორნელი კაფუჩინი, პ. ჯუსტინო, საქართველოს მისიონერი”. (1).

ამავე თარიღით პროპაგანდის კარდინალებსაც სწერს ამის მსგავს წიგნს და ავედრებს ეპისკოპოს ექვთიმეს, ლევანს, მეფეს და მის თექვსმეტი წლის მხოლოდ შობილ ძეს ბაგრატს, რომლის მასწავლებელი ყოფილა პ. ანჯელო იტალიანური ენისთვის. ლევანის შესახებ ამბობს, წიგნს იმიტომ არ გზავნის, რადგან იმერეთს წავიდა მეფისათვის საცოლოს მოსაყვანადო. კარდინალებს აიმედებს, რომ ეს ახლად გაკათოლიკებული პირები ძრიელ მოწადინებული არიან მთელი საქართველო შეუერთონ რომის ეკკლესიასო. ეგრეთვე აუწყებს, საქართველო ყოველ კერძოდ გარე მოცულია ისეთი მაჰმადიან საშინელი მტრებისგან, რომ თვით დედა მიწასაც უმძიმს მათი ყოფნაო, და ამიტომ ეს მეფე ძრიელ მოწადინებულია, თქვენის ლოცვა-კურთხევით, ეომოს ოსმალებს, რათა საქართველო მათგან მთლად განათავისუფლოსო.

ახლა მოვიყვანთ გიორგი XI წერილსა.

“ყველა მეცნიერთა შორის გამოჩენილო, სავსეო სულის წმიდის მადლითა, ღვთიური ტახტის ხმაო მოქადაგეთა შორის, მოციქულთ მსგავსო და თანასწორო დიდებათა და სამღვდელო ღირსებათა, სვეტო აღმართებულო და, მსგავსად ბრწყინვალე ვარსკულავისა, ქვეყნის განმანათლებელო, სიწმიდის რჩეულო ჭურო   და მოციქულთა საუნჯეო, ცხოველო ტახტო და სახარების მქადაგთა სათხეველო, მწყემსო უკეთილესო და დიდისა რომის მღვდელთ მთავარო, ღვთის მიერ უნეტარესო მამაო, ინოჩენციო მეთერთმეტე პაპავ. მეორედ აღმოშობილი ყოვლად წმიდა სამებაში, წარვსდგები თქვენს წინაშე მართმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოების აღიარებით მე, თქვენი მონა და სულიერი შვილი, ჩამომავალ ღვთის მიერ კურთხეულ ბაგრატიონთ მეფეთა, საქართველოს სამეფოს მპყრობელი, მეფეთა-მეფე გიორგი, სიმდაბლით ვემთხვევი თქვენს წმიდა სამეფო მარჯვენას, რომელიც აღმადლებული ჰფენს ნათელსა, ჰყოფს სასწაულთ და ჰფანტავს მტერთა, და შიშითა და ძრწოლით თქვენს წინაშე მოვიდრეკ მუხლთა, გამსჭვალული მტკიცე სიყვარულითა. ამ წერილით მნებამს გამოგიცხადო ჩემი გულის სურვილი: გვნებავდა ჩვენი კაცი გამომეგზავნა, მაგრამ, თუ სიშორისა და თუ გზის აღურაცხველი განსაცდელების გამო ვერ გამოვგზავნეთ; ეგრეთვე გვნებავდა წარმოვლენა პატრი ჯუსტინოსი, მაგრამ ამის გამოგზავნით მონასტერი მარტო დარჩებოდა* (*რადგან დანარჩენ პატრებმა, რომლებიც ახლად მოსულნი იყვნენ, ქართული ჯერ არ იცოდნენ). ამისათვის აღვირჩიეთ პატრი ანჯელო რომელსაც გიგზავნით და მოვახსენებთ თქვენს სიწმიდესა, რომ არა თუ ახლა, არამედ დიდის ხნიდან თქვენი სიყვარული ჩვენს გულს ჩანერგილია, ჩვენი კურთხეული მამის დროდანვე თქვენი სიყვარული ჩემში დამყარებულია; ამაზე ჰკითხეთ თქვენს პატრებს. რომლებსაც გიგზავნი. ახლა ამას მოგახსენებ, რომ მიმიღოთ მეც თქვენს შვილად ეგრედ, როგორც გყავსთ სხვა გვირგვინოსანი მეფენი. მასთანვე ამასაც ვაუწყებ თქვენს სიწმიდესა, რომ მხოლოდ ერთი პირმშო შვილი მყავს, სახელად ბაგრატი, რომელიც არის ჩემი უმთავრესი ტახტი და გვირგვინი, ქება და დიდება, ესა და სხვა, რაც კი მაქვს ღვთის მოწყალებით და თქვენის ლოცვაკურთხევით, მინდა რომ ღვთისაგან კურთხეულის თქვენის ტახტის ქვეშევრდომი იყოს; მისთვის გთხოვ რომ ეს ჩემი პირმშოც აიყვანოთ თქვენს შვილად. ათას გზის კურთხეულ იყავნ ღმერთი, რომ იცავს და აძლიერებს ჭეშმარიტ კათოლიკე ქრისტიანებს, ეგრეთვე გვფარვიდეს ჩვენც ყველას ყოვლად წმიდა ღვთის მშობელი მარიამი. ჩვენი ცოდვების გამო ურწმუნოებმა მოგვისპეს ქრისტეს სარწმუნოება და დავშორდით   მას… (ამ ალაგას არ ამოიკითხება სიძველის   გამო). აწ ღვთის მშობლის მეოხებით დაგვიცვას ღმერთმა თავისის მადლით. ეგრეთვე იმედი მოგვცეს მათგან ახსნისა თქვენის სასწაულთ მომქმედ მარჯვენის შემწეობით და თქვენთა გვირგვინოსან შვილთა მეფეთა   საშუალებით, რომლების დიდს და მრავალს გამარჯვებას ვსმენულობთ. ჩვენ და ჩვენი სამეფო დიდ შვებას და სიხარულში ვართ. ჩვენი სამეფო მუდამ ევედრება ღმერთს და ყოვლად წმიდა სამებას, რათა უფრო განაძლიეროს თქვენი კურთხეული მარჯვენა და ჭეშმარიტ კათოლიკებს და ხსენებულ პატიოსან მეფეთ მიანიჭოს მტრებზე გამარჯვება. ამას მოგახსენებთ, გვნებავს ღვთიურ სიმართლესთან თქვენც შეგიყვაროთ. ჩვენ და ჩვენი სამეფო ვემორჩილებით სპარსეთის მეფეს, თვინიერ მისი ბრძანებისა არაფერი შეგვიძლია, გარნა მსგავსად თქვენის საყვარელ შვილებისა, გვირგვინოსან მეფეებისა, რომლებიც მუდამ ჟამს ურწმუნოებას ებრძვიან და მათზე იმარჯვებენ, თქვენის ლოცვა-კურთხევითა ჩვენცა ვძლევთ ამ ურწმუნოთა… ნეტაი ღმერთმა და ღვთის მშობელმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენმა სამეფომაც მიაგოს ზიანი თქვენთა მტერთა, თქვენ გემსახუროთ და თქვენ მორჩილ მეფეებთან ერთად შევიარაღდეთ. ესეც სცანით, რომ ჩვენი სამეფო, ჩვენი ბრძანების ქვეშ მყოფნი და მთელი ჩვენი საქართველოს მხედრობა მზათ ვართ და მოველით თქვენს ბრძანებას; რასაც თქვენის ლოცვა-კურთხევით გვიბრძანებთ, მზათა ვართ შევასრულოთ. ეს არის ჩვენი ნატვრა. ჩვენს თქვენს ერთგულ შვილობაზე ნურასფერს ეჭვს შეიტანთ. თუმცა კი შორს ვართ, მაგრამ დიდათ ვნატრობთ თქვენს ნახვას. ჩვენი სარწმუნოების აღვიარება ვჰყავით პატრი ჯუსტინეს წინაშე, რომელიც ჩვენი სულიერი მამა არის; რასაც ეს ჩვენ გვიბრძანებს, ყველაფერს შევასრულებთ. აპრილის 29, ქრონიკონი იესო ქრისტეს შობიდან 1687, ინდიქტიონი ჩვენის მეფობისა (აკლია)”

ამ წერილს ბოლოში აწერია: “რომის პაპთან გაგზავნილი მეფის წიგნი სთარგმნა პატრი ჯუსტინო ლივორნელმა, საქართველოს მისიონის მოქადაგემ და უფროსმა, რომელმაც მეფეს ფიცი მისცა, რომ სიტყვა-სიტყვა ეთარგმნა”. (1)

ასეთის შესანიშნავის წერილის შესახებ სხვა რისიმე თქვა მეტი იქმნება. ხოლო ეს უნდა შევნიშნოთ, რომ ეს წერილი მეტად ცუდის იტალიანურის ენით არის ნათარგმნი. ახლა მოვიყვანთ მესამე  წერილს.

“წიგნი ექვთიმე საქართველოს არქიეპისკოპოსისა ინოჩენციო მეთერთმეტე რომის პაპთან, მისივე ბრძანებით ნათარგმნი იტალიანურად პატრი ჯუსტინო ლივორნელის მიერ, რომელმაც ფიცი მისცა რათა სიტყვა-სიტყვა ეთარგმნა”.

“ღვთის მადლითა და შემწეობით მიაწიოს ამ წიგნმა რომის დიდ ქალაქში უწმიდეს მამისა ინოჩენციო მეთერთმეტე პაპისადმი:

“ბატონო პაპავ, ინოჩენციო მეთერთმეტე, უაღრესო რომის მღვდელთ-მთავარო პაპავ, დიდი ხნიდან სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, ღვთის მსახურთა მბრძანებელო, მრავალ ფეროვან ვარდით შემკობილ…

ღვთისმეტყველო, თაფლის მსგავსად ყველას საბედნიეროთ საუკეთესოდ მომდინარევ, ქვეყნის ყველა მხარეს სიკეთის მომფენო, ღვთის სიყვარულის მოზიარეთა ზედა სიბრძნის ბრწყინვალე ბაგევ და მთელის ღვთისმეტყველო წყაროვ, ორპირიანო მახვილო, რომელიც განჰკვეთ მტერთა და ამხელ მღვდელ-მონაზონთა, ცხონების გზის ყოველ-დღივ სისრულით მასწავლებელო, მწეო დიდთა და პატარათა, დასაწყისიდანვე გამტკიცებულო ეკკლესიის ბრწყინვალე სვეტო, დადგინებულო ჭეშმარიტო მწყემსო და მოძღვარო ყოველთა ქრისტიანეთა, მათი სიკეთის გამაძლიერებელო და მოციქულთა თანასწორო, შეურყეველო ტახტო და დიდის რომის ქალაქის მფლობელო, უნეტარესო მეთერთმეტე ინოჩენციო. თქვენს წინაშე წამდგარი სარწმუნოების აღვიარებით ვეამბორები თქვენს წმიდას, უნეტარესს და სამეფო მარჯვენას მე, თქვენის უწმიდესობის და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მონა, ექვთიმე არქიეპისკოპოსი მთელის საქართველოის ღვთიურის დიდის ეკკლესიისა, რომელიც არს მისი განმანათლებელი და დამცველი წმიდა კვართისა. სიმდაბლით წარვსდგები თქვენს წინაშე, მიწაზე მთხვევით და სიამოვნებით მივესალმებით თქვენს დიდებულებას. ამას ვყოფთ არა მარტო გარეგნულად ხორციელად, არამედ სულითაც, რომელიც თქვენის სიყვარულით სავსე გვაქვს, თუმცა კი შორს ვიმყოფებით. ჩვენი მაცხოვრის ბრძანებისამებრ, რომელმაც სთქვა: “დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი, ჭეშმარიტად გეტყვი შენ: შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და მოგცენ შენ კლიტენი სასუფეველისა ცათასანიო”.

შენ ხარ მწყემსი საყვარელი! და ეს ჭეშმარიტების სიტყვა თქვენ გეკუნისთ. ჰოი! მწყემსო ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, ცოდვაში ჩავადნილ უძლურთა აღმადგინებელო და მათ მტვირფელო, რომელ უძლურთაგანაც მსგავსად სხვა თქვენ მორჩილ და მდაბალ მორწმუნებისა ჰყოფთ ერთ სამწყსოსა; ესე არს თქვენი ხმა, რომელიც უნდა მოისმინოს მთელვა ქვეყანამ. ხოლო მე თქვენი სულიერი შვილი, თქვენს სიყვარულსა მოწყურებული თქვენ   არასდროს გაგშორდებით. ამასაც მოგახსენებ, რომ ღვთისაგან კურთხეული ჩვენი მეფე გიორგი, საქართველოს ყველა ეპისკოპოსნი, მღვდელნი, მონაზონნი და ერისკაცნი მოხარულნი არიან თქვენს გაძლიერებასა და თქვენი   მტრების დამარცხებაზე. ამასთვის ვევედრებით ღმერთს, რომ უმეტესად გაგაძლიეროთ და აღამადლოს თქვენი მარჯვენა, ეგრეთვე უყოს თქვენთა შვილთა მთავრებსაც, რომლებიც თქვენი მორჩილნი და ერთგულნი არიან. ჩვენი ამბავი ყველა კარგად იციან თქვენმა გამოგზავნილმა პატრებმა. ამისათვის ჩვენი პატრი ჯუსტინო წიგნით გაუწყებთ და პატრი ანჯელოც პირად მოგანსენებთ, ვითარცა გაუწყათ ჩვენმა მეფემ. ყველა ეს მოხსენება ჭეშმარიტი და დამტკიცებულია. დაიწერა ტფილისსა, 2 მაისისა 375, ქრისტეშობის აქეთ 1687 წ. ინდიქტონს, გიორგის მეფობის მეათე წელს”. (1).

ამ ექვთიმე ეპისქოპობის გვარი ყოფილა რატიშვილი (Ractiscivili).

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s