მიქელ თამარაშვილი ერეკლე II-ს შესახებ

ამონარიდი მიქელ თამარაშვილის წიგნიდან “ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის”

“გავლილის მაისის თვეში მეფე ერეკლემ დააქორწინა თავისი მეორე შვილი ლევან. ქორწილში დაჰპატიჟა არა მარტო ამ ქვეყნის ყველა მთავარნი, არამედ ბევრი უცხონიც, რომელთა შორის მოწვეულ იქმნა აგრეთვე ზემოხსენებული პატრიარქიც (იგულისხმება სომხების პატრიარქი). თუმცა ქორწილში არ მოვიდა, მაგრამ თავის მაგიერ გამოგზავნა ორი ვართაპეტი ეპისკოპოსები (ამათგანი ერთი ის ვართაპეტი იყო, რომელმაც ამ რვა წლის წინეთ დაუწყო დევნულება ახალციხის კათოლიკებს) და სამას თუმნის, ანუ ჩვენებურად 3000 სკუდის საღირალი საჩუქრები გამოატანა. ქორწილის შემდგომ ამ ორ სომხის ვართაპეტმა აქაურ მღვდლებთან და ერის მოწინავე პირებთან მოილაპარაკეს, ვისარგებლოთ ამ მეგობრობით, რომელიც ერეკლემ ჩვენის საჩუქრების წყალობით გვიჩვენაო.

კარგად უწყოდენ, რომ მეფე ფულისათვის ყველასფერს დათანხმდებოდა, თვით უსამართლობასაც-კი. ამიტომ ამ საჩუქრების გარდა კვალად უთავაზეს მეფეს ნაღდი ფული 700 თუმანი, ანუ 7,000 სკუდი, და სთხოვეს ნება მოგვეცი, ძალა დავატანოთ და სომხის სარწმუნოებაზედ გადმოვიყვანოთ არა მარტო ამ 20 წლამდე გაკათოლიკებულნი, არამედ მათი შვილებიც სომხებისგან მონათლულნი მაშინ, როდესაც კაფუცინები განდევნილნი იყვნენ ამ ქალაქიდგან, ან მონათლულნი სომხის მღვდლებისაგან უფრო უწინ, ვიდრე მათი მშობლები გაკათოლიკდებოდენო. სომხები ეფიცებოდენ ერეკლეს, არც ჩვენ ფულს და არც სიცოცხლეს დავზოგავთ, ოღონდ დაგიფაროთ თქვენის მტერებისაგან, რომლებიც ცდილობენ ტახტი წაგართვანო. მაგრამ მათმა დაპირებამ იმდენად ვერ გასჭრა, რამდენადაც მათმა ფულმა. 700 თუმნის მიღებამ ერეკლე დააბრმავა, მათ თხოვნაზე თანხმობა განაცხადა და დაჰპირდა, ნებას გაძლევთ კათოლიკებს როგორც გინდათ ისე მოეპყარითო, ამის გამო 3 ივნისს ზარების რეკით სომხის ეპისკოპოსებმა შეჰკრიბეს თავიანთი ერი, ვაჭრებს და ხელოსნებს დააკეტინეს დუქნები, რათა ყველა წასულიყვნენ და ენახათ, თუ რა შეურაცყოფით და მკაცრად მოეპყრობოდნენ კათოლიკებს. ასე ამიტომ მოიქცნენ, რომ თუ ვინმე ჩვენს წმიდა სარწმუნოებაზე მიდრეკილი იყო, იმის ნახვით შეშინებულიყო და გაგვშორებოდა, და ვინც მტერი იყო უფრო გაძრიელებუყო ჩვენს მტრობაში.

რა შეიკრიბა სომხის ერი, ყველანი წავიდნენ მეფის სასახლეში, სადაც ერთ ფართო ადგილას მეფე ზოგიერთი თავის უსამართლო მსაჯულებითურთ იჯდა. აქედან ჰგზავნიდენ მოხელებს და მოჰყავდათ ხან ერთი და ხან მეორე კათოლიკები, ვითომც დამნაშავენი; არ დაზოგეს თვით დაორსულებული დედაკაცები, რომელთაგან ორს მაშინავე მუცელი წაუხდათ შიშისა და ცუდად მოპყრობის გამო. არ შემიძლია აღვწერო ის ყველა უსამართლობა, შეურაცხყოფა და გაუპატიურება, რაც ამ უსჯულო სამსჯავრომ მიაყენა საბრალო კათოლიკებს. მათ წინაშე თუ ვინმე ერთ-ორ სიტყვას იტყოდა თავის თავის დასაცველად, მაშინ მთელი ხალხი დაუწყებდა ათას ნაირ წყევლა-გინებას, თუ ვინმე მხნედ და უშიშრად გამოაცხადებდა, რომ მას სურდა ცხოვრება და სიკვდილი კათოლიკე სარწმუნოებაში, უწყალოდ სცემდენ კარგა ხნის განმავლობაში, შემდგომ ჩააგდებდენ სატყვეოში, საიდანაც ვერ გამოვიდოდა თუ ბლომად ფულს არ გადაიხდიდა. რისგამო ჩვენი კათოლიკები ზოგნი მთლად დაღარიბდენ და ზოგმაც დიდი ვალი დაიდო. რადგან ბევრ კათოლიკებს დაუწყეს ჩივილი, ამისგამო ასეთმა სასამართლომ და დევნულებამ ოთხი თვე გასტანა, რომლის განმავლობაში, საშინელის მუქარით და უწქალო მოპყრობით, რვა სული ორივე სქესისა შეაცთინეს, დაატოვებინეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და მიაღებინეს სომხის მწვალებლობა.

ჩემ შესარცხვენად სამ ჯერ დამიბარეს იმ უღმრთო სასამართლოში, მკითხეს მხოლოდ ისეთი საგნები, რომელიც მარტო ჩემსა და ჩვენი წმიდა სარწმუნოების გაკიცხვას შეეხებოდა: ამ დროს მეფე ერეკლე არ დაესწრო სასამართლოში, რადგან, როგორც თვითონვე აღუარებია ერთი თავისი მეგობრისათვის, ჩემი რცხვენოდა, თორმეტი წლის განმავლობაში ჩემის ერთგულობისა და მიგებული სამსახურის გამო. რადგან ერეკლე მეფის ესეთი უსამართლობა ყველასთვის ცხადი იყო, ამიტომ ქართველების მომეტებული და საუკეთესო ნაწილი ბერძნის სარწმუნოებისა, განსაკუთრებით, მონაზონები, ეპისკოპოსები და მათი კათოლიკოსი ცხადად ჰკიცხავდენ მეფის ასეთ უსამართლო მოქცევას; არა მარტო ბერძნის მონაზონები (ქართველები), არამიდ თვით პატრიარქიც და ეგეეთვე მეფის უფროსი შვილიც, მოდიოდნენ ჩვენ სანახავად და გვანუგეშებდენ, რადგან გვხედავდენ, თუ რა უსამართლოდ ვიყავით დევნულნი; ვერც გაეგოთ, თუ ფულმა ისე როგორ დააბრმავა და შესცვალა ერეკლე, რომ თვით თავის საუკეთესო ქვეშევრდომებსაც კი აღარ უსმენდა, როდესაც რასმეს ეტყოდენ ჩვენს, სასარგებლოდ.

თვით იმავე დროს, როდესაც ესე ძრიელ დევნული ვიყავით, პირის შემშლელმა ერეკლემ ერთი თავისი სასახლის კაცი გამოგზავნა და შემომითვალა: “მოუფერებლად აღვიარებ, რომ დიდად დავალებული ვარ უფროსი პატრისაგან მისი ერთგულობის გამო, რომლითაც ბევრ შემთხვევაში მემსახურა. ვიცი, რომ შეწუხებული იქმნება ამ შფოთისა და ჩხუბის გამო, რომელიც გამართულა კათოლიკებსა და სომხებს შუა, მაგრამ უნდა მოითმინოს, რადგან ქვეყნის საქმეები ასე თხოულობსო; გარნა შედეგი კარგი იქნება, თუ პატრებისა და თუ მათის ერისათვისო”. ამის შემდგომ, პირველად უფრო დიდის უსამართლობით და სიფიცხით დაუწყო დევნულება საწყალ კათოლიკებს, რაის გამო დაემსგავსა ტირანსა.

“ამით არ დასრულდა ერეკლეს უსამართლობა. სომხების სხვა კაი დაპირების გამო დაჰყვა მათ და კათოლიკების წინააღმდეგ გამოსცა რამდენიმე უბოროტესი ბრძანება ჯოჯოხეთისაგან ჩაგონებული. ამ ბრძანების ქაღალდებში ჯერ ჩამოთვლილი იყო მოჭორილი ამბები ჩვენის კათოლიკე სარწმუნოების წინააღმდეგ, ათას გვარ სიბოროტეს ამბობდა, და ბოლოს უღმრთო ბრძანებას იძლეოდა, თუ მომავალში რომელიმე სომეხმა კათოლიკობა მიიღო, ორი თვით სატყვეოში იქმნება ჩაგდებული, სადაც მარტო წყალი და პური ექმნება, შემდგომ ორი თვისა გაიწკეპლება 300 კაცის მიერ, ჩამოერთმევა მთელი თავისი ოჯახობა და ბოლოს განიდევნება სიკვდილამდე ერთ დაბაში, საიდამაც ვერ შეიძლებს გაქცევასო. ხოლო იმ პატრმა, რომელიც ვისმე გადაიყვანს სარწმუნოებაზე უნდა გადაიხადოს 50 თუმანი, ანუ 500 სკუდი ჯარიმად და შემდგომ, გაკიცხული, უნდა გაიდევნოს მეფის ქვეყნისაგანო. აი მოკლედ ეს ბრძანებული ბრძანება, რომელიც ერეკლემ სარფისა და ფულის გულისათვის გამოსცა…”

იგივე პატრი განაგრძობს, რომ ერეკლე შემდგომ თავის მხლებლებით რაღაცა საქმეების გამო, გორს წასულა, მოუსაქმებია, დაუწყვია იქაური კათოლიკებისათვისაც ისეთივე დევნულება, როგორიც იყო ტფილისში. ამის შემდგომ გარეგნად ცოტათი დამცხრალა დევნულება, მაგრამ ეჩმიაწინის სომეხთ პატრიარქი ეკკლესიებში წასაკითხავად უწყვეტლივ კონდაკებს იწერებოდა, რათა ხალხი უფრო აეღელვებია კათოლიკების წინააღმდეგ, და უკრძალავდა მათ კათოლიკებთან დაახლოვებას და თვით მათთვის სალამის მიცემასაც; ეგრეთვე ეძებდა ყველა საშვალებას, რათა მისიონერები გაედევნებინა იქიდგან. თვით ახალციხის კათოლიკებიც დიდ შიშში იყვნენ, რომ მათთვისაც არ დაეწყოთ ხელახლავ დევნულება, რადგან პატრიარქი ამისათვის დიდ ფულს ხარჯავდა. იმავე დროს ქართველთ კათოლიკოსმა ურჩია პატრს მისიონის სასარგებლოდ, რომ კოსტანტინეპოლში მყოფ საფრანგეთისა და ავსტრიის ელჩებმა მოსწერონ ერეკლესა და ეჩმიაწინის პატრიარქს და საყვედური გამოუცხადონ კათოლიკების ასეთის დევნულებისა გამო. წერილებს დიდი გავლენა ექმნებათ და დიდათაც სომხებს დაამდაბლებს; ეგრეთვე იმ ორის მთავრების დიდი შიში აქვს ერეკლესაცო.

ამნაირი სამწუხარო ამბავისას ჩვენის მხრით, ჩვენ არას ვიტყვით. აზრის დასკვნა მკითხველისათვის მიგვინდია.

http://www.facebook.com/notes/david-iverieli/%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94-ii-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90/202227973131020

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s