სიმცირის გავლენა – ფილიპე გოგიჩაიშვილი

ფილიპე გოგიჩაიშვილი

 

ამ ბოლო დროს ქართულ პუბლიცისტიკაში ერთგვარი «პესიმისტური მიმართულება» არის გაძლიერებული. ჩვენ ბევრს ვქექავთ და ვიძიებთ ჩვენს ხალხოსნურ თუ საზოგადოებრივ ნაკლსა და სისუსტეს იმ წრეებშიაც კი, რომელნიც არსებითად ოპტიმიზმის მოციქულნი და მქადაგებელნი იყვნენ , დღეს კილო დაწეულია და წინანდებურად ვეღარ ახერხებენ ჩვენი ძალღონისა და შემოქმედებითი ბარაქიანობის გაზვიადებას. უდიდესი ნაწილი ქართულ პუბლიცისტიკისა დღეს მწარე გოდებასა და ქართველობის საერთო ნაკლთა დაუფარავ ღაღადისს შეიცავს. თუ წინათ ცხოვრებას ზერეულად ვუცქეროდით და უფრო ოცნებით ვიკვებებოდით, დღეს სამაგიეროდ ფეხს იკიდებს ჩვენში თავის თავის სასტიკი კრიტიკა, რომელიც ბევრის მხრით სანუგეშო და იმედის აღმძვრელია. ცნობა თავის თავისა, რაც დიდებულმა ფილოსოფოსმა მცნებად დაუდვა კაცობრიობას, დიდი რამ, არის ცხოვრებაში. ნაკლები და ხინჯის გასწორება მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, როცა იგი ცნობილია და დაბრკოლებადაა აღიარებული. ამიტომაც ჩვენ სასიამოვნო მოვლენად მიგვაჩნია ის საყვირისებური ხმა თვით კრიტიკისა, რომელიც ხშირად გაისმის ჩვენს მწერლობაში. ჩვენ ნაკლოვანებათა საჯაროდ გამოფენას, დაფარულ სულიერ იარების გახსნას და ზნეობრივი დაავადების ანალიზს მხოლოდ და მხოლოდ სარგებლობის მოტანა შეუძლიან საზოგადოებისათვის. ეს ისეთი მწარე, მაგრამ საღი წამალია, რომელიც არასდროს არ აწყენს ხალხის ორგანიზმს.

ჩვენი აზრით, ასეთი‘«კრიტიკა» მოსარიდებელია და ყოველ შემთხვევაში ფრთხილად სახმარი იარაღია ხალხის გამოსაღვიძებლად. საჭიროა ეს ახსოვდეს ყველას, ვინც ჩვენში საზოგადო ასპარეზზე ასე თუ ისე მოქმედებს და ჩვენი საზოგადოების გამოფხიზლების საქმეს ემსახურება. ჩვენ პატარა ხალხი ვართ, პატარა სარბიელი გვაქვს და ამიტომაც ყოველი მოვლენა ჩვენში უფრო შესამჩნევია, მეტად სჩანს, ვიდრე არის ნამდვილად, და ამის გამო, როცა იგი მახინჯი და საზოგადოებრივობის წინააღმდეგია, ხშირად გადაჭარბებულ გოდებას იწვევს შედეგად.
მეორე მხრით, ხალხის სიპატარავეს, რაოდენობით სიმცირეს პირდაპირ გავლენა აქვს ზოგიერთ ისეთ ჩვეულებისა და მიდრეკილების განმტკიცებაზე, რომელიც საზოგადოებისთვის მავნებელი და დამაბრკოლებელია. თუ ხალხის სიმცირე, ვითარცა ამა თუ იმ დასაგმობ მიდრეკილების მასაზრდოებელი ფაქტორი, არ მივიღეთ მხედველობაში და კერძო ფაქტები იმის მიხედვით არ ავწონ-დავწონეთ, ადვილად შეიძლება არა ერთი და ორი ზნეობრივი ხინჯი ქართველის‘«ბუნების თვისებად» მივიჩნიოთ და მართლა უიმედობას მივეცეთ. სინამდვილის ანალიზი კი იმას გვასწავლის, რომ პატარა ხალხში თვით სიმცირე ხალხისა ხელს უწყობს ზოგიერთ არასასურველ‘«თვისების» გაძლიერებას და ამიტომაც ესა თუ ის საზოგადოებრივი ნაკლი, გინდ ზნეობრივი მანკი რაოდენობითი სიმცირის თანამყოლი არის, რომელსაც მხოლოდ თანდათანობით კულტურა შეასუსტებს და არა ცარიელი გოდება და თავში ცემა.

ქართველი არსებითად ფრიად წამბაძველია. მხოლოდ იგი ჰბაძავს არა განყენებულ მოდას ან უავტორო აზრს, არამედ «დაწინაურებული» მეზობლის გარეგან ცხოვრებას, მის ჩაცმულობას და აზროვნებას. მისი მიბაძვის საგანი კონკრეტულია და არა განყენებული.
მაგრამ, რასაკვირველია, წაბაძულობითაც ადამიანი ყოველთვის მიზანს ვერ მიაღწევს.‘«დაწეული»‘«აწეულს» ხშირად ვერ დაეწევა, თუნდაც ძალიან წაჰბაძოს და მოინდომოს მასთან გათანასწორება. ამ შემთხვევაში ბედისაგან დაჩაგრულს შურიანობის გრძნობა უწევს დახმარებას. აბა როგორ არ შეშურდეს ქართველს თავის მეზობლის დოვლათი და გაკეთება, როცა მას კარგად ახსოვს, რომ ისიც მასავით ღარიბი და გაჭირვებული იყო.‘«მაშინ მეგობრობდა, ეხლა კი ცხვირს ზევით იწევს. რითია მასზედ უკეთესი? არც დედით, არც მამით, არც გვარიშვილობით, არც ჭკუით» (ქართველებს ყველას ჭკვიანებად მიგვაჩნია ჩვენი თავი). და აბა როგორ არ აღევსოს გული შურით? დიაღ, შურიანობა ჩვენი სამარცხვინო თანმყოლი გახლავთ. იმერელი ცეცხლს წაუკიდებს და გადასწვავს თავის მეზობელს. გგონიათ მტრობით? არა, მარტო იმიტომ, რომ მეზობელმა აიწია,

გაზვიადებულ თავმოყვარეობის აღმოცენებას სწორედ პატარა ხალხში აქვს განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგი. აქ პიროვნება ისე დაჩრდილული არაა, როგორც დიდ ეროვნებაში. კერძო ადამიანი, მრავალში შერეული, თავისთავს მხოლოდ ნაწილად გრძნობს მთელი ხალხოსნურ ორგანიზმისა. პატარა ხალხში კი ეს ასე არ არის. აქ იგი ერთეულს წარმოადგენს, რომელიც ბევრ მის პირად ნაცნობს უეჭველად აღემატება ღირსებით, ვინაიდან, ხალხის თქმისა არ იყოს,‘«უარესის უარესი არ დაილევა». ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენში ამდენი‘«განდიდების სენით» ავადმყოფი ადამიანი მოიპოვება. ყველას, ვისაც ოდესმე‘«საზოგადო საქმის» გულისთვის ორიოდე მუქთი სიტყვა დაუხარჯავს, სამშობლოს მხსნელად
მოაქვს თავი და ხშირად გულწრფელად სჯერა, რომ ხალხის ბედიღბალი მის პიროვნებასთან არის განუშორებლივ შეკავშირებული. ყოველგვარი საზოგადოებრივი მსჯელობა უპირველეს ყოვლისა პიროვნების თავმოყვარეობის, მისი‘«მე»-ს საკითხთან არის შეკავშირებული. ვთქვათ, ჩვენში ვინმე რაიმე საზოგადო საქმეს აკეთებს: უნდა იცოდეთ, რომ ყოველგვარ სხვა საქმისთვის იგი ნამდვილ ინკვიზიტორად გადაიქცევა.
მიუხედავად თავმოყვარეობის ამგვარი გაზვიადებისა, პატარა ხალხში ნამდვილი ავტორიტეტი ფრიად ძნელი მოსახვეჭია. ხალხის რაოდენობის სიმცირე თუ კერძო თავმოყვარეობის გასაზვიადებლად შესაფერის ნიადაგს იძლევა, სამაგიეროდ ავტორიტეტის შექმნას ძალიან აბრკოლებს. ჩვენ ვგულისხმობთ ისეთ ავტორიტეტს, რომელიც კერძო ადამიანის პირად ღირსების განსაკუთრებულ უპირატესობაზეა დაფუძნებული და ეს უპირატესობა და მის წინაშე თავის მოხრა მრავალთაგან ნებაყოფლობით არის მიღებული. ასეთ ავტორიტეტის მოპოვება პატარა ხალხის განსაკუთრებით დამჯდარი და მტკიცე ხასიათის პატრონ იშვიათ ადამიანებს შეუძლიანთ. პატარა ხალხი შინაობაში არსებითად ავტორიტეტის წინააღმდეგია.
რახან ყველა თანამემამულენი ერთმანეთის ახლობელნი არიან და ყოველი წვრილმანი ერთმანეთის ცხოვრებისა იციან, ამიტომაც აღარავის რჩება ის შარავანდედით მოცული უცნობლობა, რომელიც ავტორიტეტისათვის აუცილებელია. ადამიანები თუ გავატიტვლეთ, ყველანი დაახლოებით ერთმანეთის მსგავსნი გამოჩნდებიან. და პატარა ხალხში ყველანი სულიერად გატიტვლებულნი არიან ერთმანეთის წინაშე და ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მიზეზი, რომ იქ ავტორიტეტს იშვიათად სცნობენ. ყველა ჩვენი დაწესებულება ამ აზრის ცხადი დამტკიცებაა. საცა უნდა მიხვდეთ, ყველგან ანარქიას და არეულობას იპოვით და არსად რაიმე ავტორიტეტის ცნობას და წესრიგისადმი დამორჩილებას. ამიტომაა, რომ ქართულ დაწესებულებაში ქართველი ყოვლად უვარგისი მომუშავე და გლახა მოსამსახურეა. იგივე ქართველი რუსულ დაწესებულებაში ჩინებული ჩინოვნიკია. ქართველს იგი არასდროს არ დაემორჩილება, უცხოს წინაშე კი ოთხადაც მოიხრება. სხვათა შორის ესეც არის მიზეზი, რომ ქართველობაში საზოგადოებრივი აზრის ჭაჭანება არაა. ჩვენში იმდენივე აზრია, რამდენი ქართველიც მოიპოვება. ყველა ამ აზრთაგან ერთის ან რამდენისამე გონებრივ ნაკადულის შექმნა და საზოგადოებრივ აზრად გარდაქმნა უავტორიტეტოდ შეუძლებელია.

როგორც ხედავთ სიმცირეს ბევრი ხალხის მხრით თავისებური საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ აქ მხოლოდ რამდენიმე მხარე აღვნიშნეთ. ყველა ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენისთანა პატარა ხალხს განსაკუთრებით ესაჭიროება პიროვნების კულტურა, რომელიც ადამიანის სულიერად გამფაქიზებელი და ამმაღლებელია.
1906-1910 წ.

http://burusi.wordpress.com/2009/10/06/gogichaishvili/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s