ქართული სამღვდელოება XVII საუკუნეში

არქანჯელო ლამბერტი

სამეგრელოს აღწერა

 

სამღვდელოება

 

ოდიშის პატრიარქს თავის საბრძანებელში ისეთი ძალა აქვს, ისეთი სიმდიდრე და სასახლეები, იმდენი ყმები ჰყავს, რომ არამცთუ ეთანასწორება მთავარს, რომელიც მას ირჩევს, არამედ აღემატება კიდეც. პატრიარქი თავისი საპატრიარქოს დასახედად მუდამ დადის. მაგრამ მას საგნად თავისი სამწყსოს ზნის გასწორება როდი აქვს, არამედ მათი ქისების დაცარიელება. თავის სამწყსოს მხოლოდ იმისთვის ჩამოივლის, რომ ტყავი გააძროს და სისხლი გამოსწოვოს და ამიტომაც მას მტაცებელი მგლის სახელი უფრო შეჰფერის, ვიდრე კეთილის მწყემსისა. იგი თან წაიყვანს ხოლმე ამალას, რომელიც შედგება სამასი კაცისგან და მეტისგანაც. საწყალი მისი ქვეშემრდომი ხალხი იღუპება ამით: ვითარცა ჭალაში გაშვებული პირუტყვი შესჭამს მთელ ბალახს, რაც იქ არის, და მერე სხვაგან გადავა საძოვრად, ისე ეს მხლებლებიც. რაკი შესჭამენ, რაც მოიძებნება ერთ ადგილას, გადავლენ მეორე ადგილას.

 

ოდიშის აწინდელი პატრიარქი წინანდელთან შედარებით უკეთესია და ამიტომაც წმინდა კაცად მიაჩნიათ საერთოდ. მართლაც, თუ გარეგნობის კვალობაზე შევადგენთ მის შესახებ აზრს, უნდა ვთქვათ, რომ იგი ღვთის წინაშეც დიდ გულმოდგინებას იჩენს ლოცვაში და კაცთა მიმართაც ძლიერ მოწყალეა. ყოველ ღამე უსათუოდ დგება მეტად გრძელ ლოცვაზე. ყველაზე პირველად ტანს იგი იცვამს და პირველადვე იგი შედის ეკლესიაში, სადაც ატარებს უმეტეს ნაწილს ღამისასაც და დღისასაც. რაც შეეხება მოყვასისადმი მოწყალებას, იგი ისეთ გულკეთილებას იჩენს, რომ არ მოიძებნება არც ერთი ღარიბი და არც ერთი უბედური, რომ იგი არ იცნობდეს და თავის მოწყალების კალთას არ აფარებდეს. თუ ვინმე ღარიბმა გაიარა, როცა იგი პურის ჭამად ზის, მაშინვე დაუძახებს, თავისთან დასვამს და უმეტეს ნაწილს თავის საჭმლისას უთავაზებს. თუ გაიგონა, რომ სადმე საწყალი ავადმყოფი არის, მეტად გაჭირვებულიო, სხვადასხვა შემწეობას თავისი ხარჯით მიაწოდებს. გარდა ამისა, იმდენად ერთგულია იერუსალიმის წმინდა ადგილებისა, რომ სამჯერ იყო მათ სანახავად და ყოველთვის დიდი შეწირულობა წაუღია. მაგრამ ცუდი ის არის, რომ შეცდომით ფიქრობს, წმინდა ქალაქის ნახვა სამოთხის კარებს გამიღებსო, და რადგან იქ სამჯერ ვყოფილვარ, ცხონება არ ამცდებაო. ნამდვილად კი ყველასთვის ვინც თვალხილულია, ცხადია, რომ ეს მგზავრობა ჯოჯოხეთში უფრო მიიყვანს, რადგან ამ წმინდა ადგილებისათვის ფულის საშოვნელად მრავალი სიმონიას სჩადის და უსამართლოდ ათავისუფლებს თავის ყმებს სასაჯელისაგან ან თავის კალთას აფარებს მრავალ ავაზაკობას იმ განზრახვით, რომ ფული იშოვოს ღვთის შესაწირად. არასოდეს არავის ეპისკოპოსად არ აკურთხებს, თუ გასამრჯელოდ არ მიიღებს ხუთას-ექვსას სკუდის (scudi), ამდენსავ, ან მეტს, ფულს თხოულობს იმისათვის, რომ მიცვალებულს უწიროს. საშინელ ბევრ ფულს ართმევს აგრეთვე აღსარებისათვის, რომლის ფასს გადაწყვეტს იმის კვალობაზე, თუ, ერთის მხრით, რა ღირსებისაა აღსარების მთქმელი და მეორეს მხრით, რა ცოდვები ჩაუდენია მას. კერძოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, რომ პატრიარქმა ერთხელ აღსარება ათქმევინა ვეზირს, რომელსაც ამ აღსარებისათვის მისცა ოთხმოცი სკუდი (scudi). პატრიარქს ეცოტავა ეს ფული ასეთი დიდკაცისაგან, და როცა შემდეგ ამისა ვეზირი ძლიერ ავად გახდა კიდევ და მოიწვია პატრიარქი აღსარების სათქმელად, ამან აღარ დაუმალა და შეუთვალა, რომ ამას წინათ ისე ცოტა მომეცი აღსარებისათვის, რომ შენ ლოცვა-კურთხევის ღირსი არ ხარო, და ამიტომაც არ მოვალო. ვეზირი ამის გამო იძულებული გახდა მეტს დაჰპირებოდა, ოღონდ კი მობრძანდი და აღსარება მათქმევინეო. გარდა ამისა, პატრიარქი მეტად აწუხებს თავის სამწყსოს სხვადასხვა აუტანელი ხარჯითა. ყოველნაირ ავაზაკობას გულგრილად უყურებს, ოღონდ კი ფული აიღოს იერუსალიმში გასამგზავრებლად. მართლაც, ყოველ სამ-ოთხ წელიწადში იერუსალიმში მიდის და მიაქვს მრავალი ოქრო, რომელიც თავის ქვეშემრდომთათვის სიმონიას, მკრეხელობისა და ყაჩარობის ფასად წაურთმევია.

 

ეპისკოპოსები ძლიერებით, სიმდიდრით და ძალაუფლებით სჯობიან თვითეულ იქაურ დიდებულს; მაგრამ რადგან თავის სიმდიდრეს ბოროტად ხმარობენ, თავის ქვეყანაში ყველაზე უფრო სძულთ ისინი. ამის მიზეზი ის არის, რომ მათ არა აქვთ არც ღვთის შიში, არც სირცხვილი და არც ღვთისმოსავი უფროსები ჰყავთ (სცნობენ მხოლოდ მთავარს); თავის სიმდიდრეს და ძლიერებას ანდომებენ ყველანაირ სიბილწეს და ავაზაკობას. ისე არასოდეს არ სწირავენ თუ წინდაწინ არ მიართვეს სასყიდელი, რომელსაც უზომოდ თხოულობენ. აგრეთვე სასყიდელს თხოულობენ კურთხევისათვის და მათი მწიკვლიანი ხელები არ აკურთხებენ არც მღვდელს და არც დიაკვანს, თუ დიდი საფასური არ მიიღეს კურთხევისათვის.

 

მაშინ როცა ერისკაცებს აკრძალული აქვთ იყოლიონ ერთი ცოლის მეტი, ეპისკოპოსის ღირსებას ის უპირატესობა აქვს, რომ შეუძლიათ აშკარად იყოლიონ სამი თუ ოთხი ცოლი. ერთი მათგანის ავაზაკობა იქამდე მივიდა, რომ ერთხელ ერთს თავის აზნაურს ცოლი წაართვა და რადგან ის უბედური ეწინააღმდეგებოდა, რაღაც დანაშაულობა დააბრალა და დაატუსაღა, მერე გურიაში გაგზავნა და თურქებს ტყვედ მიჰყიდა.

 

ერთხლ, დიდმარხვაში, დაბინავებული ვიყავი ერთ ეპისკოპოსთან, რომელიც ფრიად თავაზიანად  და კარგად მეპყრობოდა. შუა დიდ-მარხვა იქნებოდა, რომ ერთ დილას, გათენებისას, როცა ეპისკოპოსი ეკლესიაში იმყოფებოდა, გაისმა საშინელი ყვირილი რამდენსამე კაცისა და ხმაურობა ბორკილებისა. მე დავუძახე მოსამსახურეს, რომელიც მე მომიჩინეს და ვკითხე, რა ამბავია-მეთქი. იმან ყოველივე ამბავი იცოდა, თურმე და საიდუმლოდ მითხრა, რომ ეპისკოპოსმა ეს და ეს მღვდელი დაატუსაღებინა და ბორკილებში ჩაასმევინა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იმ მღვდელს ფული ჰქონია შენახულიო და რადგან ეპისკოპოსს უსათუოდ მისგან ფული უნდაო, არასგზით არ გაათავისუფლებს, თუ მღვდელი ქრთამს არ მისცემსო.

 

როცა მოკვდება ხოლმე რომელიმე მათი ქვეშევრდომთაგანი და მემკვიდრედ მცირეწლოვანი შვილები დარჩება, ეპისკოპოსი უმოწყალოდ და საკვირვლის სისტიკით ყველა ყმაწვილებს ან გაჰყიდის თურქებზე, ანდა დატოვებს სამუდამოდ მონად თავის სახლში და მიითვისებს მიცვალებულის ქონებას, მდიდრულ უნაგირებს ოქრო-ვერცხლისას, მშვენირ კარვებს, საუკეთესო ნოხებს, ძვირფას იარაღს და წმინდა ქსოვილებს: ყოველივე ესე სისხლია ღარიბებისა! მთავარი თუმცა ზოგჯერ დიდი ბოროტებისათვის სასჯელს უნიშნავს, მაგრამ ბევრჯერ ყურადღებას არ აქცევს და ელოდება, რომ ეპისკოპოსმა ბევრი სიმდიდრე შეიძინოს, რადგან ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ ეს სიმდიდრე მას დარჩება.

 

ამდენი ავაზაკობის ჩამდენნი კიდევ ჰფიქრობენ, რომ კეთილი მწყემსის მოვალეობას სრულიად ვასრულებთო და ჩვენი სიწმინდით ვერ შეგვედრებიან სხვა ერთა მღვდელმთავრებიო, რადგან ჩვენ ფრიად სასტიკად ვინახავთ მარხვასაო. .. ამაში იმდენად დარწმუნებულნი არიან, რომ არ უნდათ დაიჯერონ, რომ ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ პასექის დღეს პასექის კრავი სჭამა. ამიტომაც, როცა წმინდა სერობას ხატავენ, მათის შეცდომის დასაფარავად, ყოველთვის ტაბლაზე ხატავენ თევზს, ზეთის ხილს, ბოლოკს და სხვა ამისთანებს და ბატკანს არასოდეს. ხორცს რომ სთმობენ, მაგიერში ისე ბევრ ღვინოს სვამენ, ისე იბერებიან ღვინით, რომ გონება მუდამ დაბნეული აქვთ. ვითარცა სრულიად უსაქმო კაცები, ფიქრობენ მხოლოდ მხიარულებაზე. სუფრას თითქმი არ შორდებიან და უმეტეს ნაწილს თავის სიცოცხლისას სუფრაზე ატარებენ… ერთხელ მე მივედი ერთ ჩემ მეგობარ ეპისკოპოსთან, რომელიც თუმცა ხნიერი იყო, მაგრამ დარბაისლობა აკლდა. სერობის ლოცვის დრო იყო, მაგრამ ეპისკოპოსი იჯდა სუფრაზე და მასთან ერთად ბევრი წვეული. ასე გაეტარებინათ სუფრაზე ხუთი საათი, ბევრი უსვამთ და ეპისკოპოსი და ყველა სტუმარი ღვინით გამხიარულები იყვნენ. როცა ეპისკოპოსს ჩემი მისვლის ამბავი მოახსენეს, უეცრად წამოხტა სუფრიდან და დიდად გახარებული შემომეგება. მომისვა გვერდით და ბრძანა, მისი ჯოგიდან საუკეთესო ხბო მოეყვანათ. ხბო რომ მოიყვანეს, ცოცხალი ხეზე და ჩემდა სიამოვნებისათვის და პატივის საცემად მოისურვა თავისი ხელით მოეკლა. ამისთვის მოატანინა თოფი, ესროლა ხბოს და მოკლა. ამით თითონაც ისიამოვნა და მთელმა შეკრებილებმაც ტაში დაუკრა.

 

აი, სულიერი დროის გატარება ამ უბედური ეპისკოპოსებისა. ამნაირ დროს გატარებაში სჭარბობენ ეპისკოპოსები სხვა აქაურ დიდებულებს იმის გამო, რომ ერთის მხრით, უფრო მდიდრები არიან და მეორეს მხრით, ბევრი და მძიმე ფიქრი არ აწუხებთ.

 

მათი ეკლესიები კარგადაა მოწყობილი და შემკული მშვენიერი ოქროს და ვერცხლის ხატებით. ამის მიზეზი მათი ღვთის სიყვარული როდია, არამედ სურვილი, რომ ამით თავიდან აიცილონ ღვთის რისხვა და რაიმე კეთილი ქნან იმ ბოროტების მაგიერ, რომელსაც მუდამდღე ჩადიან. მათ შორის ის შემცდარი რწმუნება არის გავრცელებული, რომ კაცს ყოველივე ცოდვა ეპატიება, თუ ეკლესიას რასმე შესწირავსო.

 

წინამძღვრების შემდეგ მღვდლები არიან, რომელთაც მეგრელებში ეძახიან პაპებს. რა უნდა ოყოს მათი ცოდნა, სიკეთე თუ სათნოება, ადვილი გამოსაცნობია, თუ წარმოვიდგენთ ეპისკოპოსების ცოდნას, სიკეთეს და სათნოებას. ზოგჯერ მე მომსურვებია გამომეცადა მათი ცოდნა და მიჩვენებია მათთვის მხოლოდ ქართულია ანბანი (რადგან ქართულს ხმარობენ წირვა-ლოცვაში). ზოგს მათგანს პირველი ასოებიც არ სცოდნია.

 

თუ როგორ ესმით ამ მღვდლებს მღვდელთმოქმედება, ამის შესახებ მე მათგანვე გავიგე შემდეგი სამწუხარო ამბავი. ერთი ბავშვი გამხდარიყო ძლიერ ავად და როცა კვდებოდა, დედამ დაიბარა ერთი პაპა და სთხოვა, ყმაწვილი მომინათლეო. გულუბრყვილო მღვდელმა, რაკი ნახა, რომ ბავშვი კვდებაო, ბოდიში მოიხადა და უთხრა დედას, მომაკვდავის მონათვლა არ ვარგაო, რადგან ნათლობა ლხინით და ნადიმით უნდა გადაიხადოს კაცმაო და არა ტირილით და მგლოვიარობითაო. ამას ის უნდა დავუმატოთ, რომ, რადგან ბავშვი მალევე უნდა მომკვდარიყო, მღვდელს არ უნდოდა დაეხარჯა მირონი, რომელიც მას ისე ვაი-ვაგლახით ნაშოვნი ჰქონდა. ბავშვი მალე გარდაიცვალა. დედა რომ მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი, მისდა სანახავად და სანუგეშებლად მივიდა მეორე მღვდელი. ეს მეორე მღვდელი თუმცა სწავლით თანასწორი იყო პირველისა, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ ბავშვი მოუნათლავი გარდაიცვალაო და დედაც ამას ჩივისო, – სრულებით სხვა აზრი გამოსთქვა, ვიდრე პირველმა მღვდელმა და იმის შცდომის გასასწორებლად შეიმოსა მაშინვე და დიდის ამბით მონათლა მიცვალებული ყმაწვილი. აი, მათის სწავლის შესაფერი საქმენი.

 

შეუძლებელია კაცმა აღწეროს, თუ რა სხვადასხვაობას წარმოადგენს ამ ღირსეულ პაპათა სამოსელი წირვის დროს.. საუცხოვო სანახავია, როცა ბერძენთა რჯულისამებრ მთელი კრებული შეუდგება წირვას: ზოგს წამოხურული აქვს ძველი შალი, რომელიც მას სანახევროდ უფარავს ზურგს; ზოგს, ვინც უფრო საპატიო არის, უფრო გრძელი შალი აქვს და ზოგს კი, ვინც უფრო ღარიბია, მხრებს მისი საკუთარი ცხვირსახოცი უფარავს. რამდენად აკლიათ გულმოდგინება ღვთისმსახურებისადმი და რამდენად მოურიდებელნი არიან ამ დროს, იქიდან სჩანს, რომ თუ რამე საქმე შეხვდა ამ დროს, იმის განხილვას და გაკეთებას გვერდს არ აუხვევენ. მაგალითად, ერთ მღვდელზე ამბობენ, რომ ერთხელ წირვის დროს გაიგონა ჩურჩული, რომ თურქების გემი მოსულაო (რასაც დიდი მოუთმენლობით მოელოდნენ მეგრელები). მღვდელმა მოჰკრა ყური თუ არა ამ ამბავს, მაშინვე მიუბრუნდა იქ მყოფთ და ჰკითხა, მართალია თუ არა ეს მაბავიო. როცა პასუხი მიიღო, ნამდვილიაო, – მთელი წირვის განმავლობაში იქ მყოფი ხალხისგან ყოველსავე გარემოებას ტყობილობდა: იტყოდა ზეპირად (რადგან უცოდინარობის გამო კითხვა არ შეეძლო) წირვის რამდენსამე ადგილს და მიუბრუნდებოდა ხალხს და ჰკითხავდა, როგორ ფასობს გემზე ქსოვილი. მიიღებდა თუ არა პასუხს, წირვას განაგრძობდა. მერე გაახსენდებოდა ცვლის ფასი და იკითხავდა, როგორც პასუხს მიიღებდა, კიდევ განაგრძობდა წირვას. შემდეგ კიდევ მოაგონდებოდა რამე გემის შესახებ და ისევ იკითხავდა. თითქმი ამ კითხვა-პასუხში გაატარა დრო წირვის დასრულებამდე.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s