ამბროსი ხელაიას ქადაგება სოხუმის საკათედრო ტაძარში

ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტის ამბროსის ქადაგება სოხუმის საკათედრო ტაძარში

1919 წლის 5 ოქტომბერი.

ძმანო, ქრისტიანენო! დღეს წაკითხული სახარება ღირსია გაწაფული ყურადღებისა; ის გვასწავლის რამდენათ მიიზიდავს ის ჩვენზე ღვთის მადლს.

დიდია ძალა სარწმუნოების. სარწმუნოებამ განკურნა განრღვეული, დიდი იყო სარწმუნოება რომაელის ასისთავისა, რომელზედაც ბრძანა ქრისტემ, მთელ ურიასტანში არ მიხილავს ამნაირი სარწმუნოებავო. და განიკურნა მონა მისი, რომელზედაც სთხოვდა ქრისტე-მაცხოვარს. სარწმუნოებამ განკურნა ის დედაკაცი, რომელიც 12 წელი იტანჯებოდა უკურნებელის სნეულებით და რომელმაც ფარულად შეახო ხელი ქრისტეს კალთებს და განიკურნა. სარწმუნოებამ ჰქმნა ის, რომ ქრისტესთან ჯვარცმული ავაზაკი გახდა სამოთხის მკვიდრი. რა არ ჰქმნა შესაძლებელად მოციქულების სარწმუნოებამ? ისინი გაუნათლებელნი, ღარიბნი, ფეხშიშველნი მიმოივლიან მთელ მაშინ ცნობილ ქვეყნიერებას, სძლევენ მეფეთა, დიდებულთა, მეცნიერთა და სწავლულთა, სძლევენ წარმართობას, ურწმუნოებას და ქრისტეს სახარებას მოჰფენენ დედამიწას, ყველას დაუმორჩილებენ მას.

განა კერძო ცხოვრებაში და კერძო საქმეებშიაც არა აქვს მნიშვნელობა სარწმუნოებას? ვინ არ იცის, რომ რწმენა ანიჭებს კაცს გამარჯვებას? თუ კაცს სწამს დაწყებული საქმე, მაშინ ის დაწყებისთანავე ის ნახევრად გამარჯვებულად უნდა ჩაითვალოს. ხოლო თუ ადამიანს დაწყებული საქმის შესაძლებლობა თვითონ არა სწამს, არა აქვს რწმენა, რომ ღმერთი მისცემს მას გამარჯვებას, მაშინ ძალიან, ძალიან საეჭვოა ის სისრულეში მოიყვანო მასში გაიმარჯვოს. რა მეომარი იქნება ის, რომელსაც ომის დროს არა სწამს, რომ გაიმარჯვებს, რომელთაც არა სწამთ, რომ მათ ღმერთი შეეწევა? ამნაირივე მხედრობა გაჭირვების დროს თვით გარბის ბრძოლის ველიდან, რის მაგალითები მოგვცა წარმართული წლების უმაგალითო ომებმა.

როდესაც ჯარში შეიტანეს ურწმუნოება, მას წაერთვა სიმტკიცე, წაერთვა უნარი და სურვილი სამშობლოს დაცვისა.

მორწმუნე ოჯახის ცხოვრება ტკბილი და სათნოებიანია, ოჯახის წევრთა შორის სუფევს სიყვარული, თანხმობა, შრომისმოყვარეობა, ზომიერება, სმა-ჭამა-სიმხიარულეში, – ერთი სიტყვით, ის, რაც ანიჭებს კაცს ბედნიერებას.

მორწმუნე დედ-მამანი სასარგებლონი არიან სამშობლოსათვის, რადგან ზნეობა-სარწმუნოებით აღსავსე შვილებს უზრდიან მას; იმნაირ შვილებს, რომელთაც შეუძლიათ თავის მოღვაწეობით მოუტანონ სამშობლოს სარგებლობა. ხოლო ურწმუნოება ოჯახის დამრღვევია, ზნეობრივი ნიადაგის გამომცლელი ცხოვრებაში. რა შვილები უნდა აღუზარდონ ეკლესიას და სამშობლოს იმ დედ-მამამ, რომელთაც თვითონ არა აქვთ სარწმუნოება, არ იზიარებენ სახარების იდეალებს, არ მისდევენ მის ზნეობრივ სწავლას? ამნაირი ოჯახი უნდა ჩაითვალოს ავადმყოფ ოჯახად და უბედურია ის ხალხი, ის სახელმწიფო, ის ერი, რომელიც შედგება ამნაირის ერთეულებისაგან, მაშინ თვით ერიც დაავადებული და სუსტი იქნება და ამნაირი ერი მიექანება გადაგვარება-განადგურებისაკენ.

სარწმუნოება ანიჭებს კაცს ბედნიერებას, სულის სიმშვიდეს სიკვდილის ჟამსაც კი, ის ნუგეშისმცემელია, რადგან მას სწამს, რომ სიკვდილი მხოლოდ მიცვალებაა, გარდასვლაა მომავალ სანეტარო ცხოვრებაში. ურწმუნოთა უკანასკნელი ჟამი ცხოვრებისა ვოლტერისებურად აღშფოთებული და აუტანელია.

მოვიხსენიებ იმასაც, რომ უსაფუძვლოა ის აზრი, რომელიც გავრცელებულია ჩვენს ახალგაზრდობაში. ვითომ სარწმუნოება იყოს მტერი თავისუფლებისა. ეს აზრი აშენებულია გაუგებრობაზე. ან თუ შეგნებულად ამბობენ და იმეორებენ ამას, მაშინ, უნდა ვიფიქროთ, რომ ამნაირი მქადაგებელნი არიან მტერნი ნამდვილის თავისუფლებისა. ნამდვილი თავისუფლების დამყარება, მისი გამაგრება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხში განვამტკიცებთ სარწმუნოებას. თავისუფლება უნდა ემყარებოდეს ქრისტეს ზნეობრივ იდეალებზე, მისი მცნებების აღსრულებაზე. უამისოდ თავისუფლება გარდაიქმნება თვითნებობად, როგორც ამას ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს ჩვენში ადგილი, და ხალხს მოუტანს სარგებლობას წილ მავნებლობას.

ამის დასაბუთება ახლა შორს წაგვიყვანს და ამისთვის, რომ მეტად არ დავღალო თქვენი ყურადღება, სხვა დროისთვის გადავდებ. აქ ვიტყვი მხოლოდ, რომ მოციქული პავლეც დღეს წაკითხული სამოციქულოში გვეუბნება ამ ზნეობრივი ცხოვრების საჭიროებაზე ხალხის კეთილდღეობისათვის, ხოლო თავისუფლებაც საჭიროა მხოლოდ ხალხისათვის, მისი კეთილდღეობისათვის და სულიერად ამაღლებისათვის. მაშასადამე, სარწმუნოება საჭიროა თავისუფლების გამაგრება-გაფართოებისათვის.

მაშ, მივხედოთ, მორწმუნენო, ქანანეველის ღრმა სარწმუნოებას და მაშინ ჩვენი ცხოვრება იქნება მშვიდი, მყუდრო, ზნეობრივათ ამაღლებული, და მაშინ იქნება ნამდვილი ახლად მოპოვებული ჩვენი თავისუფლება; მხოლოდ მაშინ ჩვენი ცხოვრება გადიქნება იმ სასუფეველად, რომელზედაც გვითხრა ქრისტემ, რომ ის ჩვენ შიგან არისო”

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s