დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის სიტყვა, 1917 წლის 12 (25) მარტი

სვეტიცხოვლის ტაძარი, 1917 წლის 12 (25) მარტი

არც ერთ კულტურულ-ისტორიულ ერს არ დასტეხია დესპოტურ რუსეთისაგან ისეთი უბედურება და სულიერად თუ ქონებრივად განიავება, როგორც ჩვენ, – ქართველობას! არ ვიცი, რომელი ერთი დავიჩივლო, რომელი ერთი: ჩვენი დამცირება თუ შეურაცხყოფა აღვნიშნო?! რა გვიყო დესპოტიის მომსახურე მოხელეებმა! რამდენჯერ აგვიწიოკეს რუსეთთან თავის ნებით, უფლებრივ ტრაქტატით შეკავშირებული სამშობლო! რამდენჯერ მანდილი მოჰხადეს ჩვენს უმანკო დედებს, დებს და შვილებს, ქვეყანას ნამუსი აჰხადეს!.. რამდენი ვაჟკაცნი გამხდარან მსხვერპლნი განუკითხავ თვითნებობისა! რამდენ მათგანს დაულევია სული დესპოტის ციხე-სატუსაღოებში, რამდენთა ძვლებით მოკენჭილა ციმბირის კატორღები და ტუნდრა-ჭაობები?! ოჰ, უსამართლოდ დასჯილნო, უმანკო მსხვერპლნო, ჩვენო მეცხრამეტე საუკუნის დიდო მოწმენო, ნეტარო ანტონ კათალიკოზო, ფილადელფოს კიკნაძენო, დოდაშვილნო, ისმინეთ ჩვენი თქვენდამი ოხვრა და სულთქმა! ეხლა მაინც გაიხარეთ სულით!

შემოგვისიეს სხვადასხვა ერნი!!! ჩამოგვისახლეს ვიგინდარები, გაამეფეს ერთა შორის სიძულვილი, შური და დამღუპავი ქიშპობა, რომ ერთმანეთი ამოგვეჭამა, რათა ჩვენი მზიანი, ტურფა და ტკბილი სამშობლო ხელიდგან გამოგვცლოდა და მათ დარჩენოდათ…

ესეც არ გვაკმარეს, შეეხნენ ადამიანის წმიდა-წმიდას, – სინდისი შეგვიბღალეს, ჩვენს მხცოვან სვეტიცხოველს გუმბათი გადაუმტვრიეს, ეკლესიას თავი მოსჭრეს; სამშობლოდან გაგვაძევეს, იქ ჩაგვკლეს, ჩაგვასამარეს. ივერიის სამოციქულო ეკლესიას გენერალ ტორმასოვის განკარგულებით რუსეთის სინოდი დაუდგინეს მმართველად ეგზარქოსების საშუალებით! რუსეთის ეკლესია, – ეს უმცროსი დაი ივერიის ეკლესიისა – ბატონად დაგვიდგინეს, რათა დები ერთმანეთისათვის შეეძულებინათ. შელახეს და დაარღვიეს ეკლესიური, მსოფლიო კრებათაგან დადგენილი კანონები.

ჩამოგვართვეს ჩვენი ძველისძველი სიწმინდე-სამლოცველოები, ტაძარ-მონასტრები, ჩვენი მოწამებრივი ერის სისხლით ათასჯერ მორწყულნი და მათ კედლებზე მისხმულ ტვინით გაპოხილნი. ჩვენ განმანათლებელ წმ. ნინოს სათაყვანებელი საფლავიც კი არ დაინდეს, ჩამოგვართვეს, ვიგინდარა მოლოზნებს გადაცეს და ჩვენი ერის გადაგვარების ბუდე-იარაღად დასახეს. გაძარცვეს ხატები, ძვირფასი სამკაულები, ფუთობით თვალ-მარგალიტი გაზიდეს, გაგვაღატაკეს 140 მილიონად შეფასებული ივერიის ეკლესიის ადგილ-მამული ჩამოგვართვეს და სახაზინოდ შერაცხეს, ეკლესიას და მის მსახურთ კი ლუკმა დაუძვირეს, გააჩანაგეს, ეკონომიურ მონობაში ჩაგვყარეს, რათა უფრო ადვილად გავენადგურებიეთ.

ესეც არ გვაკმარეს! ზნეობრივად იმზომ დაგვაქვეითეს ქართველი სამღვდელოება, რომ საკუთარი ხელით ჩვენ თვითონ ვსჩიჩქნიდით თვალებს უფლებააყრილ დედა-ეკლესიას…

წაგვკიდეს ერთმანეთს, დასთესეს ჩვენში ისეთი ღვარძლი, რომ დღესაც ამ განახლების და აღორძინების მომენტშიც კი ვერ ავმაღლებულვართ და თავი ვერ დაგვიღწევია გამანადგურებელ ინტრიგებისათვის! სამშობლოდან გაგვიძევეს სახელოვანი სწავლულნი, მხცოვანი იერარქი კირიონი, გულწრფელნი, ფაქიზნი და სიმართლისათვის წამებულნი – ეპისკოპოსნი დავითი და არქიმანდრიტი ამბროსი.

ჩვენი ძმანი და თანამწირველნი სვავებივით შესევიან ჩვენს მონასტრებს და დაურიდებლად ღრღნიან, კრეხავენ! ეს დაკნინებული მტაცებლები წითელ-ყვითელ ჯვარ-მენდლებით და ლენტბანტ- ორდენ-მიტრებით მორთულ-მოკაზმულნი სიცილ-ხარხახით და უდარდელად დროს ტარებით უფსკრულში მიაქანებენ მშობლიურ ქვეყანას და მის ეკლესიას.

მაგრამ… ჩვენთან არს ღმერთი! დაჰკრა განახლების, აღორძინების და ჩვენი ეკლესიის აღდგინების ჟამმა!.. ვუპატრონოთ მშობელ ეკლესიას, რომლის დედობრივ კალთაში აღიზარდა ქართველი ერის ცნობილი ძველი და ახალი ქრისტიანული კულტურა. ვუპატრონოთ სისხლში განბანილ, მოწამებრივ შარავანდედით მოსილ ივერიის ეკლესიას!..

ჩვენი ეკლესია მუდამ სინათლის, სიმართლის და სიხარულის მთესველი იყო, სანამ მის მაჯისცემას სხვა არ დაუდგა დარაჯად. ის არასოდეს არ ცდილობდა ერზე გაბატონებულიყო! ჩვენმა ეკლესიამ არ იცის რა არის ევროპული ანუ სინოდალური კლერიკალიზმი, დემოკრატიული ერის ეკლესია არ შეიძლება იყოს სხვა, თუ არა დევნილთა, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მზურველი დედა…

ისმინე, უფალო, შეგვეწიე ჩვენო სასო ღვთისმშობელო, კვართო უფლისაო, მირონო მცხეთისაო, გვიოხეთ წმინდანნო ნინო, მირიან და ნანა, ნეტარნო კათალიკოსნო, მღვდელთ-მთავარნო, მეფენო, დედოფალნო და მამულიშვილნო, აქ განსვენებულნო!.. ვფიცავთ, არასოდეს დაგაობლოთ, ჩვენო სვეტიცხოველო!…

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და ავტოკეფალურ, ჯვარის მტვირთველ ივერიის ეკლესიას!”

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s