ქართველი სამღვდელოების საგანგებო ყრილობის პეტიცია, 1905 წელი

1905 წელი, თბილისი

“ქართველმა სამღვდელოებამ მხედველობაში მიიღო ზემოთქმული, აგრეთვე ის, რომ ჯერერთი, ივერიის ეკლესია კანონიკურად გახლავთ ავტოკეფალური, ვინაიდან არ ყოფილა კრების დადგენილება მისი ავტოკეფალიის გაუქმებისა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო: მეორეც, მხოლოდ ეკლესიას, რომელსაც თავისუფლად შეუძლია თვითშეგნების სრულიად აღსარება, თავისუფალი შინაგანი წყობილებით, თავისუფლად ძალუძს თავისი სიტყვითმსახურება, ყველა თავისი საქმისა და მისადმი რწმუნებული ყოველივეს თავისუფლად მართვა, მხოლოდ თავისუფლად თვითმმართველ ეკლესიას შესწევს უნარი დაიცვას თავისი სრული დიდებული წმიდა რწმენა და სავსებით ფლობდეს ღვთაებრივი მოწოდების განსახორციელებლად აუცილებელ ხმას, რომელიც ადამიანის გულს აღანთებს; და ბოლოს ეკლესიის დამოუკიდებლად არსებობისათვის მეტად საჭიროა მატერიალური საშუალებები. ამიტომ ითხოვს:

I. ივერიის ეკლესიას დაუბრუნდეს ავტოკეფალური უფლებები და თავისი კათოლიკოსითურთ აღდგეს მცხეთა-ივერიის საკათალიკოსო ადრინდელ საზღვრებში.

II. აღდგეს წესი, როცა ღვთისმსახურთა განთავისუფლებულ ადგილებს არჩევნების შედეგად იკავებდნენ.

III. კათოლიკოსთან დაფუძნდეს წმიდა სინოდი, ხოლო ეპარქიის მღვდელმთავრებთან საბჭოები; შედგენილი გარკვეული ვადით არჩეული სასულიერო და საერო პირთაგან.

IV. კათოლიკოსთან არსებული წმიდა სინოდის ხელში მოექცეს ყველა ეკლესიის, მონასტრის, სამღვდელოების, სასწავლოსასულიერო დაწესებულების და საქველმოქმედო დაწესებულებების უმაღლესი მართვა-გამგეობა.

V. ივერიის ეკლესიას დაუბრუნდეს სახელმწიფოსათვის გადაცემული საეკლესიო მამული.” (27, 81-82). პეტიციას ხელი მოაწერა 412 ღვთისმსახურმა. მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა საქართველოს ეგზარქოსი ალექსი, რომელმაც საერო მთავრობის ჯარი მოსთხოვა “მეამბოხე” და “ურჩი” სამღვდელოების დასაშლელად. რუსმა ჯარისკაცებმა სიამოვნებით შეასრულეს ხელისუფლების სურვილი და მათრახებით სცემეს გოლოვინის გამზირზე საეკლესიო დროშებით, ხატებით გამოსულ ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლებს. რუსეთის ხელისუფლების ასეთმა ქმედებამ არათუ შეანელა, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება იძულებული გახდა პეტერბურგში 1906 წელს სინოდის საგანგებო სხდომა დაენიშნა, სადაც უნდა გაერკვიათ რამდენად კანონიერი იყო ქართველი სამღვდელობის მოთხოვნა. სინოდის სხდომაზე საქართველოს ეკლესიის ინტერესებს იცავდნენ ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდე, პროფ. ნ. მარი, პროფ. ალ. ცაგარელი, პროფ. ალ. ხახანაშვილი. რუსეთის ხელისუფლებამ ქართველებს ისევ ქართველი რენეგატები დაუპირისპირა, ეპისკოპოსი ექვთიმე ელიაშვილი, ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე. ამ უკანასკნელმა ასე გაახმოვანა ხელისუფლების პოზიცია – დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდი… საქართველოში ავტოკეფალია აღარავის გაახსენდებაო.” ხელისუფლებამ დაიწყო ქართველი ავტოკეფალისტების დევნა, დაწესდა მათზე საიდუმლო თვალთვალი, ჭორების გავრცელება. ეპისკოპოს კირიონს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში დასდეს ბრალი (მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სამხილი არ არსებობდა) და გადაასახლეს რუსეთში, რეპრესიების მსხვერპლი გახდა არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, როგორც იგი წერდა: “1908 წლის დამლევს უწმიდესი სინოდის განკარგულებით სასტიკად ვიქენი დასჯილი: აღმეხადა მღვდელ-მსახურების უფლება და გაგზავნილ ვიქენი რიაზანის სამების მონასტერში, სადაც გავატარე ერთ წელიწადზე მეტი სასტიკი რეჟიმის ქვეშ. 1910 წელს დამიბრუნეს მღვდელმსახურების უფლება და მომცეს წინამძღვრის ადგილი. ჩემი გადმოსახლების შემდეგ გადის თითქმის რვა წელიწადი, მაგრამ ყოველ ჩემ თხოვნას სამშობლოში დაბრუნებაზე უწმიდესი სინოდი უყურადღებოდ ტოვებდა. უკანასკნელი პირადადაც გამომიცხადეს, რომ ჩემზე ითვლება რაღაც ძველი ცოდვები, მაგრამ როდესაც მოვითხოვე ამ ცოდვების დასახელება, მითხრეს, რომ ამის თქმა უხერხულია და ვერც გაიგებ როდისმეო. სჩანს მათ არა აქვთ კონკრეტული ფაქტები ჩემს წინააღმდეგ და მხოლოდ მათი პოლიტიკა უნდა თხოულობდეს ჩემი სამშობლოს გარე ყოფნას, როგორც მათი შეხედულებით, არასაიმედო პირისას. ამის გამო ახლაც, როდესაც სხვა გადმოსახლებულებს აჰხადეს არასაიმედო პირების სახელი, როდესაც, როგორც გაზეთებმაც გვამცნეს, მოხდა მათი რეაბილიტაცია, ჩემს მდგომარეობას არ ეშველა რა და ახლაც სიტყვიერად მაგებინებენ, რომ ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება მოუხერხებელია, რადგან ძველი ცოდვები ამის წინააღმდეგს გვიკარნახებსო, მაგრამ მწამს, რომ დრო მალე გამოიცვლება. საზოგადოდ, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები იმისა, რომ ქართველმა კაცმა ნებით მიატოვოს თავისი სამშობლო მხარე, თუნდაც სხვაგან მას მოელოდეს პირადი წარმატება და ბედნიერება.”

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s