ამბროსი ხელაია: ილიას პანაშვიდის წინ წარმოთქმული სიტყვა

სიონის ტაძარი, თბილისი, 1907 წლის 8 სექტემბერი

ვკადნიერდები და ვბედავ მეც ამ დიდებული ცხედრის წინაშე ვსთქვა ორიოდე სიტყვა.

დღეს მთელი საქართველოს დასტირის დიდებული მამულიშვილის ცხედარს. დღეს საქართველომ დაჰკარგა უდიადესი მგოსანი, საუცხოვო და თავდადებული საზოგადო მოღვაწე, სიამაყე ეროვნული ლიტერატურისა. არა გვყავს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, – მოჭირნახულე თავის ერისა. ის მოიკლა ბარბაროსების ბინძურის ხელით.

მაგრამ მოკვდა კი დიდებული ილია? “იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილადმდე, და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაო” (გამოცხ. 2,10), გვიბრძანებს ჩვენ უფალი, მოციქული იოანნე ღვთისმეტყველის პირით და ამით გვისახავს იმას, თუ რანაირი უნდა ვიყოთ ჩვენ ამ ქვეყნად, რომ დავიმკვიდროთ საუკუნო გვირგვინი უკვდავებისა. ნეტარია ის, ვინც ამ ქვეყნად პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, სწამს და თავგანწირულად ემსახურება სიმართლეს, ამას ისახავს მოქმედება-მოღვაწეობის საფუძვლად: “პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი” ამნაირის კაცისა (ფსალ. 115.6). ის უკვდავია მისი ნამოქმედარით, მისი ხსოვნა უკუნისამდე დარჩება მადლიერ ერში. ამისთანა კაცი სიკვდილის შემდეგაც თავისის ნამოქმედარ-ნაღვაწით მასწავლებელი და დამრიგებელია, რადგან, მოციქულის თქმით, ის სიკვდილის შემდეგაც მეტყველებს (ებრ. 11,4).

მაშასადამე არ მომკვდარა ილიაც; ის ცოცხალია. ის მხოლოდ გარდაიცვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად. თუმცა დასდუმდნენ მჭერმეტყველებით განთქმულნი ბაგენი, მაგრამ საქმენი მისნი მჭერმეტყველურადვე ღაღადებენ და იღაღადებენ. ის თვისი ნაშრომ-ნაღვაწით უკვდავად დარჩება, სანამ ქართველი ერი იარსებებს. ვიტყოდი მეტსაც: ქართველი ერიც რომ გადაგვარდეს, უკუღმართ დრო-გარემოებათა გამო, მაშინაც არ იქნება დაკარგული დიდებულ მგოსან-მოღვაწის ხსოვნა, ვინაითგან ამ დიდებული საქართველოს შვილის ნაწარმოები ეკუთვნის არა მარტო ქართველ ერს, არამედ მთელ კაცობრიობას, რომლის ნაწილსაც შეადგენს ქართველობა.

განსვენებული დიდებულია თავისი მრავლამხრივი მოღვაწეობით სამშობლოს საკეთილდღეოდ. მისი ღვაწლის სიდიადე არის მიზეზი, რომ ასე მწარედ დასტირის მას მთელი საქართველო. მაგრამ, ქართველნო, არა დაუვიწყარი დიდებული ილიაა საგლოვო- სატირალი, არამედ ბედისაგან განწირული ჩვენი სამშობლო,- მისი დამკარგველი. განა არ კმაროდა, რაც უკუღმართ დროვითარებამ უბედურება დაგვატეხა თავზე, რომ ჩვენ თვითონ აუწერელი უბედურება არ მიგვემატებია?! მაგრამ დასაჯერებელი კია, ეს უმაგალითო ბარბაროსული მკვლელობა ჩაედინოს საქართველოს შვილს. შვილს იმ საქართველოსი, რომლის თავგანწირულად სამსახურში გაატარა განსვენებულმა მთელი ორმოცდაათი წელიწადი.

თუ კი ეს ბრალი დაედო ქართველობას, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენი გახრწნილება, ზნეობრივი დაცემა, ველურობა, უკუღმართობა იქნება სატირალი. ამას უნდა ღრმად ჩაუფიქრდეთ, თუ გვინდა დავრჩეთ ქართველ ერად. განსვენებული კი ნეტარია. მან კეთილად განვლო გზა, მისი ნავალი და კვალი წარუშლელია, ეკლიანი გზა გაკაფულია. ის უკანასკნელ წუთამდის ერთგულად ემსახურებოდა იმ იდეალებს, რომლებიც ამ ნახევარი საუკუნის წინათ აირჩია ქართველი ერის საკეთილდღეოდ; ერთის ნაბიჯითაც არ გადაუხვევია, არ უღალატნია მათთვის და ამისათვის, მოციქულის თქმისაებრ, გზა არს მისთვის “გვირგვინი ცხოვრებისა” (გამოცხ. 2,10), გვირგვინი უკვდავებისა.

დიდებულ გვამთა გარდაცვალებასაც კი აქვს ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა, ისიც უთუოდ რამეს გვასწავლის.მივიჩნიოთ ეს ბარბაროსთაგან დაღვრილი სისხლი ჩვენს ეროვნულ ცოდვათა განმწმენდად, უკუღმართ გზიდან მომქცევად, მთლად საქართველოს შვილთა შემაერთებლად, განმამტკიცებლად.

შევფიცოთ ამ წინამდებარე ცხედარს, რომ ვიქნებით ნამდვილი აღმასრულებელი ამ მცნებისა, რომელიც განსვენებულმა თვისის მოღვაწეობით გვიანდერძა.

თუ ჩვენ გვექნება ერთობა ეროვნულ იდეალების მსახურებაში, მაშინ უეჭველია ჩვენი სამშობლო მხარე შეიძლებს კიდევ წარმოშობის ილიასებრი დიდებული მოღვაწენი და მაშინ კი საბოლოოდ განიხარებს განსვენებულის დიდებული უკვდავი სული.

ღმერთო მაღალო და ძლიერო, გვაკმარე ეს უბედურება. ეს იყოს უკანასკნელი მსხვერპლი, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენთან ეროვნულ ცოდვათა სახსრად შეწირული ეროვნულ ტრაპეზად. სიდიადე ამ მსხვერპლისა თავდებია, რომ მომავალში ჩვენი უკუღმართობა, ჩვენი შეუგნებლობა მოსპობილ იქნება და ერთობილის ძალით შევუდგებით პირნათლად სამსახურს სამშობლო მხარის აღორძინებისას. თუ ამნაირი ღვაწლი დაგვდო ჩვენ ამ მსხვერპლის სისხლმა, თუ ჩვენ შეგვაერთა მამულისათვის თავდადებით სამსახურისთვის ეს იქნება უკანასკნელი ჭეშმარიტად დიდი ღვაწლი დიდებულის ილიასი, – მისი ხანგრძლივი შრომის სასურველი ნაყოფი და გვირგვინი. ჩვენის მხრითაც ეს იქნება ნამდვილი ვალის მოხდა, მისი ანდერძის აღსრულება და თან საუკეთესო პატივისცემაც განსვენებულის ხსოვნისა. ღმერთმან მოგვცეს ამის საშუალება.

საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, მამულისათვის თავდადებულო, დიდებულო მგოსანო ილიავ!” (12, 539).

არქიმანდრიტი ამბროსი

ავტორი: Levan Ramishvili

Defender of the truth, the good, and the beautiful. An admirer of perennial philosophy. An advocate of natural law and liberty.

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.