მერაბ მამარდაშვილი: სიკვდილით მოხიბლულნი

მერაბ მამარდაშვილი, 1977 წელი. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი

ჩვენი ტოტალიტარული კოლექტივიზმი, რაც, სინამდვილეში, ერთმანეთისგან გათიშული, ეგოიზმით განმსჭვალული ადამიანების მგლური თამაშია და სხვა არაფერი, ჩვენსავე წინააღმდეგ მომართული ყველაზე მსახვრელი იარაღი აღმოჩნდა, როგორც კი შინაგანად სავსე, გულღია და აზრიანი ცხოვრება მოვინდომეთ. ყველას უკვე ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი არსებულის გადანაწილებისა და არა ახლის ქმნის პრინციპები. და აი, დრომოჭმული კვლავ ცდილობს დათრგუნოს ცოცხალი აზრი – „მკვდრები სამარიდან გვებღაუჭებიან“. ახლა საჭიროა ჩამოვიხსნათ ცრუ ერთობის ნიღაბი და აღვადგინოთ ჭეშმარიტი რეალობა, ავაღორძინოთ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი კავშირები და ძალები. დიახ, სახელმწიფო მონობის ხუნდები დაწყვეტილია, მაგრამ ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების ნანგრევები ჯერ კიდევ, ჩვენდა უნებურად, ტოტალიტარულ მსოფლმხედველობას ეყრდნობა. მოსკოვშიც და თბილისშიც, როგორც აქამდე გვჩვეოდა, არანორმალური, ფსიქიკურად არასრულფასოვანი და გაველურებული ადამიანებივით ვიქცევით. როგორ გავაცნობიეროთ, რომ ეშმაკის მსხვერპლნი ვართ და არა ცოცხალი იესოები და ღვთისმშობლები? გონების ძილს თავი დავაღწიეთ თუ არა, მაშინვე ერთმანეთის შეგვეშინდა: ქართველს – ოსის, აფხაზს – ქართველის, რუსებს კი – ყველასი ერთად. ერთა შორის გაჩაღებული შიდაომები, დღითიდღე რომ მწვავდება, ბრმა შემთხვევითობათა ჯაჭვი კი არ არის, არამედ სტიქიური გამოვლინებაა ჩვენში დაგროვილი სისასტიკის და იმ ძალმომრეობისა, რომელსაც წლების განმავლობაში განვიცდილით და თავად შევისისხლხორცეთ. ეს შიდაომები იმ ცხოვრების საპასუხო სასჯელია, რა ცხოვრებითაც აქამდე ვცხოვრობდით. გაუგებარი მხოლოდ ერთი რამ არის: რატომ უნდა გვეფიქრა, რომ ღვთის სასჯელს ავცდებოდით? ეს სასჯელი უსათოუდ უნდა მივიღოთ და სულიერ განახლებას მივაღწიოთ იმით, რომ სარკე წინ დავიდგათ და შიგ ჩავიხედოთ.

ახლა ბევრი ჩვენგანის შინაგან პროტესტს იწვევს ქუჩის ქცევა – ქუჩისა, რომელიც ემოციებითა და გულის სიღრმიდან აღმომხდარი კივილით ცდილობს გადაწყვიტოს როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური საკითხები. ქუჩა ცდილობს ახლის ქმნის პროცესს მარცხნიდან გადაუსწროს. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა განმეორება ბოლშევიზმის ისტორიული არსისა: აკი ბოლშევიზმი გვპირდებოდა, რომ უმოკლეს ვადაში განახორციელებდა განუხორციელებელ მოთხოვნებს, ეწეოდა დამკვრელურ წითელგვარდიულ შანტაჟს, მძევლად აჰყავდა მთელი ხალხი და ა.შ. ეს ყოველივე, აუცილებელია, გვახსოვდეს. მაგრამ, აი, კვლავ გამოჩნდნენ კომისრები, რომლებიც მოითხოვენ ან ბოიკოტს მომავალი არჩევნებისადმი ან „ნაციონალურ“ სწორებასა და რანჟირს, ამ კიდევ რაღაც ამის მსგავს. ისევე, როგორც აქამდე, მე მართმევენ მოქმედების თავისუფლებას, არჩევის თავისუფლებას. და ჩვენ ისევ ახალი მონოპოლიისა და ბოლშევიკური შემპარავი სქემების სათამაშოები ვხდებით. კვლავ ცდილობენ გვაიძულონ, ვიფიქროთ ერთნაირად და არა ისე, როგორც ვფიქრობთ. ეს ხომ ნამდვილი პოლიციაა, რომელსაც არაფრის გაგონება არ სურს და მხოლოდ პატრიოტულ გრძნობას ზომავს გრადუსობით.

მე უარეს დროშიც არ მშინებია და ახლა რატოღა შემეშინდება „წითელგვარდიელი“ მოიერიშეებისა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მიმდინინარე პროცესი ჩვენს გამბედაობასა და შიშზე არ არის დამოკიდებული. უწინარეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: რატომ გააქვთ სოციალური და პოლიტიკური საკითხები მიტინგებზე, სადაც ზოგჯერ არც საღი გონება იგრძნობა, არც ზნეობა და არც ღრმა ფიქრის შედეგად დაბადებული აზრი? გააქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საკითხები მეტისმეტად ნელა წყდება იქ, სადაც უნდა წყდებოდეს ნორმალურ ცივილიზებულ საზოგადოებაში. ასეთი საზოგადოება ჩვენში ჯერ კიდევ შესაქმნელია.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წინ უსინათლონი მიგვიძღოდნენ. ისინი არა მხოლოდ თავად იყვნენ ბრმები, არამედ იმათაც აბრმავებდნენ, ვინც ცდილობდა, თვალხილული ყოფილიყო. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არა გვყავს განვითარებული ინტელიგენცია თავისი მყარი იდეალებით, კრისტალურად წმინდად განვლილი გზით, არაშემთანხმებლური პოლიტიკური ინტერესებით, იმგვარი აზროვნებით, რომ რამდენიმე სვლით მაინც წინ უსწრებდეს მოვლენებს.

არაფერი ცუდი არ მინდა ვთქვა ახალ ლიდერებზე – ერთადერთ ძალაზე, რომელსაც დღეს უნარი აქვს, ათასობით კაცი გაიყვანოს საპროტესტო მიტინგებსა და ხალხის ნების გამომხატველ დემონსტრაციებზე. მაგრამ თავისუფალია კი ამ ლიდერების სული და გონება ჩვენს მიერ შერისხული ტოტალიტარული მემკვიდრეობისგან? მათში ახალი გენეტიკური კოდია ჩადებული თუ გაუცნობიერებლად ძველის აღდგენისკენ მიისწრაფვიან? – მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს!

სიჩქარის თვალსაზრისით, ქუჩის ყიჟინა ხომ საღ განსჯაზე ბევრად უფრო სწრაფია. ამიტომაც შეიძლება ბევრს ეგონოს, თითქოს ქუჩას მეტი ძალა შესწევს, დაიწყოს ჩვენთვის, ყველასთვის ესოდენ სანუკვარი განახლება. ცხოვრებისთვის მარცნიდან გადასწრება მეტისმეტად მაცდუნებელია…მაგრამ ამგვარი გადასწრების შედეგად ყოველთვის ისეთი ცხოვრება მიიღება, რომელსაც ცხოვრება არც ჰქვია.

დღეს სწორედ ის დროა, გავიხსენოთ ძველი არაკი, რომელიც ჩვენს შინაგან სინამდვილეს ასახავს. ერთმა კაცმა მეგობარს საწოლების დამამზადებელი ფაბრიკიდან ცალკეული დეტალების გამოტანა სთხოვა, რომ ვაჟიშვილისთვის საკუთარი ხელით საწოლი აეწყო. ბევრი ეცადა, მაგრამ რაც უნდოდა, ვერა და ვერ ააწყო: საწოლის ნაცვლად, ყოველ ჯერობაზე ტყვიამფრქვევი გამოსდიოდა.

რისგან, რომელი დეტალებისგან ვაპირებთ „ავაწყოთ“ ახალი აზროვნება, ახალი მომავლისკენ მომწოდებელი ახალი ლიდერები“? თუ „აწყობას“ ძველი წარმოდგენებისგან ვაპირებთ, მაშინ ჩვენ კვლავ ილუზიების ქიმერულ კოშკებსა და რეალობის ახალ ციხეებს ავაგებთ. ასლის სიზუსტით გავიმეორებთ ტოტალიტარული სისტემის ყველა სტრუქტურას და ბრმები კვლავ წინ წარუძღვებიან ბრმებს, წელში მოხრილებს, საყოველთაო და ერთობლივი მორჩილების ნიშნად. ხომ არ დადგა დრო, ვერტიკალური მდგომარეობა მივიღოთ და თვალი გავუსწოროთ წარსულს, აწმყოსა და მომავალს? ხომ არ დადგა ჟამი, დავძლიოთ მიტინგის ისტერია, ავირჩიოთ ერთი ღვთაება – აზრი, ღირსება და სულგრძელობა ადამიანისა, რომელიც დარწმუნებულია თავის შინაგან სიმყარესა და ძალაში?

მაგრამ ამისთვის საჭიროა არა დატუქსვა, არა ზევიდან ბრძანება, არამედ – მოთმინება. ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავად გაირბინონ აზრის დასაწყისსა და დასასრულს შორის არსებული შინაგანი სივრცე. გრძნობები უნდა დაკრისტალდეს ზოგადკაცობრიულობამდე. უნდა გარდავიქმნათ შიგნიდან და არა გარედან. არ შეიძლება ადამიანს გარედან მიენიჭოს ღირსების, სინდისისა და პატიოსნების გრძნობა. ჩვენ გვჭირდება ადამიანის და არა სახელმწიფოს კანონები. კანონით დაცული ადამიანები ყოველთვის დაიცავენ სახელმწიფოს. მანამდე კი, ვიდრე არსებობას განაგრძობს ( და კიდე უფრო იზრდება) ის სიცარიელე, რომელსაც სახელმწიფოებრიობა ჰქვია ანუ ვიდრე ისტორიულად არალეგიტიმურ პარტიულ ხელისუფლებას არ სურს და არც შეუძლია, რეალურად, საქმით დაამტკიცოს თავისი უნარი, იცავდეს მოქალაქეთა სიცოცხლესა და ინტერესებს, მათთან ერთად მონაწილეობდეს ახალი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ძალების, ცხოვრებისა და მართვის ახალი ფორმებისა და სტრუქტურების განვითარებაში და არაფერ იმას არ აკეთებს, რასაც, უკვე დიდი ხანია, აუცილებლად უნდა აკეთებდეს, მე არ შემიძლია სოლიდარული არ ვიყო მაქსიმალისტებთან, ჩემს თანამემამულეებთან, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიან სამართლის საძიებლად.

არა მხოლოდ ჩვენ, არამედ დედამიწაზე მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ყველანი ერთი ხომალდის მგზავრები ვართ. ხომალდს კი არ შეუძლია მშვიდად იცუროს, თუ მის ტრიუმში აქეთ-იქით ეხეთქება დაუმაგრებელი ტვირთი, როგორიც დღეს საბჭოთა კავშირია. სულ მციდე ღელვის დროსაც კი ტვირთი კედელს გაანგრევს და ხომალდი გადაბრუნდება.

ჩვენი ინტელიგენციის ამოცანაა, საზოგადოებას წინ დაუდგას ნორნალური და არა მრუდე სარკე, რათა ამ სარკეში დავინახოთ ჩვენი დაბადების ისტორია, ტოტალიტარიზმის ნარჩენები, და ბოლოს, დავრწმუნდეთ, რომ ყველაზე საშიში მტერი ჩვენს გარეთ კი არ არის, არამედ ჩვენშია ჩაბუდებული.

მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ კვლავ ცხოვრების გემოს და სამუდამოდ გავთავისუფლდებით სიკვდილის ხიბლისგან.

1990 წელი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s