მერაბ მამარდაშვილი: ჩახშული ფიქრი

ფილოსოფიის ადგილი საბჭოთა სისტემაში

La pensée empêchée

Merab Mamardachvili. La pensee empechee (Entretiens avec Annie Epelboin)

ანი ეპელბუან – თქვენი წარდგენისას მე უნდა მეთქვა: “მერაბ მამარდაშვილი, ქართველი ფილოსოფოსი”, მაგრამ ცოტაოდენ ვყოყმანობ, რადგან ამ ორი სიტყვის-ფილოსოფოსი და ქართველი-გვერდი გვერდ დასმა ცოტა უცნაურად ჟღერს. ან ის ქართველი მოგვაგონდება, თავი გენიალურ მოაზროვნედ რომ მიაჩნია, ხოლო იმათ, ვინც საქართველოს იცნობს, თვალწინ წარმოუდგება ის ლაღი მხიარულება, რომელიც ერთი შეხედვით ფილოსოფიისადმი არ განგაწყობთ. და ბოლოს, ბოლო ათწლეულების მანძილზე სსრკ-ში “ფილოსოფიად” აღიარებულ მეცნიერებას ღირებული არაფერი შეუქმნია. თუმცაღა გავიხსენოთ თქვენი წიგნების სათაურები: “ცნობიერების ანალიზი”, “კარტეზიული მედიტაციები”, “რაციონალიზმის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები”, “ვარიაციები კანტის თემაზე”… მართალია, ყველა თქვენი ნაშრომი სსრკ-ში არ გამოცემულა, რაც უდაოდ მათ ღირსებაზე მეტყველებს, მაგრამ სათაურები ყოველ შემთხვევაში ძალიან კლასიკურად ჟღერს; მით უფრო გვინდა უპირველეს ყოვლისა ვიცოდეთ და გავიგოთ როგორ მიხვედით აზროვნებამდე იმ ქვეყანაში, რომელიც სრულიად არ განგაწყობს ფიქრისა და აზროვნებისადმი.

მერაბ მამარდაშვილი – უნდა აღვნიშნო, რომ მეც იმავე ქალაქში დავიბადე, რომელშიც სტალინი დაიბადა. 1930 წლის სექტემბერში. ამაში შესაძლოა მონანიება ან ღვთიური სიმეტრია დავინახოთ… გორში შეიძლება სხვა საქმეების მკეთებელი ადამიანებიც დაიბადონ… ამის თქმით , დიდ სითამამედ და გაბედულებად მეჩვენება ვთქვა როგორ მივედი აზროვნებამდე.
ვინაიდან უფრო მორიდებული ვარ, ვიტყვი მხოლოდ, რომ მე ვცდილობ ვიაზროვნო; ადამიანმა არასოდეს იცის აზროვნებს იგი თუ არა. აზროვნება თითქმის ზეადამიანურ ძალაზეა დამოკიდებული და იგი ბუნებრივად არ ეძლება ადამიანს. ის შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ერთგვარი გაღვიძება ან წინარე მოგონება ადამიანისა და სიმბოლოს შორის დაჭიმულ ველში. ეს უნდა აეხსნას ფრანგულ აუდიტორიას, რადგან იგი არ იცნობს იმ ქვეყანას, რომელშიც მე ვცხოვრობ…ჩვენ ამჟამად განსაკუთრებულ მომენტში ვცხოვრობთ- აზრთან მჭიდროდ დაკავშირებულ მომენტში-რომელშიც იმ უშველებელ ქვეყანას, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია თუ რუსეთი (იგი, ჩემს ქვეყანას, საქართველოსაც მოიცავს), სურს, ან უნდა დაუბრუნდეს ცხოვრებას, ისტორიის, დროისა და ცხოვრების ხანგძლივი უქონლობის შემდეგ. იმას, რაც მოხდა 17 წელს, ოქტომბრის რევოლუციის მწვერვალზე, ჩემთვის ის მნიშვნელობა აქვს, რომ ეს იყო სსრკ-ს თუ რუსეთის გასვლა დროიდან, ისტორიიდან და ცხოვრებიდან; გასვლა იმ მეტეორივით, გრავიტაციის ველიდან რომ ვარდება და ჩათრეულია უტოპიით, რომლის დამახასიათებელი ნიშანია-ისევე როგორც ყველა უტოპიისთვის-საკუთარი თავის რეალიზაცია: უტოპიები ხომ ყოველთვის ხორციელდება. ამჟამინდელი პრობლემა კი ისაა, რომ “ცხოვრებას დაუბრუნდე”… როცა უტოპიის დევნაში ისტორიიდან და დროიდან ამოვარდები. იკარგება სასიცოცხლო ძალების ნორმალური ურთიერთგაცვლის გრძნობა, ადამიანთა შორის “ურთიერთობის” (commerece) შეგრძნება. რაც ადამიანისა და მისი ბუნების ისტორიულ სტრუქტურას ქმნის. რევოლუციის შემდეგ ყველაფერი არანორმალური გახდა; ეს იყო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთგვარი კოლექტიური თვითმკვლელობა. ქვეყანა აღმოჩნდა “ცხოვრების მიღმა” და ყოველივე ამან დაღი დაასვა ლიტერატურას, სოციალურ მოვლენებს, ყველაფერს და ყველას, თუ ყურადღებით დავაკვირდებით და თუ დასავლური აზროვნების რაციონალისტური ტერმინების უბრალო ტრანსპოზიციას არ მოვახდენთ, უწყვეტად გამოვიყენებთ იგივე მეტყველებას, იგივე აზროვნებას სსრკ-ს თუ რუსეთის მაშტაბით, თუ დავუმატებთ რაღაცას, რაც უნდა სპეციპიკურად რუსული ან საჭოთა გამოცდილებიდან იყოს ამოღებული და იმას, რაც ამ მეტყველების უკან იმალება-მაშინ ამ ეპოქაში ჩანს სიკვდილის კვალი, მიღმა სამყაროს ცხოვრების კვალი. მასში მოსჩანს-და ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება, რაც საკუთარ თავზე შევძელი შემემოწმებინა -უსიცოცხლო ხატების ცხოვრება, ანუ უსხეულო ხატები, ფრანსუა ვიიონის მსგავსად, რომელიც რეალურად ცხოვრობდა. არ დაკარგო იმის შეგრძნება, რომ ცოცხალი ხარ (და ამასთან ერთად ამ გრძნობის ტრადიცია) საკუთარი ყოფიერების ყველა გამოვლინებაში, იმაში, რასაც ამბობ, რასაც ფიქრობ, რასაც აკეთებ,-ეს ნიშნავს შენ თვითონ ერთგვარი ფუნდამეტური კავშირი შეინარჩუნო. მაგრამ ის ვისაც სიცოცხლისადმი გემო არ გააჩნია, ამას ვერ გაიგებს. შესაძლოა ისიც, რომ ეს გემო დაიკარგოს, მაგრამ ამ შემთხვევაში იმათ, ვინც ეს შეგრძნება დაკარგა, ვეღარაფერს აუხსნი. ჩვენ ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით, რომ ვინც ცხოვრებისადმი გემო დაკარგა, კვლავ უნდა იპოვოს იგი,ხოლო ის, ვისაც იგი შერჩენილი ჰქონდა, მაგრამ ტოტალიტარულმა რეჟიმმა დააბეჩავა (როგორც აზროვნებაში ასევე მეტყველებაში; ტოტალიტარიზმი უპირველეს ყოვლისა ლინგვისტური დაბეჩავებაა), ხელმეორედ უნდა ისწავლოს ცხოვრება, დღეს ჩვენ ვსწავლობთ, რადგან ადვილი როდია ცხოვრებას დაუბრუნდე…….

ანი ეპელბუან – სულ დასაწყისი გახსოვთ? თქვენი აზროვნების დასაწყისი? გახსოვთ როგორ შეაჯერეთ სიცოცხლე და სიკვდილი იმ ხატებში, რომელსაც აღიქვამდით? როგორ გადაწყვიტეთ ეს წინააღმდეგობა?

მერაბ მამარდაშვილი – არანაირად არ ვისურვებდი ეს გზა ხელმეორედ გამევლო, სულაც არ მინდა ახალგაზრდობა დამიბრუნდეს, 16 წლისა ვიყო, ამბობენ რა მშვენიერიაო ახალგაზრდობა! არა, სრულებითაც არაა ასე! სრულებითაც არ ვიცურვებდი კიდევ გამევლო არყოფნის ის რისკი, რომელიც ასე ემუქრება ახალგაზრდებს, როცა დღევანდელი ახალგაზრდა იღვიძებს თავის თავის, ცნობიერებისა და აზროვნების მიმართ, ის ფეხზე მდგომი გვამების ტყეში აღმოჩნდება. სწორედ ამ გრძნობას, რომელიც დღევანდელ ახალგაზრდობაში ზის, 40 წლის წინათ განვიცდიდი. ამის გამოა, რომ უშველებელი თანაგრძნობა მაქვს მათ მიმართ და სულაც არ ვისურვებდი ახალგაზრდა ვიყო, ჩემთვის-თვითგამორკვევა განისაზღვრებოდა ცხოვრების არქონის მიმართ დაპირისპირებით, დაპირისპირებით იმ შავი გვირაბის მიმართ რომელშიც მოგვებივით, იძულებული ვიყავი მეცხოვრა ცხოვრების გარეშე- და ჩემთვის ახალგაზრდობა წარმოადგენდა ტრადიციის აღდგენას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; საქმე რომელიღაც კონკრეტულ ტრადიციას კი არ ეხება, არამედ უკვდავების ტრადიციას (იცინის). ეს ალბათ უცნაურად ჟღერს, რადგან კონფესიანალური აზრით მორწმუნე არა ვარ, მე ფილოსოფოსი ვარ. ფილოსოფია სულ სხვა რამ არის, ვიდრე თეოლოგია, მაგრამ ხშირად მივმართავ რელიგიურ სიმბოლოებს, რადგან ისინი უფრო მეტყველნი მეჩვენებიან და ადაიანური სულის შესაძლებლობათა, პოტენციათა და კონსტანტების ჩამოყალიბებით, ისინი უფრო გასაგებს და ამოსაცნობს ხდიან ამ კრიტერიუმებს. ამიტომაც ხანდახან სასარგებლოა ამ სიმბოლოების გამოყენება.
მაშასადამე უკვადავება ეს არის სიტყვა, ანუ ადამიანში მკვდარი დროის აღდგენის ნაპერწკალი; ეს არის ფაქტი და აქტი, რომელიც დღემდე გრძელდება, სიტყვა არის მარადიულობის აქტი,რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ ვითარცა ადამიანები. რას ვგულისხმობ გამოთქმაში “ვითარცა ადამიანი”. მე ვცდილობ გამოვხატო არსება, რომელიც ბუნების პროდუქტი არ არის; ბუნება არ ქმნის ადამიანებს. ნამდვილად ჩვენ მხოლოდ მეორე დაბადებისას ვიბადებით. ეს დაბადება კი იმყოფება იმ ველში, რომელშიც შესაძლო ადამიანი სიმბოლოს უერთდება და ამას შეერთების დაძაბულობისგან ანუ თავის თავზე ძალისხმევის შედეგად ადამიანში ადამიანი იბადება. დანტემ ერთ ლამაზ გამოთქმაში თქვა, დაბადებულს როგორც ასეთი სული არა აქვსო.

ანი ეპელბუან – რა იძლევა სულს? რა აძლევს მას სულს?

მერაბ მამარდაშვილი – სიტყვა.

ანი ეპელბუან – ჩემი ვარაუდით, ადამიანის ბუნების შესახებ თქვენთვის არ უსწავლებიათ სკოლაში.

მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი – სკოლაში საერთოდ არაფერი მასწავლეს. არც ეს და არც ამის საწინააღმდეგო, მაგ. მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგია ვერ შეისწავლება, რადგან მეტყველებას, ადამიანის ტვინს, არაფერი საერთო არა აქვს მარქსისტულ-ლენინურ იდეოლოგიასთან. ამ ცნებებს ვერ დაისწავლი, ისინი გაუგებარია. თუ მაგ. ავიღებთ მარქსისტულ-ლენინურ ფილოსოფიის სახელმძღვანელოს (ასეთები კი არსებობს), იძულებული ხარ იგი მექანიკურად დაიზეპირო და ასევე ზეპირად გაიმეორო გამოცდაზე. მისი შესწავლა აზროვნებით, გონებით შეუძლებელია, რადგან სიტყვებს არავითარი აზრი არა აქვთ.

ანი ეპელბუან – თქვენ იზეპირებდით?

მერაბ მამარდაშვილი – ჩემთვის ცოტა სხვანაირად მოხდა. საკუთარი ბედის ზოგიერთი შემთხვევითობა ერთგვარ ექსტრა-ტერიტორიულობას ქმნის ხოლმე; შემთხვევითობის ინერცია, შენს უკან რომ დგას, გაგრიყავს კუნძულძე, სადაც შენ ექსტერიტორიული აღმოჩნდები; ამგვარი იყო ჩემი შემთხვევა. მე გამიტაცა კითხვის ნაკადმა, რომელიც შემთხვევით ფრანგული საკითხავი მასალა აღმოჩნდა; მონტენი, ლაბოესი, მონტესკიე, რუსო,სწორედ მათ ჩამოაყალიბეს ჩემი სიჭაბუკე.

ანი ეპელბუან – სად პოულობდით ამ წიგნებს?

მერაბ მამარდაშვილი – ისევ და ისევ შემთხვევის წყალობით: ჩემი უბნის ბიბლიოთეკაში, თბილისში. ამ ნაშრომებს ცენზურა არ შეეხო, არც განადგურებულ წიგნების სიაში მოხვდნენ; შეიძლება იმიტომ, რომ ბიბლიოთეკა პატარა იყო. თქვენ უთუოდ იცით, რომ 1918 წლის “უკაზით” ბიბლიოთეკიდან ამოიღეს რელიგიურად და ფილოსოფიურად მიჩნეული ლიტერატურა. მაგალითად პასკალი, პლატონი, დეკარტი და სხვა. ლენინის მიერ შედგენილ სიაში ჩამოთვლილი იყო ამოსაღები ნაწარმოებები და იმდროინდელი განათლების სამინისტროს ოფიციალურმა ინსტრუქციამ ეს სია გააფართოვა; მასში სახელდობრ შეიტანა სოკრატე, რომელსაც არასოდეს არაფერი დაუწერია. ეს ინსტრუქცია საჯარო არ ყოფილა, მაგრა მას მაინც ყველგან ავრცელებდნენ…

ანი ეპელბუან – იმ დროს მოსკოვში რომ ყოფილიყავით, ამ წიგნების ბიბლიოთეკაში წაკითხვას შეძლებდით?

მერაბ მამარდაშვილი – არა, საჯარო ბიბლიოთეკებში ვერ შევძლებდი. მაგრა იცით, რომ ის ხანა, როცა მოსკოვში სწავლა დავიწყე, პარადოქსებით სავსე ეპოქა იყო. 49 წელი მოსკოვში რომ ჩავედი, წავედი უნივერსიტეტში. ეს იყო ომის შემდგომი გაჭირვების პერიოდი. მოსკოვი ერთდროულად დაძაბული, დინამიური, საცოდავი და საინტერესო ქალაქი იყო. ამასთან საშიში ქალაქიც. ადამიანური ურთიერთობებიც ძალიან ინტენსიური, რადგან ადამიანების დიდი ნაწილი ომგამოვლილი იყო. ომში მათ ინიციატივის, რისკის და სიკვდილის პირისპირ დგომის გამოცდილება მიიღეს. ამგვარი ინდივიდები რეჟიმისთვის ერთგვარ საშიშროებას წარმოადგენდნენ, და ომის ყველა ტყვე საბჭოთა კონცენტრაციულ ბანაკებში გაასახლეს. რეპრესიები არმიაშიც დაიწყო, ლიტერატურაშიც; აუცილებელი იყო დაემუხრუჭებინათ იმ ადამიანთა გაღვიძება, ვინც ომი გამოსცადა. იმათთვის, ვინც ევროპა, სხვა ცხოვრება ნახა ხელი უნდა შეეშალათ საკუთარი აზრი გამოეთქვათ. ისე რომ ამ ადამიანების გაქრობა მთლად უაზრო წამოწყება არ იყო (მე სახელმწიფოს ინტერესების თვალსაზრისიდან ამოვდივარ); ეს სრულიად გონიუვრული ნაბიჯი იყო.

ანი ეპელბუან – მაგრამ ამ ხალხს უნივერსიტეტში ხომ მაინც შეხვდით?

მერაბ მამარდაშვილი – დიახ, ისინი უნივერსიტეტში ვნახე, რადგან იმ წლებში საზოგადოება რამდენიმე “ფენისაგან” შედგებოდა: იყო ჩემსავით ახაგაზრდების ფენა (მე 19 წლისა ვიყავი, ე.ი. არც თუ ისე ახალგაზრდა; უმრავლესობა 17 წლისა იყო); იმავე წელსფილოსოფიის ფაკულტეტზე იყვნენ 30, 35 წლის ომის ვეტერანები. მუდმივ საფრთხესა და სიღატაკეში კი “ნაპერწკლები” გამოკრთებოდნენ ხოლმე: ბუკინისტებთან შეიძლებოდა (ფულის საშოვნელად ხალხს მათთან გასაყიდად წიგნები მიჰქონდათ) ერთი ორ მანეთად გეშოვნათ ბერდიაევის, შესტოვის, საუკუნის დამლევის რუსი იდეალისტი ფილოსოფოსების წიგნები. ახლა მოსკოველ ბუკინისტებთან ბერდიაევის ერთი ტომი 150 მან. ღირს. იმ დროს შემეძლო ბრწყინვალე ბიბლიოთეკა შემექმნა, საცხოვრებელი რომ მქონოდა (მაგრამ იგი არ მქონდა). შეიძლებოდა მეშოვა როზანოვის, ბერდიაევის, ნიცშესა და ფროიდის რუსული თარგმანები და სხვა.

ანი ეპელბუან – მაშასადამე, ამ წიგნების წყალობით, რომელთა წაკითხვა მოახერხეთ, თქვენ შესძელით თითქმის უნივერსალური განათლება მიგეღოთ, თანაც კლასიკურ ტრადიციაში.

მერაბ მამარდაშვილი – სწორედ ამის თქმა მინდოდა. რადგან გარეშე ინფორმაციის წყაროების არავითარი საშუალება არ გაგვაჩნდა, უიმედობით მოცულნი და ბნელი ღამის გარემოცვაში , მივხვდი , ისევე, როგორც ბევრი სხვა, რომ საჭირო იყო თვითონ შეგვექმნა ინფორმაციის საკუთარი წყაროები, თვითონ შეგვექმნა საკუთარი თავი, გავმხდარიყავით self-made, როგორც ამბობენ ინგლისელები (ინგლისურად ნიშნავს ადამიანს, ვინც თავისი თავი შექმნა) და მეც ამ გზას დავადექი. ნამდვილად არ მაკლდა არც საკითხავი მასალა და არც ის ფარული ინტელექტუალური ცხოვრება, რომელიც ჩემსა და წიგნს შორის იქმნებოდა, ჩემსა და სიტყვას შორის, რომელიც შორიდან მოდიოდა. მაგრამ თქვენ იცით, რომ ადამიანი არის არსება, რომელიც შორიდან მოდის. ადამიანი არის ძალიან გრძელი არსება, ანუ ადამიანი თავის თავს დროში სჭედავს; ცხოვრება არის დროში განხორციელებული ძალისხმევა. ძალისხმევა თავი შეიმაგრო ისტორიულ, ადამიანურ წერტილში, რაც უძრავ წერტილს წარმოადგენს მრუდეზე, რომელიც გაგიჟდა. ჩემი ახალგაზრდობის ფილოსოფიურ სწრაფვას მოკლედ შემდეგი იდეით შეიძლება გავუკეთო რეზიუმე: იესო ქრისტე შეიძლება ათასჯერ დაბადებულიყო ბეთლემში, მაგრამ თუ ის ერთ დღეს შენში არ მოგევლინა შენ დაიღუპებოდი. (გენიალური სიტყვებია. giorgia80) ეს არის ტრადიციული ხატი. იცით, ასეა თუ ისე, სიცოცხლის მოკვლა არ შეიძლება. ყველაზე საშინელი რეჟიმი, ყველაზე ტოტალიტარულიც კი როგორც საბჭოთა რეჟიმი იყო, თავისი საშინელებებით ნაცისტურ რეჟიმსაც რომ ვერ შეედრება, მანაც კი ვერ შეძლო სიცოცხლის განადგურება, რადგან სიცოცხლე ტროტუარს ამოხეთქავს, როგორც ზოგიერთი ყვავილი…

ანი ეპელბუან – მაინც როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირში ფილოსოფოსებს თითქმის არ ვიცნობთ? თქვენ რომ პირობები აგვიწერეთ, ისინი თითქოს ხელს უწყობდა ფიქრსა და აზრის გაღვიძებას; ეტყობა სერიოზული დაბრკოლება შემოგხვდათ გზაზე, თორემ თქვენს თაობაში და სწორედ მოსკოვში უნდა შექმნილიყო შესანიშნავი ფილოსოფიური სკოლა.

მერაბ მამარდაშვილი – იცით, პარადოქსი სწორედ იმაშია. უდაოდ არსებობდა ხელშემწყობი პირობები; მაგრამ ფილოსოფოსები არ ჩანდნენ, რადგან ამ პირობების გვერდით იყო სისტემა, რომელიც მხოლოდ დამთრგუნველი სისტემა არ იყო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, (თუმცა უნდა წარმოიდგინოთ, რადგან ახალი ევროპული აზროვნება სოციალისტურ, თუ კომუნისტურ ცთუნების მკლავებშია მოქცეული), თქვენ ალბათ ვერ წარმოიდგენთ, რა მიმზიდველი და დამარწმუნებელია ტოტალიტარული აზროვნების სიმარტივე. ის თხევადი საწამლავივითაა, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე ცენზურა თუ ავტორების დევნა. ის შიგნიდან გღრნის. ის შიგნიდან იჭრება ტვინში და ეს ძალზე მომხიბლავია. რეალურად გიზიდავს. საიდან მოდის ეს ხიბლი? იქიდან რომ ასეთი აზროვნება ნებას იძლევა თავი ჭკვიანი გეგონოს, დაიჯერო, რომ ყველაფერი გესმის, თავზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ზოგადად ადამიანი ზარმაცია, ამიტომ ის სპონტანურად უერთდება იმას, რაც მას ჰპირდება რაღაცად გაგხდიო, ყოველგვარი მუშაობისა და მუყაითობის გარეშე. ამ ცდუნებამ კარგი ნაყოფი გამოიღო, როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე სხვაგანაც. ინტელექტუალურ ტრადიციაში არა ერთ სამარცხვინო ეპიზოდს ვხვდებით. მაგონდება ბერნარდ შოუ და აგრეთვე ისიც, რაც ყოველგვარ საზღვრებს სცილდება-საფრანგეთი. საფრანგეთი რომელიც ჩემთვის სინათლისა და აზრის სითამამის ქვეყანა იყო – ყველაფრის საწინააღმდეგო და საკუთარი თავის საწინააღმდეღო ფიქრისაც კი მუშაობასა და ძალისხმევაში. ჩემთვის რ. როლანის, ბ. შოუს და მათგვარი ინტელექტუალების კოჰორთის უზენაესი შედეგი არის ფილბის პიროვნება, რომელიც ინგლისის ჯაშუში იყო თავისი მრწამსით.

ანი ეპელბუან – მივუბრუნდეთ ომის შემდგომ მოსკოვის საზოგადოებას. უნივერსიტეტის პერიოდიდან თუ შემოგრჩათ თანამოაზრეები? თქვენნაირად ბევრი ფიქრობდა თუ განმარტოებული იყავით?

მერაბ მამარდაშვილი – მეგონა მარტო ვიყავი მეთქი, მაგრამ უნივერსიტეტის მე-5 კურსზე აღმოვაჩინე, რომ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები იგივეს აკეთებდნენ, რასაც მე (იმ დროს “კაპიტალის” ეპისტემოლოგიაზე ვმუშაობდი). 52-53 წწ. რაღაც დუღდა. შეიძლება პარადოქსულიც მოგეჩვენოთ, რადგან ეს სტალინის სიკვდილამდე და პარტიის მე-20 ყრილობამდე იყო. მაგ. მე დაახლოებით ვიყავი ალექსანდრე ზისმონოვიევთან, რომელიც ჩემზე სამი წლით “უფროსი” იყო (უნივერსიტეტში კურსის მიხედვით, თორემ ის ჩემზე ბევრად უფროსია), ბორის გრიშინთან, იური ლევადასთან, სოციოლოგებთან, ერიკ სოლოვიოვთან, რომელიც ფილოსოფიის ბრწყინვალე მკვლევარიცაა; მას მხოლოდ ენის ბარიერის გამო არ იცნობს ფრანგული საზოგადოება. მეც ასეთ პირობებში ვარ, რადგან რუსულად ან ქართულად ვწერ, ისე რომ სანამ მთარგმნიან, არავის ეცოდინება რაზე ვწერ. მაგრამ ჩემი უპირატესობა ისაა, რომ კავშირები და მეგობრული ურთიერთობები მაქვს საფრანგეთსა და იტალიაში, თანაც ფრანგულად და იტალიურად ვლაპარაკობ. ისე, რომ ის ადამიანები, ვინც მიცნობენ და ვისთანაც ვლაპარაკობ, ხელს მიწყობენ ჩემი აზრების გავრცელებაში. სხვა მხრივ საბჭოთა კავშირსა და ევროპას შორის ფილოსოფიაში ლინგვისტურ-კულტურული ბარიერი არსებობს.

ანი ეპელბუან – კი მაგრა თქვენი წიგნები არც საბჭოთა კავშირში გამოქვეყნებულა?

მერაბ მამარდაშვილი – მართალია მხოლოდ რამდენიმე ჩემი წიგნი გამოიცა. ეს წიგნები, რომლებიც “არაფერს ეხებოდნენ” და ძალიან აბსტრაქტულები იყვნენ-ძირითადად წიგნები ეპისტემოლოგიაში. ეს ის სფეროა, რომელშიც არავის არაფერი ესმის. თანაც ჩემი მძიმე და ცუდი სტილი უფრო გაუგებარს ხდიდა ნაშრომებს. მაგრამ გამოცემისათვის ეს უფრო ხელსაყრელი იყო, რადგან ცენზურა იბნეოდა (იცინის). ეს სტილი ჩემს ნებაზე არ არის დამოკიდებული; უბრალოდ ცუდად ვწერ. ესაა და ეს. მე უკეთესად ვლაპარაკობ; თუ შეიძლება ასე ითქვას აუდიტორიასთან ურთიერთობაში ერთგვარი “არტისტიზმი” მაქვს. ვიცი, როგორ ავიყოლიო აუდიტორია; როცა ლექციას ვატარებ ან მოხსენებას ვაკეთებ, მოხსენებისას ჩემს ცხოვრებას ვთამაშობ, აუდიტორიის წინაშე ვდგევარ ჩემი პრობლემებით, პირად რისკს ვწევ და ვინც მისმენს ეს მისთვის ნათელია. ამიტომ ისინი მომყვებიან და იმ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიაში მე რომ ვხმარობ, თავიანთ პირად გამოცდილებას ამოიცნობენ. ხოლო ამ ტერმინოლოგიის ხმარება მჭიდრო კავშირშია ჩემი საკუთარი ცხოვრების ეგზისტენციასთან…

ფრანგულიდან თარგმნა მზია ბაქრაძემ

3 thoughts on “მერაბ მამარდაშვილი: ჩახშული ფიქრი

  1. სიტყვა აძლევს სულს?🙂 აბსურდია! “ისტორიის, დროისა და ცხოვრების ხანგძლივი უქონლობად” შეაფასო ისტორიული მონაკვეთი? ესეც აბსურდია …მოკლე დასკვნა ასეთია: ცრუპენტელას ნაბოდვარი!

    Like

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s