ზურაბ კიკნაძე: ნაცარქექიას აპოლოგია – ვუძღვნი ბ-ნ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას

ზურაბ კიკნაძე

ზურაბ კიკნაძე

ჩვეულებრივ საუბარში ამბობენ: “ეს ზღაპარია”. და ის, რაზედაც ამბობენ, რომ ზღაპარია, მიაჩნიათ, რომ განუხორციელებელი ოცნებაა, ან სინამდვილის საპირისპიროა, ან ტყუილია და ამიტომაც მასზე ფიქრისთვის არ უნდა მოცდეს გონიერი კაცი…

ნამდვილად სიტყვა “ზღაპარი” არ იმსახურებს იმას, რომ ის დავუპირისპიროთ სიმართლეს, ჭეშმარიტებას. ამ სინამდვილეს კი ნამდვილად უპირისპირდება. რადგან ზღაპარი ეწოდა ისეთ ამბავს, რომელიც გვაუწყებს ყოველდღიური სინამდვილის ძლევით მასზე აღმატებულის დამკვიდრებას. განა ტყუილი დაერქმევა იმ გზას, რომლის ბოლოს აბსოლუტური დასასრულია, როცა უკან არის მოტოვებული ყველა განსაცდელი, მეტიც: განსაცდელის წყარო – ბოროტება აღმოფხვრილია, განქარებულია უკანასკნელი მტერი, და მთელი ყოფიერება მარადიული ქორწილით ახალ საფეხურზე ადის, სადაც არის ახალი ცა და ახალი მიწა… ამ გზის გამკაფავი არის ზღაპრის გმირი, რომელიც გადის მამის სახლიდან, რათა გამარჯვებული და გამდიდრებული კვლავ დაუბრუნდეს მას…

აჰა, გადის ბიჭი, ახალგაზრდა, მზეჭაბუკი თუ გლეხის შვილი. ის არ იცნობს არც საკუთარ თავს, არც გარესამყაროს. ის იქნებ თავის თვალშიც არარაობაა, უსუსურია, ყარიბია, მაგრამ არც კომბალი უჭირავს ხელში, არც სხვა რამ იარაღი თავის დასაცავად. მაგრამ საკმარისია გადააბიჯოს კარის ზღურბლს, აღმოჩნდეს პირველ განსაცდელში, რომელიც მას ელის გარეთ, იმ წამსვე წამოიმართებიან თითქოს არარაობიდან მის საშველად… მაგრამ ყველა შემხვედრს როდი ეშველებიან ისინი. მხოლოდ მათ ეშველებიან, ვინც კაცთაგან უვალს და გაუთელელ გზას ადგანან. ეს ბიჭი – ყარიბი, გასული იდუმალის საძიებლად, იმ გზაჯვარედინს გაცილებული, სადაც სწერია “აქეთ წახვალ, ვეღარ დაბრუნდები” – ის სწორედ ამ გზას ადგას, რადგან ყველა სხვა გზა ფუჭი და ამაოა (დაე, ჭკვიანმა ძმებმა იარონ იმ გზებზე, რომლებიც ტყუიან), – სავსე რწმენითა და ნდობით ყოველი არსებისადმი, მზადმყოფი გასცეს უკანასკნელი, თვით ისიც, რაც დიდი განსაცდელის გავლით აქვს მოპოვებული, – ეს ბიჭი ღირსია იმისა, რომ მის მხარეზე იყოს მთელი ხილული და უხილავი სამყარო… და ის გამარჯვებული ბრუნდება. მისი გზა-სავალი ისეთია, რომელსაც “ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან”.

ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან იმ კაცის ფიქრებსაც, კერიის წინ რომ ჩამჯდარა და ქექავს ნაცარს. ეძებს რასმე? იქნებ ეძებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას ეძებს და ვერც დავინახავთ, რასაც მოიძევს. ამ კაცის სახელი სალანძღავ და საკიცხველ სიტყვად იქცა. “რას დამჯდარხარ ნაცარქექიასავით!” მაგრამ განა შეძლებს ყოველი უსაქმური ნაცარქექიასავით ჯდომას?

დაე, დასცინოდნენ მას იმ საგნების გამო, რომელიც მან მოითხოვა სახლიდან გასვლისას, როცა გარეთ აგდებდნენ. რა არის ჭყინტი ყველი, რა არის სადგისი, რა არის ერთი გუდა ნაცარი? ნივთები, რომლებიც მხოლოდ სახლში შეიძლება გამოადგეს კაცს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს კაცი, რომელსაც აიძულებენ დასტოვოს კერა, არ გამოიყენებს ამ საგნებს მათი პირდაპირი დანიშნულებისამებრ. ის არ შეჭამს ყველს (ვერც ხანგრძლივად შეინახავს, ის ჭყინტია), სადგისით არ გახვრეტს ტყავს, ნაცრით არ გახეხავს ქვაბს. ის აღმოაჩენს მათში იმაზე მეტს, რასაც ისინი ასრულებენ ყოველდღიურ ყოფაში, ან რაც მათთვის დაუკისრებია ადამიანის ჭკუას. დასცინიან მას? მაგრამ ის თავად დასცინებს მათ, ვინც ვერ იხედება საგანთა უკან, საგანთა სიღრმეში, საგანთა ზემოთ, რომელთა ჭკუა ერთგანზომილებიანია, ამიტომაც ყოველდღიურობას მიჯაჭვული…

ის აერთებს თავის თავში ორი ტიპის ადამიანს, რომელთაგან ერთი ჭვრეტს – მჭვრეტელია, მეორე მოქმედებს – მოქმედია… ერთი შინ არის, მეორე – გარეთ. სოფელი მათ გარეშე წარმოუდგენელია, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ერთიც აუცილებელია და მეორეც. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთის წილი – მჭვრეტელისა, რომელიც ზის, გამორჩეულია. მჭვრეტელი, იდუმალის მსმენელის წილი ქრისტემ გამოარჩია, როცა უთხრა ბეთანიელი ლაზარეს დას: “მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, საჭირო კი მხოლოდ ერთია…” (ლუკა, 10:41-42).

ასე ზის კაცი კერიაში – სახლისა და სამყაროს შუაგულში და იჩხრიკება, და მას ნაცარქექიას ეძახიან; მისი ქცევა გარეშე თვალისთვის ისევე დაცლილია აზრისაგან, როგორც ნაცარი – ცეცხლისაგან. მაგრამ ნაცარქექიამ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იცის, რომ ნაცრის ჩხრეკა ცეცხლის არსის, მისი საფუძვლის ჭვრეტის სიმბოლოა. ის ხილულში უხილავს ეძებს. მან იცის, რისი დანატოვარია ნაცარი და ნაცრიდან რას შეიძლება მისწვდეს მისი მჩხრეკელი…

დაე, დასცინოდნენ მას ამ საქმიანობისთვის, მაგრამ მოვუსმინოთ, რას ამბობს მგოსანი:

მაგრამ რომ გაჰქექ ცივ ნაცარს

და გამოუქექ მას ძირსა,

იქ ნახავ ობოლ ნაკვერცხალს,

მიმალულს-მივიწყებულსა;

და იმ ნაკვერცხლით აანთებ,

ააგუგუნებ კერასა,

სახლიც გათბება და ბნელი

ნათელს ვერ ავნებს ვერასა…

3 სექტემბერი, 2016 წ.

4 thoughts on “ზურაბ კიკნაძე: ნაცარქექიას აპოლოგია – ვუძღვნი ბ-ნ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას

  1. ეს უფრო საინტერესო ინტერპეტაციათ მეჩვენება:
    Sulo Sulo
    2014 წლის 19 ოქტომბერი ·
    მითი ქართველთა სიზარმაცეზე ანუ საქართველოს თვითგადარჩენის სამი სტრატეგია!!
    ნაცარქექია და სხვები…
    (ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით)
    მთავარი ზღაპრული გმირი ქართულ ზღაპრებში გახლავთ ამირანი, ის ძალიან მშრომელია, ებრძვის და ებრძვის გველეშაპებს და დევებს, ანადგურებს და ანადგურებს დაუღალავად, მაგრამ მერე ამპარტავნებაში ვარდება და ამისათვის ისჯება კიდეც.(ნაციონალებს მოუვიდათ ნაწილობრივ)
    ასე საქართველოც პირველ ეტაპზე ამირანივით შეასკდება ხოლმე მომხდურ მტერს,
    მაგრამ მტერი შეიძლება ამირანზე ღონიერი გამოდგეს და დევთან ბრძოლაში დაგვეღუპოს ამირანი.
    მაშინ ასპარეზზე გამოდის ნაცარქექია(ჩემი ყველაზე საყვარელი გმირი)
    ნაცარქექია არ მუშაობს,კი არ ზარმაცობს არ მუშაობს, რადგან ნამუშევარი დევს მიაქვს, ამიტომაც არ მუშაობს და სულ იმაზე ფიქრობს, როგორ დაამაცხოს დევი, ნაცარში ქექვა ზუსტად ეს გახლავთ, გეგმებს აწყობს, ვიზუალურად კი ნაცარში იქექება.
    ბოლოს მოიფიქრებს და ამარცხებს კიდეც დევს, ჭკუით ჯობნის, აღსანიშნავია კიდევ, რომ ნაცარქექია სრულიად უშიში გმირია, სრულიად ყოველგვარი შიშის გარეშე შეებრძოლება დევს და ამარცხებს. ნაცარქექია ერთადერთი მართლაც სრულიად დადებითი გმირია!!!
    მაგრამ შეიძლება დევი მელიასავით ეშმაკიც აღმოჩნდეს და ნაცარქექიაც დაგვეღუპოს ბრძოლაში.
    მაშინ გამოდის ასპარეზზე ჩიტი ჩიორა(მომიტევოს ჩემგან უაღრესად პატივცემულმა ქალბატონმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, ის უფრო ამირანს გვაგონებს) ის ჩიორა, რომელიც თვითონ უყრის მელას საკუთარ ბარტყებს.. ცულის და ცუნცულას შიშით..
    ჩიორა სრულიად უარყოფითი გმირია, ეგ არის ტიპიური ქართველი მოღალატის სახე, იგი საშინელი მშიშარაც არის, რადგან იმ მელას ცულის მოტანის უნარი არ აქვს… მაგრამ ამ ჩიორას მაინც ეშინია…
    ყრის ეს ჩიორა ამ ბარტყებს, თუმცა ამ ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს.. მოდის მონადირე ვთქვათ ამერიკა, კლავს მელას და გადაარჩენს ბარტყებს…. ისტორიულად ბლომად გვყოლია ეს ჩიორები, ისინი მაშინ ჩნდებიან, როდესაც ქვეყანას ტოტალური გენოციდი ემუქრება.. ტიპიური ჩიორა გახლავთ მაგალითად კადიროვი, რომლის საშინელი სახის მიუხედავად მაინც მართლაც გადამრჩენელია ჩეჩნებისათვის…
    მოკლედ ჩიორა გაგაძლებინებს უკეთესი დროებამდე სანამ ისევ ან ამირანს არ შობ ან ნაცარქექიას.. ან მონადირე არ დაადგება გველეშაპ-დევ-მელას…
    მოკლედ დღეს ჩიორების შემოსევა გვაქვს აგერ თბილისში…
    მაგრამ ეს ოხერი ვერსად ვხედავ ვერც მელას და ვერც ტოტალური განადგურების საფრთხეს…
    მოკელედ ზემორე თვისებების მატარებელი ყოველი ქართველი და მთელი ჩვენი ქართული პოლიტიკაც, რომელიმე ამ სიუჟეტის ან მათი კომბინაციის განხორციელების მეთოდით ვითარდება. შედეგად საქართველო უკვდავია!

    Liked by 1 person

    • ტოტალურ განადგურებაში არ იგულისხმება ერის აბსოლუტური ფიზიკური განადგურება. ინდიელებიც ღიაფობენ საკუთარ ისტორიულ სამშობლოში, (აშშ), მაგრამ რა დღეშიც არიან, ვიცით. ასევე არიან კოპტებიც ეგვიპტეში. ქართველი ხალხი კარგავს იმ სულიერ და ფიზიკურ უნარებს, რაზეც მისი გამძლეობა, მისი სიცოცხლე იდგა. ის თავის დაპირისპირებაში გადადის (დიალექტიკის ერთ-ერთი) კანონია.. ზედმეტი შიში არ ვარგა, მაგრამ არც, საფრთხის დაუნახაობა ივარგებს..

      Like

  2. “მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხარ, საჭირო კი მხოლოდ ერთია…” (ლუკა) _მომეწონა!
    ბატონო ალექსანდრე, მიხედეთ განათლებას…

    Like

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s