აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა

ბეჟან ხორავა

დასავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ, როდესაც კავკასიელ მთიელთა ნაწილი ბრძოლაში გაწყდა, ხოლო ნაწილი თურქეთში გადასახლდა, ცარიზმმა კავკასიაში თავი მყარად იგრძნო. უკვე არ არსებობდა აფხაზეთის სამთავროს შენარჩუნების აუცილებლობა და თვითმპყრობელობა დაპყრობილი მხარის სამხედრო-ადმინისტრაციული მოწყობისა და კოლონიზაციისათვის ზრუნვას შეუდგა. ჯერ კიდევ კავკასიის ომის დამთავრებამდე, როცა აფხაზეთის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა სამხედრო მინისტრის დ. მილიუტინისადმი 1864 წლის 27 მარტს გაგზავნილ წერილში სამთავროს გაუქმების საკითხი აღძრა. მისი აზრით, ეს ღონისძიება საჭირო იყო იმისათვის, რომ შესრულებულიყო უმაღლესი მთავრობის მიერ მოწონებული პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ბზიფამდე კაზაკთა სტანიცების მოწყობის შესახებ.1 მეფისნაცვალმა ამის თაობაზე პრაქტიკული წინადადებები წამოაყენა:
1. «Владетеля и наследника его склонить отказаться от права владения.
2. Назначить владетелю и наследникам его содержание, их обеспечивающее.
3. Из Абхазии образовать военный округ, который вместе с Цебельдой подчинить особому военному начальнику на правах начальников отделов в областях, с подчинением Кутаисскому генерал – губернатору.
4. Если количество свободных земель дозволит, то водворить вдоль берега (Черного моря – ბ. ხ.) до устья Ингури казачьи поселения, которые вместе с поселениями по р. Бзыби, могли бы составить Абхазское казачье войско под управлением начальника Абхазского военного округа.
5. Границею между Кубанским и Абхазским войском назначить хребет, замыкающий Гагринскую теснину и отделяющий теперь Абхазию от земли Джигетов».2
ამრიგად, ხელისუფლებამ აფხაზეთის მიმართ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროზე კაზაკების დასახლებას. ისევე, როგორც თერგისა და ყუბანის ოლქებში, აქ დასახლებულ კაზაკებს უნდა შეექმნათ აფხაზეთის კაზაკთა ჯარი. ამ მიზნის მიღწევისათვის აფხაზეთის მთავრის ხელისუფლებისა და მემამულური მიწისმფლობელობის არსებობა დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა, რადგან ასეთ პირობებში აფხაზეთის კოლონიზაციის გეგმას ცარიზმი ვერ განახორციელებდა. მხარის კოლონიზაციისათვის თავისუფალი მიწები არ არსებობდა, ამიტომ ჯერ საჭირო იყო მკვიდრი მოსახლეობისაგან ამ მიწა-წყლის «გაწმენდა».
1864 წლის აპრილში ალექსანდრე II-მ მოიწონა კავკასიის მეფისნაცვლის მიერ წარმოდგენილი წინადადებები. მაისში მიხეილ ნიკოლოზის ძეს გაეგზავნა შესაბამისი მითითებები, რომელთა რეალიზაცია მან ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დ. სვიატოპოლკ-მირსკის და აფხაზეთის ჯარების სარდალს, გენერალ პ. შატილოვს დაავალა. 24 ივნისს მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა მიხეილ შარვაშიძეს იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი განთავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ.3
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე მზად ჰქონდათ წინადადებები აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ მისი მიწა-წყლის მკვიდრი მოსახლეობისაგან გათავისუფლების შესახებ. დ. სვიატოპოლკ-მირსკი კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსს, გენერალ ა. კარცოვს 1864 წლის 27 ივნისს წერდა: «თუ აფხაზების ნაწილი სამთავროს გაუქმების შემდეგ თურქეთში გადასახლებას მოისურვებს, ვფიქრობ, ჩვენ ამას ხელი არ უნდა შევუშალოთ».4
ხელისუფლებას სურდა, რაც შეიძლება ჩქარა შედგომოდა აფხაზეთის კოლონიზაციას. «თუ შევიძენდით მთავრის მამულებს, რომლებიც მეტად ვრცელია და მნიშვნელოვანი, ჩვენ ახლავე შეგვეძლო შევდგომოდით აფხაზეთის კოლონიზაციას კაზაკ-რუსების მეშვეობით»,5 _ აღნიშნავდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი. მისი წინადადებით ყუბანის ოლქსა და ქუთაისის გუბერნიას შორის საზღვრად უნდა დადგენილიყო გაგრის ქედი და ესეც მხოლოდ ერთი მიზნით: «თუ ჩვენ ხელთ იქნება ცარიელი ადგილები ბზიფის ორსავე მხარეს, _ წერდა დ. სვიატოპოლკ-მირსკი 1864 წლის 6 ივნისის წერილში გენერალ ა. კარცოვს, _ შევძლებთ საფუძველი ჩავუყაროთ რუსულ მოსახლეობას აფხაზეთში».6
1864 წლის 12 ივლისს ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომელიც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა. იგი შედგებოდა ბზიფის, სოხუმის, აბჟუის ოლქებისაგან (округ). მასში შევიდა წებელდის საბოქაულოც. სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) უფროსად დაინიშნა აფხაზეთის ჯარების უფროსი, გენერალი პ. შატილოვი.7 ამრიგად, აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და რუსული მმართველობის შემოღებით ამ მხარეში კოლონიური პოლი-ტიკური რეჟიმი მკვიდრდება.8
1865 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა ოლქების მიხედვით ასეთი იყო:
округ Сухумский 2 826 дворов 16 475 душ
«—–» Бзыбский 3 726 20 090
«—–» Абживский 5 049 32 182
пристав. Цебельдинское 1 436 10 443
всего 13037 79 190*
1866 წელს ცარიზმმა სოხუმის სამხედრო განყოფილებაში საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება დაიწყო, მაგრამ აფხაზეთის სოციალურ-საზოგადოებრივი წყობის თავისებურებების გაუთვალისწინებლობამ, ჩინოვნიკური აპარატის უხეშმა ჩარევამ აფხაზთა ცხოვრების წესში, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიუღებელმა ადმინისტრაციულმა რეფორმამ და თავისი ხასიათით ბატონყმური რეფორმისათვის ნიადაგის მომზადებამ აფხაზეთის მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყება დაიწყო 1866 წლის 26 ივლისს სოფ. ლიხნში და მალე თითქმის მთელი აფხაზეთი მოიცვა, რითაც საგრძნობლად შეაშფოთა კავკასიის რუსული ადმინისტრაცია. ცარიზმმა აფხაზეთში სასწრაფოდ გადაისროლა ჯარის ნაწილები და აგვისტოში აჯანყება ჩაახშეს.9
აჯანყების ჩახშობის შემდეგ ცარიზმი მხარის ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმის მომზადებას შეუდგა, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერებას. 1866 წლის 11 აგვისტოს დებულების თანახმად სოხუმის სამხედრო განყოფილება (აფხაზეთი) ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის ოლქებად (округ) დაიყო. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქ. სოხუმი. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს სამხედრო გუბერნატორის უფლება მიენიჭა, თუმცა ნომინალურად ის ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა10.
იმის გამო, რომ ცარიზმს გადაწყვეტილი ჰქონდა მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე შავი ზღვის სანაპიროს კოლონიზაცია კაზაკ-რუსებით, სამურზაყანო (ოქუმის ოლქი) აფხაზეთს შეუერთეს.
1866 წლის აჯანყების შემდეგ გაჩნდა აფხაზთა თურქეთში გადასახლების გეგმის პირველი დასაბუთება, რომელიც მოცემულია ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის დ. სვიატოპოლკ-მირსკის 1866 წლის 27 ოქტომბრის მიმართვაში კავკასიის მთიელთა სამმართველოს უფროსის დ. სტაროსელსკისადმი. მასში ნათქვამია: «არსებობს მხოლოდ ერთი რადიკალური საშუალება სოხუმის განყოფილების მხრიდან ყოველგვარი საშიშროების აღმოსაფხვრელად, ესაა აფხაზეთის მოსახლეობის თურქეთში გადასახლება».11 დ. სვიატოპოლკ-მირსკის აზრით, თუ ამ ნაბიჯზე წავიდოდნენ, ყველა სხვა საშუალება ზედმეტი იქნებოდა და საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდებოდა. ამასთან, იგი ამ ღონისძიებას იმ სისტემის დაგვირგვინებად მიიჩნევდა, რაც მიღებულ იქნა დას. კავკასიის მთიელ ტომთა მიმართ.12 კავკასიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აფხაზთა გადასახლებას მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევდნენ, რამდენადაც აფხაზეთი და წებელდა გეოგრაფიული მდებარეობის გამო დიდ როლს ასრულებდნენ კავკასიის ომის დროს და, მათი აზრით, კვლავაც ექნებოდათ დიდი მნიშვნელობა კავკასიაში ყოველგვარი საომარი მოქმედების დროს. ამიტომ ამ მხარის მუსლიმანი მოსახლეობის შემცირება მათი თურქეთში გადასახლების გზით, ხელს შეუწყობდა პოლიტიკური სიმშვიდის უზრუნველყოფას და, შესაბამისად, მეფის ხელისუფლების განმტკიცებას ამ მხარეში.13 მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი პირდაპირ აღნიშნავდა, რომ «აფხაზთა გადასახლების მთავარ ამოცანად მიაჩნია რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან მოსახლეობის იმ ნაწილის მოშორება, რომელიც ხელისუფლებისადმი ყველაზე უფრო მტრულად არის განწყობილი».14
1866 წლის ნოემბერში ალექსანდრე II დათანხმდა პირველივე შესაძლებლობისთანავე გაესახლებინათ აფხაზეთისა და წებელდის მუსლიმანი მოსახლეობა თურქეთში. იმპერატორისაგან თანხმობის მიღების შემდეგ, მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა კავკასიის ჯარების შტაბის უფროსს, გენერალ ა. კარცოვს უბრძანა, დაუყოვნებლივ შედგომოდა ამ გადაწყვეტილების შესრულებას.15 თავის მხრივ, მუსლიმანი აფხაზებიც დაჟინებით მოითხოვდნენ თურქეთში გადასახლებას, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ თავის ელჩს თურქეთში, გრაფ ნ. იგნატიევს დაავალა ამის თაობაზე მოლაპარაკება გაემართა პორტასთან. მალე, რუსეთის ელჩი შეუთანხმდა თურქეთის საგარეო-საქმეთა მინისტრს ალი ფაშას აფხაზთა გადასახლების შესახებ. შეთანხმება მოხდა იმაზეც, რომ თურქეთის ხელისუფლებას მუჰაჯირები რუსეთის საზღვრისპირა ადგილებში არ დაესახლებინა.16
კავკასიის ადმინისტრაცია თვლიდა, რომ იმჟამად ხელისუფლებისათვის უმთავრესი აფხაზთა გადასახლების საკითხი იყო. ამასთან, ხელისუფლება აღიარებდა, რომ თუ აფხაზეთის მთელი მუსლიმანი მოსახლეობა მოისურვებდა გადასახლებას, გარკვეულ სირთულესა და უხერხულობას შექმნიდა. ამიტომ, მათი აზრით, ეს პროცესი უნდა დაერეგულირებინათ. რეკომენდირებული იყო ასევე, რომ გადასახლებულთათვის უკან დაბრუნების ნება არ დაერთოთ.17
რუსეთის ხელისუფლებამ წინასწარ განსაზღვრა ემიგრანტთა რიცხვი. ნავარაუდევი იყო აფხაზთა 4500 ოჯახის გასახლება. თავის მხრივ, პორტა მზადყოფნას გამოთქვამდა აფხაზეთიდან 4000 ოჯახი მიეღო.18
1867 წლის 13 თებერვალს მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი ალექსანდრე II-ს წერდა, რომ კავკასიის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ძალით არ განდევნოს აფხაზები თურქეთში, მაგრამ ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მათ გადასახლებას. ამასთან, ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა პირველ რიგში გაესახლებინა წებელდა-დალის მუსლიმანი მოსახლეობა ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო. ხელისუფლება ითვალისწინებდა, რომ ამ თემების მოსახლეობა ცხოვრობდა მთის ძნელად მისადგომ ადგილებში და კავკასიონის ქედის უღელტეხილებით კავშირი ჰქონდა ყარაჩაელებთან და ყაბარდოელებთან. ამასთან, ხელისუფლება მათ რეფორმის წინააღმდეგ გამოსვლაშიც სდებდა ბრალს და მისი სურვილი იყო პირველ რიგში იმ ხალხის გადასახლება, რომელიც მეტნაკლებად დაკავშირებული იყო აჯანყებასთან.19
თურქეთისაგან თანხმობის მიღების შემდეგ მეფისნაცვალმა განკარგულება გასცა აპრილის ბოლოდან დაწყებულიყო აფხაზთა გადასახლების პროცესი. სოხუმსა და აფხაზეთის სხვა ადგილებში კვლავ გადაისროლეს ჯარები.20 ჯერ კიდევ გადასახლების დაწყებამდე, 1867 წლის 6 აპრილს, სოფ. ფსირცხადან მუჰაჯირთა პირველი ნაკადი სამი ხომალდით წავიდა ბათუმში, რომელიც მაშინ თურქეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ესენი იყვნენ ჯიქები და ფსხუელები (49 ოჯახი, 218 სული), რომლებიც სოფ. ფსირცხაში 1864 წლიდან ცხოვრობდნენ.21
1867 წლის აპრილის ბოლოს მუჰაჯირობის ორგანიზებული პროცესი დაიწყო. აფხაზთა გადასახლება ძირითადად ძალდატანებით ხასიათს ატარებდა, რაც აშკარად ჩანს იმდროინდელი დოკუმენტებიდან. 1867 წ. 31 მარტს მეფისნაცვალი იმპერატორს წერდა, რომ ბიჭვინთის ოლქის მცხოვრებთ არ სურდათ თურქეთში წასვლა. აფხაზები ნებაყოფლობით ქრისტიანობასაც იღებდნენ, რომ დარჩენა მოეხერხებინათ.22 1867 წ. ივნისში გაზ. «დროება» იუწყებოდა: «აფხაზები ძლიერ დაჯავრიანებულნი არიან… სამურზაყანოში კანკალებენ შიშით, ვაითუ ჩვენც გადაგვასახლონო… აქაურებს და აფხაზებს დიდი ნათესაობა აქვთ. წებელდელები, დალელები და გუფუელები წავიდნენ. აბჟუის მაზრიდანაც მრავალი წავიდა. ჭილო-უელები და ჯგერდელები გამორეკეს თავიანთი ბინიდან. მათ საშინელი გულით არ უნდათ წასვლა. აფხაზები დიდად აქებენ ბზუფუს მაზრის უფროსს დიმიტრი ჭავჭავაძეს. მან მამობრივი მზრუნველობით აუხსნა მათ, რომ რუსის მმართველობის ქვეშ ყოფნა სჯობს ოსმალეთში გადასახლებას».23
მიუხედავად იმ შიშისა, რომელიც სამურზაყანოელებს ჰქონდათ, მუჰაჯირობა მათ არ შეხებია, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ მოსახლეობა ძირითადად ქართული იყო, ხოლო აფხაზები, ვინც აქ ცხოვრობდნენ, ქრისტიანები იყვნენ.
ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ამბროსი ხელაიას* ცნობით, მუჰაჯირობის დროს აფხაზეთის ეპისკოპოსთან, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ოქროპირიძესთან (1862-1869), რომელიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა აფხაზებში, მოსულა მაჰმადიანი აფხაზი, სახელად ურუსი, 12 წლის შვილთან ერთად. მან მღვდელმთავარს აუხსნა მოსვლის მიზეზი _ შენთან მოვედი კეთილო მწყემსო, მე ოსმალეთში მივდივარ, სამშობლოს სამუდამოდ ვეთხოვები და ჩემი ვაჟი მინდა დავტოვო შენთან. ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგე, არ ვიცი რა მომელის უცხო მხარეში, მაგრამ მაინც ვტოვებ სამშობლოს. არ მინდა ჩემი უბედურება ჩემს ერთადერთ შვილს გავუზიარო და შენთან მოვიყვანე. ვიცი მიიღებ, აღზრდი ქრისტიანულად და ბედნიერი იქნებაო. თვალცრემლიანი მამა დაემშვიდობა შვილს, რომელიც ეპისკოპოსმა ალექსანდრემ აღზარდა, მღვდელი გახდა და დიდი სარგებლობა მოუტანა ქრისტიანობას აფხაზეთში.
კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსი, გენერალი ა. კარცოვი აღნიშნავდა, რომ აფხაზთა გადასახლების ხელშემწყობი გარემოება იყო «აფხაზური საგვარეულოების ნათესაური თუ მეგობრული კავშირები თურქეთში წასულ აფხაზურ თუ დასავლეთ კავკასიის მთიელებთან».24 აღსანიშნავია, რომ დას. კავკასიის მთიელთა გადასახლებამ დიდი გავლენა იქონია ამ მოძრაობის დაწყებაზე აფხაზეთში. იგივე გენერალი ა. კარცოვი ხაზს უსვამდა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით საზოგადოების ზედაფენებს არაერთხელ გამოუთქვამთ სურვილი, მიებაძათ ერთმორწმუნე დას. კავკასიის მთიელებისათვის და წასულიყვნენ თურქეთში.25 ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზი მემამულეები დაშინებული იყვნენ საგლეხო რეფორმით. ისინი ხედავდნენ, რომ აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და 1866 წლის აჯანყების შემდეგ, ხელისუფლების დამოკიდებულება მათ მიმართ შეიცვალა. ცარიზმს ადგილობრივი თავადაზნაურობა უკვე არ მიაჩნდა თავის დასაყრდენად, რაც იმაში გამოიხატა, რომ არ ცნო მათი უფლებები გლეხთა მიწებზე. ამაში მჟღავნდებოდა ცარიზმის სურვილი, თავის განკარგულებაში მიეღო მიწების მნიშვნელოვანი ფონდი შემდგომი კოლონიზაციისათვის.26 ამის გამო აფხაზმა თავადაზნაურობამ გადაწყვიტა თურქეთში წაეყვანა დამოკიდებული გლეხობაც და მათ ხარჯზე აეგო თავისი ბედნიერება უცხოეთში.27 სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსი, გენერალი მ. ტოლსტოი 1867 წ. 16 მარტს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს წერდა, რომ დაახლ. 40 წებელდელ თავადს 1 მაისიდან განზრახული ჰქონდა თურქეთში გადასახლება გლეხთა 2170 ოჯახთან ერთად.28 გლეხები უნდა წაყოლოდნენ თავიანთ მემამულეებს, თუნდაც ამისი სურვილი არ ჰქონოდათ. ამას განაპირობებდა გლეხების ტრადიციული ურთიერთობა და, მათ შორის, ნათესაური დამოკიდებულება თავად-აზნაურებთან.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი აფხაზი ფეოდალი ცარიზმის მოსყიდული იყო. ასე, მაგალითად, დალელმა თავადმა მიხეილ (ნათლობამდე ალმახსიტ) მარშანმა დიდი დახმარება გაუწია ხელისუფლებას მტრულად განწყობილი წებელდელებისა და დალელების, მათ შორის, მასზე დამოკიდებული გლეხების გადასახლებაში.29 მიხეილ მარშანისა და მისი ძმის ხრიფსის გლეხებს მათ გარეშე არ სურდათ გადასახლება. წებელდა-დალიდან გადასახლების პროცესი რომ არ შეფერხებულიყო, დალელების დაყოლიების მიზნით გადაწყდა ხრიფს მარშანიც წასულიყო თურქეთში გლეხებთან ერთად, თუმცა მას გამოეყო 400 მან. და საიდუმლოდ მიეცა უცხოეთის პასპორტი, რომ დაბრუნება შეძლებოდა.30 რადგან მიხეილ და ხრიფს მარშანები, როგორც აფხაზები, ვალდებულნი იყვნენ გადასახლებულიყვნენ დალიდან, სანაცვლოდ მათ გამოუყვეს მიწები სოფ. ჯგერდაში და დაუნიშნეს პენსია. მიხეილს პორუჩიკის ჩინიც ებოძა.31 მიხეილ მარშანი ადრიდანვე გამოირჩეოდა რუსეთის ხელისუფლებისადმი ერთგულებით. მისი გავლენით დალელებმა 1866 წ. აჯანყებაში არ მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, ის და მისი ძმა, თავიანთ მომხრეებთან ერთად, 1866 წ. აჯანყების დროს წებელდის გარნიზონს დაეხმარნენ სიმაგრის დაცვაში.32
აღსანიშნავია, რომ წებელდა-დალიდან გადასახლებულთა შორის იყვნენ 1866 წლის აჯანყების აქტიური მონაწილეები: კვაჯ ზურაბ-იფა მარშანი, თათლასთან თენგიზ-იფა მარშანი, ფსხუბეი სასტანღაზ-იფა მარშანი, ყიზილბეკ მარშანი, შირინბეი მარშანი და სხვები.33
როცა გადასახლების პროცესმა მნიშვნელოვანი გაქანება მიიღო, ხელისუფლება შეეცადა შეეზღუდა იგი, რასაც მიაღწია კიდეც. 1867 წ. ივნისის დასაწყისში გადასახლების პროცესი დასრულდა. თურქეთის ხელისუფლებამ, შეთანხმებისამებრ, მუჰაჯირები რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან შორს დაასახლა _ ნაწილი ანატოლიაში, ხოლო ნაწილი ბალკანეთში, ძირითადად ბულგარეთში.34
გადასახლების პროცესში დგებოდა მუჰაჯირთა სიები სოფლების მიხედვით, ოჯახების რაოდენობის, ოჯახის თავკაცების სახელისა და გვარის მითითებით, ოჯახის წევრთა (ქალები, კაცები) რაოდენობის ჩვენებით. ამ სიების მიხედვით, სოფ. ფსირცხადან გადასახლდა 51 ოჯახი (210 სული), სოფ. ფოქვეშიდან _ 10 (69 სული. აქედან 9 ოჯახი ფაჩულია _ 65 სული, 1 ოჯახი ჯინჯია _ 4 სული), სოფ. ჭლოუდან _ 125 (539 სული), სოფ. ათარიდან _ 7 (43 სული) და ა.შ. ბიჭვინთის ოლქიდან გადასახლდა 226 ოჯახი (1357 სული), დრანდის ოლქიდან _ 629 ოჯახი (3245 სული), წებელდის ოლქიდან _ 2503 ოჯახი (14740 სული). ამრიგად, აფხაზეთიდან, წებელდა_დალთან ერთად, გადასახლდა არა დაგეგმილი 4500, არამედ 3358 ოჯახი, 19342 სული.35
1867 წ. აგვისტო-სექტემბერში სოხუმის ოლქის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვ. გეიმანმა შემოიარა მისდამი რწმუნებული მხარე. 26-28 სექტემბერს ის იყო წებელდასა და დალში. მხარე თითქმის მთლიანად იყო «გაწმენდილი» ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ვ. გეიმანმა ნება დართო მიხეილ მარშანს 17 ოჯახთან ერთად, რომლებმაც კოდორის ადიდების გამო ვერ მოახერხეს თურქეთში წასვლა, გაზაფხულამდე დარჩენილიყვნენ აქ.36
კავკასიის მთიელთა სამმართველოს ცნობით,37 1867 წ. ნოემბრისათვის სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) მოსახლეობა ოლქების (округ) მიხედვით ასეთი იყო:

თითქმის მთლიანად «გაიწმინდა» წებელდა და დალი, რაც გამოწვეული იყო ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობით. ამ თემების თითქმის 15 ათასიანი მოსახლეობა თავიანთი სამკვიდროდან აყარეს და უცხოეთში გადაასახლეს. 1868 წლის მონაცემებით, წებელდაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო დალში _ არცერთი.38 აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობის შემდეგ სულ მალე, 1874 წელს კავკასიაში ჩამოვიდა ინგლისელი მოგზაური გროვე. იგი ყარაჩაიდან გადმოვიდა კოდორის ხეობაში. ინგლისელი მოგზაური მოიხიბლა კოდორის ხეობით: «ძნელია ნახო უფრო დიდებული და მშვენიერი ადგილი, ვიდრე მდელოთი დაფარული სივრცე და ტყეები, რომელზეც კოდორი მიედინება», _ აღფრთოვანებით წერს იგი. მაგრამ მოგზაურს სევდა და ნაღველი იპყრობს როცა ხედავს, რომ აქ ადამიანის ყოფნის არავითარი კვალი არ ჩანს _ «ხეობის ზემო წელი სრულიად უკაცრიელი იყო», _ აღნიშნავს იგი.39
1867 წელს აფხაზთა მუჰაჯირობის გამო დაცარიელებული მიწა-წყლის დასახლებისა და სოხუმის სამხედრო განყოფილების მმართველობის შემდგომი ცენტრალიზაციის აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა ახალი ადმინისტრაციული რეფორმის გატარება, რომელიც 1868 წლის მაისში განხორციელდა. გამსხვილდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. შეიქმნა ორი ოლქი (округ) _ ბიჭვინთის ოლქი, რომელიც შედგებოდა გუდაუთისა და გუმისთის უბნებისაგან, და ოჩამჩირის ოლქი, რომელიც შედგებოდა კოდორისა და სამურზაყანოს უბნებისაგან. წებელდაში, რომელიც განსაზღვრული იყო მთლიანად კოლონიზაციისათვის, დასახლებათა მზრუნველობა (попечительство) შეიქმნა.40 ასეთმა ადმინისტრაციულმა დაყოფამ 1883 წლამდე იარსება.
სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი მდ. ბეგერეფსთაზე (ხოლოდნაია რეჩკა) გადიოდა, სადაც მას ყუბანის ოლქის შავი ზღვის ოკრუგი ესაზღვრებოდა;41 სამხრეთ-აღმოსავლეთით _ მდ. ენგურზე, ხოლო ჩრდილოეთით _ კავკასიონის ქედზე.

ლიტერატურა:

1 სცსსა, ფ. 5, აღწ. 1, ს. 7506, ფურც. 41.
2 იქვე, ფურც. 47-48.
3 სცსსა, ფ. 416, აღწ. 3, ს. 177, ფურც. 48; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 250-252.
4 ს. ჯანაშია, გიორგი შარვაშიძე, გვ. 7.
5 იქვე.
6 იქვე. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებას სურდა კაზაკებით არამარტო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსა და აფხაზეთის, არამედ სამეგრელო-გურია-იმერეთის დასახლებაც. სათანადო პროექტი 1865 წ. შედგა კავკასიის არმიის შტაბში, საიდანაც შესაბამისი მოხსენება გაეგზავნა ხელისუფლებას. მასში ნათქვამია: «… прилегающие (к) Черному морю области Мингрелия, Имеретия, Гурия, в которых русские никогда не вели войны с народом, но явились освободителями сначала от иго турок, потом от самовластия владетелей и, наконец, от крепостной зависимости, _ исповедуют одну и ту же веру и имеют искренные симпатии к России. Поэтому, правительство встретит здесь полную готовность слиться с Россией, и, несмотря на различие языка подобно Бретани, Провансу и др. провинциям Франции, составит русские области, которые будут гордиться именем русского. Обращение Гурии, Мингрелии, Имеретии в русские области стоит того, чтобы о нем позаботиться, тем более, что с ожидаемим разрешением крестьянского вопроса наступает самое благоприятное для него время. Но для этого, _ имея пример Грузии (აღმ. საქართველო, – ბ. ხ.), Абхазии и др. областей Кавказа, которые были некогда в таких благоприятных условиях, не должны искусственно возвыщать туземный элемент в ущерб русскому, но, напротив, должны быть приняты самые решительные меры к обрусению этих областей» (ტრ. ხუნდაძე, ცარიზმის საკოლონიზაციო…, გვ. 160).
შავი ზღვის აღმ. სანაპიროს _ აფხაზეთს, სამეგრელოს, გურიასა და იმერეთის,б_ კაზაკებით დასახლების განზრახვა მაშინ ვერ შესრულდა. რუსული კოლონიზაცია კავკასიაში მხოლოდ იქ გახდა შესაძლებელი, სადაც ხანგრძლივი ომის შედეგად მოსახლეობა გაჟლიტეს, ან თავიანთი სამკვიდროდან აყარეს და გადაასახლეს (შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო, ადიღე, ბარის ჩეჩნეთი). საქართველოს კოლონიზაცია რუსეთმა ვერ შეძლო, რადგან აქ ომით დაპყრობას ადგილი არ ჰქონია და ვერც მოსახლეობის აყრა და გადასახლება მოახერხა.
7 სცსსა, ფ. 416, აღწ. 3, ს. 177, ფურც. 78; Очерки истории Абхазской АССР, ч. 1, გვ. 199-201; Г. А. Дзидзария, Присоединение Абхазии к России, გვ. 67. აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე, რომელიც მაშინ ავადმყოფობდა და ითხოვდა საცხოვრებლად საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დატოვებას, 1864 წ. ნოემბერში ვორონეჟში გადაასახლეს, სადაც 1866 წ. 16 აპრილს გარდაიცვალა. მაისის თვეში მისი ნეშტი ჩამოასვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს («Кавказ», 1866, № 68).
8 История Абхазии, გვ. 87.
* Ив. Аверкиев, С северо-восточного прибрежья Черного моря, V, «Кавказ», 1866, № 76
9 Г. А. Дзидзария, Восстание 1866 года в Абхазии, Сухуми, 1955.
10 «Кавказ», 1866, № 76; В. Маевский, Кутаисская губерния…, გვ. 66; С. Эсадзе, Историческая записка…, გვ. 275; Очерки истории Абхазской АССР, ч. 1, გვ. 199-201; История Абхазии, გვ. 89; Г. А. Дзидзария, Присоединение…, გვ. 63-70.
11 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 21; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 283.
12 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 21.
13 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 284.
14 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 74; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 284.
15 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 19; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 284.
16 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 285.
17 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 284-285.
18 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 4-6; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 283.
19 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 285-286.
20 იქვე, გვ. 286.
21 სცსსა, ფ. 545, აღწ. I, ს. 91, ფურც. 115; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 286.
22 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 288.
23 გაზ. «დროება», 1867, №23. აღსანიშნავია, რომ ბიჭვინთის ოლქის მცხოვრებლებმა 1868 წ. თხოვნით მიმართეს სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს გენერალ ვ. გეიმანს, ოლქის უფროსად მაიორ დ. ჭავჭავაძის დატოვების შესახებ, რომელსაც ძალიან ემადლიერებოდნენ, განსაკუთრებით, 1867 წლის მუჰაჯირობის დროს დაკავებული პოზიციის გამო (სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 324, ფურც. 5-11).
* ამბროსი ხელაია (1866-1927), საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. XIX ს. მიწურულს მღვდლად იყო სოხუმში; შემდეგ სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში. 1919-1921 წწ. იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 1921-1927 წწ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი.
24 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 27; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 282.

25 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 28.
26 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 279-280.
27 იქვე, გვ. 280.
28 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 1; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 281.
29 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 301, ფურც. 1-6.
30 იქვე, ფურც. 63.
31 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 301, ფურც. 58.
32 იქვე, ფურც. 5; Ш. Чхетия, Документы…, т. 1, ч.1, გვ. 75.
33 იხ. Ш. Чхетия, Документы…, იქვე, გვ. 118-119. აღსანიშნავია, რომ ყიზილბეკ ხრიფს-იფა მარშანი იყო აფხაზური მილიციის ოფიცერი. მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისათვის 1863 წ. თებერვალში მას პოდპორუჩიკის ჩინი ებოძა («Кавказ», 1863, № 20).
34 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 287-289. თურქეთში გადასახლებული აფხაზები თავდაპირველად კომპაქტურად დასახლდნენ და თავიანთ დასახლებებს ის სახელები შეარქვეს, საიდანაც იყვნენ გადმოსახლებულები. ასე გაჩნდა თურქეთში სოფლები: ააცი, ანხუა, გუფ, ჯგერდა, ჭლოუ, დალ, აჭანდარა, უარჩა, ეშერა, აბჟაყვა, გუმა, წაბალ, აკაფა და სხვ.. სოფლების მთელი რიგი სახელები დაკავშირებული იყო აფხაზურ საგვარეულო სახელებთან: ცგუაა (ცგუას გვარის სოფელი), ტვანიქითა (ტვანბების სოფელი), აუბლაარქითა (აუბლას გვარის სოფელი), აშვიქითა (აშუბას გვარის სოფელი) და სხვ. სოფლების სახელები დაკავშირებული იყო აგრეთვე საკუთარ სახელებთან: თაფშიქითა (თაფშის სოფელი), კადირიქითა (კადირის სოფელი) და სხვა (С. Басариа, Абхазия…, gv. 107; Ш. Д. Инал-Ипа, Зарубежные абхазы, გვ. 40-44). აფხაზთა კომპაქტური დასახლება თურქეთის ხელისუფლებას მრავალ პრობლემას უქმნიდა და ხელს უშლიდა მუჰაჯირთა გათურქების პროცესს, ამიტომ თურქეთის ხელისუფლებამ შემდეგ უკვე მუჰაჯირები გაფანტულად დაასახლა. მართალია, თურქეთში ამჟამად ოფიციალურად არ არის აფხაზური ტოპონიმები, მაგრამ მუჰაჯირთა შთამომავლები თავიანთი განსახლების ადგილებს კვლავაც აფხაზურ სახელებს უწოდებენ (Ш. Д. Инал-Ипа, Зарубежные абхазы, გვ. 43-44).
35 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 191, ფურც. 191, 195, 197, 199, 203, 205, 250.
36 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 252, ფურც. 2.
37 Сборник статистических сведений о Кавказе, т. 1, отд. II, გვ. 39.
38 იქვე.
39 Грове, Холодный Кавказ, გვ. 212.
40 С. Эсадзе, Историческая записка…, გვ. 279; История Абхазии, გვ. 89-90; С. Лакоба, Очерки…, გვ. 32.
41 А. Н. Дьячков _ Тарасов, Гагры…, გვ. 83.

წიგნიდან “აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა”, გამომცემლობა არტანუჯი. თბილისი, 2004

http://burusi.wordpress.com/2010/03/21/bejan-khorava-4/

ავტორი: Levan Ramishvili

Defender of the truth, the good, and the beautiful. An admirer of perennial philosophy. An advocate of natural law and liberty.

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.