ლაშა ბაქრაძე: ქართველები გერმანელების მხარეზე მეორე მსოფლიო ომში

2005 წელს მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან 60 წელი შესრულდა. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა ჩემი მოხსენება, რომელიც გოეთეს ინსტიტუტში წავიკითხე. მოხსენება ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს პროპაგანდას როგორც გერმანიის, ისე საბჭოთა კავშირის მხრიდან. მოგეხსენებათ, პროპაგანდის მეთოდიკა და ტექნოლოგიები თავისთავად არის საინტერესო თემა.

ბავარიის მთავარ სახელმწიფო არქივში (მიუნხენი) კავკასიასა და საქართველოში პროპაგანდისთვის გამიზნულ, ნაცისტურ პლაკატებს წავაწყდი და სურვილი გამიჩნდა, ისევ დავბრუნებოდი ჩვენში ჯერ კიდევ თითქმის უცნობ თემას _ გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას, კოლაბორაციას მეორე მსოფლიო ომში.

ბავარიის არქივის პლაკატების ასლების და ეროვნული ბიბლიოთეკის ომისდროინდელი საბჭოთა პლაკატების გამოფენა გოეთეს ინსტიტუში 9 მაისს გაიხსნა. მასში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაც მონაწილეობდა, რომელშიც ომისდროინდელი საბჭოთა პლაკატების საინტერესო კოლექცია ინახება. გამოფენილ პლაკატთა შორის, სამი სპეციალურად საქართველოსთვის იყო გაკეთებული. სულ ვიპოვე 6 გერმანული პლაკატი, რომელიც სპეციალურად კავკასიაში პროპაგანდისთვის დაიბეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა ვერ მოასწრეს საქართველოს დაპყრობა და კავკასიაში მხოლოდ რამდენიმე უღელტეხილის დაკავება მოახერხეს, პროპაგანდისთვის კარგად მომზადებული იყვნენ (იხ. I პლაკატი). შემდეგ სურათზე კარგად ჩანს, როგორ დებენ ფიცს ქართველები გერმანულ დროშაზე. ახლა დავუბრუნდეთ მოხსენებას:

1941 წლის 22 ივლისს იოზეფ გოებელსმა გერმანელ ხალხს ფიურერის მოწოდება წაუკითხა რადიოში (სხვათა შორის იმავე დღეს, საბჭოთა კავშირშიც მოლოტოვმა და არა სტალინმა მიმართა საბჭოთა ხალხს.):

“…გერმანელო ხალხო! ამ მომენტში მიმდინარეობს შეტევა, რომელიც გაშლილობითა და მასშტაბით უდიდესია მსოფლიოს ისტორიაში… ამიტომ მე გადვწყვიტე, გერმანიის იმპერიის და ჩვენი ხალხის ბედი და მომავალი ისევ ჩვენს ჯარისკაცებს მივანდო. დაე, ღმერთი იყოს ჩვენი მშველელი სწორედ ამ ბრძოლაში!‘

გერმანია-საბჭოეთის ხელშეკრულების შემდეგ დამდგარი 22 თაფლობის თვე დამთავრდა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. თავის მოკავშირე ბენიტო მუსოლინის ჰიტლერმა 21 ივნისს, ომის წინა დღეს, აცნობა საბჭოეთზე თავდასხმის გადაწყვეტილება: “ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ ამ ტანჯვისგან (გულისხმობდა “მეგობრობის» თვეებს) გავთავისუფლდი». ჰიტლერი არ ენდობოდა მუსოლინის და სწორედ ამიტომ შეატყობინა ომის დაწყება წინა დღეს. ჰიტლერს ეწინააღმდეგებოდნენ მთელი რიგი გენერლები _ ახსენებდნენ ბისმარკის ანდერძს იმის თაობაზე, რომ გერმანიამ არასდროს არ უნდა დაიწყოს ომი ერთდროულად ორი მიმართულებით. ასეთი ტოტალური რეჟიმებისთვის დამახასიათებელია ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და, მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა, ომისთვის მზადება დაიწყო. ჰიტლერმა ეს ომი პრევენციულად გამოაცხადა. მისი განმარტებით, თუ გერმანია თავს არ დაესხმებოდა საბჭოთა კავშირს, მაშინ საბჭოთა კავშირი დაასწრებდა. აქედან იღებს სათავეს ლეგენდები იმის შესახებ, თითქოს, პირველად საბჭოთა კავშირი დაესხა თავს გერმანიას. ცნობილია “ყინულმჭრელის» თეორია, რომელიც სსრკ-დან გაქცეულმა უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა სუვოროვმა (ფსევდონიმია) დაწერა. ასეთი მოსაზრება 1941 წლისთვის არსებობდა, თუმცა, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სტალინს 22 ივლისამდე არ სჯეროდა, რომ გერმანია თავს დაესხმებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ფარულად მაინც ემზადებოდა _ ომის დაწყებისას საზღვარზე თანაბარი ძალები იყო. ამ ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისშივე გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპა და ახლა ორი ტოტალიტარული რეჟიმი ერთმანეთის პირისპირ იდგა. ჰიტლერის გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსათვის რუსეთი და კავკასია უნდა აეღოთ და ურალამდე მისულიყვნენ. გერმანია მომზადებული არ იყო იმისთვის, თუ როგორ უნდა განეხორციელებინა მმართველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამაგიეროდ მომზადებულნი იყვნენ ის პიროვნებები, რომლებიც, ომის მოგების შემდეგ, თანამდებობებზე უნდა დანიშნულიყვნენ.

1940 წლის ივლისიდან გერმანია აღმოსავლეთში ომისთვის ემზადებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს, გენერალური შტაბის და სხვა უწყებების მაღალჩინოსანთა გაფრთხილებების მიუხედავად, ფიურერის 1940 წლის 18 დეკემბრის სრულიად საიდუმლო ბრძანებით “ოპერაცია ბარბაროსა» (საბჭოთა კავშირზე თავდასხმა) გადაწყვეტილი საქმე იყო.

“როცა ბარბაროსა დაიწყება მსოფლიო სუნთქვას შეიკრავს» _ ადოლფ ჰიტლერი.

ჰიტლერი დარწმუნებული იყო ჩქარ გამარჯვებაში და ოკუპირებული ტერიტორიების მოწყობაზე, მოსახლეობის ბედზე, მათ გადმოსაბირებლად ან მათ შორის პროპაგანდის წარმოებაზე ფიქრით თავს დიდად არ იწუხებდა. 1941 წლის 30 მარტს ჰიტლერმა 250 გენერლის წინაშე მომავალი ომი “ორ მსოფლმხედველობას შორის ბრძოლად» და “გამანადგურებელ ომად» გამოაცხადა. ის ითხოვდა “ბოლშევისტური კომისრებისა და კომუნისტური ინტელიგენციის განადგურებას». მაგრამ ამ გეოპოლიტიკურ “საცხოვრებელ სივრცეში» (Lebensraum) კავკასია არ მოიაზრებოდა, ერთი ზოგადი გეგმა არ არსებობდა. ამის გამო, გერმანიის სხვადასხვა უწყებები თავიანთ “კავკასიურ გეგმებს» ადგენდნენ.

დაპირისპირება გერმანულ უწყებათა შორის კავკასიის მაგალითზე

ჰიტლერმა ჯერ კიდევ 1933 წელს გერმანელი ოფიცრების წინაშე გერმანიის მომავალ მიზნად “აღმოსავლეთში საცხოვრებელი სივრცის» მოპოვება და მისი გერმანიზირება დასახა. ეს ეთნო-სოციალ-დარვინისტული საფუძვლის მქონე გეოპოლიტიკური კონცეფცია, რომელიც ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცა, მიზნად ისახავდა საბჭოთა ტერიტორიიდან რასობრივად არასასურველი, 30 მილიონამდე აბორიგენის გაძევებას (პრაქტიკულად კი ამოწყვეტასაც) და აქ გერმანელების დასახლებას. (მართალია, ეს საკითხი არც გერმანელ ხალხთან იყო შეთანხმებული _ აღმოსავლეთში გადასახლების მსურველი ძალიან ცოტა თუ იქნებოდა.) ჰიტლერი იმდენად იყო შეპყრობილი ამ იდეით, რომ 1945 წლის 29 აპრილს, თვითმკვლელობის წინა დღეს, თავის უკანასკნელ მიმართვაში არმიას ისევ “აღმოსავლეთში საცხოვრებელი სივრცის» მოპოვებისკენ მოუწოდებდა. გერმანელების უხეში, პრიმიტული, რასისტული იდეოლოგიით გაჟღენთილი პოლიტიკა გერმანიის დამარცხების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი გახდა.

საინტერესოა ერთი რამ: მიუხედავად იმისა, რომ ძირითად გადაწყვეტილებებს ჰიტლერი იღებდა, მისადმი დაქვემდებარებულ სამინისტროებში დიდი დაპირისპირება იყო. გერმანიის ხელისუფლება არ უნდა წარმოვიდგინოთ ერთ მონოლითურ ძალად. კომპეტენციები კარგად გამიჯნული არ ყოფილა – ნაციონალ-სოციალისტურ პარტიასა და სხვადასხვა უწყებათა შორის კონკურენცია უფრო სუფევდა, ვიდრე თანამშრომლობა. ომის დროს გერმანულ უწყებათა და მათ ხელმძღვანელთა შორის, განსაკუთრებით აღმოსავლეთის პოლიტიკაში, გაჩნდა დაპირისპირება. შეიძლება ითქვას, მტრობაც. პატარა ფიურერები ერთმანეთს ექიშპებოდნენ დიდი ფიურერის წინაშე თავის გამოჩენისა და გავლენათა სფეროს გაფართოების მიზნით. გარდა ამისა, თუ ჰიტლერის მთავარი არქიტექტორისა და ომისდროინდელი შეიარაღების მინისტრი ალბერტ შპეერის სიტყვებს მოვიშველიებთ _ «დამოკიდებულება სხვადასხვა მაღალჩინოსან ფიურერს შორის შესაძლებელია გასაგები გახდეს მხოლოდ მაშინ, თუ მათ ფიქრსა და მიზნებს ავხსნით, როგორც ბრძოლას ჰიტლერის მემკვიდრეობისთვის».

კავკასიასთან დაკავშირებით სამი რამ იყო ომის დასაწყისში ცხადი: გერმანიას სჭირდებოდა კავკასიის ნავთი (გროზნო და ბაქო), რასისტული თეორიის თვალსაზრისით, კავკასია ძირითადად არიელებით იყო დასახლებული (სომხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა) და კავკასიელების გადასახლება არ იგეგმებოდა.

ომის დაწყებისას, ჰიტლერმა თქვა:

“კავკასია, თუ მისი ნავთის მიღება გვინდა, უმკაცრესი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ავიყვანოთ. რადგანაც, სხვა პირობებში, ამ სისხლის აღებით დაორსულებულ სივრცეში, ტომებს შორის მტრობა შეუძლებელს გახდის ყოველგვარ სარგებლიან ექსპლუატაციას».

ვინ იყვნენ ის ქართველები, რომლებიც, მეტ-ნაკლებად ახდენდნენ გავლენას გერმანიის პოლიტიკაზე? ნაციზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, ომის დაწყების შემდეგ ოკუპირებული აღმოსავლეთის ტერიტორიების მინისტრი, ბალტიელი გერმანელი ალფრედ როზენბერგი1 კარგად იცნობდა ემიგრანტულ წრეებს და გარკვეულწილად, მათ გავლენასაც განიცდიდა. ყოფილი საბჭოთა ტყვეები, ძირითადად, ომის შუა პერიოდში შემოვიდნენ სცენაზე. როზენბერგთან განსაკუთრებით დაახლოებული ალექსანდრე ნიკურაძე იყო. მას გერმანელი ცოლი ჰყავდა და კარგად იცნობდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ნიკურაძე გერმანიის მოქალაქე და 1934 წლიდან ნაცისტური პარტიის წევრი, განათლებით ელექტროფიზიკოსი იყო, მაგრამ ჰაუსჰოფერითა და შპენგლერით გატაცებული ბუნებისმეტყველებისა და გეოპოლიტიკის შეთავსებას ცდილობდა. ძველმა ნაცნობმა, ალფრედ როზენბერგმა მას “კონტინენტალური ევროპის კვლევის ინსტიტუტი» შეუქმნა, სადაც ამ თემის კვლევას აწარმოებდნენ ჰაუსჰოფერის თეორიის ჭრილში. როზენბერგს ძალზე მოსწონდა ნიკურაძის შეხედულებები. ნიკურაძის თანამოაზრე იყო მისი ძმაც, იოანე.

ალექსანდრე ნიკურაძე ფსევდონიმით _ “ა. ზანდერსი» _ რამდენიმე გეოპოლიტიკური შინაარსის წიგნის ავტორია, მათ შორის, წიგნისა “კავკასია» (სამჯერ გამოიცა: მიუნხენი 1938, 1942, 1944), რომელშიც ის კავკასიისთვის საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოაჩენს. მისი წარმოდგენით, საქართველოს, როგორც ცენტრალურსა და პოლიტიკურ, ყველაზე უნარიან ქვეყანას, კავკასიაში იგივე როლი ენიჭებოდა, როგორც გერმანიას ევროპაში. მის გავლენას უნდა მივაწეროთ როზენბერგის პროქართული შეხედულებები _ იგი, ჯერ კიდევ 1927 წელს ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას კავკასიის რუსეთისგან გამოყოფას, ხოლო 1941 წლის აპრილში წერდა, რომ “კავკასიის ხალხებს შორის ქართველები ისტორიულად უთუოდ წამყვანები იყვნენ» და ამიტომ “ქართველები, შეიძლება ითქვას, მასპინძელი ხალხი უნდა გახდეს კავკასიური სახელმწიფოების კონფედერაციისა, … რომლებმაც შესაძლებელია გერმანიას სთხოვონ მათი კულტურული და ეროვნული არსებობის დაცვა». რასაკვირველია, გერმანია ასეთ პასუხისმგებლობას არ გაექცეოდა. როზენბერგის წარდგინებით, 1941 წლის 16 ივლისს, ჰიტლერმა კავკასიის მომავალ რაიხსკომისრად როზენბერგივით ბალტიელი გერმანელი, არნო შიკედანცი დანიშნა. (ცოტა არ იყოს, უცნაურია, რომ წითელი კომისრების განადგურებისკენ მოწოდებების მიუხედავად, გერმანელები იგივე სიტყვას ხმარობდნენ. ეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის უნდობლობასაც იწვევდა). ეს პრიმიტიული რასისტი, საშუალო დონის ჟურნალისტი და უნიათო მოხელე შიკედანცი ნიკურაძის გავლენის ქვეშ იყო და ომის დროს სხვა არაფერი გაუკეთებია საკუთარი საგუბერნატორ-საკომისრო სასახლის გეგმების შედგენის გარდა, რომელიც, რასაკვირველია, კავკასიის დედაქალაქ თბილისში უნდა წამოეჭიმათ. შიკედანცს, ომის დროს, ფეხი არ დაუდგამს კავკასიაში2. სამწუხაროდ, ამ სასახლის გეგმა არ მოგვეპოვება.

როზენბერგს იმდენად სჯეროდა ალექსანდრე ნიკურაძის, რომ 1944 წელს (!) დაავალა, მთელი შტაბით პარიზში გადასულიყო ფრანგ მოაზროვნე საზოგადოებაში როზენბერგის ევროპული იდეების საქადაგებლად. ამ დროისთვის გერმანელები ხედავდნენ, რომ პრობლემები იქმნებოდა და ომი მათთვის ცუდად დამთავრდებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ ცოტა ადამიანი მოელოდა გერმანიის ასეთ სასტიკ დამარცხებას.

აღმოსავლეთის სამინისტროს (ასე ერქვა შემოკლებით როზენბერგის სამინისტროს) პროქართული განწყობა ძალიან აღელვებდათ სხვა კავკასიელ ემიგრანტებს, რომელთა შორის ისედაც დიდი აზრთა შეხლა-შემოხლა იყო კავკასიის მომავლის თაობაზე. ზოგი ფედერაციის, ზოგიც კონფედერაციის, სხვები კი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბების ან კიდევ პროთურქული ორიენტაციის მომხრენი იყვნენ. მათ აზრს ისედაც არავინ უგდებდა ყურს გერმანულ უწყებებში. განსხვავებით პირველი მსოფლიო ომის პერიოდისგან, ემიგრანტულ გაერთიანებებს ნაცისტები თავიდანვე უნდობლობით ეკიდებოდნენ, გერმანია-საბჭოთა კავშირის პაქტის დროს მათი მოქმედება უაღრესად შეიზღუდა, ომის დაწყების შემდეგ კი, ფაქტობრივად, აიკრძალა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჰიტლერს არ სურდა ემიგრანტებთან თანამშრომლობა და გამარჯვების სხვასთან განაწილება. ნაცისტებს არ სიამოვნებდათ ულტრამემარჯვენე ემიგრანტთა მიერ ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება და კრძალავდნენ ამას, ისევე როგორც უნიფორმების და ორდენების ქუჩაში ტარებას ან ემიგრანტთა შორის ნაცისტურ მიმართვებს (მაგ. : Parteigenosse-ამხანაგო), ხოლო გერმანიის მოქალაქეებს ემიგრანტული ორგანიზაციების წევრობა ეკრძალებოდათ.

მაგრამ, 1941 წელსვე, ტყვეთა ბანაკებში პროპაგანდა დაიწყო მათი გადმობირებისათვის. ქართველი ემიგრანტები 1941 წლიდან აფრთხილებდნენ გერმანელებს, რომ ყურადღებით მოპყრობოდნენ ტყვეებს. მიუხედავად ამისა, ტყვეებს იმდენად ცუდ პირობებში ამყოფებდნენ (ბანაკებში მასობრივად იხოცებოდნენ ტყვეები, გერმანიის მხარე არ აღმოჩნდა სათანადოდ მომზადებული), რომ მათი გადმობირება შემდგომში გაძნელდა.

როზენბერგის მიხედვით, კავკასიური ფედერაცია თანასწორი პარტნიორი უნდა ყოფილიყო “შავიზღვისპირეთის სახელმწიფოთა გვირგვინში», რასაკვირველია, გერმანიის ხელმძღვანელობით. კავკასია, უკრაინა, რუმინეთი და კაზაკთა ტერიტორია ევროპის “გაგრძელება» გახდებოდა, როგორც თავის დროზე გოთების სახელმწიფო იყო. (ნაცისტი ფიურერების ევროპული რიტორიკა, თუ რასისტულ გადახვევებს ამოვიღებთ, დიდად წააგავს დღევანდელი ევროპელი ლიდერების პროევროპულ სიტყვებს). მაგრამ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ნათელი მომავალი, პირველი ეტაპი მაინც მკაცრი გერმანული კონტროლი უნდა ყოფილიყო და რაიხსკომისარიატის სტატუსი კავკასიისთვის, ისე როგორც უკრაინისთვის, მოსკოვეთისთვის და ოსტლანდისთვის (ბალტიის ქვეყნები ბელორუსიითურთ) დიდად სახარბიელო არ იყო. ომის პირობებში, აღმოსავლეთის სამინისტროს გეგმებით დიდად თავს არავინ იწუხებდა.

გერმანულ წრეებში მეორე გავლენიანი ქართველი მიხეილ ახმეტელი იყო, რომელიც, ძმები ნიკურაძეებისა და მრავალი სხვა ქართველის მსგავსად, 1920 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის სტიპენდიით უცხოეთში წავიდა სასწავლებლად. იგი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს გერმანიაში საქართველოს წარმომადგენლის, გასაბჭოების შემდეგ ქართული ემიგრაციის ხელმძღვანელის, შემდეგში კი კავკასიის სამეკავშირეო კომიტეტის, გნებავთ შტაბის (გერმანულად: Verbindungsstab) – ანუ მთელი კავკასიური ემიგრაციის წარმომადგენლობის თავმჯდომარე _ ვლადიმერ ახმეტელის ძმისშვილი იყო. ის საბჭოთა ეკონომიკის (პირველ რიგში სოფლის მეურნეობის) სპეციალისტი გახდა და შემდგომი ბრესლაუს (პოლონურად: ვროცლავი) სახელგანთქმულ აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტში მუშაობდა. ეს ინსტიტუტი იმ დრისოთვის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის საუკეთესო ინსტიტუტი იყო. როგორც ჩანს, ადრიდანვე კარგი ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა დონის ნაცისტ მოხელეებთან, რომლებიც მას საბჭოეთის საუკეთესო ექსპერტად მიიჩნევდნენ. ქართველ ემიგრანტს ჰიმლერთანაც ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მისი საკონტაქტო პირი მაინც ჰაიდრიხი იყო. ჰაიდრიხი ნამდვილი ინტელექტუალი იყო, რაც ხელს არ უშლიდა ბოროტმოქმედებაში. მას ჰიმლერის ტვინსაც უწოდებდნენ. ანეგდოტიც არსებობდა ოთხი H-ს შესახებ _ Himmlers Hirn heisst Heydrich – ჰიმლერის ტვინს ჰაიდრიხ ჰქვია. 1937 წლის დასაწყისში, სს-ის მაღალჩინოსნებისა და ახმეტელის შეთანხმებისამებრ, სს-ის და გესტაპოს მოხელეებმა გერმანიის ყველაზე დიდი რუსეთ-საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის ბიბლიოთეკა პირწმინდად გაწმინდეს (გაქურდეს) და მისი 33 ათასზე მეტი ტომი ბერლინში გადმოიტანეს, სადაც საბჭოთა კავშირის კვლევის ინსტიტუტი – შენიღბვის მიზნით “არქეოლოგიური კვლევის ცენტრის‘ სახელქვეშ შექმნეს. ამ ინსტიტუტის შეფი მიხეილ ახმეტელი გახდა. ახმეტელს გერმანელი ცოლი ყავდა, გერმანიის მოქალაქე და 1937 წლიდან ნაცისტური პარტიის წევრი იყო, გერმანელობდა და ქართველებთან კონტაქტს ერიდებოდა. ამბობენ, რომ სს-ში მხოლოდ იმიტომ არ შევიდა, რომ შემოთავაზებული ჩინი იუკადრისა. ის არ უყვარდათ ქართველებს და სძულდათ გერმანელ მეცნიერებს, რომლებიც მას დილეტანტიზმში, კოლეგათა დასმენებში და მაქინაციებში ადანაშაულებდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და ემიგრანტები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ომის დასაწყისში ცდილობდა აღმოსავლეთის მიმართულებით გავლენა მოეხდინა. ეკონომიკისთვის პასუხისმგებელი გიორინგის მთავარი მიზანი კი იყო ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკური ექსპლუატაცია, რომელიც მისი ხელმძღვანელბით ტარდებოდა. როდესაც კავკასიას მიუახლოვდნენ, გერმანელები მიხვდნენ, რომ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არასწორ პოლიტიკას აწარმოებდნენ. მაგალითად, უკრაინელები გერმანელებს თავიდან როგორც გამანთავისუფლებლებს შეხვდნენ, მოგვიანებით კი, რასისტული პოლიტიკის გამო, ჩამოშორდნენ მათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველებს გულშემატკივრობდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო მცოდნე, გრაფი ვერნერ ფონ დერ შულენბურგი. ის პირველ მსოფლიო ომამდე თბილისში გერმანიის კონსული იყო, ომის დროს ქართველ ემიგრანტებთან თანამშრომლობდა და საქართველოს დამოუკიდებ ლობის პერიოდში გერმანიის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი იყო საქართველოში. შულენბურგი იყო გერმანიის ბოლო ელჩი მოსკოვში, იგი რუსეთთან გერმანიის ომის წინააღმდეგი იყო და სტალინის გაფრთხილებასაც კი ცდილობდა. შულენბურგი, 1944 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, ღალატის ბრალდებით, სიკვდილით დასაჯეს.

შულენბურგი კარგად ხედავდა ომის პირობებში საბჭოთა კავშირის ქვეყნების ემიგრანტებთან ურთიერთობის აუცილებლობას. მისი ინიციატივით, ბორმანის, როზენბერგისა და სხვათა წინააღმდეგობის მიუხედავად, 1941 წელს, აპრილ-მაისში, ბერლინის სასტუმრო “ადლონში» ემიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფების კონფერენცია მოეწყო. მას შემდეგ, რაც როზენბერგის (და მის ზურგს უკან ნიკურაძის) ჩარევის შედეგად, ჰიტლერმა თავყრილობა აკრძალა, შულენბურგის

მოწინააღმდეგეებმა ამ ღონისძიებას დაცინვით “ადლონიადა» უწოდეს. ჰიტლერმა საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საკითხებში ჩარევაც აუკრძალა, სამაგიეროდ, ემიგრანტებთან კონტაქტი შედგა და გერმანული უწყებები მათ ადვილად ვეღარ მოიშორებდნენ თავიდან. ემიგრანტები აღმოსავლეთის სამინისტროს გადააბარეს, სადაც მათ ძირითადად ორ მათდამი განსაკუთრებულად კარგად განწყობილ მოხელესთან ჰქონდათ ურთიერთობა – დოქტორ ოტო ბროიტიგამთან (ყოფილი კონსული) და ორიენტალისტიკის პროფესორ გერჰარდ ფონ მენდესთან.

ადლონის კონფერენციაზე რომიდან ჩამოვიდა ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც შულენბურგის ფავორიტი იყო ჯერ კიდევ დასაარსებელი ქართული კომიტეტის თავჯდომარეობაზე. როზენბერგი მას “დეგენერირებულ არისტოკრატს» ეძახდა და შულენბურგს მის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა. როგორც უკვე ვთქვით, ეს შეკრება, ფაქტობრივად, ჩაშალეს.

“პოლიტიკური ომის საწარმოებლად» გერმანია კარგად მომზადებული არ იყო, მაგრამ გარკვეული უწყებები, რასაკვირველია, ამაზეც მუშაობდნენ.

როგორც მოგახსენეთ, გერმანელები მიხვდნენ, რომ კავკასიაში არ გამოადგებოდათ ისეთი პოლიტიკა, როგორსაც სლავებით დასახლებულ ტერიტორიაზე ატარებდნენ. 1941 წლამდე ვერმახტი არაოფიციალურად ცდილობდა ემიგრანტების გადმობირებას, 1941 წლიდან კი ოფიციალურად დაუშვა მათი და საბჭოთა ტყვეებისგან შემდგარი ლეგიონების შექმნა. 1942 წელს შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის ლეგიონი, ჩამოყალიბდა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ლეგიონები, ასევე, შერეული ლეგიონიც, მაგალითად, “ბერგმანი». მასში გაერთიანებული იყვნენ სხვა კავკასიელებიც, ნახევარი გერმანელი და ნახევარი ქართველი მეომრებისგან შედგებოდა.

“ბერგმანში» მოღვაწეობდა ცნობილი გერმანელი პროფესორი ობერლენდერი, რომელიც მანამდე პრაღაში მუშაობდა. მან ჩამოაყალიბა “ბერგმანი», რომლის შეფიც თავად იყო. იმ პერიოდისთვის, როდესაც გერმანელებმა საქართველომდე მოაღწიეს, თეოდორ ობერლენდერმა რამდენიმე მოხსენება გაუგზავნა ჰიტლერს, რისთვისაც ის ყოვლეგვარ საქმიანობას ჩამოაშორეს. ობერლენდერს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა კავკასიელებთან, მათ იცავდა, მეგობრობდა გივი გაბლიანთან და სხვა ემიგრანტებთან. თავის მოხსენებებში ის აღნიშნავდა, რომ კავკასიის მიმართ პოლიტიკა შესაცვლელი იყო და კავკასიელები მოკავშირეებად უნდა ჩაეთვალათ. მართლაც, ომის დროს, ჩრდილოეთ კავკასიაში ავტონომიური ხელისუფლებები ჩამოყალიბდა და კოლმეურნეობები გაუქმდა. ამ ავტონომიებში ჩერქეზებს, ყაბარდოელებს და სხვა უმცირესობებს სიტყვის უფლება ჰქონდათ. გერმანელებს კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ყალმუხებთან, იმდენად, რომ ყალმუხების უზარმაზარ სტეპს მხოლოდ 500 გერმანელი აკონტროლებდა. ასე რომ, საბჭოთა კავშირის მიერ გამოგონილი პარტიზანული მოძრაობა სინამდვილეში არც ყოფილა კავკასიაში.

გერმანელები თავიდანვე საკმაოდ ადვილად მივიდნენ კავკასიის უღელტეხილებამდე (თუ არ ჩავთვლით ნოვოროსიისკის და … ბრძოლებს). 1942 წლის ზამთარში, როდესაც სტალინგრადთან ბრძოლაში გერმანელები საბჭოთა ჯარმა გაანადგურა, ფაქტობრივად, კავკასიის ფრონტის მოწყვეტის საშიშროება შეიქმნა. გენერალმა კლაისმა, ოპერაციის მეთაურმა (რატომღაც, ამ ოპერაციას BLAU ანუ ლურჯი ერქვა) განაცხადა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, რადგან “მათ უკან ზურგი არ იყო, წინ კი მტერი».

საინტერესოა, რომ მნიშვნელოვანი გერმანელი მწერალი ერნსტ იუნგერი 1942 წლის 12 დეკემბერს კავკასიის მთებში, დღიურში ჩაიწერს, რომელსაც შემდეგში “კავკასიურ ჩანაწერების» სახელით გამოსცემს:

“მშობლიური იყო; ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ასეთ მუხიან ფერდობზე წინათაც ხშირად ვყოფილვარ. კავკასია არა მარტო ძველი განძთსაცავია ხალხების, ენების, რასებისა; მასში, როგორც კიდობანში ასევე ჩასვენებულია ცხოველები, მცენარეები, ლანდშაფტის ხატები ევროპისა და აზიის შორეული მხარეებიდან».

პროპაგანდა

გოებელსის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის სამინისტრომ 1941 წლის აპრილში აღმოსავლეთში ომის მზადებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთის განყოფილების, შემდეგში კი აღმოსავლეთის სივრცის გენერალური რეფერატის შეფის, ცნობილი პროპაგანდისტის, ებერჰარდ ტაუბერტის თაოსნობით შექმნა ახალი სამმართველო კოდური სახელწოდებით “ვინეტა». “ვინეტა» ამზადებდა პროკლამაციებს, პლაკატებს, ფილმებს, ფირფიტებსა და რადიოგადაცემებს აღმოსავლეთში პროპაგანდის მიზნით. ომის წინ, ინფორმაციის გამჟღავნების შიშით, ტაუბერტს თავისი თანამშრომლები ფაქტობრივად დამწყვდეული ჰყავდა. ეს ორგანიზაცია მთელი ომის განმავლობაშიც სასტიკად გასაიდუმლოებული დარჩა.

ომის წინა კვირაში, 10_12 რუსი, უკრაინელი, კავკასიელი, შუააზიელი და საბჭოთა კავშირის სხვა ხალხთა წარმომადგენელი ინტენსიურად იწერდა ფირფიტებზე ტექსტს საბჭოთა ჯარისკაცებისადმი იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების მოწოდებით. პროპაგანდის სამინისტრო სამხედრო ძალებთან თანამშრომლობდა, ვერმახტ-პროპაგანდას განყოფილებასთან. სამხედრო თვითმფრინავები საბჭოთა ტერიტორიაზე ყრიდნენ პროკლამაციებს და ბროშიურებს, 1943 წლიდან კი მტრის ზურგში პროკლამაციების გასავრცელებლად სპეციალურ რაკეტასაც იყენებდნენ. ომის პირველ დღეებში 8 მილიონი პროკლამაცია ჩამოიყარა საბჭოთა ადამიანების თავზე. პროპაგანდაში აღმოსავლეთის სამინისტრო და, ზოგჯერ, საგარეო საქმეთა სამინისტროც მონაწილეობდა. ზოგიერთ პროკლამაციებზე გამოსახული იყო ტყვეობაში მყოფი სტალინისა და მოლოტოვის შვილებიც.

სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, ამიტომ პროპაგანდაზე საუბარს აქ შევწყვეტ და მოხსენების ბოლო ნაწილზე გადავალ.

ქართული სამეკავშირეო შტაბი, რომელიც 1942 წელს შეიქმნა, მთელი ომის განმავლობაში ცდილობდა, აღიარებული ყოფილიყო გერმანიაში საქართველოს წარმომადგენლობად, ემიგრანტულ, განმათავისუფლებელ მთავრობად (როგორც I მსოფლიო ომის დროს). 1945 წლის მარტში, როდესაც გერმანიის დამარცხება ყველასთვის ცხადი გახდა, გერმანიამ აუსრულა სურვილი ქართველებს. ეს ფაქტობრივად, დაცინვა და განაჩენის გამოტანის ტოლფასი იყო. ქართველებთან ერთად, გერმანელებთან მსახურობდნენ ვოლგისპირელი თათრები, თურქისტანელები და ვლასოვის უზარმაზარი არმია. გერმანელებს სურდათ, რომ ვლასოვის არმიაში შესულიყო ყოველი ზემოხსენებული კავკასიური დაჯგუფება, მაგრამ კავკასიელებმა უარი თქვეს ამ წინადადებაზე. ამ შტაბების საერთო სპიკერი იყო მიხეილ კედია. მას, ისევე როგორც გივი გაბლიანს, ყველა გერმანულენოვან წრებში დიდ პატივს სცემდნენ.

გერმანელების მხარეს იყო გადაბირებული ძალიან ბევრი უბრალო ადამიანი _ სამხედრო ტყვეები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ გერმანელებთან მოკავშირეობით საქართველო დამოუკიდებლობას დაიბრუნებდა, ან უბრალოდ, ტყვეთა ბანაკიდან გაღწევა უნდოდათ. ქართველების გადაბირებაში ქართველი ემიგრანტებიც მონაწილეობდნენ. ბევრი მათგანის ბედი ბოლომდე დღესაც არ არის გარკვეული და ეს თემა კიდევ ბევრ მუშაობას მოითხოვს. რაც შეეხება გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, გამოდიოდა გაზეთი “საქართველო» და მისი დამატება ჟურნალი “საქართველო»; იბეჭდებოდა მათი კონკურენტი ჟურნალი, უფრო მაღალი ხარისხისა და შინაარსის გამოცემა “ქართველი ერი»; გამოდიოდა სხვადასხვა წიგნები ქართველი ლეგიონერებისათვის, მაგალითად, “ჩვენი სიმღერები», რომელშიც ძალიან მდარე გემოვნების ლექსები დაიბეჭდა. ლეგიონერებისთვის გამოსცეს შოთა რუსთაველიც. გერმანელები მიიჩნევდნენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ენებს შორის ქართული ენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. გერმანელი ჯარისკაცებისთვის გამოვიდა ილუსტრირებული “გერმანულ-რუსულ-უკრაინულ-ქართული ლექსიკონი». ეს მიგვითითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გერმანელე ბისთვის ქართული ენა რუსულისა და უკრაინულის შემდეგ.

საბჭოთა კავშირის მხარეზე დაახლოებით 700 ათასი ქართველი იბრძოდა, გერმანელების მხარეს კი შეუდარებლად ნაკლები, 32 ათასამდე და, მათ შორის, 500 ემიგრანტი.

ძალიან ბევრმა ქართველმა იცოდა, რომ ჰიტლერი მაშინვე დამოუკიდებელს არ გახდიდა საქართველოს _ მათ სჯეროდათ, რომ ჰიტლერი მუდმივად არ იქნებოდა გერმანიის ლიდერი. მათთვის მთავარი იყო, რუსეთი და ბოლშევიზმი დაემარცხებინათ. ფიქრობდნენ, რომ საქართველო გერმანიის პროტექტორა ტის ქვეშ მყოფი საქართველო უფრო ადვილად გახდებოდა დამოუკიდებელი. რამდენად რეალური იყო მათი ჩანაფიქრი, ეს ჯერ კიდევ კამათის საგანია, მაგრამ მათი დიდი უმრავლესობა ისეთივე თავდადებითა და რწმენით იბრძოდა, როგორც მეორე მხარეს მდგომი ქართველობა. ორივე მოწინააღმდეგე ბანაკში მებრძოლები ერთნაირი პატივისა და გახსენების ღირსნი არიან.

23 ივნისი, 2006 წელი

წყარო: http://www.nplg.gov.ge

 

ავტორი: Levan Ramishvili

Defender of the truth, the good, and the beautiful. An admirer of perennial philosophy. An advocate of natural law and liberty.

2 thoughts on “ლაშა ბაქრაძე: ქართველები გერმანელების მხარეზე მეორე მსოფლიო ომში

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.