მართლმადიდებლები და კათოლიკეები საქართველოში

ნუგზარ პაპუაშვილი

ვიდრე ერთმორწმუნეობის სამოსელი გაირღვეოდა

ქრისტეს ეკლესიის აკვანი, იერუსალიმისა და ანტიოქიის შემდეგ, რომში დაირწა. შეგვიძლია ასეც ვთქვათ: ახალი ერი _ ეკლესია, რომელიც არის წუთისოფელში ჭეშმარიტების სვეტი და სინათლე (1 ტიმ. 3:15), იერუსალიმში დაიბადა, ანტიოქიაში ფეხი აიდგა, ხოლო რომში ცოდნითა და გამოცდილებით განმტკიცდა.

ეკლესიის წევრები და ჯგუფები ერთმანეთს ხშირად არა მხოლოდ ღვთისმეტყველების, არამედ წეს-ჩვეულებათა სხვადასხვაობის საფუძველზედაც უპირისპირდებიან. ასეთი განსხვავებები მეტწილად ადგილმდებარეობით გაყოფილ ეკლესიებს შორის იჩენს თავს, რის გამოც ზოგჯერ ეკლესიათა ურთიერთობა მწვავდება. ასე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რომისა და აღმოსავლეთის ეკლესიები ჯერ კიდევ II-IV საუკუნეებში შობისა და აღდგომის კალენდართან დაკავშირებით (პაპუაშვილი 2002: 77-81). პაპი ბიქტორი, მაგალითად, 190 წელს ეკლესიისაგან განკვეთით დაემუქრა იმ მცირეაზიელ ეპისკოპოსებს, რომლებიც აღდგომას ებრაელთა პასექის თანადროულად დღესასწაულობდნენ. მსგავს პრობლემებს მოგვიანებით უფრო სერიოზული პრობლემებიც დაერთო. IV-VIII სს-ში აღმოსავლეთის ეკლესიებში არაერთი ერეტიკული მიმდინარეობა აღმოცენდა, რომლებმაც უმაღლეს საეკლესიო იერარქიებშიც შეაღწიეს. ამ დროს კი რომის საყდარი მართლმადიდებლურ პოზიციაზე (ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსზე) მყარად იდგა, რის გამოც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის დროდადრო ლოცვითი თანაზიარება (ევქარისტიული კავშირი) ფერხდებოდა, მაგრამ განახლდებოდა, როგორც კი აღმოსავლეთის საპატრიარქოებში ვითარება მართლმადიდებლობის სასარგებლოდ იცვლებოდა. ურთიერთობა IX-XI სს-ში უკიდურესად დაიძაბა. მთავარ მიზეზად ასახელებენ ბერძნულ ნაციონალიზმსა და რომაულ მთავრობისმოყვარეობას. ერთ მხარეს დგანან კონსტანტინოპოლის პატრიარქები ფოტიოსი და კერულარიოსი, მეორე მხარეს კი _ პაპები ნიკოლოზი და ლეონი. დავა რამდენიმე საგანზე მიმდინარეობდა: რომელი ეკლესიის კანონიკურ სივრცეში უნდა შესულიყო ბულგარეთის ახლადმოქცეული სამთავრო? ვის სამწყსოდ უნდა გამოცხადებულიყო იტალიის ბერძნულენოვანი პროვინციები? არის თუ არა მრწამსის მე-8 წევრის დამატება ფილიოკვე (“ძისაგანაც”) ცდო-მილება? როგორი წირვაა მართებული _ უფუარი პურით და ზედაშეთი თუ საფუარიანი პურით და წყალგარეული ღვინით? უნდა გაიპარსოს თუ არა მღვდელმა წვერი და შეიკრიჭოს თუ არა თმა? მირონში უნდა გავურიოთ თუ არა წყალი? ეპისკოპოსს თითზე ბეჭედი უნდა ეკეთოს თუ არა? და ა.შ. უთანხმოების მთავარი საგანი საეკლესიო პოლიტიკის სფეროს განეკუთვნებოდა: რომელ ეპისკოპოსს ეკუთვნის პირველობა _ რომისას თუ კონსტანტინოპოლისას? ამ ქალაქების ეპისკოპოსებმა ერთმანეთი 1054 წლის 16-20 ივლისს შეაჩვენეს. ესაა დიდი სქიზმა, _ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა გაყოფის დღე. პირველს ისტორიამ დაუმკვიდრა სახელწოდება მართლმადიდებელი, მეორეს _ კათოლიკე ანუ კათოლიკური (საყოველთაო). მართალია, პაპმა და პატრიარქმა ერთმანეთი შეაჩვენეს და არა ეკლესიები, მაგრამ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფმა სასულიერო და საერო პირებმა ეს შეჩვენებები ეკლესიათა ურთიერთშეჩვენებად გაიაზრეს და ერთმანეთთან ლოცვითი კავშირი თანდათან გაწყვიტეს. ჯვაროსნულმა ომებმა (1096-1270) და ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ (1204 წ.) ეს პროცესი გააღრმავა, რის გამოც ბერძნულ და ლათინურენოვან ქრისტიანებს შორის მტრობამ და სიძულვილმა დაისადგურა.

ამ ვითარების კატასტროფული შედეგები, რაც იმდროინდელმა პოლიტიკურმა კლიმატმა (ევროპაში თურქეთის იმპერიის ტრიუმფმა) გაამძაფრა, ბევრმა ქრისტიანმა მოღვაწემ გააცნობიერა როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. დაიწყო ზრუნვა დიალოგისა და შერიგებისათვის; შედგა საეკლესიო კრება ფლორენციასა და ფერარაში (1438- 1439), რომელზედაც მიღწეულ იქნა შეთანხმება _ უნია (ფლორენცია-ფერარას აქტი). უნია გულისხმობს, ერთი მხრივ, რომის ეკლესიის ძირითადი დოგმატების აღიარებას (პაპის უფროსობას და წმ. სულის ძისაგანაც გამომავალობას) და, მეორე მხრივ, აღმოსავლური საეკლესიო ტიბიკონის შენარჩუნებას. იმის მიუხედავად, რომ ამ დოკუმენტს მართლმადიდებელი ეკლესიების მესვეურებმაც მოაწერეს ხელი (მარკოზ ეფესე- ლისა და რამდენიმე სხვა პიროვნების გამოკლებით), ეკლესიათა ერთიანობა არ აღდგა. პირიქით: ბერძნული ეკლესიების დიდ ნაწილში ანტიუნიატური და, მაშასადამე, ანტიკათოლიკური აჯანყება დაიწყო. კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძრებს, რადგან იქ წირვის დროს პაპის სახელი წარმოითქმოდა, მორწმუნეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ბერების, ხუცებისა და მათი სულიერი შვილების დიდი არმია შეთანხმების უარყოფას მოითხოვდა და მასებს ანტისამთავრობო გამოსვლებისაკენ მოუწოდებდა. და ეს მაშინ, როდესაც მათი სამშობლოს, ბიზანტიის, ბედი ბეწვზე ეკიდა. ისტერია ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელზეც გავრცელდა და მათგან ერთ-ერთმა მინისტრმა, ლუკა ნოტარისმა, პაპის მოციქულს, კარდინალ ისიდორეს, პირში მიახალა: “ჯობია სულთანის ჩალმას დავემორჩილოთ, ვიდრე პაპის ტიარას!” მაშინდელი ბერ-მონაზვნები ავრცელებდნენ ხმებს და ხალხს აჯერებდნენ, რომ კონსტანტინეს ქალაქს ანგელოზები იცავენ, რის გამოც პაპისა და კათოლიკური ქვეყნების დახმარება მას არ სჭირდება; საგანგებო წამს, როდესაც მტერი კონსტანტინოპოლის კარიბჭეს მოადგება, ზეციური მხედრობა გამოჩნდება და ვაი მას, ვინც კურთხეულ ზღურბლს ავი ზრახვით გადმოაბიჯებს; ანგელოზები საღვთო მახვილს შეაგებებენ მოძალადის ორლესულ ხმალსო. მხოლოდ სწორუპოვარი აია სოფიის კარის შელეწვამ (1453 წლის 29 მაისს, განთიადზე) და მეყსეულად ამდინარებულმა სისხლმა აუხილა მათ თვალი და დაანახა უგუნურების, ფანატიზმის, ცრუმორწმუნეობისა და ზიზღის ნაყოფი: ქალაქთა მზის _ კონსტანტინოპოლის _ მიწასთან გასწორება. ამ დროს განრისხებული პაპიც ნიშნის მოგებით წარმოთქვამდა: “ჯობია კონსტანტინოპოლი თურქებმა დაიპყრონ, ვიდრე მწვალებლებმა!”

ეკლესიის ბევრი ისტორიკოსი დღეს გაკვირვებას ვერ ფარავს, როდესაც დიდი სქიზმის დოკუმენტებს ეცნობა. მთავარ მიზეზად ისინი სიყვარულის ნაკლებობას ასახელებენ. მაღალი ავტორიტეტის მქონე რუსი ღვთისმეტყველი ანტონ კარტაშევი ადანაშაულებს როგორც რომის, ისე აღმოსავლეთის ეკლესიათა წარმომადგენლებს. იგი ამბობს: “ისინი თავად არიან დამნაშავენი ამ დაყოფებშიც და ამ დაყოფებით ტკბობაშიც. არ აღმოჩნდა საკმარისი ქრისტიანული სიყვარული; ადამიანურმა ვნებებმა გადაწონეს და, აი, ეკლესია გაიყო. თავად გაყოფის ფაქტი ადასტურებს ეკლესიათა შეცოდებებს მათივე ადამიანური ბუნების გამო… აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაწყებული უხეში საარტილერიო ბრძოლა, ანათემების ჭურვები და ერთმანეთის გამანადგურებელი, ვითომცდა მსოფლიო კრებები, მორწმუნე ისტორიკოსზე შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ურწმუნოთათვის კი შესანიშნავ მასალას იძლევა” (კარტაშევი 2000: 33, 36).

წინააღმდეგობა კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის ყოველთვის და ყველგან ერთნაირი არ იყო. ზოგიერთ ეპოქასა და საზოგადოებას მეტი სიმძაფრე ახასიათებდა, ზოგსაც _ ნაკლები. მართლმადიდებელთა ნაწილი წარსულში და დღესაც რომის ეკლესიას არა ავადმყოფად, არამედ მკვდრად მიიჩნევს და მასთან სარწმუნოებრივ დიალოგს გამორიცხავს; ამბობს, ეს ეკლესია ეკლესია აღარააო. ნაწილი კი მას სქიზმაში მყოფ ეკლესიად აღიქვამს და შენატრის იმ დღეს, როდესაც ამ ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი აღდგება. ესაა ლიბერალური პოზიცია, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიებში ყოველთვის არსებობდა და არსებობს რიგორისტული (მკაცრი, უშეღავათო) პოზიციის თანადროულად. მსგავს სურათს ვხედავთ, მაგალითად, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. იმავე პროფ. კარტაშევის თქმით, ბერძნებმა სლავებს ანდერძად “დამდაბლებული საღვთისმეტყველო აზრი” გადასცეს, რის გამოც “ახალგაზრდა ეკლესიების რელიგიური განწყობა იმთავითვე მოიწამლა ლათინთა მტრობით. მაგ., რუსებს აკრძალული ჰქონდათ არა მხოლოდ დანათესავება ლათინებთან, არამედ მათთან ჭამა-სმაც, ხოლო ჭურჭელი, რომლიდანაც ისინი ჭამდნენ და სვამდნენ, ლოცვით უნდა განეწმინდათ, რადგან გაწარმართებულად მიაჩნდათ. მათ დაიჯერეს, რომ ლათინთა შერყვნილი რწმენა დამღუპველი იყო, რომ მისი მიმდევარი ვერ იხილავდა საუკუნო ცხოვრებას” (იქვე., 40- 41). ამის პარალელურად სხვა აღმსარებლობის ეკლესიებში (სხვადმადიდებლებში) მადლის არსებობა-არარსებობის თაობაზე რუს მართლმადიდებელთა შორის ვხედავდით და ვხედავთ განსხვავებულ შეხედულებას. კარტაშევი იმოწმებს კიევის მიტროპოლიტ პლატონს (გოროდეცკის), რომელიც ამბობს: “საბედნიეროდ, ცამდე ვერ წვდება გათიშულ ეკლესიათა მიერ აღმართული კედლები” (იქვე: 51). მეტიც: ცნობილია მოსკოვის წმ. მიტროპოლიტის ფილარეტის (+1867) პრინციპი, რომლის თანახმად შეუძლებელია მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა რომის ეკლესიის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა საიუბილეო კრებამ (2000 წლის 13-15 აგვისტო) აღიარა, რომ “რომის კათოლიკურ ეკლესიაში შენარჩუნებულია ხელდასხმის სამოციქულო მემკვიდრეობითობა” (ეკლესიის საზღვრები: 251), რაც ნიშნავს, რომ ეს ეკლესია ცნობს კათოლიკურ ეკლესიაში აღსრულებული საიდუმლოებების მადლმოსილებას.

კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიათა დაახლოების პროცესი ახალ ფაზაში 1965 წელს შევიდა. ამა დროს, 7 დეკემბერს კონსტანტინოპოლში საზეიმოდ დახიეს ანათემათა ტექსტები, რომლებიც ცხრა საუკუნის წინათ დაიწერა. 1975 წლის 14 დეკემბერს ვატიკანში ზარ-ზეიმით აღნიშნეს ამ ფაქტის ათი წლისთავი. სიქსტის კაპელაში პაპმა პავლე VI ეკუმენური სიტყვა წარმოთქვა, მივიდა ქალკედონის მიტროპოლიტ მელიტონთან, დაიჩოქა და მას წაღები დაუკოცნა. 1987 წლის 6 დეკემბერს რომში, წმ პეტრეს ბაზილიკაში, აღსარების საკურთხევლის წინ, პაპმა იოანე-პავლე II-მ და კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა დემეტრეოს I-მა ერთხმად წარმოთქვეს სავედრებელ-სამადლობელი ლოცვები და ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლო.

და მაინც მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის ევქარისტიული ერთობა ვერ განახლდა. ეს გარემოება დიალოგის საკითხს უფრო აქტუალურს ხდის და დღის წესრიგში აყენებს ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, როგორიცაა სხვადასხვა ქვეყნის ისტორიულ გამოცდილებათა წარმოჩენა და გათვალისწინება.

საეკლესიო ცხოვრების დასაბამი რომსა და საქართველოში

ამ ორი ეკლესიის კავშირი ახალი წელთაღრიცხვის დასაბამიდან მომდინარეობს. გავიხსენოთ: რომის არაერთმა მოქალაქემ მოწამებრივი აღსასრული თუ მისიონერული სარბიელი კავკასიის, უფრო კი დასავლეთ საქართველოს, სანახებში პოვა. ამის გამო ეს მხარე, საქართველო, როგორც მდევნელთა, ისე დევნილთა ყურადღების საგანს წარმოადგენდა. ბოლოს და ბოლოს, საქართველო ხომ ის ქვეყანაა, სადაც მოციქულთა თავის და რომის პირველი პაპის პეტრეს ძმამ, ანდრიამ, იქადაგა? კოლხეთის მიწა გაიარა და მოიღვაწა კიდეც რომის ასევე პირველმა და დიდმა პაპმა კლიმენტიმ, როდესაც იგი ყირიმში გადაასახლეს, სადაც მოწამებრივად აღესრულა (+101).

საქართველოს განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის ნინოს მამა, ზაბილონი, სარწმუნოებრივ იდეალებს რომის ეკლესიის წიაღში ეზიარა. მას, მხედართმთავარს, ფრანგების (“ბრანჯთა”) ამბოხების ჩახშობა დაევალა. ამ დროს მან თურმე ისეთი დიდსულოვნება გამოიჩინა, რომ დამარცხებულთა გულში ქრისტესადმი სასოება აინთო; ისინი გაქრისტიანდნენ და ზაბილონი “ბრანჯთა მამად და ემბაზად” იქცა (შატბერდის კრებული: .330). წმ. ნინო დიდი კონსტანტინეს დედამ, ელენემ, დალოცა და საქართველოში გამოგზავნა. მან განანათლა ქართლის სამეფო ტახტი და ერის დიდი ნაწილი, რის თაობაზე ცნობამ რომამდე ჩააღწია. ამის გამო, ვკითხულობთ წმ. ნინოს ცხოვრების უძველეს რედაქციაში, “…მოიწია წიგნები ჰრომით წმიდისა პატრეაქისაი ნეტარისა ნინოისა და მირიან მეფისა და ყოვლისა ერისა ქართველისა. და მოევლინა ბრაჯი მთავარდიაკონი ქებისა შესხმად და კურთხევისა მოცემად, და წმიდისა და ნეტარისა ნინოის ლოცვისა წარღებად და მადლისა ზიარებად. და ჰქონდა წიგნი ბრანჯთა მეფისაი ნეტარისა ნინოისა, რამეთუ მოენათლნეს იგინი მამასა მისსა ზაბილოვნს…” (იქვე: 348-349). ჩვენ წინაშეა მისიოლოგიური თანამშრომლობის სურათი: კაბადუკიელი მხედარი ზაბილონი ქრისტეს მოძღვრებას ფრანგთა შორის ავრცელებს, მისი ასული კი _ ქართველთა შორის. ერთსაც და მეორესაც აკურთხებს რომის ეპისკოპოსი (პაპი), რომლის მეშვეობით ქართველები და ფრანგები ერთმანეთთან კავშირში არიან და, როგორც ჩანს, ერთმანეთს ევანგელიზაციის გზაზე შეძენილ გამოცდილებასაც უზიარებენ.

ეკლესიათა ერთიანობის განცდა საქართველოში

საქართველოს მიწა-წყალი და ქართველი ხალხი ისეთი მოვლენების მომსწრე და მონაწილეა, რომლებიც საბედისწერო სქიზმის თვალსაჩინო ეპიზოდებს წარმოადგენენ და რომელთა გათვალისწინება უეჭველად სასარგებლო იქნება ძველი იარების მოშუშების გზაზე. ქართლსა და კახეთში ქრისტიანობა აღმოსავლეთიდან _ იერუსალიმიდან, ანტიოქიიდან და სომხეთიდან _ შევიდა, კოლხეთსა და აფხაზეთში _ კონსტანტი- ნოპოლიდან; აღმოსავლეთ საქართველო ეკლესიურად ანტოქიას დაუკავშირდა, დასავლეთ საქართველო _ კონსტანტინოპოლს. ამის მიუხედავად რომის კათედრას ქართველების თვალში დიდი საღვთისმეტყველო და მორალური ავტორიტეტი ამკობდა. მათ, ცხადია, მოეხსენებოდათ აღმოსავლეთის დიდი წმინდანებისა და ეკლესიის მამების: ათანასე ალექსანდრიელის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე დამასკელის, თეოდორე სტუდიელისა და სხვათა მრავალთა ამაღლებული დამოკიდებულება რომის საყდრის მიმართ. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის ეკლესიებში სხვადასხვა ჯურის ერესები და მწვალებლობები მძვინვარებდნენ, წმ. პეტრეს საყდარი ასეთი მიმართულებებისაგან თავისუფალი იყო. ეს ეპოქა არ იცნობს ერეტიკოს პაპს. ჰონორიუსი (625-638), რომელმაც მონოთელიტობის შექმნაში გარკვეული როლი ითამაშა, გამონაკლისია. აღმოსავლეთის მართლმადიდებელი მოღვაწეები, დევნილნი ერეტიკოსთაგან, რომლებსაც მათი მშობლიური ეკლესიები გლობალურად დაეპყროთ, რომში მიდიოდნენ, რათა სიმართლე და სიწმინდე ეპოვათ.

თუ როგორ, რა ფორმითა და შინაარსითაა დაკავშირებული საქართველო ამ თვალსაზრისით საყურადღებო ისტორიებთან, ვრცელი თემა და ცალკე გამოკვლევის საგანია. ამჯერად ჩვენს მიზანს იმ მოვლენებზე ყურადღების გამახვილება წარმოადგენს, რომლებიც თანსდევდა რომისა და ბიზანტიის ეკლესიურადაც განცალკევების პროცესს და ქართულ რეალიებსაც უკავშირდება. რა პოზიციაზე იდგა საქართველოს ეკლესია დიდი სქიზმის დროს, ე.ი. IX-XI საუკუნეებში? მცხეთისა და ბიჭვინთის საყდართა ოფიციალური პოზიციები ცნობილი არაა (შესაძლებელია, არც გამოუხატავთ), მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთსულოვნება არც აქ სუფევდა. გავითვალისწინოთ, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანების პროცესი სწორედ IX ს-იდან დაიწყო და ეს პროცესი ბიზანტიასთან ჭიდილისა და ზოგჯერ ომის ფონზეც მიმდინარეობდა. ქიშპმა და მტრობამ (არც თუ იშვიათად _ ზღვარგადასულმა) მეზობელი ეკლესიების ურთიერთობაც მოიცვა. ამის გამო აპრიორულადაც სავარაუდოა, რომ ქართველებს ამ შემთხვევაში უფრო მეტად რომის მხარე დაეჭირათ. საკითხში გარკვევისათვის საგულისხმო მასალას გვთავაზობს იმდროინდელი ქართული აგიოგრაფია, რომლიდანაც ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით სამი ძეგლი და მსოფლიო მასშტაბის სამი ქართველი წმინდანი _ ილარიონი, იოანე და გიორგი _ იპყრობს.

ილარიონ ქართველი. წმ. ილარიონი (822-875), რომლის სახელს დავით გარეჯის განახლება, საზღვარგარეთ ქართული მონასტრების დაარსება და რომის სიწმინდეთა მოლოცვა უკავშირდება, იმ დროს და იმ რეგიონშიც მოღვაწეობდა, სადაც სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობდა პრორომაულ და ანტირომაულ საეკლესიო პარტიებს შორის. ეს რეგიონია ბიზანტია და მისი დედაქალაქი, სადაც IX ს- ის შუა წლებში ერთმანეთს ორი დიდი მღვდელმთავარი, წმინდანად შერაცხილი პატრიარქები _ ეგნატე და ფოტიოსი (ფოტი) _ ებრძოდნენ და სამღვდელმთავრო ტახტზე ერთმანეთს ცვლიდნენ. პირველი ცნობილია რომის ეკლესიის ერთგულებით, მეორე _ მასთან დაპირისპირებით. წმ. ილარიონის ცხოვრება, რომლის ავტორად წმ. ექვთიმე მთაწმინდელი ითვლება, ჩვენი საკითხისათვის საყურადღებო ეპიზოდს შეიცავს. იგი გვაუწყებს: მაშინ როდესაც ბიზანტიაში ანტირომაული ისტერია მძვინვარებდა, წმ. ილარიონი “წინამძღვრებითა ღმრთისაითა და შეწევნითა წმიდათა მოციქულთაითა მიიწია ქალაქად ჰრომედ და ვითარცა ირემმან, სურვიელმან წყაროდ მიმართ წყალთაისა (ფს. 41:2)… მიისწრაფა ტაძრად წმიდათა და თავთა მოციქულთა პეტრესსა და პავლესსა, და თაყვანისსცა და ამბორს-უყო მოწლედ მხურვალებითა სულისაითა წმიდათა სამარხოთა მათთა და ყოველთავე ნაწილთა წმიდათა მღდელთ- მოძღვართა და მოწამეთასა, რომელთა ოდენ მიემთხვია. ხოლო დაყო ორი წელი ჰრომეს შინა ანგელოზებრ ცხორებითა და მოღუაწებითა, რამეთუ მარადის ხედვასა ღმრთისასა შეემსჭვალა გონებაი თვისი და მუნცა მრავალნი სასწაულნი და კურნებანი აღასრულნა უფალმან მის მიერ”. სასწაულთაგან, რაც მან რომში აღასრულა, კოჭლის (“მკელობელის”) განკურნება გამოირჩევა. ირკვევა, რომ ილარიონი რომში 870-872 წლებს შორის იმყოფებოდა. შემდეგ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა, როდესაც იქ იმპერატორის კვერთხი ეპყრა ბასილს, რომელმაც ეკლესიაში პრორომაულ პარტიას დაუჭირა მხარი და საპატრიარქო ტახტზე ეგნატე დააბრუნა.

წმ. ილარიონის ბიოგრაფიას თუ კარგად დავაკვირდებით, მივალთ დასკვნამდე, რომ იგი ეგნატიელთა პოზიციაზე დგას. ერთხელ კიდევ გავითვალისწინოთ, რომ წმ. მამა ბიზანტიას მაშინ ეწვია, როდესაც იქ ფაქტობრივად საეკლესიო-სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ფოტიელნი ძირითადად სამოქალაქო საზოგადოებაში იყვნენ მოკალათებულნი, ეგნატიელნი _ მონასტრებში; პირველნი რომის პაპისა და მისი საყდრისადმი ანტიპათიით გამოირჩეოდნენ, მეორენი _ სიმპათიით; პირველნი რომს ემიჯნებოდნენ, მეორენი _ მისკენ ილტვოდნენ და მას სასოებდნენ. წმ. ილარიონი კონსტანტინოპოლში ეგნატეს მწყემსმთავრობის ჟამს შედის, 870 წლის ახლო ხანს, და იქიდან რომს მიემგზავ- რება. ამ ფაქტს თუ მის ასკეტურ სულისკვეთებასა და მწირმონაზვნურ აღტყინებას დავუმატებთ, თვალწინ ეგნატიელი წარმოგვიდგება, რომელსაც სარწმუნოებრივი იდეალი რომში ეგულვის. კორნელი კეკელიძემ მართებულად შენიშნა: “ის ადგილი ცხოვრებისა, სადაც ლაპარაკია ილარიონის რომში ყოფნის შესახებ, გამსჭვალულია სიმპათიებით რომაელთა ქრისტიანობისადმი. ავტორი კრძალულებით მოიხსენებს რომაელთა ღვთისნიერებას და მათ სათნოიან ცხოვრებას. ჩვენ ვიცით, რომ მეცხრე საუკუნეში ატყდა სასტიკი ცილობა-კამათი და ბრძოლა რომისა და კონსტანტინოპოლის სამღვდელოებათა შორის, რომელიც 1054 წელს დასრულდა საბერძნეთისა და რომის ეკლესიათა ერთმანეთისაგან განშორებით. ეს ცილობა დაიწყო და ინტენსიურად წარმოებდა პატრიარქის ფოტისა და რომის პაპების ნიკოლოზისა და ადრიანეს დროს, ესე იგი, სწორედ მაშინ, როდესაც ილარიონი კონსტანტინოპოლსა და რომში ცხოვრობდა. ამიერიდან ბერძნები რომაელებს ისე აღარ იხსენიებენ, თუ არა ურწმუნოებად, უკეთურებად და მწვალებელ-სქიზმატიკებად. მაშასადამე, მეცხრე საუკუნის ბერძნისათვის შეუძლებელია ასეთი ატესტაცია რომაელთა ქრისტი- ანობისა” (კეკელიძე 1957: გვ. 139).

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დავითის ლავრაში, რომელიც ილარიონ ქართველმა განაახლა, მკაცრი ასკეტიზმი მე-9 ს-იდან ზომიერი ასკეტიზმით შეიცვალა, რაც წმ. ილარიონის დამსახურებად და მისი განდეგილური სტილის ნიშნად ითვლება. მკაცრი ასკეტიზმი უფრო აღმოსავლურ, მონოფიზიტურ ბერმონაზვნობას ახასიათებდა, ზომიერი კი _ დასავლურს, დიოფიზიტურს, რომლის ბურჯად რომის საყდარი მოგვევლინა პაპი ლეონის (440- 461) წინამძღვრობით. ასე რომ, წმ. ილარიონის დასავლეთისაკენ სწრაფვა, რაც რომის სიწმიდეთა მომლოცველობით დაგვირგვინდა, მის ასკეტურ ორიენტაციაზე მიგვანიშნებს და ამ ორიენტაციას, შესაძლებელია, პროდასავლური ვუწოდოთ. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ორიენტაცია მაშინ ქართველთა ელიტარული ნაწილის ორიენტაცია იყო.

იოანე მთაწმინდელი. წმ. იოანე (+1005) ათონში ქართველთა სავანის, ივირონის, დამაარსებელი და მისი პირველი წინამძღვარია. ბერძნულმა ნაციონალიზმმა და ამპარტავნებამ ეკლესიაში და, კერძოდ, ათონის წმ. მთაზეც შეაღწია. ისინი ავიწროებდნენ ქართველებს და მათ უფლებებს ლახავდნენ. უნდა ვიფიქროთ, რომ ამანაც უბიძგა ივირონის წინამძღვარს საბერძნეთის დატოვება და ესპანეთში გადასახლება გადაეწყვიტა. მართალია, მან განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა (იმპერატორებმა კონსტანტინემ და ბასილიმ დარჩენაზე დაიყოლიეს), მაგრამ ფაქტია, რომ მას, სწორედ ბერძნულ-რომაული საეკლესიო ბატალიების ჟამს, რომის ეკლესიის წიაღში დამკვიდრების სურვილი ჰქონია.

შთამბეჭდავია ათონზე რომაელი ბერების გამოჩენის ამბავი. მათ ქართველებმა უმასპინძლეს და ისე შეიტკბეს ისინი, რომ უთხრეს: აქ ჩვენც უცხოელები ვართ და თქვენც; დამკვიდრდით ჩვენ გვერდით და ძმობასა და სიყვარულში გავატაროთ წუთისოფელიო. მართლაც, რომაელებმა პირველი მონასტერი ათონზე მხოლოდ ქართველების მორალური და ფინანსური დახმარებით ააგეს. იქ ღვთისმსახურება ლათინური ტიბიკონის მიხედვით სრულდებოდა და ცხოვრება წმ. ბენედიქტეს კანონისა და განგებისამებრ მოეწყო. წეს-ჩვეულებაში სხვაობას ქართველთა და ლათინთა თანალოცვა არ დაუბრკოლებია. ამის საუკეთესო ნიმუშია გაბრიელ ქართველისა და ლეონ რომაელის თანამოსაგრეობა. იმის მიუხედავად, რომ მშობლიური ენის გარდა არც ერთმა იცოდა სხვა ენა და არც მეორემ, მათ თურმე შეეძლოთ, მთელი დღე ელაპარაკათ ერთ-მანეთში საღვთო და სულიერ საგნებზე (…ძეგლები I I 1967: 54-55, 65-66).

გიორგი მთაწმინდლი. შეიძლება ითქვას, რომ წმ. გიორგი მთაწმინდელი (1009-1065) საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტია. ასევე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იგი ბიზანტიის კულტურულ ელიტაში, სადაც, ეჭვი არაა, აინტერესებდათ მისი თვალსაზრისი სქიზმის თაობაზე. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ 1065 წლის ივნისში, სქიზმიდან თერთმეტი წლის შემდეგ, მას იმპერატორმა კონსტანტინე დუკიწმა (დუკამ; 1059-1067) ასეთი კითხვა დაუსვა: რატომაა, რომ ჩვენ და თქვენ, ბერძნები და ქართვლები, საფუარიანი პურით და წყალგარეული ღვინით ვწირავთ, რომაელები _ ხმიადით და ზედაშეთი? პასუხად მიიღო: ბერძენთა შორის ძველადვე მრავალი წვალება შემოვიდა, მათ შორის _ აპოლინარის ერესი, “რომელი-იგი ხორცთა მათ ქრისტესთა საუფლოთა უსულოდ და უგონებოდ იტყოდა”. ამის გამო ღვთისმსახურმა მეფეებმა საეკლესიო კრებები მოიწვიეს და დაადგინეს, “რაითა მოვიღებდეთ ცომსა სახედ ხორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა _ სახედ სულისა გონიერისა, და მარილსა _ სახედ გონებისა… და ღვინოისა თანა წყალსა ურევთ სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდამოხდა გვერდსა მხსნელისასა… ესე არს განმარტებაი და მიზეზნი ამათ საქმეთაი! ხოლო ჰრომთა ვინაითგან ერთ-გზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდენ მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაი შემოსრულ არს მათ შორის. და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოი იგი მსხუერპლი და უმეტესადღა ვითარცა თვით თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ესრეთ აღასრულებენ იგინი. და არარაი არს ამას შინა განყოფილებაი, ოდენ სარწმუნოებაი მართალ იყოს” (…ძეგლები II 1967: 179).

ნათქვამი რომ გავშიფროთ, ნიშნავს: აღმოსავლეთის ეკლესიებში საუკუნეთა მანძილზე ბორგავდა ქრისტეს ადამიანური ბუნებისა და ხორცის დამაკნინებელ-უარმყოფელი ერესი. მარტივ მორწმუნეთათვის მაცხოვრის ჭეშმარიტი ხატი რომ წარმოედგინათ, მოგვიანებით იქ (აღმოსავლეთში) აფუებული პურით და წყლიანი ზედაშით ზიარების წესი შემოიღეს. რომის ეკლესიის წინაშე მოციქულებრივი ტრადიციის შეფერადების აუცილებლობა არ დამდგარა და დარჩა ისე, როგორც თავდაპირველად იყო. მაშასადამე, ერესი არც ერთი წესია და არც მეორე. პირველი (ხმიადი) ძველი და დასაბამიერია, მეორე (საფუარიანი) _ პრაქტიკული მოთხოვნილებით გაპირობებული. შეგვიძლია დავასკვნათ: რომელიმე მათგანის გაფეტიშება უგუნურების ნიშანია. იმპერატორი, რომელიც (სხვა წყაროებიდანაც ცნობილია) ეკლესიათა შერიგების მომხრე იყო, პასუხით კმაყოფილი დარჩა. რომაელები აღფრთოვანდნენ. მათ მთაწმინდელი მამის პეტრეს ქალაქში ჩაყვანისა და პაპის წინაშე წარდგინების სურვილი გამოთქვეს. სომხებმა კი ყურები ჩამოყარეს. აგიოგრაფი არ აზუსტებს, ღირსი მამა გიორგი გამოეხმაურა თუ არა რომის დიდებულთა შეთავაზებას. ცნობილია მხოლოდ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, 29 ივნისს, ორშაბათს, იგი გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ პოზიცია, რომელიც რომის საყდრის მიმართ გიორგი მთაწმინდელმა იმპერატორის წინაშე გამოამჟღავნა, მის თეოლოგიურ-ლიტერატურულ მემკვიდრეობაშიც აისახა. ამის დასტურია წმ. ათანასე ალექსანდრიელის რწმენის სიმბოლოს მისეული თარგმანი, რომელიც ბოლო დროს გახდა ცნობილი და რომელშიც წმ. სულის გამომავალობის მუხლი ასეა წარმოდგენილი: “სულიწმიდა არის მამისაგან და ძისა… გამოსვლით”. ეს სხვა არაფერია, თუ არა ფილიოკვე, რაც, როგირც ვხედავთ, არც გიორგი მთაწმინდელს და, ცხადია, არც მის თანამოსაგრეებს მწვალებლობად არ მიაჩნდათ. ხელნაწერს, რომელშიც ამ თარგმანის ტექსტია დაცული, ახლავს ანდერძი: “ესე მართლისა სარწმუნოებისა აღსარებაი ჰრომთა წიგნისაგან გარდმოვწერე. ვინ აღმოიკითხოთ, ლოცვა ყავთ გლახაკისა გიორგისათვის, რომელმან ესე ვთარგმანე” (კოჭლამაზაშვილი, ღამბაშიძე 1999: 155).

ჯვაროსნები და საქართველო. მოგვეპოვება დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქართველებმა რომაელებთან ევქარისტიული კავშირი დიდი ათონელი მამების შემდეგაც შეინარჩუნეს. 1099 წელს, როდესაც ლათინებმა პალესტინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს და იერუსალიმის სამეფო დააარსეს, იმ ეკლესიებისა და მონასტრების რეორგანიზაციაც განახორციელეს, რომლებიც მათგან განსხვავებული კონფესიისად აღიქვეს. ამ დროს ისინი ქართველთა სავანეებს არ შეეხნენ, რადგან, როგორც ჩანს, ეს სავანეები უცხო სარწმუნოების ეკლესიებად არ მიუჩნევიათ. მათ ქართველებს თავიანთი ეკლესია-მონასტრების განახლებისა და მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს. იქაურ ქართველ ბერებს განსაკუთრებით თბილი ურთი- ერთობა ტამპლიერების (ტაძრისელთა) სარაინდო ორდენთან დაუმყარებიათ. ამის თაობაზე პირველ ყოვლისა ის აღაპები (სამადლობელი მოსახსენიებლები) მეტყველებს, რომლებსაც პალესტინაში მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზვნები ჯვაროსანი საერო და სასულიერო პირებისათვის განაწესებდნენ. იმდროინდელ ქართულ სააღაპე წიგნებსა და სხვადასხვა ანდერძმინაწერებში ვკითხულობთ: “ჯვარო პატიოსანო, შეიწყალე ძმაი ჩვენი ჯოფრე ფაუსათ”, “ადიდე და შეიწყალე ცირ პერ კუმანდური ტაძრელთა”, “უფალი ღმერთო, დაიცევ და შეიწყალე ძმაი ჩვენი სილგილამ დელოლეველ”, “ქრისტე ღმერთო, შეიწყალე ძმაი ჩვენი პერ მარტინე” და სხვ. გარკვეულია, რომ აქ მოხსენიებული ადამიანები ტამპლიერთა ორდენის წევრები არიან (მენაბდე 1980: 91-96).

თუმცა ცნობილია სამარცხვინო ფურცელიც. საქმე ის არის, რომ ბიზანტიის იმპერატორმა მიხეილ პალეოლოგმა 1274 წელს კათოლიკობა აღიარა და მთელ აღმოსავლეთს პაპის უზენაესობის ცნობისაკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას საბერძნეთის ბევრი ეკლესია არ დაემორჩილა. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ათონის მონასტრებმა გაწიეს. იმპერატორის ნებართვით ჯვაროსნები 1280 წელს შეესიენ ათონს და ბერებს უნიის მიღება მოსთხოვეს, რასაც ყველა მონასტერი დათანხმდა ივირონის გარდა. ამის გამო ამ სავანის რბევა-აწიოკება დაიწყო. ბერები, რომლებიც ხოცვა-ჟლეტას გადაურჩნენ, ორ ნაწილად გაყვეს. ქართველები იტალიაში წაასხეს, ბერძნები (მაშინ ისინი იქ უმრავლესობას წარმოადგენდნენ) ზღვაში გადაყარეს (კეკელიძე 1955: 76-77). თუ რის გამო დაინდეს მათ ქართველი ბერები, ბერძნულ წყაროებში აღნიშნული არ არის. შესაძლებელია გაითვალისწინეს ლათინურენოვანი ცნობა, რომელიც გვეუბნება: ჯვაროსნებისაგან კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ (1204 წ.) ათონის ქართველებმა პაპის იურისდიქცია აღიარეს და ჟამისწირვის უფუარი პურით შესრულება დაიწყეს, რისთვისაც ბერძნებმა მათთან კავშირი გაწყვიტეს (თარხნიშვილი 1994: 43).

ფაქტია, რომ ძველ ქართულ წყაროებში ჯვაროსანთა საპირისპირო და საწინააღმდეგო განწყობილება არ იძებნება. არცაა მოსალოდნელი. მართალია, ჯვაროსანთა ლაშქრობები ბევრ სიკეთესთან ერთად სიავესაც შეიცავდა, მაგრამ უკანასკნელს არ შეეძლო დაეჩრდილა ამ მისიის კეთილისმყოფელი როლი საქართველოს ისტორიაში. ქართველებსა და ჯვაროსნებს ერთმანეთის მიმართ დიდი სასოება ჰქონდათ. ჩვენი მემატიანე XI-XII სს-ის მიჯნაზე საქართველოს გაძლიერებას ჯვაროსანთა საღვთო ომებთან აკავშირებს და ამბობს: “გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცეს სულთანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს” (ქართლის ცხოვრება I: 325-326). მისივე ცნობით, ქართველთა მხარდამხარ, დიდგორის ველზე, ჯვაროსანი რაინდებიც იბრძოდნენ. სწორედ ჯვაროსნების ქრონიკამ, კანცლერ გოტიეს ჩანაწერებმა, შემოგვინახა წმ. მეფის ის სიტყვები, წარმოთქმული გადამწყვეტი იერიშის წინ, რომელთაც დღეს ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ: “ეჰა, მეომარნო ქტისტიანენო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ”. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები დღემდე ბევრს მსჯელობენ და წერენ იმ ლეგენდაზე, რომელიც ჯვაროსანთა წრეში შეიქმნა და მთელი ევროპა მოიარა. აღმოსავლეთში, სპარსეთისა და სომხეთის ჩრდილოეთით, ცხოვრობს დიდი და აღმატებული პიროვნება _ იოანე, რომელიც ერთდროულად არის მეფეც და ხუცესიც (პრესვიტერი). იგი მოვლენილია, რათა გადაეღობოს ჩრდილოეთიდან შემომავალ გოგსა და მაგოგს. მან ქრისტიანული მსოფლიო განსაცდელისაგან უნდა დაიხსნას და დაიხსნის კიდეც, თუკი მოვუხმობთ. ფიქრობენ, რომ მეფე-ხუცესის სახეში მითოლოგიური აზროვნებით დავით აღმაშენებელი და მისი შვილი დემეტრეა გაერთიანებული. ჯვაროსნების თვალში ასეთივე შარავანდედი მოსავდა თამარს. “ფრანკი მეზღვაურები, _ ვკითხულობთ ჯვაროსანთა ერთ ქრონიკაში, _ შავ ზღვაზე ცურვისას კარგ ამინდში თამარ დედოფლის სადიდებელს მღეროდნენ”. აი, რას წერს ერთი რაინდი თამარისა და მისი ვაჟის შესახებ: “მოისმინეთ გასაოცარი და მნიშვნელოვანი ახალი ცნობები… იბერიელი ქრისტიანების დიდძალმა ცხენოსანმა და ქვეითმა ჯარმა, ღვთის შეწევნით აღფრთოვანებულმა და ძალზე კარგად შეიარაღებულმა, გამოილაშქრა ურწმუნო წარმართების წინააღმდეგ… ზემოაღნიშნული ჯარი მოეშურება, რათა გაათავისუფლოს იერუსალიმის წმინდა მიწა- წყალი და დაიპყროს წარმართთა მთელი სამყარო. მათი წარჩინებული მეფე 16 წლის ჭაბუკია. იგი ალექსანდრე მაკედონელს ჰგავს ვაჟკაცობით და სათნოებით, მაგრამ არა სარწმუნოებით. ამ ჭაბუკს თან მოაქვს ძვლები თავისი დედისა, უძლიერესი მეფის თამარისა, რომელსაც თავის დროზე იერუსალიმს წასვლის აღთქმა დაუდვია…” (მენაბდე 1980: 160). ეს და ბევრი სხვა ცნობა, დადასტურებული ქართულსა თუ უცხოენოვან ისტორიულ წყაროებში, ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს: ჩვენი ისტორიის ოქროს ხანაში (XI-XIII სს.), დიდი სქიზმის შემდეგაც, საქართველოსა და რომის ეკლესიებს შორის სარწმუნოებრივი კავშირი მეტწილად შენარჩუნდა; ქართულ ოფიციალურ დოკუმენტებში, სიგელებსა და გუჯრებში, რომის პაპის პირველ ადგილზე მოხსენიების ტრადიცია გაგრძელდა. საგულისხმოა აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაკვირვება: “საქართველოში არ იზიარებდნენ საბერძნეთის რიგორისტულ და კონსერვატიულ-რიტუალურ შეხედულებას რომაელთა ეკლესიის შესახებ. იქ, იმთავითვე, ბატონობდა მეორე მიმართულება, ლიბერალურ-სპირიტუალური, რომლის მკვეთრად გამომხატველია გიორგი მთაწმიდელი… ბერძნული შეხედულება კათოლიკობის შესახებ ჩვენში მყარდება გაცილებით გვიან, ვიდრე რომისა და საბერძნეთის გაყოფა მოხდა და ისიც თანდათანობით, თან ამ შეხედულებას ისეთი უკიდურესი ხასიათი და გონჯი სახე არ მიუღია, როგორც საბერძნეთში.

განიხეთქა ძოწეული შვენიერი ერთმორწმუნეობისა

_ ესაა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ კირიონის (საძაგლიშვილის) სიტყვები ეპისტოლედან, რომელსაც კვლავ დავუბრუნდებით. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, თუ როდის, როგორ და რა ფორმით შეილახა საქართველოში ერთმორწმუნეობის ეს პორფირი, _ ეს ძვირფასი შესამოსელი. ყურადღება მივაქციოთ განცდას, რაც მღვდელმოწამე პატრიარქის ამ სიტყვებს ახლავს. ესაა ტრაგიზმის შეგრძნება და ეკლესიათა დაკარგული ერთიანობის მონატრება.

მეფე რუსუდანისა და მხედართმთავარ ივანე მხარგრძელის მიერ პაპ ონორიუს III-ისადმი მიწერილი წერილებიდან ჩანს, რომ საქართველო რომთან ეკლესიურ კავშირს XIII ს-ის 20-30-იან წლებში ჯერ კიდევ ინარჩუნებს; ქართველები აღიარებენ, რომ რომის ეპისკოპოსი “მთელი საქრისტიანოს მამა და მეთაურია”. იმის ნიშანი, რომ რომისა და საქართველოს ეკლესიები ერთმანეთს უკვე სხვადასხვა აღმსარებლობად (კონფესიად) მოიაზრებენ, პირველად საქართველოს მეფემ, რუსუდანმა, გაამჟღავნა. მის წერილს, პაპ გრიგოლ IX-სადმი მიწერილს, ჩვენამდე არ მოუღწევია. სამაგიეროდ შემონახულია ადრესატის პასუხი, საიდანაც ჩანს, რომ საქართველოს მპყრობელს პაპისთვის შველა უთხოვია დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და თავისი ქვეშევრდომი ქრისტიანების კათოლიკურ ეკლესიასთან შეერთება აღუთქვამს. პაპი დანანებით აღნიშნავს, რომ მისი მხედრობა ვერ დაეხმარება საქართველოს, რადგან მათ შორის ძალამოცემული მუსლიმები დგანან და ისინი ამ მხედრობას არ გაატარებენ. მეტიც: რომის ეკლესიასაც დიდი პრობლემები აქვს სარწმუნოების დაცვის საქმეშიო. ცხადია, იგულისხმება ისლამური ექსპანსია და პროტესტანტობა, რომელიც ევროპაში იმხანად იბადებოდა. აი, პაპის სიტყვები: “ჯერ არს, რომ თქვენც ჩვენ შეგვიბრალოთ, რადგან სარწმუნოების მტერი ჩვენც ძლიერ გვდევნის. გარდა იმისა, რომ სარკინოზები ესპანეთსა და სირიაში დევნიან კათოლიკე სარწმუნოებას, ზოგიერთნი ქრისტეს სარწმუნოებისაგან განდგომილნი წინ აღგვიდგნენ… უნდათ ახალი მწვალებლობის დამყარება და ცდილობენ მოსპონ ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელმაც უნდა დაიხსნას და აცხოვნოს ადამის ნათესავი”. ასეთი ვითარების მიუხედავად, საქართველოში რვაკაციანი მისიონის გამოგზავნა მაინც მოხერხდა, რათა დაკმაყოფილებულიყო საქართველოს იმ მოქალაქეების სურვილი, რომლებსაც კათოლიკურ ეკლესიასთან შეერთება უნდოდათ. ეს წერილი 1240 წლით არის დათარიღებული, რის გამოც მეცნიერი მღვდელი მიხეილ თამარაშვილი საქართველოსა და რომის ეკლესიათა გაყოფის წლად 1240 წელს ასახელებს (თამარაშვილი 1995: 485).

მეორე კათოლიკე მღვდელი და პროფესორი მიხეილ თარხნიშვილი აღნიშნავს: “ამ წელს ქართული ეკლესია რომისაგან განცალკევებულად გვევლინება. კავშირის გაწყვეტის მიზეზი ჩვენთვის უცნობია” (თარხნიშ- ვილი 1994: 43). ამდენად, კათოლიკური ეკლესიის მისიონერებმა საქართველოში მოღვაწეობა XIII ს-ის შუა წლებიდან დაიწყეს. შემოდიოდნენ (სხვადასხვა დროს) ფრანცისკანელთა, თეატინელთა, კარმელიტთა, კაპუჩინთა და სხვა ორდენების წარმომადგენლები. მათი ენერგიული მოღვაწეობის შედეგად დაარსდა კათოლიკური ეკლესია საქართველოში, რომელიც მეტ-ნაკლები წარმატებით იკაფავდა გზას ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში. ეკლესიები (საკრებულოები), რომლებიც მათი ქადაგების საფუძველზე ჩამოყალიბდა, მეტწილად ლათინურ ტიბიკონს (რიტს, წესს) იყენებდნენ, თუმცა არსებობდნენ სომხური და ბერძნული (ოღონდ ქართულენოვანი) ტიბიკონის კათოლიკური ეკლესიებიც. ეს უკანასკნელნი (სომხური და ბერძნული ტიბიკონის ეკლესიები) უნიის პრინციპებს ექვემდებარებოდნენ და თავიანთ თავს მართლმადიდებლებს უწოდებდნენ (გულისხმობდნენ ღვთისმსახურების აღმოსავლურ, მართლმადიდებ- ლურ, წესს).

კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო საქართველოში

XIII-XIV სს-ში საქართველოში კათოლიკეების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მათ მონასტრებიც დააარსეს. მკვლევრები ხუთ მონასტერს ასახელებენ, მათგან ორს _ თბილისში, ერთს _ ახალციხეში. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეუძენია თბილისის წმ. მარტინეს მონასტერს (იგულისხმება პაპი მარტინე, რომელმაც მაქსიმე აღმსარებელთან ერთად იღვაწა). ზოგიერთმა ქართველმა კათოლიკემ სარწმუნოების ასპარეზზე ისეთი გულმხურვალება გამოიჩინა, რომ მოწამის გვირგვინსაც ეზიარა. ლაპარაკია დიმიტრი თბილელზე, რომელმაც კათოლიკობა 1320 თუ 1321 წლებში მიიღო, ბერად აღიკვეცა, ფრანცისკანელ ძმებთან ერთად ინდოეთში მისიონერად წავიდა და იქ, ქალაქ თჰანაში, მოწამებრივად აღესრულა (პაპაშვილი 1995: 92).

კათოლიკეთა რიცხვი საქართველოში ყველაზე შესამჩნევად გიორგი V-ს დროს (1314-1346) გაიზარდა. ამ მეფეს ისტორიამ მიაკუთვნა სახელი ბრწყინვალე, რადგან მან სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და მონღოლთა ასწლოვან ბატონობას ბოლო მოუღო (1335 წ.). სწორედ მის დროს და მისი თანხმობით მოხდა ისეთი რამ, რაც საქართველოში კათოლიკეთა ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება _ თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრის დაარსება. იგი თბილისში 1328 წელს იზმირიდან (სმირნიდან) გადმოიტანეს, რადგან იქ, თურქეთში, იმ დროს კათოლიკეებს სდევნიდნენ. ეს ეპარქია საქართველოში, თურქეთსა და ირანში მცხოვრებ კათოლიკეებს აერთიანებდა და მან XVI ს-ის დამდეგამდე, თითქმის 180 წელწადს, იარსება (ეპისკოპოსთა სია _ პაპაშვილი 1995: 98-99).

თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსოს წარმომადგენლები ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფლებასთან კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანების შესახებ, რაც მაშინ რომის პაპის მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა. უნიის იდეას საქართველოში ბევრი მომხრე და ბევრიც მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. უეჭველია, რომ მომხრეთა შორის პირველ ადგილზე მეფე გიორგი ბრწყინვალე იდგა. მოწინააღმდეგეების როლში ძირითადად მართლმადიდებელი სასულიერო პირები გამოდიოდნენ. მოვლენათა შემდგომდროინდელ განვითარებას თუ გავითვალისწინებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ საერთო კლიმატის შექმნის თვალსაზრისით XV ს-ში წამყვანი პოზიციები ანტიკათოლიკურმა პარტიამ მოიპოვა. ამას ყველაზე ნათლად ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების მასალები ადასტურებს.

ქართველები ფერარაფლორენციის კრებაზე

ირკვევა, რომ ფერარაში ქართველი დეპუტაციაც ჩასულა: მიტროპოლიტი გრიგოლი, ეპისკოპოსი იოანე და რამდენიმე დიდგვაროვანი ერისკაცი. მათ მხარი მარკოზ ეფესელისათვის დაუჭერიათ. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, იბერიელმა ეპისკოპოსმა, როდესაც მიხვდა, რომ ბერძნების უმრავლესობა მთავარ დოგმატურ საკითხში ლათინთა პოზიციას დაუჭერდა მხარს, პროტესტი გამოაცხადა. ერთი ბერძენი დელეგატის ცნობით, მან თავი სალოსად (ქრისტესთვის სულელად) წარმოადგინა, მღვდელმთავრის სამოსელი გაიხადა და ქუჩაში ისე დადიოდა, როგორც შეშლილი და მაწანწალა; დატოვა ფერარა და იტალიის ქალაქებში ხეტიალი დაიწყო, შემდეგ ავად გახდა და მას ტორნოვოს ეპისკოპოსმა უპატრონა. ჩანს, ამ ფაქტმა პაპის, ევგენიუს IV-ის, ყურამდე მიაღწია. მან იხმო ერთ-ერთი ქართველი დელეგატი, ერისკაცი, და უარყოფითი რეაქციის მიზეზი ჰკითხა. პასუხად კი მიიღო რჩევა რწმენის სიმბოლოდან ფილიოკვეს ამოღების შესახებ, რაც, თურმე, პაპს ყურადღებით მოუსმენია და დაფიქრებულა (შედარებით ვრცლად იხ. პაპუაშვილი 2002: 143). იგივე ბერძნული წყარო დამატებით ინფორმაციას გვაწოდებს ქართული დელეგაციის პოზიციის მიზეზებზე და ივერიელი ერისკაცის ინტერესთა სამყაროს შესახებ. ქართველ ეპისკოპოსს, სანამ იგი თავს “სალოსად აქცევდა”, პირად საუბრებში თურმე უღიარებია, რომ ის და მისი თანამემამულეები ანტიოქიის პატრიარქის ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებდნენ: მან “აჩვენა ყველას ანტიოქიის პატრიარქის წერილი, რომელიც უბრძანებდა მათ, არანაირად არ დასთანხმებოდნენ სიმბოლოზე რაიმე დამატებას ან მოკლებას, თვით ერთი იოტის ან ერთი შტრიხისაც კი”. მართლაც, უკვე აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი პრეტენზია, რაც “იბერიის მეფის ელჩმა” პაპს და, მაშასადამე, კრებას წარუდგინა, სწორედ დამატებას, ფილიოკვეს, შეეხებოდა. ამ ერისკაცს ერთხელ ერთი განათლებული სასულიერო პირის მოხსენება მოუსმენია. მომხსენებელმა თურმე მრავალგზის დაიმოწმა არისტოტელე. ამ ამბის მომსწრე სილვესტროს სიროპულოსი გვიამბობს: “მას შემდეგ, რაც ივერმა ეს ორჯერ თუ სამჯერ მოისმინა, ხელი მკრა; მისკენ მივტრიალდი, რადგან ვერ მივხვდი, თუ რას მანიშნებდა. მან კი მითხრა: რა არის ეს არისტოტელე, არისტოტელე? არ არის კარგი არისტოტელე! როდესაც მე ვკითხე სიტყვიერადაც და ვანიშნე კიდეც _ რა არის-მეთქი კარგი, ივერმა მიპასუხა: წმიდა პეტრე, წმიდა პავლე, წმიდა ბასილი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ოქროპირი და არა არისტოტელ-არისტოტელე” (მჭედლიძე 2009: 59-60).

ქართველი დელეგატების ასეთი პოზიცია თითქოს იმაზე მიგვანიშნებს, რომ იმდროინდელ საქართველოში კათოლიკობის შესახებ “ბერძნული შეხედულეებები” უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ლიბერალური. თუკი ასეა, მაშინ სრულიად აუხსნელი და გაუგებარია ის ფაქტი, რომ ქართულ წყაროებში არც ფერარა-ფლორენციის და არც მისეული უნიის შესახებ არაფერია ნათქვამი; არაფერი არაა ცნობილი ამ პროცესში ქართველების მონაწილეობაზე. რომ არა უცხოელი ავტორები, ჩვენ არც კი გვეცოდინებოდა, მოაღწია თუ არა საქართველომდე ცნობამ ამ ფორუმის შესახებ და ვერც ვერაფერს ვიტყოდით იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობდნენ იმდროინდელი ქართველები ეკლესიების გაერთიანების პრობლემებზე. თუკი იმდროინდელი საქართველოს კულტურულ ელიტას ანტიკათოლიკობა ახასიათებდა, ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს ტენდენცია რატომ არ აისახა?

ასეა თუ ისე, ჩვენ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნიამ და უნიატობამ საქართველოში, საბერძნეთისა და აღმოსავლეთ ევროპისაგან განსხვავებით, ფეხი ვერ მოიკიდა. ამ მიმართულებით ნიკიფორე ირუბაქიძის (ირბაქის), სულხან-საბა ორბელიანის, ანტონ კათალიკოსისა და სხვათა ცდებს, წმ. ბასილის წესდების საფუძველზე (ე.ი. ბერძნულ-მართლმადიდებლური ტრადიციის დატოვებით, ამ ტრადიციისთვის ხელის შეხების გარეშე) გაეკათოლიკებინათ საქართველო, წარმატება არ მოჰყვა. საქართველოში ძირითადად (მესხეთის გარდა, სადაც ქართველი კათოლიკეებიც კი სომხურ ტიბიკონს მისდევდნენ) ლათინური წესის კათოლიკობა დაინერგა. ეს ეკლესია აქ განსაკუთრებით XVII ს-ის დამდეგიდან გააქტიურდა. მის მხარეზე არცთუ იშვიათად მეფე-მთავრები, ეპისკოპოსები და, წარმოუგინეთ, კათალიკოსებიც გადადიოდნენ. ეს არამარტო აღმოსავლეთ საქართველოზე, არამედ დასავლეთ საქართველოზეც ითქმის.

რომის მისია დასავლეთ საქართველოში

დასავლეთ საქართველოს ეკლესია უფრო აფხაზეთის ეკლესიის სახელითაა ცნობილი. IX-X სს-ში მან დამოუკიდებლობა მოიპოვა და მისი სამღვდელოება საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სამსახურში ჩადგა. სამღვდელმთავრო კათედრა ბიჭვინთაში მდებარეობდა, რის გამოც ეს ეკლესია ძველ წყაროებში ბიჭვინთის საკათალიკოსოდ მოიხსენიება. XVI ს-ის 60-70-იან წლებში, აფხაზეთში ისლამის გავრცელების გამო, საკათალიკოსო კათედრა გელათში გადაიტანეს, მაგრამ ბიჭვინთამ კათალიკოსთა საზაფხულო რეზიდენციის მნიშვნელობა მაინც შეინარჩუნა. ეს ეკლესია დიდი სქიზმის შემდეგაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მართლმადიდებლური აღმსარებლობის წიაღში დარჩა და ღვთისმსახურებას, ისე როგორც აღმოსავლეთის ეკლესიათა დიდი ნაწილი, ბერძნული ტიბიკონით წარმართავდა.

კათოლიკური ეკლესიის მისია აფხაზეთშიც XIII ს-იდან დაიწყო. ამ დროს იქ გენუელი ჯვაროსნები მივიდნენ, რომლებმაც ანაკოფიაში, მდ. ფსირცხის შესართავთან, ციხე ააგეს და 1280 წელს სოხუმში სავაჭრო ფაქტორია დააარსეს. მათმა მისიონერებმა ამ მხარეში საფუძველი ლათინური ტიბიკონის კათოლიკურ ეკლესიასაც ჩაუყარეს და აბორიგენი მოსახლეობის დამოწაფების თვალსაზრისით გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს. 1318 წელს აფხაზეთში კათოლიკური ეპარქია გაიხსნა, რომელმაც დაახლოებით ორი საუკუნე იარსება. კათოლიკური ეკლესიის მისია აფხაზეთშიც XVII ს-ის დამდეგიდან გააქტიურდა. მისიონერები ხშირად ადგილობრივ მთავართა და კათალიკოსთა მხარდაჭერითაც სარგებლობდნენ. აქტიურობისაკენ მათ ხშირად ქართველი ღვთისმსახურები მოუწოდებდნენ; შთააგონებდნენ, დარჩენილიყვნენ სამრევლოებში, საზოგადო ღვთისმსახურება შეესრულებინათ და ხალხის განათლებაზე ეზრუნათ. ასეც ხდებოდა, რის თაობაზეც ბევრი მასალა არსებობს. გავიხსენოთ რამდენიმე იმის დასტურად, რომ კათოლიკეები მართლმადიდებლების ტაძრებში წირვას ხშირად უპრობლემოდ ასრულებდნენ. 1629 წელს ბიჭვინთის ეკლესიას დომინიკანელთა ორდენის ოთხი მისიონერი ეწვია. მისიონერი იოანე დე ლუკა გვიამბობს: ბიჭვინთას სულიწმინდის მოფენის დღეს მივადექით. იქ ერთადერთი მღვდელი იყო, ქართველი, რომელმაც მიგვიღო და ეკლესიაში შეგვიყვანაო. “რა შევედი ეკლესიაში, ისეთი რამ ვნახე, რასაც თავის დღეში ფიქრადაც ვერ წარმოვიდგენდი; ვნახე, რომ ის ეკლესია მსგავსი იყო წმინდა პეტრეს ეკლესიისა… წირვისათვის მოვემზადე, მაგრამ ვნახე, სეფისკვერი გაფუჭებული იყო. ქართველ მღვდელს გამოვართვი ცოტა ფქვილი, გავაკეთე ცომი და ორ გასუფთავებულ ფულში გამოვაცხე. დავიწყე წირვა. ხალხმა რომ ზარის ხმა გაიგონა, ყველანი მოვიდნენ, ვინაიდან ეკლესია სოფლის შუაა”. 1634 წელს გორიდან გურიაში ჩავიდნენ თეატინელი მისიონერები არქანჯელო ლამბერტი და ჯუზეპე მილანელი. ისინი ეწვიენ მალაქია კათალიკოსს, დასახლდნენ მის რეზიდენციაში (1640 წლამდე) და წირვა-ლოცვას სასახლის ეზოს ეკლესიაში აღასრულებდნენ. კასტელმა 26 წელი დაყო საქართველოში, ძირითადად აფხაზეთში, სადაც ქადაგებდა, წირავდა, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ჩანაწერებსა და ჩანახატებს აკეთებდა, რომელთა მეცნიერული ღირებულება დღეს ერთობ დიდია (ლომინაძე 1966: 189-191).

ძლიერი კათოლიკური კერა არსებობდა ქუთაისში. მისიონერების მიმართ განსაკუთრებული თანაგრძნობა იმერეთის მეფე გიორგი III-მ (1605-1639) გამოავლინა. მისმა მემკვიდრემ ალექსანდრე III-მ (1639-1660) კათოლიკეებს წმ. სოფიოს (სიფიას) ეკლესია გადასცა. წინამორბედების კვალს არც სოლომონ I-მა (1752-1784) უღალატა; მის კარზე კათოლიკე სამღვდელოება დიდი პატივით სარგებლობდა. ამ ქალაქში კათილიკეების რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც იქ ამ აღმსარებლობის მოქალაქეები სოლომონ II-მ (1789-1810) ახალციხიდან გადმოასახლა და რიონის მარცხენა ნაპირზე დაასახლა. მათ ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაიმკვიდრეს.

რომის ეკლესიის წარმომადგენლობა დასავლეთ საქართველოში ჰუმანიტარულ მისიას XIX ს-ის პირველ ნახევარშიც კი აქტიურად ახორციელებდა. მისიონერი სასულიერო პირები და მათი თანმხლები ერისკაცები მუშაობდნენ ექიმებად, ინჟინრებად, ფინანსისტებად და ა.შ. განსაკუთრებით დიდი იყო მათი წილი სახალხო განათლების სფეროში. აკაკი წერეთელი, მაგალითად, როდესაც დედის ღვთისმოსაობასა და განსწავლულობაზე საუბრობს (“ჩემი თავგადასავალი”), აღნიშნავს: “იმ დროს, როგორც სხვა ყოველ ქართველ დიდ-ოჯახებში, გურიელის სასახლეში თითქმის შინაკაცებად ითვლებოდნენ ფრანგის პატრები და დიდი გავლენაცა ჰქონდათ ოჯახებზე. ამ ევროპიულად განათლებულმა და გონებაგანვითარებულმა მეცნიერებმა დედაჩემზედაც დიდი გავლენა იქონიეს: მათი მეოხებით შესწავლილი ჰქონდა, სხვათა შორის, ექიმობა და მეურნეობა”. ნიკო ნიკოლაძე იმასაც იხსენებს, რომ მის ოჯახში, სწორედ XIX ს-ის 40-50-იან წლებში, ხშირად იკრიბებოდნენ მართლმადიდებელი, კათოლიკე და სომეხი ვაჭრები; მოჰყავდათ თავ-თავიანთი სულიერი მოძღვრები და სამოგზაუროდ გასვლის წინ ერთობლივ ლოცვებს აღავლენდნენ. ეს მაგალითები მიგვანიშნებს, რომ აღნიშნულ დროს დასავლეთ საქართველოს მულტირელიგიური მოსახლეობა ურთიერთობის საკმაოდ მაღალი კულტურით გამოირჩეოდა.

რომის ეკლესიის შვილები და მეგობრები საქართველოში

რომის ეკლესია დედა ეკლესიად, რომის პაპი კი მსოფლიოს ყველა ქრისტიანის მამად და მწყემსად საქართველოს არა ერთმა და ორმა მოქალაქემ აღიარა. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხის, სოციალური ფენისა და ეპოქის წარმომადგენლები არიან. მათგან ბევრი იყო დაჯილდოებული შემოქმედებითი ნიჭით და სამშობლოს სიყვარულის გრძნობით. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც რომის კათოლიკურ ეკლესიას არ შეერთებიან, მაგრამ მის მიმართ კეთილგანწყობას ამჟღავნებდნენ და სამსახურსაც სთავაზობდნენ; აღიარებდნენ მას მადლმოსილად და სწამდათ, რომ საღვთო საიდუმლოებები იქაც სრულდება. მაშასადამე, ჩვენ იმ ქართველებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ან შეუერთდნენ რომის კათოლიკურ ეკლესიას, ან დაუმეგობრდნენ მას, რადგან მართლმადიდებლობასა და კათოლიკობას შორის არსებით განსხვავებას ვერ ხედავდნენ. წარმოვაჩენთ ზოგიერთი მათგანის პორტრეტს.

ქეთევან წამებული. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ წმინდანთა შორის, რომელთა სახელი შორს გასცდა სამშობლოს ფარგლებს, თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა და საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა, პირველ ადგილზე წმ. ქეთევანი (1570-1624) დგას. ქართულ, ლათინურ და სხვა ენებზეც არსებობს მდიდარი აგიოგრაფიული ლიტერატურა, ასევე სიტყვაკაზმული მწერლობისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშები, რომლებშიც სრულყოფილადაა ასახული მისი სარწმუნოებრივი ღვაწლი და მოწამებრივი აღსასრული. ქეთევანი იყო კახეთის დედოფალი, რომელიც შაჰ-აბასმა პოლიტიკური მოტივით დაატყვევა და 1614 წელს ირანში, შირაზში, გადაასახლა. იქ მის თანმხლებ მღვდელს, მართლმადიდებელს, ისლამზე გადასვლა მოსთხოვეს. ქართულ წყაროში აღნიშნულია, რომ მღვდელმა ვერ გაუძლო განსაცდელს და ქრისტეს სარწმუნოება უარყო. დედოფალი თანამორწმუნე ხუცესის გარეშე დარჩა. ამის გამო მან სულიერი ნუგეშისათვის, კათოლიკე მისიონერთა ცნობით, იმავე ქალაქში მყოფ კათოლიკე მღვდლებს მიმართა. როდესაც მას მთელი სიმკაცრით მოსთხოვეს, ან გამოიცვალე რჯული, ან კოცონისა და შანთებისათვის მოემზადეო, კახეთის დედოფალმა განსასვენებელი ზიარება კათოლიკე მღვდლის ხელით მიიღო. შემონახულია ჩანახატი წარწერით: “ქეთევან დედოფალი მამა ამბროზიო დუშ ანჟუშისთან აღსარებაზე”. ქართული წყაროებიც ადასტურებს, რომ წმ. მოწამის გაუპატიოსნებლად დამარხული გვამი “ფრანგმა მღვდლებმა” მოიპარეს და “წარიღეს ფრიადითა კრძალულებითა და ლუსკუმაი შეუმზადეს მას ფრიად კეთილი სურნელთა თანა მრავალთა და დაასხნეს საკურთხეველსა ზედა”. ამის შემდეგ ავგუსტინელმა ბერებმა ცხედარი დაანაწილეს: თავი და მარჯვენა ფეხი საქართველოში წამოაბრძანეს და მეფე თეიმურაზს, მოწამის ძეს, გადასცეს; ნაწილი ინდოეთში, გოაში, წაასვენეს, ნაწილი _ რომში და დასავლეთ ევროპის სხვა წმინდა ადგილებშიც.

დედოფლის ტანჯვისა და წამების თვითმხილველმა ბერებმა რომის პაპის წინაშე დააყენეს საკითხი, რომ ის კათოლიკური ეკლესიის წმინდანად გამოცხადებულიყო. დაისვა კითხვა: არსებობს თუ არა დოკუმენტი, რომლის თანახმად ქრისტესთვის წამებულმა ქართველმა ქალმა კათოლიკური სარწმუნოება აღიარა და კათოლიკურ ეკლესიას შეუერთდა? ასეთი დოკუმენტი არ აღმოჩნდა და ეს ვერც წმ. მოწამის კათოლიკე მოძღვარმა ამბროზიომ დაადასტურა. შედგა კომისია, რომელმაც ასეთი დასკვნა გამოიტანა: ის ფაქტი, რომ მორწმუნე მართლმადიდებელმა გაჭირვების გამო კათოლიკურ ეკლესიას მიაკითხა და წმ. საიდუმლოებებს იქ მიეახლა, კათოლიკე წმინდანად გამოხცადებისთვის საკმარისი საბუთი არ არის. ამის მიუხედავად ამ საგანზე კამათი დიდხანს გაგრძელდა და დიდძალი მასალაც დაგროვდა. მას ჩვენს დროში თავი მოუყარა და ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა რ. გულბეკიანმა სათაურით: “ნამდვილი ცნობები საქართველოს დედოფლის ქეთევანის მოწამებ- რივი სიკვდილის შესახებ” (თარგმნილია ქართულად). იქ მოყვანილია მამა ამბროზიოს სიტყვები, წარმოთქმული 1640 წელს, საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემდეგ: “სავარაუდოა, რომ დედოფალი ზეცაშია და ღვთის დიდებით ხარობს. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ წეს-ჩვეულებას მისდევდა, იგი დიდი სიყვარულით ეკიდებოდა წმ. კათოლიკურ ეკლესიას და ყველა ლათინელს; მხურვალედ უყვარდა ისინი და რითაც შეეძლო, ეხმარებოდა მათ. გარდა ამისა, ჩვენთან ისეთ კარგ ურთიერთობაში იყო, რომ შეუძლებელია, წმ. კათოლიკური ეკლესიის მოწინააღმდეგე ყოფილიყო”. იქვე მოყვანილია პედრო დეშ სანტუშის დასტური, რომლის თანახმად იგი (პედრო) მამა ამბროზიოსთან ერთად “ეხმარებოდა და ანუგეშებდა ქეთევან დედოფალს, აზიარებდა მას და ყოველივეს აკეთებდა მისი სულის სახსნელად” (გვ. 22).

ნიკიფორე ირბაქი (ჩოლოყაშვილი). ქართული კულტურის სარბიელზე კათოლიკურმა ეკლესიამ ყველაზე თვალსაჩინო სიტყვა ქართული წიგნის ისტორიაში თქვა: მისი მეშვეობით ჩვენი ენა და ანბანი იოანე გუტენბერგის გამოგონებას ეზიარა; 1629 წელს რომში პირველად დაისტამბა წიგნები ქართული ანბანითა და ტექსტით: “იბერიული ანუ ქართული ანბანი ლოცვებითურთ”, “ქართულ-იტალიური ლექსიკონი” და “ლიტანია ლაურეტანა”. კ. კეკელიძის სიტყვით, ესაა “ქართული კულტურის რენესანსი”. გავითვალისწინოთ, რომ ამ მოვლენის სათავესთან კათოლიკე ქართველი ბერი ნიკიფორე ირბაქი ანუ, იგივე, ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი (1585-1658) დგას. ოჯახი, რომელშიც ნიკიფორე დაიბადა, კათოლიკური ეკლესიისადმი კეთილგანწყობით გამოირჩეოდა, რაზედაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მშობლებმა ყმაწვილი სასწავლებლად რომში გაგზავნეს. იქ იგი წმ. ბასილი დიდის ორდენს (იხ. ქვემოთ: სულხან-საბა) დაუახლოვდა, ბერად აღიკვეცა და სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროს მეფე თეიმურაზი დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისათვის ზრუნავდა და, ბუნებრივია, რომ მან ეს ამოცანა პროკათოლიკე ბერს, ნიკიფორეს, მიანდო. ნიკიფორე რომში 1628 წლის 20 ივნისს ჩავიდა. მან იქ ოფიციალურად აღიარა კათოლიკური სარწმუნოება და “კათოლიკედ მიღების ცერემონიაც” შეასრულა. პაპმა ურბანო VIII-მ ის მამობრივი სიყვარულით მიიღო, თეიმურაზს ალერსით სავსე წერილი გაუგზავნა და შემწეობის აღმოჩენას დაჰპირდა. პაპის ლოცვა-კურთხევით იმხანად სტეფანე პაილინი ზემოთ დასახელებულ წიგნებზე მუშაობდა, რისთვისაც მას ქართველი სწავლულის დახმარება სჭირდებოდა. დიპლომატმაც სიამოვნებით იდო თავს ეს სამსახური და მისი მონაწილეობით ქართული წიგნები დასაბეჭდად მომზადდა. ნიკიფორე ირბაქს ამის შემდეგაც მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე ვხედავთ. არის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მამა და არქიმანდრიტი, ხოფის მონასტრის წინამძღვარი; აკურთხებენ ეპოსკოპოსადაც და აირჩევენ აფხაზეთის კათალიკოსად (“პატრიარქად”). იგი მეგობრობს ისეთ ცნობილ მისიონერებთან, როგორებიც არიან: ჯუზეპე ჯუდიჩე, არქანჯელო ლამბერტი და კასტელი; ეხმარება მათ მორალურად და მატერიალურად, რის გამოც პაპის კონგრეგაცია მადლობას უცხადებს და ამხნევებს, უწოდებს ერთგულ და საყვარელ შვილს.

სულხან-საბა ორბელიანი. იმ ქართველებს შორის, რომლებმაც კათოლიკეთა სარწმუნოება გაცნობიერებულად და საყოველთაოდ აღიარეს, ყველაზე გამორჩეული ადგილი სულხან-საბა ორბელიანს (1658-1725) ეკუთვნის. მკვლევრებმა, რომლებმაც საგანგებოდ შეისწავლეს მისი მსოფლმხედველობის საკითხები (გ. ლეონიძე, ი. ლოლაშვილი, ლ. ქუთათელაძე), შემდეგი დასკვნა გამოიტანეს: კათოლიკობისადმი სიმპათიები ამ საერო და საეკლესიო მოღვაწემ ახალგაზრდობის ასაკში გამოავლინა. სინამდვილეს შეესაბამება ის ცნობა, რომლის თანახმად მან, დიდგვაროვანმა თავადმა, კათოლიკე მორწმუნედ თავი ჯერ კიდევ 1687 წელს მიიჩნია; იმა წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, კათოლიკე მოძღვარს პირველად გაანდო აღსარება და რომის პაპი უმაღლეს ეპოსკოპოსად სცნო. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მის იმდროინდელ, ე.ი. ბერობამდელ, ნაშრომში “სიტყვის კონა” ზოგიერთი კათოლიკური დოგმატის რწმენა იგრძნობა (მაგ. სალხინებლის).

საინტერესოა (და ერთი შეხედვით უცნაური) ის ფაქტი, რომ ეს მწერალი და თეოლოგი, რომელიც კათოლიკეებთან რწმენისმიერ თანაზიარებას არ ფიცავდა, 1698 წელს გარეჯის მრავალმთაში, ნათლისმცემლის სავანეში, ბერად აღიკვეცა საბას სახელით. ჩვენთვის ცნობილია დავით გარეჯის ლიბერალური და ეკუმენური ტრადიციები, კერძოდ ის გარემოება, რომ მის ტაძრებში შესვლისა და ლოცვის შესაძლებლობა ხშირად არამართლმადიდებელ ქრისტიანებსაც ეძლეოდათ (იხ. “სოლიდარობა”, 2009, #1, გვ. 13-14). ჩანს, ეს ტრადიცია XVII ს-შიც გრძელდებოდა, მაგრამ მაინც გასაკვირია, რომ კათოლიკეებისადმი გულახდილი თანაგრძნობით გამსჭვალული ბერი საბა-სულხანი იქ მოძღვარ-მქადაგებლის თანამდებობაზე დაინიშნა. თუმცა ეს უფრო დღევანდელი გადასახედიდანაა გასაკვირი. გავიხსენოთ ნიკიფორე ირბაქი. არ მოგვეპოვება ცნობა, რომ მას შინაგანი კათოლიკობის გამო საეკლესიო კარიერაში ხელი შეშლოდეს. საქმე ისაა, რომ ერთმაც და მეორემაც უნიატური მიმართულება აირჩიეს. ესაა აღმოსავლური წესის კათოლიკობა, რომელიც მღვდელმსახურებაში კათოლიკური ფორმულების წარმოთქმასაც კი არ აუცილებლობს; მორწმუნეები მრწამსს, თუ უნდათ, ფილიოკვეს გარეშე იტყვიან, რის გამოც ისინი დანარჩენი მართლმადიდებლებისაგან (“ბერძნებისაგან”) არაფრით განსხვავდებიან. მთავარია რწმენა, რომ დედამიწაზე მყოფი ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი არის რომის პაპი. სწორედ ასეთი სტილის კათოლიკობა მოიაზრება წმ. ბასილის წესდებასა და ორდენში, რომელსაც თავადი სულხანი, ჩანს, ბერობამდე შეუერთდა. კათოლიკური ეკლესიის სიყვარულს იგი რომ ნათლისმცემელში ყოფნის დროსაც (1698-1710) განიცდიდა, დასტურდება წერილით, რომელიც მან რომის ეპისკოპოსს 1709 წლის 15 აგვისტოს გაუგზავნა. ნათლისმცემლის მოძღვარი პაპს, კლიმენტი XI-ს, ამ სიტყვებით მიმართავს: “ზეცისა სასუფევლისა კლიტეთ მპყრობელსა და ქვეყანასა ზედა წმიდათა შესაკრებელთა თავსა, თავისა მის მოციქულისა პეტრეს მოსაყდრესა, იესო ქრისტეს სისხლით მოსყიდულთა ცხოვართა მართალსა მწყემსსა… შენ გაქვს ხელმწიფება მიტევებად ცოდვათა, რომელი მოგცა განხსნა და შეკრვა იესო ქრისტემან… ყოველთ ცოდვილთ უცოდვილესი ორბელისშვილი სულხან ყოფილი, მონაზონი საბა, მიწა ფერხთა თქვენთა” (თამარაშვილი 1902: 311-312). ასე რომის პაპს მხოლოდ მისი სულიერი შვილები განადიდებენ.

ამრიგად, სულხან-საბა ევროპაში კათოლიკე ბერად ჩავიდა. მან იქ სამი წელიწადი დაყო (1713- 1716) და რომის ეკლესიის დოგ- მატიკაში კიდევ უფრო განმტკიცდა. არსებობს ცნობა, რომლის თანახმად მან 1714 წლის 17 სექტემბერს ფლორენციაში, მონთუგის მონასტერში, მონაზონთა დიდი საკრებულოს წინაშე “კათოლიკეთა აღსარება” წარმოთქვა და “დიდი სასოებით ეზიარა”; ოფიციალურად აღიარა, რომ ის ბასილიელი კათოლიკეა. იგი რამდენიმეჯერ შეხვდა პაპ კლიმენტი (კლემენტოს) XI-ს და წაღები დაუკოცნა. პაპმაც დიდი ალერსი შეაგება; არ დააჩოქა, ისე ალაპარაკა; ჯვარი, კრიალოსანი, სანაწილე ხატი უბოძა და მისი ქვეყნისა და ხელმწიფისათვის სისხლის არდაშურება აღთქვა. თავად კი, მწირმა, ამ შორეული მოგზაურობის მიზეზად სამშობლოს ბედი და იქ “მართლმადიდებელი სარწმუნოების” მძიმე ხვედრი დაასახელა, _ იმ სარწმუნოებისა, რომლის სიწმინდის სრულყოფილად დაცვა, მისი რწმენით, მხოლოდ წმ. პაპის საფარველის ქვეშ არის შესაძლებელი. აქედან ჩანს, რომ სულხან-საბას ჭეშმარიტ მართლმადიდებლობად კათოლიკობას მიიჩნევდა. როდესაც იგი საქართველოში დაბრუნდა (თურქეთში პაპისაგან ნაჩუქარი საგნები წაართვეს), მის მეტყველებაში ჩვენ ვხვდებით გამოთქმას “კათოლიკე მართლმადიდებელი”. ასე მოიხსენია მან ნათლიდედა, რომლის დახმარებითაც ბურსელი ვაჭარ-მოვალეები გაისტუმრა. მართლმადიდებლობა კათოლიკობის შინაარსითაა მოხსენიებული იმ ამბის მოთხრობაში, რომლითაც მისი “მოგზაურობა ევროპაში” მთავრდება: “ქართველი ეპისკოპოსნი და სამღვდელონი რომს წასვლისათვის გამიმტერდენ… შფოთი აღძრეს ჩემ ზედა. კრება და ბოროტის ქნა მოინდომეს. მაგრამ მეფე (იესე. _ ნ. პ.) ვერ აიყოლიეს. სამ თვე კიდევ იბატონა და მერმე მეფე ბაქარ დასჯდა მეფედ… მოატყუეს. მცხეთას, ჩემი სიყვარული და სამსახური სულ დაავიწყეს, კრება მიყვეს და წმიდის პაპის გინება მომიდვეს (მომთხოვეს. _ ნ. პ.). მე მართლმადიდებლობა ვერ უარ ვყავ. და მრავალი ავი მოინდომეს, მაგრამ ღმერთმან ყოვლისაგან დაგვიხსნა. მეფემაც პატივი მოგვაპყრა და მათი ვერაგობაც გაცუდდა. ვახტანგ მეფეს სმენოდა, დიდად სწყენოდა და ყოველნი დაეტუქსა”.

მთავარი კითხვა, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის მსოფლმხედველობაზე საუბრის დროს წარმოიჭრება, არის შემდეგი: კათოლიკედ აღესრულა იგი თუ მართლმადიდებლად? მან 1724 წლის ზაფხულში დატოვა საქართველო და თავის აღზრდილს, ვახტანგ VI-ს, რუსეთში გაჰყვა. იქ იგი ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1725 წლის 26 იანვარს, გარდაიცვალა და დაიმარხა მოსკოვს მეფე არჩილის კარის ეკლესიაში, რომელიც ვსესვიატსკოეს სახელითაა ცნობილი. ვარაუდობდნენ, კ. კეკელიძეზე დაყრდნობით, რომ საბა-სულხანი სიკვდილის წინ მართლმადიდებლობას დაუბრუნდა; წინააღმდეგ შემთხვევაში მართლმადიდებელთა ეკლესიაში არ დაკრძალავდნენო. ვინც ასე ფიქრობს, ავიწყდება, რომ კათოლიკობას არც მაშინ, არც მანამდე და არც მას შემდეგ ყველა მართლმადიდებელი ერთნაირი თვალით არ უყურებდა. არაფერი გვიშლის ხელს ვიფიქროთ, რომ ვსესვიატსკოეს მაშინდელი ეკლესია ანუ საკრებულო (ისე როგორც პეტრე I-ის დროინდელი რუსეთი ზოგადად) კათოლიკეების მიმართ მეტწილად ლოიალურ პოზიციაზე იდგა. მით უმეტეს, რომ სულხან-საბას კათოლიკეობა გარეგნობით შესამჩნევი არ იყო. მას რომ მართლმადიდებელ თანამემამულეთა წინაშე კათოლიკური დოგმატები უარეყო, როგორ არ დაიმახსოვრებდნენ ისინი ამას? სინამდვილეში კი ვხედავთ, რომ მისი თანამედროვე და მომდევნო ეპოქის საერო და სასულიერო პირები (ვახტანგ VI, ანტონ I, დავით რექტორი, იოანე იალღუზის ძე, გრიგოლ წერეთელი) ამ დიდ მწერალს, მეცნიერსა და მოაზროვნეს კათოლიკედ იცნობენ და ამის გამო ზოგჯერ უდიერადაც მოიხსენიებენ (ქუთათელაძე 1973: 109-111). არავითარი მასალა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ მან უარყო კათოლიკობა, არ მოგვეპოვება. ამასთანავე: კათოლიკური ეკლესიისადმი სიყვარული და სასოება, რაც მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში იგრძნობა, აქარწყლებს თვალსაზრისს, რომ მან კათოლიკური სარწმუნოება თითქოს პოლიტიკური მიზნით და მოტივით აღიარა. რა გამოდის? ბაგით აღიარა, მაგრამ გულით იცრუა? როგორ ვაკადროთ ასეთი რამ დიდ სულხან-საბას? ვის მოუბრუნდება ენა, რომ თქვას, ეს ლოცვა, უბის წიგნაკში შეტანილი, თვალთმაქცურიაო: “უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, სარწმუნოება აღაორძინე, მართლმადიდებლობა განამრავლენ, წმიდა ეკლესია აღამაღლე, ყოველი საეკლესიო წესი დაამტკიცე, რომის პაპის საწადელი აღასრულე, ქრისტიანი მეფენი მშვიდობით დაიცვენ, მწვალებელნი მოაქციენ, მტერნი ეკლესიისანი აღმოფხვრენ და ჩვენ სიყვარულსა შენსა ზედა განგვაძლიერენ და მოგვიტევენ ცოდვანი ჩვენნი” (ლოლაშვილი 1959: 115).

კათალიკოსი ანტონ I. კათოლიკობისადმი სიმპათიებს საქართველოში არცთუ იშვიათად მეფე-მთავრები და მღდელმთავრები, მათ შორის კათალიკოს-პატრიარქებიც, გამოხატავდნენ, რაც ზოგჯერ დრამატულ მოვლენებს იწვევდა. ამის მაგალითია ქართველ იერარქთა შორის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული კათალიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის (1720-1788) ბიოგრაფია. მან საქმიანი ურთიერთობა დაამყარა კათოლიკე სასულიერო პირებთან, რომლებიც მას საღვთისმეტყველო-პოლემიკური თხზულების “მზამეტყველება” დამუშავებაში დაეხმარნენ და ეჭვი არაა, რომ ამ ნაშრომის ხარისხი და მსოფლიო მასშტაბი ამ დახმარებამაც განაპირობა. წიგნის ერთ-ერთ მიზანს კათოლიკობის წინააღმდეგ გამოსვლა წარმოადგენდა. იგი შეიცავს თავს, რომელშიც უარყოფილია ზიარების ლათინური წესი, მაგრამ ამის მიუხედავად, მოულოდნელად, წიგნი რომის პაპის სახელის საზეიმოდ წარმოთქმით მთავრდება: ეს წიგნი დაიწერა “მამათ-მთავრობასა ჰრომაელთა ზედა ვენედიკტე მეათერთმეტისასა” (მზამეტყველება, თბ., 1892, გვ. 604). მალე ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ ქართლ-კახეთის ეკლესიათა წინამძღვარმა ირწმუნა რომის პაპის უზენაესობა და მისი ეკლესიის ყველა ძირითადი დოგმატი. ამ საქმის გამო მცხეთაში 1755 წლის 12 დეკემბერს მოიწვიეს კრება, რომელზედაც ანტონმა საჯაროდ აღიარა რომის პაპის პრიმატი და წმინდა სულის ძისაგანაც გამომავალობა. ამისათვის მას და მისი ხუთ თანამოაზრე სასულიერო პირს ანათემა გამოუცხადეს, ე.ი. ისინი ეკლესიისაგან განკვეთეს და მეტიც _ სცემეს, სამარცხვინო ურემზე დასვეს და დილეგში ჩაყარეს. მაგრამ ოთხი დღის შემდეგ მსჯავრდებულებმა ცდომილება აღიარეს და ცრემლით მოინანიეს, რის გამოც მათ იმავე კრებამ სამღვდელო ხარისხები დაუბრუნა, თუმცა ანტონის საქართველოში დატოვება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და იგი რუსეთში გადაასახლა. 1757 წლის მარტში ანტონი პეტერბურგში ჩავიდა და წარდგა უწმინდესი სინოდისა და სამეფო კარის წინაშე. იქ მან თავი ასე იმართლა: კათოლიკე რომ ვიყო, რომს წავიდოდი, სადაც კარდინალობას მიბოძებდნენო. სინოდი დარწმუნდა მის გულწრფელობაში და ვლადიმირის ეპარქია ჩააბარა. ანტონი რუსეთიდან ერეკლე II-მ დააბრუნა და თანამდებობაზე აღადგინა.

საკითხავია: შეასრულა თუ არა ანტონმა დაპირება, რომ ის კათოლიკობისაკენ აღარ გაიხედავდა? _ როგორც ჩანს, შეეცადა, მაგრამ ბოლომდე ვერ შეასრულა. მან რუსეთში დაწერა 50-ე ფსალმუნის (“მიწყალეს”) ვრცელი განმარტება, რომლის ეგზემპლარები საქართველოშიც გამოგზავნა. აქ ტექსტი განიხილეს და მასში “პაპისტური აზრები” დაადასტურეს. ამის გამო სამღვდელოების ნაწილი სამშობლოში მას უნდობლად შეხვდა, რადგან ფიქრობდნენ, კათოლიკეებს გული მოეცემათ და გათამამდებიანო. მოლოდინი გამართლდა: მეფე ერეკლესა და კათალიკოს ანტონის ხელშეწყობით მისიონერების ასპარეზი გაფართოვდა. პატრი ნიკოლა, გვარად რუტილიანო, მაგალითად, მეფის მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა. მან მეფე გიორგი XIII-ისა და დარბაზის ერის წინაშე მჭევრმეტყველური და ფრიად შინაარსიანი სიტყვა წარმოთქვა და იწინასწარმეტყველა შედეგი, რაც მოჰყვებოდა მეფის განზრახვას “რუსეთისადმი ქვეყნის გარდაცემის” თაობაზე (პ. იოსელიანი, ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, თბ., 1978, გვ. 152). სამეფო კარზე კათოლიკეთა ასეთი აღზევების მიზეზად ზოგი, განსაკუთრებით კი დეკ. ზაქარია გაბაშვილი, კათალიკოს ანტონ I_ს ასახელებდა და მის წინააღმდეგ რუსეთის უწმინდეს სინოდში საჩივრებს გზავნიდა.

კათოლიკური ეკლესია საქართველოში

ამ ეკლესიიდან წმიდა მოწამეებიც გამოვიდნენ. ზემოთ აღნიშნული დიმიტრის გარდა ისტორიამ სხვა სახელიც შემოგვინახა. ესაა გორელი ახალგაზრდა, სახელად ნასყიდა, რომელიც თურმე იმდენად მოიხიბლა კათოლიკეების სათნო ცხოვრებით, რომ კათოლიკობა აღიარა (XVII ს-ის შუა წლები). ამის გამო მას ოჯახური პრობლემები შეექმნა და საქმე უზენაეს სასამართლომდეც მივიდა. ადვოკატობა ეპოსკოპოსმა ნიკიფორე-ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (იხ. ზემოთ) იკისრა; დაასაბუთა, რომ ბრალდება უსაფუძვლოა: ნასყიდას არც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ უმოქმედია და არც სარწმუნოება გამოუცვლია, რადგან მართლმადიდებლობასა და კათოლიკობას შორის განსხვავება თითქმის არა არის რა. და თუ მაინცადამაინც განსხვავებას ვეძიებთ, კათოლიკეები უფრო გულმხურვალედ იცავენ ქრისტიანობასო. ქართლის მეფეც ამავე პოზიციაზე აღმოჩნდა, რის შედეგადაც პატიმარი გაათავისუფლეს. იგი გადავიდა დასავლეთ საქართველოში, სადაც კათოლიკე ბერად აღიკვეცა და ანდრია დაარქვეს. მან რომში ბრწყინვალე განათლება შეიძინა, შემდეგ კი ინდოეთში მისიონერად წავიდა და იქ, ქალაქ გოაში, მოწამებრივად აღესრულა (გ. ბრაგანტინი, ნ. პაპუაშვილი, სიმართლისა და სამართლისათვის ივლიტის ეკლესიაზე, თბ., 2006, გვ. 42-45).

დიდია წვლილი, რომელიც რომის მისიასა და ადგილობრივ კათოლიკეებს მიუძღვით ქართული კულტურის, მეცნიერებისა და ეკონომიკის წინაშე. იმ სიახლეებიდან, რომლებსაც კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი, აღსანიშნავია: 1. პირველი ნაბეჭდი წიგნი ქართული ტექსტებით (რაზედაც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ); 2. ქართული ენის პირველი გრამატიკა (ფრანციზკო-მარია მაჯო, რომი, 1643; 1670); 3. ქართული ზღაპრების პირველი კრებული (შედ- გენილი XVI I ს-ის 70-იან წლებში პატრი ბერნარდე ნეაპოლელის მიერ) და სხვ., რომელთა მეცნი- ერული და კულტუროლოგიური მნიშვნელობა უდავოა.

ქართველი კათოლიკეები ტრადიციულად ვაჭრები და ბანკირ-ფინანსისტები იყვნენ, რის გამოც ისინი ხელს უწყობდნენ არამარტო ქვეყნის ეკონომიკის, არამედ საგარეო დიპლომატიისა და, ზოგადად, უცხოეთთან ურთიერთობის განვითარებასაც. XVIII ს-ში დასავლეთ ევროპის კულტურულ სარბიელზე ქართვე- ლი კათოლიკეებიც იღვწოდნენ. გორელმა დავით ტულუკაშვილმა რომში XVIII ს-ის 20-30-იან წლებში თარგმნა და გამოაქვეყნა კათოლიკური აღმსარებლობის პირველხარისხოვანი ძეგლები: “საქრისტიანო მოძღვრება გინა წვრთნა შვიდთა საიდუმლოთა ზედა” და თომა კემფელის “მიბაძვა ქრისტესი”. ამავე საუკუნეში რომში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა კათოლიკე პროფესორი გრიგოლ ბაღინანთი (ბაღინაშვილი), რომლის დახმარებით ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანც ალტარმა მოამზადა წიგნი “ქართული ლიტერატურის შესახებ” (დაიბეჭდა 1798 წელს). ესაა პირველი ქართველოლოგიური ნაშრომი, რომლის მეშვეობით გერმანულენოვან მკითხველთა ფართო წრეს პირველად მიეცა შესაძლებლობა, წარმოდგენა შექმნოდა ქართული წერილობითი კულტურის სიღრმესა და მასშტაბზე.

ამ პერიოდში კათოლიკურ სარწმუნოებასთან ბევრი ქართული ელიტარული გვარი ასოცირდა: თუმანიშვილები, მეფისაშვილები, მამულაშვილები, ხარისჭირაშვილები, მელიქიშვილები, ყაუხჩიშვილები, გვარამაძეები, ფალიაშვილები, ზუბალაშვილები, გოკიელები და სხვები. იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს (1752- 1784) უახლოეს მსახურად თანამემამულე კათოლიკე, გვარად დათიაშვილი, ჰყავდა. ქართველ კათოლიკეებს შესამჩნევი წონა ჰქონდათ აგრეთვე ერეკლე მეორის კარზე. მათ შორის განსაკუთრებული სახელი და ავტორიტეტი მოიხვეჭა რაფიელ დანიბეგაშვილმა, ერთობ განათლებულმა და უცხო ენების მცოდნე პიროვნებამ, რომელიც მეფემ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ელჩად გაგზავნა და რომელმაც სამოგზაურო ჟანრის საყურადღებო თხზულება დაგვიტოვა.

XIX-XX სს-ში ქართველი კათოლიკეების კულტურულ-საზოგადოებრივი და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ იმდენი მასალა არსებობს, რომ შესაძლებელია ტომებიც დაიწეროს. ბევრი რამ ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილია. საკმარისია თვალი გადავავლოთ ახალციხის მუზეუმის ხალნაწერთა აღწერილობას (თბ., 1987), რათა დავრწმუნდეთ, რაოდენ დუღდა შემოქმედებითი პროცესი მესხეთის ქართველ და სომეხ კათოლიკეებში, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, _ ლათინური და სომხური ტიბიკონების კათოლიკურ ეკლესიებში. მესხეთში ჩაისახა და აყვავდა ქართულ-კათოლიკური კულტურა, რომელმაც მკვებავი არტერიის როლი იტვირთა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები კათოლიკეებისათვის. მათ წრეში გაიზარდნენ ღირსეული მოქალაქეები, რომლებმაც წარუშლელი სიტყვა ცხოვრების ყველა სარბიელზე თქვეს. საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთის “დროების” (1866-1885), ქართული უნივერსიტეტის, ფილარმონიული საზოგადოების, ეროვნული ოპერისა და კონსერვატორიის დამაარსებლები და სულისჩამდგმელები ქართველი კათოლიკეებიც არიან: სტეფანე და პეტრე მელიქიშვილები, ზაქარია ფალიაშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, პეტრე ოცხელი და ბევრი სხვა, რომლებიც მამულის საქმისათვის მართლმადიდებელი თანამოქალაქეების გვერდით იდგნენ და შრომობდნენ. ზ. ფალიაშვილმა დეკ. (შემდ. კ-პ) კ. ცინცაძის თხოვნით ქაშვეთის ეკლესიისათვის შეადგინა ოთხხმიანი გუნდი და ნოტებზე გადაიღო იოანე ოქროპირის წირვა; მის მიერ დამუშავებული საგალობლებით ქართველი მართლმადიდებლები დღესაც სარგებლობენ. მართლმადიდებლები და კათოლიკეები დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საქართველოს პოლიტიკური სუვერენიტეტის დაკარგვამ ამ ქვეყნის კათოლიკური ეკლესიების უფლებებიც შელახა. რუსეთის თვითმპყრობელმა მთავრობამ 1844-1845 წლებში კათოლიკე მისიონერები დასავლეთ ევროპის აგენტებად გამოაცხადა და ისინი ქვეყნიდან გააძევა. ამ გარემოებამ ქართველი კათოლიკეები აიძულა მეტად ეზრუნათ ადგილობრივი სასულიერო კადრების მომზადებისთვის. და მართლაც, XIX ს-ის 40-50-იან წლებში ქართველი კათოლიკე სამღვდელოება ერთობ გააქტიურდა. კულტურისა და განათლების სფეროს განსაკუთრებული ამაგი მღვდლებმა პეტრე ხარისჭირაშვილმა, ივანე გვარამაძემ და მიქაელ თამარაშვილმა დასდეს. მათ დააარსეს სასწავლებლები სტამბოლში, ახალციხესა და რომში, საიდანაც ეროვნული სამღვდელოების საკმაოდ მომზადებული დასი გამოვიდა. ისინი შეუერთდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომლის სათავეში ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი იდგნენ და რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას დაუჭირა მხარი. ამ მოთხოვნას ქართველი კათოლიკეებიც მიემხრნენ, რადგან სწამდათ, რომ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოში მათი უფლებები უკეთ იქნებოდა დაცული. ეს სულისკვეთება და იმედები ასახულია კათოლიკეთა ჟურნალში “ჯვარი ვაზისა” (1906 წ.; რედაქტორი მღვდელი დომინიკე მუღაშოვი-პაწაძე), რომელშიც მართლმადიდებელი საერო და სასულიერო პირებიც თანამშრომლობდნენ (ეპ. ლეონიდე ოქროპირიძე და სხვ.) და რომელიც ავტოკეფალიის აქტიურ მხარდამჭერად მოგვევლინა. ჟურნალი დიდ ადგილს უთმობდა აგრეთვე ქართულ სულიერსა და მატერიალურ კულტურას (მისი მეშვეობით გახდა ცნობილი ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის მშვენება “შენ ხარ ვენახი”). ამის პარალელურად რომის ეკლესიასთან გაერთიანების სურვილი ქართველი მართლმადიდებელი სამღვდელოებისა და ერისკაცების თვალსაჩინო ნაწილმა გამოამჟღავნა. აქ პირველ ყოვლისა გელათის მონასტერი, ქუთაისის ინტელიგენციის წარმომადგენლები და ზოგიერთი მაღალი ავტორიტეტის პიროვნება მოიაზრება (ვარლამ ჩერქეზიშვილი და აკაკი წერეთელი). ისინი დაუკავშირდნენ მღვდ. მ. თამარაშვილს და მისი დახმარებით რომის პაპთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მაგრამ ამ აქტივობამ ნაყოფი ვერ გამოიღო (ვრცლად ამის შესახებ იხ.: ელდარ ბუბულაშვილის სადოქტორო ნაშრომი). ფაქტია, რომ ბრძოლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის (1905-1917) ამ ეკლესიის კათოლიკურ ეკლესიასთან დაახლოების სურვილის თანხლებით მიმდინარეობდა. ეს სურვილი არც მას შემდეგ განელებულა, რაც მიზანი მიღწეულ იქნა და 1917 წლის 12 (ახ. სტ. 25) მარტს ავტოკეფალიის განახლება გამოცხადდა. ამის მაგალითია ქართველ კათოლიკეთა კრება, რომელმაც დასვა საკითხი თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრის აღდგენის თაობაზე, რასაც საქართველოს მართლმადიდებელი იერარქიაც მიესალმა. მოვისმინოთ ინფორმაცია და კომენტარი, რომელიც ამ საგანზე საზოგადოებას გაზეთმა “საქართველომ” მიაწოდა: “აპრილის 27 ქართველ კათოლიკეთათვის ისტორიულ დღედ ჩაითვლება. ამ დღეს ქართველ კათოლიკეთა დელეგატებმა დიდი საეკლესიო საკითხი გადაწყვიტეს. ეკლესიის გალავანში თავი მოიყარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსულმა დელეგატებმა. სულ მოგროვდა 49 დელეგატი, დროებით აღმასრულებელი კომიტეტი და დიდძალი ხალხი. საქმე ვედრებით დაიწყო. წირვას დაესწრნენ საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრე ლეონიდე, ეპისკოპოსი ანტონი და პიროსი და სხვ. კრება სკოლის დარბაზში გაიმართა… ქართული კულტურის ისტორიის წიგნში ქართველთა იმ ნაწილს, რომელსაც ქართველი კათოლიკენი ეწოდება, უსათუოდ საპატიო და საინტერესო ფურცლები აქვთ მიკუთვნილი. თუ ვინმეს ტანჯვა შეწირულა საქართველოს სამსხვერპლოზედ, იქ მათი მსხვერპლიც საკმაოთ სრული ყოფილა… თუ ვინმეს აქვს უფლება საქართველოში თავის თავს ქართველი უწოდოს _ ეს უფლება ქართველ კათოლიკეთ წამებით აქვთ მოპოვებული. ვისაც სურს მათს ქართველობაში დარწმუნდეს, მათს ყრილობას უნდა დაესწროს და მათ მოძღვრების სიტყვებს მოუსმინოს” (ლ. ჯაფარიძე, ქართველ კათოლიკეთა დელეგატებისა და დროებით აღმასრულებელ კომიტეტის წევრთა კრება. “საქართველო”, 1917, 29.IV, #92).

საბჭოეთი და პოსტსაბჭოეთი

საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ რომის მისიამ ამ ქვეყანაში მოქმედება შეწყვიტა. პაპის რწმუნებული, კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპ. ნატალე გაბრიელ მორიონდო იძულებული გახდა 1921 წლის მარტში საქართველო დაეტოვებინა. ანტირელიგიურმა ისტერიამ კათოლიკეების მიმართ განსაკუთრებული ძალით იფეთქა, რადგან ისინი “იმპერიალისტური ევროპის” პოტენციურ მოკავშირეებად აღიქვეს. მათი ეკლესიები დაანგრიეს ანდა არადანიშნულებისამებრ გადააკეთეს (თბილისის პეტრე-პავლეს ეკლესიის გარდა), დააპატიმრეს და გაანადგურეს სამღვდელოების უმრავლესობა, 1937 წელს დახვრიტეს ეპისკოპოსის მოვალეობის შემსრულებელი არქიმანდრიტი შიო ბათმანიშვილი, სასტიკი რეპრესიებისა და შანტაჟის პირობებში უხდებოდათ ცხოვრება გადარჩენილ მღვდლებს: დამიანე სააკაშვილს, ემანუელ ვარდიძესა და კონსტანტინე საფარიშვილს. სამშობლოში ვერ დაბრუნდა ცნობილი თეოლოგი და ქართველოლოგი პროფ. მღვდ. მიხეილ თარხნიშვილი (თითქმის მიუსაფრად გარდაიცვალა რომში 1958 წელს). მეორე მსოფლო ომის დროს და შემდგომ წლებში იმდენად გაუჭირდა თბილისის კათოლიკურ ეკლესიას, რომ იგი დახურ- ვის საფრთხის წინაშე დადგა და დაიხურებოდა კიდეც, რომ კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს არ გაეწოდებინა მისთვის დახმარების ხელი. პერესტროიკის დროს საბჭოთა იდეოლოგიის ადგილი საქართველოში მართლმადიდებლურმა ნაციონალიზმმა დაიკავა. შემუშავდა თვითდაჯერება, რომ თითქოს ერის მთლიანობის აუცილებელი პირობა მონოკონფესიურობაა. შესაბამისად, _ ყველა სხვადმადიდებელი, მათ შორის კათოლიკე, საქართველოსათვის უცხო და არასასურველ სხეულად გამოცხადდა. ამ რწმენით განსაკუთრებით პოლიტიკურ მოძრაობათა აქტივისტები განიმსჭვალნენ. მათ სასწრაფოდ დაიკავეს თითქმის ყველა შენობა, რაც ადრე კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნოდა, კერძოდ, უდეს, ივლიტის, ბათუმის, ქუთაისისა და გორის კათოლიკური ეკლესიები და ისინი მიმდებარე ნაგებობებითურთ მართლმადიდებელ სამრევლოებს გადასცეს. კათოლიკეებმა, ცხადია, თავი დაჩაგრულებად იგრძნეს და სამართალს მიმართეს, მაგრამ საქართველოს მართლმსაჯულებამ მათი არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. საერო და სასულიერო ზედაფენის წარმომადგენლები მათ დღესაც დაახლოებით იმას ეუბნებიან, რასაც ისინი ხელისუფლების მაღალი ეშელონებისაგან 18-19 წლის წინათ ისმენდნენ: “კათოლიკობა საქართველოში ხელს უშლის საქართველოს სულიერ მთლიანობას. ადრე კათოლიკეებს ფრანგებს გეძახდნენ. დღეს მოგმართავთ როგორც ქართველებს: დედა-სიონში იარეთ!” (“თბილისი”, 1992, 26.VI I I , #92, გვ.3).

ასეთი იდეოლოგიური კლიმატის ფონზე წარიმართა პაპ იოანე-პავლე II-ის ვიზიტი თბილისში 1999 წლის 8-9 ნოემბერს. იმის მიუხედავად, რომ იგი საქართველოს პატრიარქმა ილია II-მაც მოიწვია, ამავე პატრიარქის იურისდიქციაში მყოფი მღვდლებისა და მათი სულიერი შვილების შესამჩნევმა ნაწილმა სტუმრის წინააღმდეგ დიდი საპროტესტო ტალღა ააგორა. მოეწყო აქციები, რათა არ შემდგარიყო 1. წირვა იქ, სადაც დაგეგმილი იყო, _ რიყეზე (ეს ასი ათასი მოწამის სისხლით გაპატიოსნებული მიწააო) და 2. ერთობლივი ლოცვა. ამ მოთხოვნებს პატრიარქიც დაეთანხმა, თუმცა საყოველთაოდაა ცნობილი, რომ რომის პაპთან თუ სხვა კათოლიკეებთან ერთად მას არაერთგზის ულოცია. იმჟამად კი მან და მისმა სინოდმა პაპი ცივად მიიღო; თუმცა რეზიდენციაში მიიწვიეს, მაგრამ ვიზიტის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ინტერნეტის მეშვეობით ასეთი “შეხსენება” და “გაფრთხილება” გაავრცელეს: კათოლიკეთა წირვაზე მისვლა ცოდვაა! ამის მიუხედავად სპორტის სასახლეში, სადაც წირვა შედგა, კაცი ადგილს ვერ იპოვიდა. საპატრიარქოს პოზიციას მაშინ ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა; ქუჩაშიც ხშირად გაიგონებდით: “ადამიანები ვართ და მხეცებივით არ უნდა ვიქცეოდეთ, “ვინც ახლა რომის პაპის წინააღმდეგია, ის ხელს უშლის ქართული სახელმწიფოს შექმნას”, “დღევანდელი [მართლმადიდებელი] ეკლესია უფრო მკალავიშვილისეულია, ვიდრე დავით აღმაშენებლისეული” (“ახალი თაობა”, 1999, 10.XI, #310).

გამოკითხვამაც აჩვენა, რომ ეს ვიზიტი საქართველოს მოსახლეობის 79,3 პროცენტმა დადებითად შეაფასა (`საქართველოს რესპუბლიკა~, 1999, 11.XI, #306).

რას გვეტყოდნენ წინაპრები?

ანტიკათოლიკური და, ზოგადად, ანტიდასავლური განწყობილებები საქართველოში დღესაც ეროვნული ინტერესების დაცვის იარლიყით ინერგება. ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენი ღირსი მამები და საამაყო წინაპრები ამავე პლატფორმაზე იდგნენ და ამავე სტილის მართლმადიდებლები იყვნენო. საკმარისია თვალი გადავავლოთ ისტორიის ფურცლებს, რომ დავრწმუნდეთ: კათოლიკეთა მიმართ უარყოფითი ემოციები და ქმედებები ჩვენს წარსულშიც არაერთგზის გამოვლენილა, მაგრამ, კორნელი კეკელიძის ზემოთ დამოწმებული სიტყვები რომ გავიხსენოთ, მათ “უკიდურესი ხასიათი და გონჯი ფორმა” არ მიუღიათ. განსხვავება ისაა, რომ ამ გამოვლინებებმა ბოლო დროს “უკიდურესი ხასიათი და გონჯი ფორმა” მიიღო. ესაა ტენდენცია, რომელიც წინააღმდეგობაშია ჩვენი ღირსი მამების, ღირსი დედებისა და საამაყო წინაპრების კულტურასთან, პოზიციასა და მსოფლმხედველობასთან. ამის მაგალითი გახლავთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონი (საძაგლიშვილი), რომელიც წმინდანადაა შერაცხილი მღვდელმოწამის პატივით. აი, რა მისწერა მან რომის პაპს აღსაყდრებიდან (1917 წლის 14 ოქტომბერი) რამდენიმე დღის შემდეგ: “განგებამან ღმრთისამან არა უცხო ქმნა ეკლესიაი ჩვენი ჰრომისათ- ვის დიდისა. პეტრე(მ) და ანდრია(მ), პირველწოდებულთა მათ მოწაფეთა ქრისტესთა, რომელთა თესლი უბიწოი განაბნიეს მართლისა სარწმუნოებისაი ორნატთა ჰრომქართველთა გულისათა, ძმობითა თვისითა წინაისწარ მოასწავეს სიყვარული და თვისობაი ორთა ამათ ეკლესიათაი…

გარდახდეს წელნი მრავალნი და შურითა ეშმაკისაითა განიხეთქა ძოწეული შვენიერი ერთმორწმუნეობისაი, რომელი ემოსა უბიწოსა მას სძალსა ქრისტეისსა, ეკლესიასა აღმოსავალისა და დასავალისასა.

გარნა საქმითა ამით არა გულარძნილ იქმნა ეკლესიაი ჩვენი: მოციქულნი და ქადაგნი ჰრომის საყდრისანი, რომელნი მეათსამმეტე საუკუნითგან მოევლინნეს ქვეყანასა ჩვენსა, შეუორგულებელად იღვწოდეს საფარველსა ქვეშე ქართველთა მეფეთასა, ვითარცა მწყემსნი კეთილნი, მკურნალნი ხორცთანი და მომფენელნი ჩვენდა სწავლა-განათლებისანი. მათ აღაშენეს ქვეყანასა ჩვენსა ეკლესიანი თვისნი და დაუმოწაფეს საყდარსა შენსა არა მცირედნი ქართველნი, რომელნი მოაქამომდე ადიდებენ ღმერთსა წესისაებრ ჰრომთა ეკლესიისა და პატივსა სცემენ სახელსა შენის უწმიდესობისასა. დღესა ამას აღდგენისა ქართველთა ეკლესიისა და სიხარულისა მათისასა, გულისხმისმყოფელი წარსულისა ჩვენისა, მოწლედ მოვიკითხავ უნეტარესობასა შენსა და აღთქმასა ვდებ, ვითარმედ მიმდგომნი შენისა საყდრისანი არა შეიწრებულ იქმნებიან გულსა შინა ჩემსა და ქართველთა ერისასა. ვსასოებ, ვითარმედ უწმიდესობაი შენი არა უგულებელს ჰყოფს ქართველთა კათოლიკეთა და მრავალფერთა მათთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ სახმართა” (პაპუაშვილი 2004).

ეს არა მარტო დაპირება, არამედ ანდერძიცაა შთამომავლობისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თფ., 1902. 2. მ. თამარაშვილი, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995. 3. მ. თარხნიშვილი, წერილები, თბ., 1994. 4. ა. კარტაშევი, ეკლესიათა ერთობა ისტორიის გადმოსახედიდან. ეკლესიის საზღვრები, თბ., 2000. 5. კ. კეკელიძე, მიტაცება ბერძენთა მიერ ქართული ლიტერატურული კერისა ათონზე და მისი მდგომარეობა მე-16-17 საუკუნეებში. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, III , თბ., 1955. 6. კ. კეკელიძე, ნაწყვეტები ქართული აგიოგრაფიის ისტორიიდან (ცხოვრება ილარიონ ქართველისა). მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, IV, თბ., 1957. 7. თ. კოჭლამაზაშვილი, ა. ღამბაშიძე, ათანასე ალექსანდრიელის სიმბოლოს ძველი ქართული თარგმანი. მრავალთავი, XVIII, თბ., 1999. 8. ი. ლოლაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მოღვაწეობიდან (1698-1713 წწ.), თბ., 1959. 9. ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), I, თბ., 1966. 10. ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1980. 11. მ. მჭედლიძე, ერთი ბერძნული წყაროს ცნობები ფერარა-ფლორენციის კრებაზე ქართველთა მონაწილეობის შესახებ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “დიდაჭარობა”. ხულო-დიდაჭარა. 2009 წლის მაისი (მასალები). 12. მ. პაპაშვილი, საქართველო-რომის ურთიერთობა VI-XX სს.,. თბ., 1995. 13. ნ. პაპუაშვილი, მსოფლიო რელიგიები საქართველოში, თბ., 2002. 14. ნ. პაპუაშვილი, წმ. კირიონ II-ის წერილი პაპ ბენედიქტე XV-ს. “დიალოგი”, 2004, #1. 15. ლ. ქუთათელაძე, ს.-ს. ორბელიანის კონფესიური შეხედულებანი მისი ლექსიკონის მიხედვით. მრავალთავი III, თბ., 1973. 16. შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979. 17. ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლები, წ. II (XI-XV სს.), თბ., 1967.

სოლიდარობა” 04 (31) 09

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s